წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა (CPT) გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოში 2024 წლის 18-29 ნოემბერს და 2025 წლის 21-22 იანვარს განხორციელებული ვიზიტების შესახებ.
ევროპის საბჭოს ვებ-გვერდზე განთავსებული პრესრელიზის თანახმად, ვიზიტის დროს, CPT-მა შეაფასა პოლიციის მიერ დაკავებული პირების, მათ შორის, 2024 წლის 29 ნოემბრიდან თბილისში მიმდინარე საჯარო დემონსტრაციებთან დაკავშირებით დაკავებულების მიმართ, მოპყრობა და დაცვის საშუალებები. დელეგაციამ ასევე შეისწავლა რამდენიმე სასჯელაღსრულების დაწესებულებასა და სამ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არსებული პირობები, რის დროსაც ფოკუსირებული იყო მკურნალობაზე, საცხოვრებელ პირობებსა და იძულებითი ჰოსპიტალიზაციის სამართლებრივ დაცვაზე.
„2024 წლის 28 ნოემბრამდე, გამოკითხული დაკავებული პირების აბსოლუტურმა უმრავლესობამ, რომლებიც იმყოფებოდნენ ან მანამდე იყვნენ ნამყოფი წინასწარი დაკავების იზოლატორებში, განაცხადა, რომ პოლიცია მათ სწორად მოეპყრო. ამის საპირისპიროდ, CPT-ს მრავლად მიეწოდა არასათანადო მოპყრობის შესახებ ბრალდებები, როდესაც 2024 წლის 29 ნოემბრიდან თბილისში მიმდინარე დემონსტრაციებთან დაკავშირებით დაკავებული პირები გამოკითხა. გამოკითხულ პირთა უმეტესობას აღენიშნებოდა თვალსაჩინო დაზიანებები, რომელთაგან ზოგიერთს მძიმე დაზიანებები ჰქონდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარებას საჭიროებდა“, - აღნიშნულია ანგარიშში.
ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტში აცხადებენ, რომ დაკავებულების განცხადებით, ნიღბიანი უცნობი პოლიციელები ჯგუფურად აკავებდნენ, დაკავებულ პირებს განურჩევლად სცემდნენ, ფეხებს ურტყამდნენ მთელ სხეულზე და ემუქრებოდნენ.
„გარდა ამისა, სავარაუდოდ, ცემა განმეორდა, ერთდროულად რამდენიმე ოფიცრის მიერ, მათ შორის მაშინ, როდესაც პირებს ხელბორკილებიანი ხელები ზურგს უკან ჰქონდათ შემოწყობილი. თითქმის ყველა შემთხვევაში, ძალადობა შეწყდა მას შემდეგ, რაც პირები გადასცეს პოლიციელებს, რომლებსაც ნიღბები არ ეკეთათ“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გადადგას ნაბიჯები იმის უზრუნველსაყოფად, რომ პირთა დაკავებისას პოლიციამ გამოიყენოს მხოლოდ აბსოლუტურად აუცილებელი და პროპორციული ძალა.
„კომიტეტი კიდევ ერთხელ იმეორებს თავის დიდი ხნის რეკომენდაციას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯები იმის უზრუნველსაყოფად, რომ პირთა დაკავებისას პოლიციამ გამოიყენოს მხოლოდ აბსოლუტურად აუცილებელი და პროპორციული ძალა. ძალადობის რაიმე ფორმას არასდროს არ აქვს გამართლება იმ პირთა მიმართ, რომლებიც პოლიციის ოფიცრების კონტროლის ქვეშ იმყოფებიან“, - აღნიშნულია ანგარიშში.
ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტი აცხადებს, რომ დემონსტრაციებზე განლაგებული ყველა ნიღბიანი სამართალდამცავი თვალსაჩინო საიდენტიფიკაციო ნიშნებს უნდა ატარებდეს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა ციხე დადგენილი ტევადობის ფარგლებში დარჩეს, რომლითაც მრავალადგილიან საკნებში თითოეულ პატიმარზე 4 მ2 ფართია გათვალისწინებული.
ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის განცხადებით, არანაირი პროგრესი არ მიღწეულა ნახევრად ღია ციხეების (ე.წ. „ზონების“) დახურვის მიმართულებით და ისინი კვლავ განიცდიან ქრონიკულ პრობლემებს, როგორიცაა გადატვირთულობა, პატიმართა განაწილების სათანადო პოლიტიკის არარსებობა, პატიმართა შორის ძალადობა, პატიმართა არაფორმალური იერარქიის გავლენა, არასაკმარისი აქტივობები და ძალიან მცირე პერსონალი. ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტი ხაზს უსვამს ამ დაწესებულებების ჩანაცვლების საჭიროებას უფრო პატარა, მოდულირებული ციხეებით, რომლებიც ორიენტირებულია რეაბილიტაციასა და ინდივიდუალურ აქტივობებზე.
„საქართველოში ციხის რეჟიმების განვითარებაში რეალური პროგრესის არარსებობა ხელისუფლების ნამდვილ მარცხს წარმოადგენს. პატიმრებისთვის, როგორც წესი, არ იყო ორგანიზებული საკნის გარეთ აქტივობები, ბევრი მათგანი დღეში 23 საათამდე იყო გამოკეტილი საკნებში - გარდა მე-15 საპყრობილის პატიმრებისა. გარდა ამისა, ბევრი პატიმარი თვეების, თუ არა წლების განმავლობაში, იმყოფებოდა სამარტოო საკანში, ადამიანებთან ძალიან შეზღუდული კონტაქტით და ხშირად მუდმივი ვიდეომეთვალყურეობის ქვეშ. ეს მიუღებელია. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეიმუშაოს და დანერგოს მიზანმიმართული აქტივობების პროგრამები ყველა პატიმრისთვის და უზრუნველყოს რისკის შეფასებისა და ინდივიდუალური სასჯელის დაგეგმვის ზომების სრული განხორციელება, როგორც ეს გათვალისწინებულია სასჯელაღსრულების კოდექსით“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ყველა ციხე, სადაც იმყოფებოდნენ, ასევე ძალიან არასაკმარისი პერსონალით იყო დაკომპლექტებული, არ ჰყავდათ როგორც საკმარისი ციხის პერსონალი, ასევე სოციალური მუშაკები, რაც შეუძლებელს ხდიდა ადეკვატური რეჟიმის შემუშავებას.
„კომიტეტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ყველა პატიმარს კვირაში მინიმუმ ერთი საათი უნდა ჰქონდეს ვიზიტის დრო და რომ ციხის ვიზიტების პირობები გაუმჯობესდეს ისე, რომ, როგორც წესი, ღია ვიზიტების შესაძლებლობა იყოს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის განცხადებით, მათ მიერ განხორციელებულმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ციხის ჯანდაცვის სერვისები ზოგადა კარგი იყო, საფუძვლიანი სამედიცინო შემოწმებით და დაზიანებების სათანადო აღრიცხვით.