თენგიზ აბლოთია
საქართველოში ბოლო წლებში შექმნილი სიტუაცია სამომავლოდ ყველაზე ნეგატიური პროგნოზებისთვის აშკარა საფუძველს გვაძლევს.
თუ უახლოეს წლებში რაღაცა საოცრება არ მოხდა - დასკვნები უკიდურესად ნეგატიურია. დღევანდელი გადასახედიდან ისე ჩანს, რომ ქვეყანამ წინსვლის და განვითარების პოტენციალი საბოლოოდ ამოწურა.
2004-2012 წლებში ნახტომისებრი ზრდა იყო, 2013-2015 წლებში იმ დროს მიღწეულ წესრიგს და სახელმწიფო დისციპლინას მეტი თავისუფლება და პროცედურებისადმი პატივისცემა დაემატა..
და ამით მორჩა. ბოლო წლებში საქართველო ჯიუტად ტკეპნის ერთ ადგილს, და ეს მაშინ, როდესაც დღევანდელ სამყაროში მცირე უძრაობაც კი საბოლოოდ რეგრესით სრულდება.
ქვეყანა სწრაფად დეგრადირებს, და ეს მხოლოდ მთავრობის მიერ გატარებულ პოლიტიკას არ ეხება. საქართველო თავისთავად ლპება შიგნიდან და აშკარა ეროვნული თვითმკვლელობის გზას დაადგა.
ქვეყანა ვერც ერთ საჭირბოროტო პრობლემას ვერ წყვეტს. ყოფითი აგრესია და საყოველთაო ომი ფორმატში - „ყველა ყველას წინაამღდეგ" - ზედა ზღვარს აღწევს.
იქმნება შთაბეჭდილება, რომ მთელი ქვეყანა ზის მატარებელში, რომელიც უფსკრულისკენ მიექანება და მის შეჩერებას არავინ არც კი ცდილობს.
ამ სიტუაციაში ბუნებრივად ისმის კითხვა - დეგრადაციის გზაზე მტკიცედ მდგომ ქვეყანას რა მომავალი აქვს? როგორი იქნება ის 30, ან თუნდაც 100 წლის შემდეგ? არ გეგონოთ რომ ეს აბსტრაქტული საკითხია - 30 წლის შემდეგ თქვენი შვილები და შვილიშვილები ყველაზე აქტიურ ასაკში იქნებიან.
აქვს თუ არა მომავალი ქვეყანას, რომელიც ნელა-ნელა ლპება, ისე, რომ ეს ერთი შეხედვით არ ჩანს? ქვეყანას, რომელმაც 30 წლის მანძილზე ქურდული გაგება ვერ მოიშორა, და რომელიც იმდენად არაორგანიზებულია, რომ სადარბაზოს მეეზოვისთვის თვეში 3-3 ლარს ვერ აგროვებს?
გაეროს პროგნოზით, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 2.5 მლნ. ადამიანი იქნება. ამას გადაშენების და მსოფლიო რუკიდან გაქრობის აშკარა სუნი ასდის.
ხშირად მოისმენთ ასეთ ბავშვურ არგუმენტს - „იმპერიები გადაშენდნენ, ქართველი ერი კი გადარჩა, ახლაც გადარჩება".
ეს მიდგომა ფუნდამენტალურად არასწორია და ქართველი ერის ინფანტილიზმის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაჩვენებელია.
საქართველოს არ ემუქრება გარე ძალის მხრიდან განადგურება ან უცხოელი მიგრანტებს მიერ ქვეყნის შიგნით ძალაუფლების ჩაგდება - როგორც ამას რუსული პროპაგანდა გვიკიჟინებს.
გამოწვევა, რომლის წინაშეც საქართველო დღეს დგას, გაცილები უფრი საშიშია - ციხე ხომ ყველაზე ხშირად შიგნიდან ტყდება.
ქართველი ერი დამპყრობლების გაუმაძღრობას და რისხვას გადაურჩა, მაგრამ გადაურჩება თუ არა საკუთარ უტვინობას, უდისციპლინობას, წარმოუდგენელ უპასუხისმგებლობას და უდარდელობას? დღევანდელ საქართველოს რომ ვუყურებთ - უსაქმურებით, ძველი ბიჭებით, ლოთებით, უუნარო გლეხობით, ეგოიზმით, აზარტული თამაშებით, და სულსწრაფობით - ცალსახა დადებითი პასუხის გაცემა - არც თუ ისე ადვილია.
საქართველოს დღეს ის საფრთხე ემუქრება, რომელიც არასდროს არ ყოფილა - მიგრაცია.
ოღონდ არა დღევანდელი, როდესაც ქვეყნიდან დიდწილად უსაქმურები, კრიმინალები, ან უკეთეს შემთხვევაში უბრალო მშრომელები მიდიან. საშიში მიგრაცია ჯერ არც კი დაწყებულა, ჩვენ მხოლოდ მის სამომავლო კონტურებს ვხედავთ.
პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ თავისი სტრუქტურით საქართველო დაცარიელების ერთ-ერთი პირველი კანდიდატია. ასეთი უბედურება არ მოუვა ღრმად ჩამორჩენილ ქვეყნებს, სადაც ყრუ და გაუნათლებელია მოსახლეობის 90%. ისინი ნეხვში ცხოვრობენ, და ასე იცხოვრებენ მუდამ - ეს მათთვის ბუნებრივი მდგომარეობა.
საქართველოში ვითარება რადიკალურად განსხვავებულია - აქ მოსახლების თითქმის ნახევარი არის ნამდვილი, სამხრეთ-ხმელთაშუა ზღვის ერებისთვის დამახასიათებელი მენტალიტეტის მქონე, ევროპელი.
და დღეს, ეს ევროპული ნახევარი უკიდურესად შეშფოთებულია იმ წესებით, რომლებსაც ქვეყანაში ნერგავს მეორე - სრულიად ველური, და არაქმედითუნარიანი ნაწილი.
დღეს ქვეყნის ერთი ნახევარი ცდილობს რაღაცა ააშენოს, მეორე ნახევარი კი მხოლოდ ანგრევს და ანადგურებს ყველაფერს.
ალბათ გასაკვირია, მაგრამ მასშტაბური მიგრაციის მიუხედავად საქართველომ თითქმის მთლიანად შეუნარჩუნა საშუალო კლასი. განათლებული და თანამედოვედ მოაზროვნე ადამიანების დიდი ნაწილი ჯიუტად რჩება ქვეყანაში - უცხოეთში წასული ჭკვიანი ადამიანები კი - წვეთია ქართული მიგრაციის ზღვაში და ხარაგაულელი უსაქმურების და ზესტაფონელი ქურდების ფონზე, სრულიად იკარგება.
თუმცა, როგორც ჩანს, საშუალო ფენის მოთმინების ფიალაც ნელა-ნელა ივსება - დაუმთავრებელი სტრესების პირობებში ცხოვრებამ ხომ მობეზრება იცის.
დღეს საქართველოში ბევრი კერძო სკოლაა. იცით რომელია ყველა ძვირი და პოპულარული? ის სკოლები, რომლებიც მოსწავლეების უცხოეთში წასვლას უმარტივებენ.
დღევანდელი დღის ყველაზე აქტუალური ფრაზები - „ჩვენ კი გავიჭედეთ აქ, მაგრამ ბავშვები აუცილებლად უნდა წავიდნენ უცხოეთში", ან „ამა და ამ სკოლაში უნდა გავუშვა შვილი - სულ მათემატიკური ოლიმპიადებია, და ჭკვიანი ბავშვებში ამერიკაში მიჰყავთ".
დიახ. თაობა, რომელმაც 90-ან წლები გადაიტანა, სიკვდილს თავად არა ერთხელ გადაურჩა - ბოლოს და ბოლოს იმ კონდიციამდე მივიდა, რომ ამ ქვეყნის მომავლის არ სჯერა, და საკუთარი შვილებისთვის მას, როგორც საცხოვრებელ ადგილს, არ განიხილავს.
არავის არ სურს შვილები ისეთ ქვეყანაში დატოვოს, სადაც პურის საყიდლად ჩასული ბიჭი, სახლში შესაძლოა აჩეხელი და სისხლდაცლილი დაბრუნდეს.
საშუალი კლასს არ სჯერა, რომ ამ ქვეყანაში შესაძლოა, რამე შეიცვალოს უკეთესობისკენ. რადგანაც ქართველი ერის ის მეორე, დესტრუქციული ნაწილი, რაიმე გაკეთილშობილებისკენ სწრაფვას არ ავლენს.
ეს ქვეყანა საკუთარი გაქრობის გზას უკვე დაადგა. ჩვენ ვართ მეორე ტიპის - საშიში მიგრაციის - დასაწყისში, როდესაც ქვეყანას მომავალი თაობა ტოვებს - ჭკვიანი ახალგაზრდები, რომლებმაც წესით ეს ქვეყანა უნდა ააშენონ.
ჯერ-ჯერობით ეს პირველი ნაბიჯებია, მაგრამ ამ ტემპებით წარმოიდგინეთ 30 წელიწადში რა იქნება? ან 100-ში?
საბოლოოდ მთელი ინტელექტი ქვეყანას დატოვებს და ეს იქნება დასასრულის დასაწყისი. საბოლოოდ კი ეს ტერიტორია ვიღაცა სხვას - უფრო ჭკვიანს, უფრო ძლიერს, და უფრო ორგანიზებულს დარჩება.
ეს იქნება საქართველოს ისტორიის დასასრული. როგორც უკვე ითქვა, ეს პროცესი მხოლოდ იწყება, თუმცა, დრო არც თუ ისე ბევრია - 2-3 ათწლეული. მერე - გონების და ინტელექტის გაქცევის პროცესი შეუქცევად ხასიათს მიიღებს.
დრო ჯერ კიდევ არის, მაგრამ ძალიან ცოტა.