აი, ახლა, სრულიად ქართული პოლიტიკური კლასი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოთრევას ცდილობს. ცდილობენ ისინი, ვინც იბრძვის ივანიშვილის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დასაწესებლად და ცდილობენ ისინიც, ვინც იბრძვის ივანიშვილის დასაცავად.
ერთს ეს სჭირდება საკუთარი მიზნების მისაღწევად, მეორეს არსებული სტატუს-კვოს შესანარჩუნებლად.
წლებია ვაკვირდები ივანიშვილის პერსონას ვაანალიზებ რეაქციებს. ადრეც მითქვამს - არ არის ივანიშვილი „ხიხო“, როგორც მას ქართული ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლები აფასებენ და არც პოლიტიკის პელეა - როგორც ამის წარმოჩენა სურთ მის მომხრეებსა და მხარდამჭერებს. ის საკმაოდ რთული ფენომენია (!) რისი გააზრებაც ამ დრომდე არ უნდა ქართულ საზოგადოებას.
პირველი მოსაზრების გასაბათილებლად ისიც კმარა, რომ ამდენი ხანია „ხიხოს“ ვერ აჯობეს და აქ ფული არაფერ შუაშია. მეორე მოსაზრებას კი სრულად აბათილებს პრემიერ მინისტრის - ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო წერილი თუ განცხადება.
---
ჩვენ „გვყავს“ ერთი პერსონა, რომელიც თავის დროზე ბიძინა ივანიშვილს უმტკიცებდა - სახელმწიფო იგივეა რაც ბიზნესკორპორაცია. წარმატებას ყოველთვის ახლავს ხიბლი და „ყურთა შენთა საამური“ აზრების გაზიარება და დაჯერება. 2012 წლიდან დღემდე, თუ ვინმემ უმტრო ივანიშვილს, სწორედ ის და მსგავსი „პერსონა“ გახლავთ.
ვინმეს უფიქრია რეალურად რა მიზნით და რა მისიით მოვიდა ივანიშვილი პოლიტიკაში? „რუსული პროექტი“ - იდიოტობაა. მასეც რომ ყოფილიყო - რუსეთის სურვილზე ვსაუბრობ, მას ყოველთვის შეეძლო შემოთავაზების თავიდან არიდება. მე ვკითხულობ, თავად რატომ გაუჩნდა სურვილი გამხდარიყო სახელმწიფოს ფაქტობრივი მმართველი - ამაზე უფიქრია ვინმეს და გაუანალიზებია? არა! შესაძლოა, უფიქრიათ კიდეც, მაგრამ საჯარო სივრცეში ამაზე კვალიფიციური მსჯელობა არც კი გამართულა.
რიგი მიზეზების გამო შემიძლია გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილს ირაკლი ღარიბაშვილზე უკეთ ვიცნობ, ეს იმის მიუხედავად, რომ არასოდეს შევხვედრილვარ მას. შემიძლია გითხრათ, რომ მისი მიზნებისა და ახლანდელი მდგომარეობის შესახებ უფრო მეტი ვიცი, ვიდრე მისი გარემოცვის თითქოს ყველაზე ახლო წევრებმა... ახლა და ამ წერილში არ ვაპირებ ამაზე ვრცლად საუბარს, მაგრამ დაბეჯითებით ვიტყვი - თუ ბიძინა ივანიშვილი ქართული პოლიტიკური ცხოვრების მიმართ სრულიად დაკარგავს ინტერესს - რაც ამ ეტაპზე არც ოპოზიციას აწყობს და არც ხელისუფლებას - გონიერი ადამიანისთვის შედეგი გასაგებია.
ამ შედეგის ანატომიას შესაძლოა, ვერც ხელისუფლება და ვერც ოპოზიცია ვერ იაზრებს, მაგრამ შედეგის განცდა აქვთ. შესაბამისად, ხელისუფლება ცდილობს იბრძოლოს რათა შეინარჩუნოს ადგილი ივანიშვილის მზის - ჩრდილის ქვეშ, ხოლო ოპოზიცია ცდილობს სწორედ ივანიშვილზე გავლით შექმნას თავისი ახალი დღის წესრიგი, რის შემდეგაც საბოლოოდ მოიცლის მისთვის. აქ არ ვგულისხმობ - მოკლავს, გაანადგურებს... მაგრამ ვგულისხმობ - გაძარცვავს კანონის სახელით....
ივანიშვილის სურვილი - ფაქტობრივი მმართველი - იყო მისი ოცნება, ქართული კი არა „მისი“ და თუ ის ამ „ოცნებაზე“ უარს იტყვის - ო, ჰო....
-----
და მაინც, პრემიერის წერილს ორი ადრესატი ჰყავდა - პირველი და უმთავრესი ბიძინა ივანიშვილი და მეორე დიპლომატიური კორპუსი (აქვე შესაძლოა მოვიაზროთ საერთაშორისო სტრუქტურები).
ამ გააზრების შემდეგ ბევრი დასკვნის გაკეთება შეიძლება:
----
არ ვაპირებ იმაზე საუბარს რა იყო და არის ივანიშვილის საკადრო პოლიტიკის განმსაზღვრელი ფაქტორი, ან მისი მოტივაცია ათასობით ადამიანს წლების განმავლობაში უხადოს ათასობით ლარი ჰონორარი. ნურავინ მიაბამს ამას მის „ჩანაფიქრს“, რომ სჭირდებოდა განწყობები ეყიდა წინასწარ.
2011-2012 წლებში - როდესაც ხელისუფლებასთან ომში იყო ჩართული, სანდრა რულოვსის რადიოს დაფინანსებას აგრძელებდა - სანდრას კეთილგანწყობისთვის? არა! პოზისთვის - არა! ჰო, ამ მიზეზის გააზრებაც ბევრ რამეს მისცემდა მის ოპონენტებს და მომხრეებს. მაგრამ ჩვენ ხომ ჭკუის, სიბრძნეებისა და ფიქრის გარეშე, იმპულსებით ვცხოვრობთ და ეს იმპულსები - ფიქრისგან გაქცევაა. „ღირს ივანიშვილი ამდენი დროის დაკარგვად?“ - ამას გეტყვიან ადამიანები, რომლებიც ძალაუფლების მოპოვება/შენარჩუნების აზარტში არიან და აპოკალიფსური განწყობების თესვით, სრულ ისტერიაში ამყოფებენ სახელმწიფოს მოქალაქეებს.
აქვე, ერთი ძალიან მარტივი კითხვა: თუ ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ რუსული პროექტია - რას ვაღიარებთ მაშინ? ვინც ამას ამბობს, რას აღიარებს? რას, იმის გარდა, რომ წლების განმავლობაში ჰარმონიულად თანამშრომლობდა რუსეთთან კულუარებში და ახლა _ ათი წელია ყველა ბრძოლა წააგო კრემლთან? „რუსული პროექტია“ არის არსის გააზრებისგან გაქცევა.
----
ბატონ ივანიშვილს საკუთარი საქმიანობის, ასე ვთქვათ - საკუთარი ოცნების რეალიზების გზაზე ერთი რამ გამორჩა მხედველობიდან - ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში და ნაპოლეონით აღფრთოვანებული პარიზი, იტალიის კამპანიის შემდგომ. იცით რა თქვა ბონაპარტმა? „ეს ბრბო ასეთივე ემოციებით შემხვდებოდა, ახლა ეშაფოტზე რომ მივყავდეთ“... როდესაც ღმერთს და იმპერატორის არ ინდობენ - ვის სამართლიანად, ვის უსამართლოდ - კაცს აუცილებლად გმართებს დაფიქრება საკუთარი „ოცნების“ ფინალზე.
უფრო მეტიც - საქართველოს და ქართველის ბუნება უნდა იცოდე, როდესაც ხელისუფლებაში მოდიხარ - აქ ნამდვილად არაფერი იცვლება - ე, ჰე თუნდაც დავითის ეპოქიდან რომ შევხედოთ - რაც მეტი ძალაუფლება გაქვს, მით უფრო მეტად გეჯიბრება ქართველი. გეჯიბრება თითიდან გამოწოვილი არგუმენტითაც კი. მთავარია „შენ“ გეჯიბრება - ძალაუფლების ცენტრს. რაც უფრო მეტი ხანი ხარ მედგრად ამ ჯიბრში, მით უფრო სასტიკი და დაუნდობელი ხდება „ის“ ქართველი შენს მიმართ.
თუ თანამედროვე ეპოქის შესაძლებლობებს გავიაზრებთ, ქართული პოლიტიკურ ველზე არსებული დაძაბულობა - სახელმწიფოს მუდმივი წინარევოლუციურ ვითარებაში ყოფნის მდგომარეობა გახლავთ ჩვენს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის მიზანიც. აბა, ქართველ პოლიტიკოსებს შორის შეთანხმება რომ მოხდეს სტრატეგიულ, ეგზისტენციალურ და ნაციონალურ საკითხებზე, - მაშინ რუსეთსაც დავამარცხებდით. მაგრამ, თუნდაც, თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში ჩვენ არც ერთხელ არ გვქონია ეს ფუფუნება, არასოდეს გვეყო ჭკუა ასე მოქმედებისთვის.
---
2018 წელს (!) როდესაც ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა გამოვაქვეყნე პუბლიკაცია "ბიძინა ივანიშვილის ბოლო შანსი _ მეორე ასი დღე" სადაც ვწერდი ივანიშვილის დაბრუნების მიზეზებზე, ფულზეც - „ფული უნდა გადაარჩინოს, რომ სხვა ყველაფერს მიხედოს“.
ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობა ივანიშვილის გამარჯვების ხიბლში იყო, ოპოზიციის უმეტესი ნაწილი კი იმალებოდა (იმდენი სიხარული მე და ჩემს შვილებს, რამდენიც ძალით მყავს გამოყვანილი ჩირგვებიდან - უკაცრავად ამ პასაჟისთვის, მაგრამ უნდა მეთქვა, მით უფრო ახლა, როცა მავანთა ლომგულობას ვუყურებ გ.მ.), ანუ „ოცნების“ გამარჯვებიდან ასი დღის თავზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში ( „მარტოობის ასი დღე _ ხალხს დაშორებული „ოცნება“) ვწერდი: „თუ კარგად მიმოვიხედავთ ირგვლივ და გონებასაც არ დავიჩლუნგებთ, მივხვდებით, რომ ასე გაგრძელების შემთხვევაში მიყრუებულ სოფელ მაკონდოდ გადავიქცევით და საბოლოოდ, თითოეული ჩვენგანის გვარიც ბუენდია იქნება“. ხომ არ გავიწყდებათ - „ოცნების“ გამარჯვებიდან 100 დღეში დავწერე ეს. და იქვე მივმართე ბატონ ივანიშვილს: „თქვენ, ბატონო პრემიერო (ბიძინა ივანიშვილი, _ ავტ) და თქვენი გუნდი ისეთი კატასტროფული სიჩქარით დაშორდით ხალხს, რომ თუ ასე გააგრძელებთ, 2013 წლის 25 ოქტომბერს ჩვენ გვეყოლება „ოცნება“ და დანარჩენი საქართველო სწორედ იმავე ანალოგიით, როგორც „ნაციონალები“ და დანარჩენი საქართველო იყო. საზოგადოებისგან დისტანცირებისთვის, მაინცდამაინც, „ცოცხი“, რეკეტი და ვინმეს თავისუფლების შელახვა ან შეზღუდვა არაა სავალდებულო“.
მე კი არა უამრავ ჩემზე გონიერსა და ჭკვიანს მოუსმინა ან ერთხელ ან მეორედ ვინმემ? არა! ჩვენ ხომ სხვების კრიტიკასა და რჩევას ვერ ვიტანთ, ვერ ვიტანთ „ჭკუის სწავლებას“, რადგან საკუთარი ისე გვამძიმებს არ ვიცით სად წავიღოთ....
---
ახლა რა, რაში სჭირდება ივანიშვილს ღარიბაშვილისგან იმის მტკიცება რაც წერილში/განცხადებაშია? არაფერში! ეს „ეპისტოლე“ ღარიბაშვილსა და „ოცნებას“ სჭირდება ივანიშვილისთვის იმის სამტკიცებლად, რომ იბრძვიან.... წერილის მეორე ადრესატს - დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო სტრუქტურებსაც არ სჭირდებათ ეს წერილი. ისინი სხვა მეთოდოლოგიით და წესებით ზომავენ ვითარებას. ეს წერილი/განცხადება ამ ადრესატისთვის საპირისპირო ეფექტის მატარებელია. მათთან სხვა სახის მუშაობაა საჭირო... თუმცა სულაც არ ვარ ვალდებული ეს რეკომენდაცია გავცე.
ამ ფონზე ივანიშვილის მიერ პირადი „ოცნებაზე“ უარის თქმა არ აწყობს არავის. პარადოქსია მაგრამ ასეა.
და ახლა ერთი კითხვა მაწუხებს: - ამ ღიად რომ ჩაერიოს ივანიშვილი პროცესებში რა ხდება?
რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს ამის კონსტატაცია - ქართულ პოლიტიკას „ვაი ჭკუისაგან“ სჭირს.... თუმცა, აკოფ დარდიმანდიანცის არ იყოს: „ჭკუას ამ ქალაქში რა უნდა, კონტრაბანდია“!