საპროტესტო აქციების ფარგლებში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ანასტასია ზინოვკინა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან წერილს ავრცელებს.
ზინოვკინა წერილში რუსთავის N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობას აღწერს და მას ამაზრზენს უწოდებს.
„აქაური პირობები ამაზრზენია. გოგონები, რომლებსაც არავინ ეხმარება, ცხოველებივით ცხოვრობენ. საპნის ერთი ნაჭერი გამოიყენება თმის, სხეულის დასაბანად და წინდების, ტრუსებისა და ჭურჭლის გასარეცხად. თუ საპონი უფრო სწრაფად ამოიწურება, ვიდრე ბადრაგი ახლის მოცემას ინებებს (3 თვეში ერთხელ), მაშინ ისინი უბრალოდ არ ბანაობენ. საშინელი ანტისანიტარიაა. თვეში ერთი რულონი ტუალეტის ქაღალდი და მასაც კი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაძლევენ, თუ ბარათზე საერთოდ არ გაქვს ფული. თუ 10 ლარი მაინც გაქვს, გეუბნებიან: „იყიდე“. ყველანაირი დაავადებაა - სოკოთი დაწყებული, ტკიპებითა და ტილებით დამთავრებული. ჩაიდანში (ელექტრო მადუღარა) ვადუღებ წყალს, პლასტმასის ჩაიდანში 200 მლ-ს, ვრეცხავ ყველა ტანსაცმელს და ვიბან თავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალი დაავადებები და პრობლემები. ვიცი, რომ მწეველის სიგარეტის გარეშე დატოვება სასტიკი და არაადამიანურია, მაგრამ ტუალეტის ქაღალდის გარეშე? საპნის გარეშე? შამპუნის გარეშე? ( მას საერთოდ არ აძლევენ).
შხაპის მიღება კვირაში მხოლოდ ორჯერ, ოთხშაბათს და კვირას, 15 წუთით არის შესაძლებელი. საკანში ცხელი წყალი არ არის, ზამთარშიც არაა. გოგონები, რომლებსაც ჩუსტები არ აქვთ, იქ ფეხშიშველნი ან საერთო ჩუსტებით ბანაობენ. ისინი ავადდებიან სოკოთი და ერთმანეთს აინფიცირებენ. სარეცხი ფხვნილი თვეში ერთხელ გაიცემა, მე ყურადღებით ვაკვირდები ხოლმე გაცემის მომენტს. საკანში საჭმლის მომზადება არ შეგიძლია. რატომ? იმიტომ, რომ არ შეიძლება და მორჩა. შეგიძლიათ მაღაზიაში შეიძინოთ კვერცხი, თუ მას შეჭამთ (მხოლოდ 10 ცალს ყიდიან) ან შვრიის ფაფა და მდუღარე წყალი უნდა დაასხათ. სულ ესაა. ეს არის საჭმლის მომზადების მაქსიმალური რაოდენობა. ყველას არ შეუძლია რადიოს ან ტელევიზორის შეძენა. ზოგი სრულიად მოწყვეტილია გარე სამყაროს (შეგახსენებთ, რომ ზარები და წერილები ფული ღირს). 1 წერილი 4,5-10 ლარი, სხვა ქვეყანაში დარეკვა ძვირია. კალმები და რვეულებიც კი ფუფუნებაა. გვერდით მალაიზიიდან მეზობელი ზის, მას სინგაპურში ნათესავები ჰყავს, ჩინურად საუბრობს, ანუ საერთოდ ვერ ლაპარაკობს. ფული არ აქვს, არ ჭამს, არ რეკავს, ზის და იტანჯება. რა თქმა უნდა, არსებობს სხვა საკანიც, ახლა კარგი საკანი მაქვს, ჩვენ ყოველთვის ვკვებავთ მას და ასე შემდეგ. ფსიქოლოგს „სუდოკუს“ თავსატეხი ვთხოვე და ახლა ისიც კმაყოფილია, რომ აქვს. ჩინურ ენაზე წიგნები არ არსებობს. რიგრიგობით ამოვხსნით. რიგრიგობით მოვაგვარებთ.
ჩემი გული რევოლუციასთანაა! ჩემი გული მათთანაა, ვინც რუსთაველზეა, გამარჯვება.
იმედი მაქვს, ანტონ ჩეჩინი გადარჩება, მისი გადარჩენა აუცილებელია. მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ტვინის სიმსივნე აქვს და ეს განაჩენი მკვლელობაა. მე კი გადავრჩები რამენაირად, ასე ადვილად სიკვდილს არ ვაპირებ. და გთხოვთ, არტემ გრიბული გადაარჩინეთ. მადლობა წერილებისთვის! მადლობა მხარდაჭერისთვის. ძალიან ვნერვიულობ თითოეულ პატიმარზე...
გთხოვთ, არაფერი მოითმინოთ. გთხოვთ, დაიცვათ საკუთარი თავი და სხვები. სიკეთე მუშტებით უნდა გაკეთდეს...“ - აღნიშნავს ანასტასია ზინოვკინა წერილში, რომელიც მის მიმართ სასამართლოს განაჩენის გამოცხადებამდეა დაწერილი.
ცნობისთვის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული 2024 წლის 17 დეკემბერს თბილისში დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულების საცხოვრებლის და პირადი ჩხრეკისას 16 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება – „ალფა პე ვე პე“ ამოიღეს. დაკავებული ცოლ-ქმარი, ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული სასამართლომ დამნაშავედ 12 სექტემბერს ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მათ, 8,5-8,5 წელი მიესაჯათ.
გოჩა მირცხულავა: როგორ შეიძლება დავით აღმაშენებლის საქართველო იყოს ბიძინა ივანიშვილის შპს?! ან და პა
გოჩა მირცხულავა: წულუკიანის კომისია ბუნებაში არ არსებობს, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ღალატის კომისია