Politico - ვიქტორ ორბანის „სამშვიდობო მისიების“ გამო, ევროპარლამენტარები მოითხოვენ უნგრეთს ევროკავშირში ხმის მიცემის უფლება ჩამოერთვას
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა - 2019-2024 წლებში ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს სამინისტროებისთვის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს 11-ჯერ აღემატება
თიბისი სატრანსპორტო შეთავაზებები ახალი თაობისთვის
ჯო ბაიდენი - მოხუცი ვარ, მაგრამ მხოლოდ სამი წლით უფროსი ვარ ტრამპზე
„ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიას დღეს ოფიციალურად გახსნის
რესპუბლიკელებმა დონალდ ტრამპის კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინეს
ამინდი 16 ივლისს
პროკურატურა - ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

უკრაინა - ნატო - ქართული გზის გამეორება

07.17.2023 | 22:09 ნახვები: 1365

2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ნატო-მ საქართველოს მაპ-ის მიღებაზე უარი უთხრა, თუმცა, ამავე დროს დედა დაიფიცა, რომ აუცილებლად მიიღებს ქვეყანას ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში.

ამ დღის შემდეგ გავიდა 15 წელი, იყო აგვისტოს ომი, იყო ბევრი არეულობა, ხელისუფლების ცვლილება, საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი გადახედვა. მოკლედ, ბევრი რამე შეიცვალა, ერთის გარდა - 2008 წლიდან საქართველოს ჰპირდებიან ნატოში მიღებას.

რა თქმა უნდა, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ალიანსში მიღებაზე საუბარიც არ იქნება, თუმცა, ქოცობაც კი ყოველთვის არ იყო ასეთი უპრინციპო და გამყიდველი - 10 წლის მანძილზე ისინი პროდასავლურობის იმიტაციას ახდენდნენ, დასავლეთზე ცუდს არაფერს ამბობდნენ და მოსკოვთან ზედმეტ ჩახუტებაზე არ მიდიოდნენ. თუმცა, ამან ვერ უშველა.

საქართველო ჯერაც დგას ნატო-ს კარებში, თავისი რიგის მოლოდინში.

თუმცა, დღეს, ამ ეტაპზე ეს დიდი პრობლემა არაა. ქვეყანაში ასე თუ ისე მშვიდობაა, ამ ეტაპზე ის არ საჭიროებს არავის სამხედრო დახმარებას და დიდი ომის პერსპექტივა ჯერ-ჯერობით არ ჩანს.

ამიტომაც, ჩვენ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ დაველოდოთ, როდის მოვა ჩვენი დრო. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ეს საკითხი დიდად ჩვენზე დამოკიდებული არაა - როდის იქნება ნატო მზად საქართველოს მიღებისთვის? ამ კითხვაზე პასუხი ისევ ბრიუსელმა უნდა გასცეს.

საქართველოსთვის კი თავად გზა ნატოსკენ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთრივ ნატო - ამ გზის გავლას ბევრი პირობის შესრულება სჭირდება, რაც პირველ რიგში არა ალიანსის, არამედ ჩვენს ინტერესშია.

ამიტომაც, მოვიმარჯვოთ მოთმინების უნარი და დაველოდოთ.

თუმცა, ჩვენი გზის გამეორების რეალური კანდიდატია უკრაინა, რომელსაც, საქართველოსგან განსხვავებით, უსასრულო ლოდინის ფუფუნება არ გააჩნია.

ქვეყანა უმძიმეს ომშია ჩართული, რომელსაც ახლო მომავალში დასრულების პერსპექტივა არ უჩანს. დაწყებული კონტრშეტევა იმედებს ჯერ-ჯერობით ვერ ამართლებს - უკრაინული ჯარი ცდილობს მიაგნოს რუსების ღრმად ეშელონირებული თავდაცვის ხაზში სუსტი ადგილები, თუმცა, ამ ეტაპზე უშედეგოდ.

უკრაინის საბრძოლო პოტენციალს მკვეთრად ამცირებს ის, რომ დასავლეთი არ აწვდის მას შორი მანძილის რაკეტებს და ავიაციას. თუმცა, ესეც რომ არა, თავისთავად რუსული ჯარი, მთელი რიგი პრობლემების და სისუსტეების მიუხედავად, კვლავაც საშიშ ძალას წარმოადგენს.

500 000 შეიარაღებული ადამიანი, სრული იდიოტიც კი - მაინც 500 000-ა და ამ რაოდენობას ვერსად გაექცევი.

რუსული არმია გადავიდა თავდაცვის რეჟიმზე, რომელიც თავდასხმაზე ბევრად უფრო მარტივი და ნაკლებად სისხლიანია.

საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ 2023 წელს უკრაინულმა კონტრშეტევამ დიდი შედეგები ვერ გამოიღოს.

და სწორედ ამ კრიტიკულ პერიოდში კიევი იღებს ბრიუსელისგან თითქმის იგივე პასუხს, რაც საქართველომ მიიღო 2008 წელს - თქვენ აუცილებლად გახდებით ნატო წევრები, ოღონდ არ გვკითხოთ როდის. ერთ დროს, როდესაც ომი მორჩება და თქვენც მზად იქნებით.

ოღონდ არც ის გვკითხოთ, „მზადყოფნა“ რაში გამოიხატება და რას გულისხმობს. მოვა დრო და თავად გაიგებთ.

უკრაინა ნატოსთან ურთიერთობებში საქართველოს გზას დაადგა. სავარაუდოდ, იგივე ეფექტურობით.

არადა, საკმარისი იქნება, ხვალ ბრიუსელმა განაცხადოს მკაფიოდ და გასაგებად - ტერიტორიული პრობლემების მქონე ქვეყნებს არ ვიღებთ, იმიტომ რომ სხვის ომში ჩართვა არ გვინდა.

 ვერც გაამტყუნებ - რატომ უნდა გარისკოს გერმანელმა ან შვედმა უკრაინის გამო? ერთია იარაღის მიწოდება, ფულით მომარაგება, სხვადასხვა ტიპის მატერიალური, ფინანსური, თუ  პოლიტიკური დახმარება,  მაგრამ  ჯარისკაცების სიცოცხლე - სხვაა.

ვერც გაამტყუნებ, ყველა ქვეყანა ასე ფიქრობს, არავის სურს საკუთარი ჯარისკაცების გაწირვა საკუთარ ომშიც კი, რომ არაფერი ვთქვათ სხვისაზე.

ვაღიაროთ - უკრაინა ვერ გახდება ნატო-ს წევრი. სანამ ომია - იმიტომ რომ ომია. მშვიდობა რომ იქნება - ვინ იცის რამდენ ხანს გაგრძელდება ეს მშვიდობა და ისევ არ დაიწყება მეორე ომი?

ბრიუსელი ყველანაირად შეეცდება თავი აარიდოს პასუხს მარტივი და ცალსახა კითხვაზე - როდის და რა პირობებში მიიღებს უკრაინას თავის რიგებში? პირველი პასუხია - „რუსეთიs ომში დამარცხების შემდეგ“, რაც ნიშნავს  - „არასდროს“.

რუსეთი ამ ომს წააგებს, ოღონდ ეს წაგება ნაწილობრივი იქნება, კონფლიქტის გაყინვის პირობებში. ეს კი ნიშნავს, რომ არ იქნება რუსეთის რეჟიმის ჩამოშლა, პუტინიs გაქცევა და რუსეთში ქაოსის დაწყება.  პუტინი დარჩება, რუსული სისტემა შენარჩუნდება, მოსკოვი კვლავ დარჩება საფრთხედ სამეზობლოსთვის.

ამ ვითარებაში, უკრაინა დაადგება „ქართულ გზას“ - მიიღებს დაპირებებს, რომ მას მიიღებენ ნატოში, მაგრამ ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე,

სწორედ ესაა ვილნიუსის სამიტის მთავარი შედეგი, დანარჩენი კი - პათოსი და პათეტიკაა.

 

ავტორი: თენგიზ აბლოთია

ნეიშენ ჯორჯია

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა