პროკურატურამ 16 წლის ბიჭის დაჭრის ფაქტზე 14 წლის არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
ყაზახეთში მომხდარ ავიაკატასტროფას 28 ადამიანი გადაურჩა
საია - აქციებისას დაკავებული პირების მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია განამტკიცებს ფაქტს, რომ მათ მიმართ წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას სისტემური და ფართომასშტაბიანი ხასიათი აქვს
საბა ცხვიტარიძე - ნახევრად გათიშული ვიყავი, როცა „ზონდერი“ მომვარდა და ხელის მოტეხას ცდილობდა - მირტყამდნენ ფეხებს, თავზე გადამამტვრიეს ხის ნივთები
ხატია დეკანოიძე - იმისთვის, რომ ჩატარდეს ნორმალური, სამართლიანი არჩევნები, რეჟიმი უნდა დაემხოს
ცესკო ისევ სალომე ზურაბიშვილს პასუხობს
არაფერი დასაკომპლექსებელი დღევანდელ ოპოზიციას არ სჭირს - ნიკა გვარამია
სისხლიანი ანგარიშსწორება თბილისში - რა მოხდა ზესტაფონის ქუჩაზე?!

საია - აქციებისას დაკავებული პირების მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია განამტკიცებს ფაქტს, რომ მათ მიმართ წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას სისტემური და ფართომასშტაბიანი ხასიათი აქვს

25.12.2024 ნახვები: 380

რეპრესიის სხვა მექანიზმებთან ერთად 2024 წლის განმავლობაში მზარდი იყო სისხლის სამართლის მექანიზმების გამოყენება დემონსტრანტებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ, რისი ერთ-ერთი მიზანიც, განსხვავებული აზრის ჩახშობაა, - ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიშშია აღნიშნული, სადაც დემონსტრანტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის მექანიზმების გამოყენებაა შეფასებული.

საია-ს ცნობით, ორგანიზაცია მონიტორინგს უწევს 50-მდე პირის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც უკავშირდება პროტესტს, მათ შორისაა, 2024 წლის აპრილი-მაისის დროს რუსული კანონის პროტესტთან დაკავშირებით დაკავებული 6 პირის საქმე, 19 და 28 ნოემბრის შემდგომი უწყვეტი ლეგიტიმური პროტესტის დროს დაკავებული 38 ბრალდებულის საქმე, ასევე ბალდის კანიონის აქტივისტის, ინდიკო ბჟალავას, აქტივისტ ვიტალი გუგუჩიას და აქტივისტ იოსებ ბაბაევის საქმეები.

მათივე შეფასებით, „საგანგაშოა, რომ ამ დრომდე არ მომხდარა არც „რუსული კანონის“ პროტესტის და, ასევე, არც 28 ნოემბრის შემდგომი საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების სათანადო გამოძიება და პასუხისმგებელი პირების გამოვლენა“.

როგორც საია-ში აცხადებენ, „მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სისტემური უმოქმედობა დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით მიუთითებს სამსახურის თანამონაწილეობაზე აღნიშნულ ძალადობაში“.

წარდგენილი ბრალდებები

აქტივისტების მიმართ უმეტესად წარდგენილია შემდეგი სახის ბრალდებები: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა (სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილი), პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით (სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილი), ნივთის დაზიანება ან განადგურება ჯგუფურად (სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით) და სხვა. ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ალეკო ელისაშვილს ბრალს სდებენ დევნის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჩადენისთვის (სსკ-ის 156-ე მუხლის მეორე ნაწილით), ასევე რამდენიმე აქტივისტის მიმართ წარდგენილი ბრალდება ნარკოტიკულ დანაშაულს უკავშირდება (სსკ-ის 260-ე მუხლით ბრალდებები).

საქმეთა გაჭიანურება

რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტის დროს დაკავებული პირების საქმეთა განხილვა ჭიანურდება. ხსენებულ საქმეთა უმრავლესობაში მტკიცებულებები უდავოდაა ცნობილი, მიუხედავად ამისა, სასამართლო საქმის განხილვას არ ასრულებს და ყოველ ჯერზე სხვადასხვა მიზეზებით სხდომებს დიდი დროით დებს.

საია-ს შეფასებით, საქართველოს პროკურატურა და თბილისის საქალაქო სასამართლო ხელოვნურად აჭიანურებენ საქმის განხილვას, სავარაუდოდ, იმ მოტივით, რომ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, აქტივისტების შეწყალება თავისი საპრეზიდენტო უფლებამოსილების ფარგლებში ვერ მოასწროს. ბრალდების და სასამართლო ორგანოების ამგვარი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ აქტივისტების მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები არ არის დაცლილი სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით დევნის მოტივებისგან, რაც შემაშფოთებელია და ძირს უთხრის, ერთი მხრივ, პროკურატურის, როგორც კონსტიტუციური ორგანოს, და, მეორე მხრივ, სასამართლოს სისტემის საქმიანობას.

პატიმრობის გამოყენების პრაქტიკა ბრალდებულთა ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინების გარეშე

„რუსული კანონის“ პროტესტის დროს დაკავებულთა და ნოემბრის თვეში მიმდინარე აქციების დროს დაკავებული ყველა აქტივისტის მიმართ პირველ ეტაპზე სასამართლომ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გამოიყენა. ყველა შემთხვევაში, სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა პატიმრობის გამოყენების შესახებ - ბრალდებულების ისეთი გარემოებების მხედველობაში მიღების გარეშე, როგორებიცაა: ბრალდებულთა ინდივიდუალური მახასიათებლები, მათი პიროვნება, საქმიანობა, ასაკი, ჯანმრთელობა, ოჯახური, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. ამასთან დაკავებულთა შორის იყვნენ 21 წლამდე პირები, სტუდენტები და სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან ადამიანები. ზოგიერთი იყო ერთადერთი მარჩენალი ან მომვლელი ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ოჯახის წევრის. უმრავლესობა მათგანი არ იყო წარსულში ნასამართლევი, ან/და ასევე არ ჰქონდა ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. ბრალდების მხარის დასაბუთება პატიმრობის გამოყენების შესახებ ეყრდნობოდა განზოგადებულ რისკებს, როგორიცაა მიმალვის საფრთხე, მტკიცებულებების განადგურება ან ახალი დანაშაულის ჩადენა.

მხოლოდ ორ საგამონაკლისო შემთხვევაში მოხდა პატიმრობის ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლა, ერთი შეეხებოდა პოლიტიკოსს - ალეკო ელისაშვილს და მეორე დაკავებულ არასრულწლოვან აქტივისტს. ორივე შემთხვევაში თავად ბრალდების მხარემ იშუამდგომლა პატიმრობის შეცვლა, პირველ შემთხვევაში გირაოთი, არასრულწლოვნის შემთხვევაში კი მშობლის მეთვალყურეობაში გადაცემით.

დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი

ადვოკატები მუდმივად ხაზს უსვამდნენ მტკიცებულებების არარსებობას, რომელიც დააკმაყოფილებდა სისხლის სამართლის ბრალდებისთვის საჭირო დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს. კერძოდ, სსკ-ის 225-ე მუხლით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა) ბრალდებულთა სხდომაზე გაჟღერებული გარემოებების შესაბამისად, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, უმეტესად ბრალდება არ ვლინდებოდა ბრალდებულთა შორის კოორდინაციისა ან კოლექტიური მოქმედების ფაქტი. ბრალდებულთა ნაწილს ბრალს სდებდნენ იზოლირებულ ქმედებებში სხვადასხვა დროსა და ადგილას, ურთიერთცოდნისა და განზრახვის მტკიცებულების გარეშე.

პროკურატურა ინდივიდებს ბრალად სდებს ისეთი ქმედებების ჩადენას, როგორებიცაა საგნების სროლა (ჯოხები, ბოთლები,მუყაოს ჯოხი, დაუდგენელი მძიმე საგანი), მაგრამ ვერ აკავშირებს აღნიშნულ ქმედებებს ერთობლივ და კოლექტიურ ძალადობასთან, ასევე არ საუბრობს კონკრეტულ ზიანზე.

ამასთან კავშირში, ასევე, აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ბრალდებულის წარმომადგენელი მიუთითებდა, რომ მას ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში არაერთი საქმე აქვს, სადაც ანალოგიური ქმედებების განხორციელებისთვის ბრალდებულები სასამართლომ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად და მისთვის გაუგებარი იყო, როგორ გამიჯნა ბრალდების მხარემ ხსენებული ქმედებები ადმინისტრაციული სამართალდარღვევისგან. მაგალითად, ქვის ან ჯოხის სროლისას, სად გადიოდა ზღვარი პირის სამართალდარღვევასა და შესაძლო დანაშაულს შორის?!

საქართველოს სისხლი სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით ბრალად წარდგენილი ქმედებები საყურადღებოა, არა მხოლოდ, კონკრეტულ ბრალდებულებთან მიმართებით დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტის არსებობის თვალსაზრისით, არამედ იმ რისკების შეფასების ნაწილშიც, რომელთა დროსაც სისხლის სამართლებრივი მექანიზმები ბრალდების მხარის ხელში შესაძლოა იქცეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის და აქციის მონაწილეთა დევნის რისკის მატარებლად.

არასათანადო მოპყრობის შემთხვევები

სისხლის სამართლის წესით დაკავებულმა რამდენიმე დემონსტრანტმა აღნიშნა მათზე დაკავების დროს, ტრანსპორტირებისა თუ განყოფილებაში მიმდინარე არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებ. მაგალითად: ალეკო ელისაშვილმა პირველი წარდგენის სხდომაზე განმარტა, რომ დაკავებისას მანქანაში ჩასვეს და სცემეს.

საბა სხვიტარიძემ დეტალურად აღწერა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამოცდილება. სხვიტარიძის განმარტებით, ის პოლიციამ ზესტაფონის გზაზე დააკავა, მისთვის არ განუმარტავთ დაკავების საფუძველი, არც ადვოკატთან დაკავშირების შესაძლებლობა მისცეს, შემდეგ გადასცეს გორთან გაურკვეველ ოპერატიულ ჯგუფს და გადაიყვანეს დიღომში მდებარე პოლიციის სამმართველოში. დიღომში, სამმართველოს შენობაში, მეხუთე სართულზე, მას ოთხი ნიღბიანი ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა და სცემა, შემდგომ კი ამავე შენობის მერვე სართულზე საპატრულო ფორმაში ჩაცმულმა პიროვნებამ, რომელსაც ნიღაბი ეკეთა, სხვა პირებთან ერთად კვლავ იძალადა მასზე.

რევაზ კიკნაძემ განაცხადა, რომ მას ფსიქოლოგიური ზეწოლისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ქვეშ აიძულებდნენ ეღიარებინა დანაშაული და დაედანაშაულებინა სხვები, რაც გამოიწვევდა მის მიმართ სისტემის მხრიდან ლოიალურ დამოკიდებულებას.

ბრალდებულების მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია, სხვა გამოცდილებებთან ერთად, განამტკიცებს იმ ფაქტს, რომ პირების მიმართ წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას სისტემური და ფართომასშტაბიანი ხასიათი აქვს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უმოქმედობა

საგანგაშოა, რომ ამ დრომდე არ მომხდარა არც რუსული კანონის პროტესტის და, ასევე, არც 28 ნოემბრის შემდგომი საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების სათანადო გამოძიება და პასუხისმგებელი პირების გამოვლენა.

მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სისტემური უმოქმედობა დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით მიუთითებს სამსახურის თანამონაწილეობაზე აღნიშნულ ძალადობაში.

საია აგრძელებს მიმდინარე საქმეებზე წინასასამართლო და არსებითი განხილვის სხდომების მონიტორინგს და საზოგადოებას დროდადრო მიაწვდის განახლებულ ინფორმაციას“, - ნათქვამია საია-ს ანგარიშში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა