ვოლოდიმირ ზელენსკი - უცნაურია ზოგიერთი ქვეყნის ლიდერის სურვილი, მოსკოვს ეწვიოს ამ დღეებში - არ გირჩევთ
ანდრია ჯაღმაიძე - გარკვეული „არაკორექტული გამოსვლები, ემოციური კომენტარების“ მიუხედავად ეპისკოპოსებს შორის დაპირისპირება არ არის
4 ოქტომბრის საქმეზე პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, ლაშა ბერიძეს და პაატა მანჯგალაძეს 7-7 წლით, თორნიკე მჭედლიშვილს, ნიკა გვენცაძეს, ირაკლი ჩხვირკიას 5-5, ხოლო ირაკლი შაიშმელაშვილს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თეთრმა სახლმა აშშ-ის ახალი კონტრტერორისტული სტრატეგია გამოაქვეყნა
ადვოკატი - გიორგი უძილაური თავს დამნაშავედ არ ცნობს
ვლადიმერ ხუჭუა - ჩემ მიერ განხილულ საარჩევნო დავასთან დაკავშირებით გამოიკვეთა გარემოებები, რომლებიც შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სხვადასხვა დანაშაულის ნიშნებს და საჭიროებს სამართლებრივ შეფასებას
დონალდ ტრამპი - ირანთან ომი სწრაფად დასრულდება

თსუ-ის სენატი - ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაერთიანების ინიციატივა არ არ დასაბუთებული და მიზანშეწონილი

04.02.2026 ნახვები: 272

მიგვაჩნია, რომ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების პროცესი ამ ფორმით უნდა შეწყდეს და გაგრძელდეს მხარეებთან აქტიური კომუნიკაცია, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 4 თებერვლის ოქმშია საუბარი.

თსუ-ის სენატის 4 თებერვლის  სხდომის ოქმში ნათქვამია, რომ გაერთიანება გამოიწვევს მმართველობით სირთულეებს საკმაოდ გრძელვადიან პირობებში, რაც პირდაპირ გავლენას მოახდენს განათლების ხარისხზე.

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) ეხმიანება თსუ-სა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესაძლო გაერთიანების საკითხს. მიგვაჩნია, უმაღლესი განათლების რეფორმა მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის, თუმცა ცალკეული დაუგეგმავი ინიციატივით გამოწვეული ვნებათაღელვა და მიმდინარე პროცესები ნათლად ასახავს საკითხის მნიშვნელობას, მის სენსიტიურობას და გამჭვირვალობის აუცილებლობას.

სამწუხაროდ, დღემდე არცერთ ინსტიტუციას არ მიუღია კონკრეტული კვლევის შედეგები ან ნებისმიერი სხვა სახის დასაბუთება ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანებით განათლების/კვლევის ხარისხის ამაღლების ან/და სხვა შესაძლო პოზიტიური გავლენის შესახებ.

სენატი განსაკუთრებით ხაზს უსვამს უნივერსიტეტების ავტონომიის პრინციპს, რომელიც წარმოადგენს თანამედროვე უმაღლესი განათლების სისტემის ფუნდამენტურ საფუძველს. მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ავტონომია უზრუნველყოფს უნივერსიტეტების დამოუკიდებლობას მმართველობის პროცესებში. გაერთიანების საკითხი, გამჭვირვალობის, შესაბამისი აკადემიური თანამონაწილეობის, შიდა კონსულტაციებისა და უნივერსიტეტების მართვის ორგანოების რეალური ჩართულობის გარეშე, ქმნის რისკს ავტონომიის შეზღუდვის და ეწინააღმდეგება ევროპულ უმაღლესი განათლების სივრცეში დამკვიდრებულ მმართველობით სტანდარტებს.

გარდა ამისა, სენატი მიიჩნევს, რომ მსგავს მასშტაბურ ინსტიტუციურ რეორგანიზაციას თან ახლავს ადმინისტრაციული და აკადემიური რისკები, როგორიცაა: მართვის სისტემების არათავსებადობა, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის სტატუსის გაურკვევლობა, ხარისხის შიდა უზრუნველყოფის მექანიზმებისა და სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესების მართვის სისტემების შეუთავსებლობა და ორგანიზაციული არასტაბილურობა.

გაერთიანება გამოიწვევს მმართველობით სირთულეებს საკმაოდ გრძელვადიან პირობებში, რაც პირდაპირ გავლენას მოახდენს განათლების ხარისხზე. გარდა ამისა, ორი უნივერსიტეტის გაერთიანება გარდაუვალად გამოიწვეს, როგორც აკადემიური, ასევე ადმინისტრაციული პერსონალის სამუშაო ადგილების შემცირებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) მიიჩნევს, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების ინიციატივა არ არ დასაბუთებული და ამდენად, მიზანშეწონილი. სენატი მოითხოვს, პროცესის აკადემიურ სივრცეში დაბრუნებას, დიალოგს, უნივერსიტეტის წარმომადგენელთა ჩართულობას საკითხის შესწავლისას და ავტონომიურობის პრინციპის პატივისცემით გადაწყვეტილების მიღებას.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების პროცესი ამ ფორმით უნდა შეწყდეს და გაგრძელდეს მხარეებთან აქტიური კომუნიკაცია“, - ნათქვამია თსუ-ის სენატის 4 თებერვლის  სხდომის ოქმში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა