უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ბოლო ორი კლასტერის გახსნაზე ვეტოს მოხსნას გეგმავს. ამის შესახებ Euronews ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, ბუდაპეშტი გადაწყვეტილებას დღეს, 20 ნოემბერს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრაზე დაადასტურებს. ამ ნაბიჯის შემდეგ უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების ყველა კლასტერი გახსნილი იქნება.
უნგრეთი წლების განმავლობაში აფერხებდა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს და მოლაპარაკებების კლასტერების გახსნას ბლოკავდა. ბუდაპეშტის ვეტო გავლენას ახდენდა მოლდოვის გაწევრიანების პროცესზეც.
Euronews-ის ცნობით, უნგრეთის პოზიცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც ვიქტორ ორბანის მთავრობა პიტერ მადიარის მთავრობამ ჩაანაცვლა.
მიმდინარე წლის ივნისში უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერი გაიხსნა, ივლისში – მეორე, ხოლო ოქტომბერში – კიდევ ორი.
პროცესის წინსვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი კიევსა და ბუდაპეშტს შორის დასავლეთ უკრაინაში მცხოვრები ეთნიკური უნგრული უმცირესობის უფლებების საკითხზე მიღწეული შეთანხმება გახდა. შეთანხმება გასულ თვეში გაფორმდა და მოგვიანებით უკრაინის პარლამენტმა დაამტკიცა.
გამოცემის ინფორმაციით, ამის შემდეგ უნგრეთის მთავრობა მზად იყო დარჩენილი კლასტერების გახსნისთვის, თუმცა გადაწყვეტილება რამდენიმე კვირით გადაიდო.
Euronews აღნიშნავს, რომ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში უკრაინის მიმართ წარმოებულმა ხანგრძლივმა კრიტიკულმა კამპანიამ ახალი მთავრობისთვის პოზიციის შეცვლა შიდაპოლიტიკურად გაართულა.
თუ უნგრეთი ვეტოს მოხსნას ოფიციალურად დაადასტურებს, უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების ყველა კლასტერი გაიხსნება, მათ შორის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის საკითხებთან დაკავშირებული მიმართულებები.
კლასტერების გახსნა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გაგრძელების შესაძლებლობას ქმნის, თუმცა თავად გაწევრიანებას არ ნიშნავს.