თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გამრეკელის ქუჩაზე მაგისტრალური წყალსადენის დაზიანების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ზარალი სრულად აუნაზღაურდებათ. მისი თქმით, ყველა ხარჯს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) დაფარავს.
კალაძის ინფორმაციით, გამთენიისას 1200 მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენის დაზიანების შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი კორპუსები, ბინები და სარდაფები, ასევე დაზიანდა კერძო ავტომობილები. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და წყლის ამოტუმბვა მიმდინარეობს.
„დაზარალებულ ოჯახებში ვიყავი. ფაქტობრივად ყველაფერი განადგურებულია. თუ კი რაიმე გააჩნდათ ადამიანებს, არის გაუბედურებული. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია კომპანიასთან. ყველა ხარჯს საკუთარ თავზე აიღებს კომპანია GWP“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში დაზარალებულ ოჯახებს დროებითი საცხოვრებელი ფართითაც უზრუნველყოფენ.
„თუ იქნება იმის აუცილებლობა, რომ კონკრეტული ოჯახები გავიყვანოთ, დროებით საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა მოვახდინოთ, ამაზეც გვაქვს სრული მზადყოფნა. ყველა ოჯახის ზარალი ანაზღაურდება, ეს შეეხება სარემონტო სამუშაოებს თუ ავეჯის შეძენას“, – აღნიშნა კალაძემ.
თბილისის მერმა ქალაქში არსებული მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელების მდგომარეობაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, ინფრასტრუქტურის ნაწილი ამორტიზებულია, რის გამოც ქუჩებისა და გამზირების რეაბილიტაციისას პირველ რიგში მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება ხდება.
„არის სხვა საკომუნიკაციო ქსელებიც, რომელიც არის ამორტიზებული, წარმოადგენს პრობლემას. 2017 წლიდან, რაც თბილისის მოსახლეობამ აგვირჩია და მხარი დაგვიჭირა, როდესაც ჩვენ ვახორციელებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, პირველი რასაც ვაკეთებთ, ზუსტად ეს არის არსებული ქსელის განახლება, მოწესრიგება, რომ შეიქმნას ისეთი კომუნიკაციები, რომ ათეულ წლებს გაუძლოს“, – განაცხადა მან.
კალაძის თქმით, მიწისქვეშა ქსელების შეცვლას ხშირად ახლავს გადაადგილების შეზღუდვა და მოსახლეობისთვის დისკომფორტის შექმნა, თუმცა ასეთი სამუშაოები აუცილებელია ინფრასტრუქტურის გრძელვადიანი გამართულობისთვის.
თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ ქუჩებისა და გამზირების სარეაბილიტაციო პროექტებში კომპანია GWP მონაწილეობს და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.