ამ ბრძოლის სიმძიმე, კიდევ წინაა - "პუბლიკა" აკა მორჩილაძის წერილს აქვეყნებს
"ალეკო ჩემთან ერთადაა! თავს ნორმალურად გრძნობს" - ლევან იოსელიანი
კახა კალაძე - სპორტსმენების, ფეხბურთელების, მსახიობებისა და სხვადასხვა დარგის წარმომადგენლების მიმართ უდიდესი ბულინგი ხორციელდება - ფაშისტები არიან
ლევან ხაბეიშვილი - ვაჟა სირაძემ მითხრა, მარტო წამოხვალ კობახიძესთან სალაპარაკოდო? წავედი და შუა გზაში გადაიფიქრა
შსს - მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობრივი მოწოდებები
პრეზიდენტი - პროვოკაციის და დაძაბვის დრო არაა!
შსს - მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე დაკავებულია ორი პირი, ერთ-ერთი დაკავებული პირისგან ამოღებულია ცივი იარაღი
ნიკა გვარამია - უნდა შევიდეთ ან ჩამოვიდეს, კობახიძეს უნდა შევხვდეთ და დაველაპარაკოთ

თვითტკობა და „მიშენებების" ერი

04.13.2021 | 22:05 ნახვები: 1337

რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში გამოქვეყნდა საყურადღებო ცხრილი - რომელი ერი ევროპაში მიიჩნევს საკუთარ კულტურას სხვებზე უპირატესად?
ალბათ არავის არ გაუკვირდა, რომ საქართველო ამ რეიტინგის ერთ-ერთი ლიდერია - სომხეთთან და საბერძნეთთან ერთად..
თავისთავად საკუთარი თავის გადაჭარბებულად შეფასება - ღრმა ჩამორჩენილობის ერთ-ერთი მაჩვენებელია - ყველაზე განვითარებული ერები, რომლებსაც დიდი კულტურა როგორც წარსულში ჰქონდათ, ასევე დღესაც აქვთ, დიდი მოკრძალებით გამოირჩევიან.
მაგალითად, საკუთარ კულტურას სხვებზე გამორჩეულად მიიჩნევს იტალიელთა მხოლოდ 47%, ინგლისელთა 46%, გერმანელთა 45%, ფრანგთა 36%, შვედთა 26%.
ევროპაში საკუთარ თავს ყველაზე მოკრძალებულად ესპანელები აფასებენ - საკუთარი კულტურის უპირატესობაში ესპანელთა მხოლოდ 20%-ა დარწმუნებული.
რეიტინგის ბოლო ადგილებზე არიან ბერძნები (89%), ქართველები (85%), და სომხები (84%).
უარყოფითი რეიტინგის კუთხით გასაკვირი მხოლოდ საბერძნეთის ლიდერობაა - ქვეყანა ევროპული ოჯახის წევრია, და მას წესით ზედმეტი ქედმაღლობა არ უნდა ახასიათებდეს, თუმცა, გარკვეული თვალსაზრისით - ეპატიებათ..
ძნელია თავმდაბლობა მოსთხოვო ერს, რომელიც ყოველდღე უყურებს აკროპოლს, რომლის ფასეულობაც გაცილებით მეტია, ვიდრე მთელი საქართველოსი, მთელი თავისი შენობებით და მთლიანი მოსახლეობით.
ყველა შემთხვევაში, ეს გამონაკლისია,დანარჩენი ევროპისთვის კი ზედმეტად საკუთარ თავზე შეყვარება სრულიად არადამახასიათებელია.
მაშ რა მოუვიდა საქართველოს? როგორც მოხვდა, რომ ერი, რომელიც უახლოეს ისტორიაში მიშენებებით, ჟანგიანი ფარეხებით, ელიავას ბაზრობით, უმდაბლესი პოპ-კულტურით, და „ავყავდება როცა ნუშით" შევიდა, საკუთარ თავს არათუ კულტურულად (რაც უკვე თავისთავად დიდი თავხედობაა), არამედ სხვებზე გამორჩეულად კულტურულად მიიჩნევს?
რა იმისთანა დამსახურების გამო, ქართველების 85% საკუთარ თავს სხვებზე მაღლად აფასებს, მაშინ, როდესაც მართლაც გამორჩეული და უმდიდრესი კულტურის ერში - ესპანელებში - მხოლოდ 20%?
წარმოუდგენელი სილამაზის ქალაქები, მადრიდი, ბარსელონა, ესპანური გიტარა და ცეკვა, რომელიც ვერაფერს დედამიწაზე ვერ შეედრება, ბრწყინვალე ქალაქები, რომლებიც ესპანელებმა სამხრეთ ამერიკაში ააშენეს - ბუენოს-აირესი, სანტიაგო, მონტევიდეო, კარტახენა, კუსკო...
და ამ ერის მხოლოდ 20% თავის კულტურას გამორჩეულად მიიჩნევს, მაშინ, როდესაც ქურდული გაგების და „პრისტროიკების" ერის - 85%..
მძიმე ეროვნული დაავადების კიდევ ერთი უტყუარი სიმპტომი - ადამიანი, რომელიც სარკეში იყურება და თავისი განუმეორებელი სილამაზით ტკბება - ჯანმრთელი ფსიქიკის პატრონი ვერ იქნება.
თუ ამავე დროს ის ყველაფერთან ერთად მახინჯიცაა - საქმე ძალიან მძიმედა.
როგორც წესი ასეთი ეროვნული დაავადებების ფესვების ამოცნობა ადვილი არაა - ზუსტად ვერავინ ვერ იტყვის ესა თუ ის მანკიერება როდის და სად გამოჩნდა პირველად.
თუმცა, რაც შეეხება საკუთარი თავის გადაჭარბებულ შეფასებას, აქ დანამდვილებით შეიძლება ითქვას - ეს სრულიად საბჭოთა გადმონაშთია.
ქართველ ერს ერთი თვისება გააჩნია - თუ რამეს მიეჩვია - გადაჩვევა უჭირს. 30 წელზე მეტი გავიდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, თუმცა, რუსების მიერ ქართველებისთვის ჩანერგილი განსაკუთრებულობის შეგრძნება - არსად გამქრალა.
საბჭოთა დროში საქართველო განსაკუთრებით განებივრებული იყო. ამის ახსნა ძალიან მარტივია - რუსებს უყვართ სასმელი და პირფერობა, ქართველები ამ ორივეში უმაღლესი კლასის ოსტატები იყვნენ.
რუსი პოეტები აღმერთებდნენ საქართველოს, მკაცრი და შეუვალი საბჭოთა მაღალჩინოსნები აქ ჩამოსვლისას რბილდებოდნენ და მასპინძლების პირფერობას წარმოუდგენელი ქება-დიდებით პასუხობდნენ.
საქართველოში ბალახი უფრო მწვანე იყო, ვიდრე სადმე სხვაგან, აქ მზეც კი უფრო კაშკაშად ანათებდა. საქართველო აუცილებლად და გამორჩეულად მზიანი იყო, ქართული კულტურა განსაკუთრებით დახვეწილი, ქართველი კაცი კი დაბადებიდან რაინდი.
ქართველს ყველაფერი ეპატიებოდა - ველური შოვინიზმი, სხვა ერების მიმართ აგდებული დამოკიდებულება, უსაქმურობა, ნეპოტიზმი, ქურდული გაგება, მოძრაობის წესების დარღვევა.
სულსწრაფმა და პირფერობის მოყვარულმა ქართველმა ნელა-ნელა დაიჯერა, რომ მართლად გამორჩეული კულტურის და ნიჭის პატრონია.
ის, რომ ეს გამორჩეულობა რატომღაც თეორიული იყო, და განსაკუთრებულობა არანაირ სასწაულ პრაქტიკულ მიღწევებში არ კონვერტირდებოდა - არავის აწუხებდა...
მერე სსრკ დაინგრა, და აღმოჩნდა, რომ მთელი ეს ნაქები დიდი, მაღალი, და სხვებზე გამორჩეული კულტურა - მხოლოდ არაჯანსაღი ფანტაზიის და მაღალგრადუსიანი სასმელების ჭარბი მიღების შედეგი იყო.
დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, საბჭოეთის მიერ ჩანერგილ დიდების მანიას საეკლესიო-ნაციონალისტური პროპაგანდა დაემატა. დღეს ტრადიციულ ქართველს არა მხოლოდ თავისი უბადრუკი კულტურა ჰგონია კაცობრიობის მთავარ მიღწევად, არამედ თავისი სარწმუნოება და საერთოდაც - ადგილი მსოფლიო ისტორიაში.
ისე როგორც საბჭოთა პერიოდში, ასევე უკვე დამოუკიდებლობის დროს დანერგილ წარმოდგენას საკუთარ თავზე, რეალობასთან საერთო არაფერი აქვს.
ეს არაა პრობლემა ევროპისთვის - ელიავას ბაზრობის და „პრისტროიკების" ერის მხრიდან ასეთი ტრაბახი მათ სასაცილოდ არ ეყოფათ....ეს ცუდია მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთვის - ერი, რომელიც საკუთარ თავს ადეკვატურ შეფასებას ვერ აძლევს, წინ ვერასდროს წაიწევს.

ავტორი: თენგიზ აბლოთია

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა