სალომე ზურაბიშვილი - ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ
სალომე ზურაბიშვილი - დღეს ვინც პარლამენტში შევა, შევა რუსეთში
მამუკა მდინარაძე - შევეცდებით, პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს
ოლაფ შოლცი - რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შერაცხადია
Russians strike Dnipro with ballistic missile, likely from Kedr complex – Ukrainian intel
Oreshnik missile strike on Dnipro does not indicate risk of nuclear weapons use - ISW
Ukraine’s General Staff: 190 combat clashes at front in past day

სპეცოპერაცია - „ვარლამი", როგორც მაღალ პოლიტ-ტექნოლოგიური ინჟინერინგის შედეგი

01.10.2021 ნახვები: 1634

წერილი I

მოძრაობამ „ნამახვანჰესის" წინააღმდეგ „დიდი გამარჯვება" იზეიმა: საქვეყნოდ თვითმავნებლური პროცესის შედეგად, დიდი ელექტროსადგური რიონზე აღარ აშენდება!
თურქული კომპანია ENKA აბსოლუტურად წყალგაუვალი სარჩელით მიდის არბიტრაჟში, სადაც ნამდვილად მოითხოვს არა მხოლოდ მრავალმილიონიანი ზარალის ანაზღაურებას (როგორც „მარაზმში ჩასხმული" ინვესტიციის, ასევე, სხვა რეალურ პროექტთა „მოცდენის" გამო), არამედ, კიდევ უფრო დიდ ჯარიმას, რაც საქართველოს სამართლიანად დაეკისრება.
გარდა ამისა, სერიოზულად დაზიანდა ურთიერთობა მეზობელ თურქეთთან, რომელიც, თუ ვინმე გონებაჩლუნგი ამას დღემდე ვერ მიხვდა ან დღესაც ვერ ხედავს, ამ ქვეყნის ერთადერთი „ფანჯარაა" მსოფლიოში... იმავე დასავლეთში, საითაც ვისწრაფით 1989 წლის 9 აპრილიდან დაწყებული.
საკმარისია, ეს ფანჯარა დაიხუროს და ახალი ფანჯარა აღარ გაჩნდება. მის სანაცვლოდ აღიმართება მხოლოდ რკინის კარი, ოღონდ ცალი მიმართულებით - ჩრდილოეთისკენ.
ნიუ იორკში შეხვედრისას პრეზიდენტმა ერდოღანმა პირდაპირ უთხრა პრემიერ ღარიბაშვილს, რომ დაუშვებლად მიაჩნია არა მხოლოდ თურქული კომპანიის და თურქული ბიზნესის ასე აბუჩად აგდება, არამედ, ის აშკარა თურქოფობია, რაც თან სდევდა „მოძრაობას".
ვრცლად აღარც ითქმის გარდაუვალ პრობლემებზე ელექტროენერგეტიკაში: იმ დროს, როდესაც ენგურჰესს, სინამდვილეში, მოსკოვი და მისი მარიონეტები აკონტროლებენ, „ნამახვანი" იქცეოდა რეალურ ალტერნატივად და სერიოზულ მაშველად არა მხოლოდ ენერგეტიკული, არამედ, პოლიტიკური და ანტისაოკუპაციო თვალსაზრისითაც.
ნაცვლად ამისა, გვაქვს სამარცხვინო და საშიში ფაქტი: რუსეთი უკვე პირველ ადგილზეა საქართველოსათვის მოწოდებული ელექტროენერგიით და ეს ტრენდი მხოლოდ გაიზრდება ეკონომიკის ზრდის კვალობაზე. მათ შორის იმის „წყალობით", რომ ენგურჰესი დე ფაქტო დაკარგულია, „ხუდონჰესი" კი, თავის დროზე, ვარლამის მენტალურმა წინაპრებმა არ ააშენებინეს იმდროინდელ ხელისუფლებას.
იძულებული ვხდებით, დავასკვნათ: მადლობა უფალს, „ენგურჰესის" აშენება მაინც მოესწრო! წინააღმდეგ შემთხვევაში, დღეს საქართველო საერთოდ არ იარსებებდა და ეს „გადაჭარბება" არ არის - სწორედ „ენგურჰესმა" გადაარჩინა ეს ქვეყანა 1990-იან წლებში.
მეორეს მხრივ, „ხუდონჰესი" რომ აშენებულიყო, საქართველო აფხაზეთს სრულად არ დაკარგავდა სწორედ იმიტომ, რომ ექნებოდა „ენგურის" ალტერნატივა, მასთან შესადარი სიმძლავრის.
***
იმ „ეკო-მანიაკალური" არგუმენტებით, რაც „ნამახვანის" წინააღმდეგ ჟღერდებოდა, არც „ენგურჰესი" უნდა აშენებულიყო! ყველა ეს არგუმენტი მის მშენებლობასაც მიესადაგებოდა. უფრო მეტადაც კი, ვიდრე ბევრად მცირე სადგურს რიონზე, თუმცა დღეს, ახალ ეპოქაში, „ეკო-მანიაკები" სხვა არგუმენტებით უფრო ინიღბებიან - ვითომ ეკონომიკური და ფინანსური ხასიათის.
თურმე, ნუ იტყვით, „კაბალური იყო ხელშეკრულება".
ამ სიფლიდეს მკაფიო პასუხი სჭირდება: ჯერ ერთ, „კაბალური" რასთან შეფარდებით?
ალბერტ აინშტაინის „ფარდობითობის თეორია" მხოლოდ ფიზიკური განტოლება როდია. ფილოსოფიური კონცეპტიცაა: როგორც არ არსებობს ზოგადად ცნება „სწრაფი" და „ნელი", ასევე, არ არსებობს ზოგადად, „კაბალური". არის „კაბალური" მხოლოდ რაღაცასთან შედარებით.
მაშ, რასთან „შეფარდებით" იყო კაბალური ENKA-ს კონტრაქტი? იმასთან შეფარდებით, რაც ჩვენ გვინდა და ჩვენ გვენდომებოდა თუ იმ კონტრაქტთან შედარებით, რაც ენერგოკომპანია Deutsche Energiepool-მა გააფორმა ბელგიაში ახალი ჰიდროელექტროსადგურის ასაშენებლად? ან იქნებ იმ კონტრაქტთან შეფარდებით, რაც ამერიკულმა ენერგოკომპანიამ Dominion Energy Inc გააფორმა მეზობელ კანადაში ჰიდრო ელექტროსადგურთა ქსელის ასაგებად?
კი, იმ კონტრაქტებთან შედარებით, „კაბალურია", ალბათ. მით უმეტეს, იმასთან შეფარდებით, რაც ჩვენ გვენდომებოდა, მაგრამ... ჯერ ერთი, საქართველო არ არის ბელგია და არ არის კანადა. საქართველო არის ერთი დაქცეული, ღარიბ-ღატაკი, არასტაბილური, უამრავი ბიზნეს-საინვესტიციო რისკის შეცველი და ძალიან სახიფათო ქვეყანა, სადაც სწორედ ხსენებულ მიზეზთა გამო, არც Deutsche Energiepool და არც Dominion Energy Inc. არათუ ინვესტიციას ჩაასხამდნენ, აქეთ არც კი გამოიხედავდნენ. მშენებლობაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.
„გამოიხედა" მხოლოდ ერთადერთმა თურქულმა კომპანიამ, რომელიც რასაკვირველია, არ არის და არც შეიძლება იყოს საქველმოქმედო ორგანიზაცია: კონტრაქტს შეადგენდა ისე, როგორც თავად აწყობდა ყველა ბიზნეს-საინვესტიციო თუ სხვა რისკის გათვალსიწინებით. მათ შორის, საქართველოს მყიფე და უამრავ საგარეო ფაქტორზე დამოკიდებული ენერგობალანსის რისკების გათვალისწინებით.
მთავარია, რომ ამ ქვეყანას დამატებითი გენერაცია სჭირდება! სხვაგვარად გამოუჩნდება მხოლოდ ერთი „გამოსავალი": კიდევ უფრო გაზარდოს იმპორტი რუსეთიდან ან მიჰყიდოს გარდაბნის თბოელექტროსადგური „გაზპრომ"-ს, ააშენებინოს იქ დამატებითი ბლოკები და იყიდოს ორჯერ მეტი ბუნებრივი აირი იმის გათვალისწნებით, რომ თბოელექტროსადგურზე გამომუშავებული ელექტროენერგია, ნებისმიერი „ბალანსის" პირობებში, მაინც ორჯერ-სამჯერ მაღალი თვითღირებულებისაა, ვიდრე - „ჰიდრო".
და ამით შეიძლება ქვეყნის ეკონომიკა იყოს კონკურენტული თუნდაც მეზობლებთან შედარებით, როცა აზერბაიჯანს საკუთარი უძლიერესი ენერგოგენერაცია აქვს თავისივე ბუნებრივი აირით, ხოლო სომხეთს - ატომური ელექტროსადგური, მისი ამოუწურავი რესურსებით?
***
თუმცა, ყველა ეს არგუმენტი „კედელს შეყრილი ცერცვია".
როცა არსებობს მიზანდასახულობა, არგუმენტებს ძალა ეკარგებათ. მაშასადამე, საჭიროა ამ „მიზანდასახულობას" და მის გამომხატველ პერსონებს დავაკვირდეთ,
პირველ რიგში, ვარლამ გოლეთიანს.
აქ აბსოლუტურად არარელევანტურია მის პიროვნულ მოტივაციაზე საუბარი. არსებითია, გავაანალიზოთ არა ვარლამის ინტენცია (შინაგანი განზრახვა და ხსენებულ განზრახულობათა აღმძრავი მიზეზები), არამედ, დავაკვირდეთ „ვარლამს", როგორც აშკარა სოციალური და პოლიტიკური „ინჟინერინგის" პროდუქტს.
ეს პოლიტ-ტექნოლოგიყრი ფენომენი, რომელიც დიახაც, აშკარად „კარგი ნამუშევარია" შედეგის თვალსაზრისით, საქართველოსთვის დღემდე უცნობი იყო: საქართველო ამ დრომდე არ იცნობდა „სახალხო, აპოლიტიკური ლიდერის" ფენომენს, რომელიც, ერთის მხრივ, არ არის ასოცირებული პოლიტელიტასთან, მაგრამ მეორეს მხრივ, სწორედ ამიტომ და ამის წყალობით, იძენს „სახალხო მოძრაობის" სახეს, რომელმაც ვითომ „ბუნებრივად შვა" ქარიზმატული ფიგურა.
ვიმეორებ: არც ერთი ფიგურა, ვისაც კი ვიცნობდით 1988 წლიდან დღემდე, ამგვარი „აპოლიტიკური", ზოგიერთი აზრით კი „კონტრპოლიტიკური" ქარიზმის მატარებელი არ ყოფილა, ისინიც კი, ვინც გასული წაუკუნის 1980-იანი წლების ბოლოს ებრძოდნენ „ხუდონჰესს".
შემთხვევითი და სპონტანური რომ არ არის, იოლი შესამჩნევია: იმავე მაღალტექნოლოგიური „ინჟინერინგის" შედეგია დასავლეთში გრეტა ტუნბერგი, ვინც დიდოსტატურად გამოიყენება ყველა იმ პროცესის ჩასაშლელად, რაც შეამცირებდა დასავლეთის დამოკიდებულებას რუსულ ენერგომატარებლებზე.
და აქ არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, ესმის ეს თავად იმ გოგონას, მისი შეგნებული არჩევანია თუ ელემენტარულად „სასარგებლო იდიოტის" როლს ასრულებს.

***
ოღონდ ისმის კითხვა: სად დევს ის მექანიზმები, ის ბერკეტები, რითაც მაღალტექნოლოგიური, პოპულარული „თოჯინა" ჯერ იძერწება, შემდეგ კი იმართება?
სინამდვილეში, არცთუ რთული დასადგენია. საკმარისია, გადავხედოთ სუს-ის კრებსებს ამ პროცესებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი და მაღალი იერარქიის მონაწილეობის შესახებ.
თუმცა, ამის შესახებ შემდეგ წერილში.

დათო გამცემლიძე, ჟურნალისტი, ისტორიკოსი

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა