ამ დროისთვის რუსი ოლიგარქი ხალხს უგებს. ბრძოლა წაგებულია, ომი არა! ბუქსაობა მიდის, რომ რაღაც ერთიანობაა [ოპოზიციაში] - დებატებს რომ სთავაზობენ, დაუჯექით თუ პატიმრებს გამოუშვებენ, დაელაპარაკეთ, აიღეთ პასუხისმგებლობა! - თუ ბრძოლას არ აპირებთ, არ გამოდის, მაშინ ელაპარაკეთ, იქნებ გამოვძვრეთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
ამასთან, ხაბეიშვილმა ისაუბრა რუსთაველზე მიმდინარე პროტესტზეც და აღნიშნა, რომ “დღეს საქართველოში 1000 ადამიანი იბრძვის გმირულად და 1000 ადამიანი გაზაფხულს ვერ მოიყვანს“. მისი თქმით, დღეს საქართველოში პროტესტი არ არსებობს.
„ყოველთვის ვამბობ სიმართლეს და შეიძლება ეს ბევრს არ მოეწონოს. გამბედაობა თუ არ ყოფნის ვინმეს გარეთ, მე ტყვეობაში მყოფმა მინდა ვთქვა: ქედს ვიხრი იმ 500-1000 ადამიანის წინაშე, ვინც ყოველდღე აპროტესტებს. ამის იქით დღეს, საქართველოში არანაირი წინააღმდეგობა და პროტესტი არ არსებობს. ვწუხვარ ამაზე. ამაზე გახსენით დისკუსია. იმ კანონებმა იმუშავა, ხალხი შეშინებულია. მხოლოდ 1000 ადამიანზეა ჩამოკიდებული დანარჩენი.
ამ დროისთვის რუსი ოლიგარქი ხალხს უგებს. ბრძოლა წაგებულია, ომი არა! ბუქსაობა მიდის, რომ რაღაც ერთიანობაა [ოპოზიციაში]. ერთიანები ხართ, პოლიტპატიმრების და არჩევნების საკითხში, მაგრამ თუ ამბობთ, რომ ეს თემა ამოწურულია, ამის მერე რა ხდება, პრობლემა გვაქვს. სამწუხაროდ, ხელები გადაგვიგრიხეს, ეს ბრძოლაც მოგვიგეს. ეს არის სიმართლე.
ამ პოლიტპატიმრებს ნუ გამოუგდებთ ამ პასუხისმგებლობას. რომელი ღირსეული ადამიანი ამბობს, რომ შეწყალება მინდა? შენ რას აკეთებ იმისთვის, რომ ეს ხალხი თავისუფალი იყოს.
არის ორი გზა - ერთი მძევალი როცაა აყვანილი, გადადიხარ შეტევაზე და გამოხსნი და მეორე - ეს არის მოლაპარაკება, საუბარი და დიალოგი. ზოგს ამისიც ეშინია გარეთ, ბრძოლა ხომ არ გამოსდით.
მეგობრებო, თუ ამბობთ, რომ ხელს არ ჩამოართმევთ, რომ არის რეჟიმი... მრცხვენია, რომ დღეს საქართველოში 1000 ადამიანი იბრძვის გმირულად. ესე არ გამოვა, ტყუილში, სიცრუეში ნუ ცხოვრობთ.
მეორე გამოსავალი არის დიალოგი და ლაპარაკი, რაც არ უნდა მძიმე იყოს. აიღეთ თავზე. გარეთ რომ ვიყო, ამ მძევლების გამო ყველა ტალახს მივიღებდი საკუთარ თავზე. არავის ვსაყვედურობ, მესმის ძმებო და დებო, ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ტროტუარის გამო გვიჭერენ. ამასაც პატიმრების მშობლებს ნუ შეტენით. აიღეთ პასუხისმგებლობა.
დებატებს რომ სთავაზობენ, დაუჯექით თუ პატიმრებს გამოუშვებენ, დაელაპარაკეთ.
მესამე გამოსავალი მოიფიქრა ხალხმა, რომ მოდი, რაღაცა მოხდება თავისით. თავისით არაფერი მოხდება. ეს ხალხი ზვარაკად უნდა იყოს შეწირული? ახლა როგორც მიდის, არანაირი ნიშანწყალი არაა იმის, რომ სადმე რამე წინააღმდეგობაა, ტყუილია.
მე მინდა ამათთან ლაპარაკი? რაც მინდოდა, იმაზე ვლაპარაკობდი და იმის გამო ვარ აქ. გეყოთ გამბედაობა, შენიშვნად არ მიიღოთ ან ვინმესთვის ხელის გაწვდენად.
1000 კაცი გაზაფხულს ვერ მოიყვანს. თუ ბრძოლას არ აპირებთ, არ გამოდის, მაშინ ელაპარაკეთ, იქნებ გამოვძვრეთ. იქნებ მოხერხდეს სწორი კომუნიკაცია. მე ჩემს აზრს დავაფიქსირებ - სხვა გამოსავალი არ არსებობს.
არანაირი დღის წესრიგი არ გაქვს. ფასების თემა შემოიტანეს. ბიზნესი კი არა, ყაჩაღები არიან, შეკრულები. თავის ჭკუაზე გვატრიალებენ, თავისი თემებით. იმის ნაცვლად, რომ პასუხი გვქონდეს, რომ ყველაფერი ამათი ბრალია, ვიღაცების დაცვა დაიწყეს. უნდა დავსვა კითხვა: საბანკო ოლიგარქიაზე რატომ არავინ ლაპარაკობს გარეთ? ყველა ჯერზე მათ მოედანზე გადავყავართ. ტელევიზორს ყოველდღე ვუყურებ, არავინ არაფერს არ იზამთ, ეს ფაქტია.
ბელარუსში, ვენესუელაში, რუსეთში ოპოზიცია გინახავთ? ავტოკრატიაში ძლიერი ოპოზიცია არ არსებობს. აგერ, პატიმრობაში ვარ მხოლოდ ლაპარაკის გამო. „სიმართლე თვალის სინათლე“. ეს რეალობა გვაქვს, უნდა ვიღაცას მოეწონოს, უნდა არა! მე ჩემი ტყავი, თავისუფლება და ჯანმრთელობა ამ ბრძოლაში შეგდებული მაქვს. დაიწყეთ ლაპარაკი, რომ მძევლები მაინც გაათავისუფლონ! ეს ხალხიც დაელოდოს სხვებივით ოჯახში, რომ თავისით მოხდება რაღაც. არც თანამდებობა მინდა, ესეც მიიღეთ ჩემს ალალ მართალ სიტყვად“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.
პოლიტიკოსმა სიტყვის წარმოთქმისას მიმართა დარბაზში მყოფ შვილებს და უთხრა, რომ „თავაწეულებმა იარონ, რადგან მათი მამა კრიმინალი არ არის“.
„არაფერს არ ვითხოვ სამართლისგან გარდა ერთისა - ვითხოვ დაჩქარებას. მინდა, რომ სწრაფად დადგეს მართლმსაჯულება, თქვას, რომ ეს კაცი დამნაშავეა თუ არა. ორი შვილი მყავს და მათ ახლა სჭირდებათ მამა გარეთ. ხომ უნდა იცოდნენ, როდის იქნება მამა გარეთ - 10 წელში? 2 თვეში? მათთვის მაქვს პასუხი გასაცემი. მართლმსაჯულება დამიყენეთ, რომ ბავშვების ცხოვრება დავგეგმო. უმამოდ როგორ იქნებიან? [შვილებს] ვწუხვარ და ბოდიშს გიხდით, რომ უმამოდ გიწევთ ყოფნა. თავაწეულებმა იარეთ. ისტორია იტყვის, რომ მამათქვენი დაკავებული იყო სიტყვის გამო. ვერავინ იტყვის, რომ მამათქვენი არის კრიმინალი. მიყვარხართ“, - განაცხადა პროცესზე ხაბეიშვილმა.