ლონდონში დიდი ბრიტანეთის ახალი მონარქის, ჩარლზ III ინტრონიზაცია შედგა.
არა ინაუგურაცია, არამედ ინტრონიზაცია.
ფიცისდებით.
დაკვირვებული თვალი შენიშნავდა, რომ ცერემონია, მიუხადავად მისი ბრწყინვალებისა, მაინც საკმაოდ სადა იყო. დედამისის, დიდებული ელისაბედის დაკრძალვის გრანდიოზულ ცერემონიასთან შედარებით- ნამდვილად.
სადა, თუმცა დახვეწილი. როგორც კარგად დამუშავებული ალმასი.
აქ მაშტაბზეა ლაპარაკი, თორემ გემოვნება და სტილი ინგლისელ არისტოკრატებს არასდროს ღალატობთ.
წინა დღეს ჩარლზის ფოტო ვნახე....."ხალხს" ანუ ქვეშევრდომებს ხვდებოდა სადღაც პარკში თუ არ ვცდები.
პალტო ეცვა.
და რა მერე თითქოს ხომ?
მაგრამ.....დღეს ვისღა აცვია პალტო? არავის, გარდა.....არისტოკრატებისა.
განსხვავებით გოიმური ბეწვის ქურქისგან, რომელსაც არც ერთი თავმოყვარე მამაკაცი აღარ ჩაიცვამს (ქალი სხვაა) თუ მთლად "ყანა" არ არის, პალტო არასდროს დაკარგავს სტილურობას, ანუ ხალხურად თუ ვიტყვით არ გამოვა მაღალი მოდიდან.
ისევე, როგორც სმოკინგი და ფრაკი.
არა, პალტოს კი გააჩნია რასაკვირველია, თუმცა ჩარლზს რომ ეცვა ის ხელოვნების ნიმუში იყო.
პალტო მამაკაცის ანაგობას უსვამს ხაზს.
არა "აღნაგობას" არამედ "ანაგობას".
რასაც რუსები უწოდებენ Стать. Статность.
ჩარლზს არისტოკრატიული ანაგობა აქვს.
ღრანჭი კი მოუქცია საკმაოდ მძიმე და სტრესულმა ცხოვრებამ, მაგრამ ანაგობა არ დაუკარგავს.
ეს არისტოკრატიული გენია.
"ძვალი". პირობითად თუ ვიტყვით.
და სისხლი-კეთილშობილი სისხლი
ჩარლზი დედამისის, დიდი მონარქის, ელისაბედ II ანუ ქართულად "ელისაბედ-მეფის" ჩრდილში ცხოვრობდა მრავალი ათწლეულის განნავლობაში.
უამრავი სკანდალი....პრინცესა დიანას მძვინვარე ვნება და სიკვდილი....
ბრიტანელები სერიოზულად მას არც აღიქვამდნენ...თუ გახსოვთ, თავხედი გოგოშკები რომ იყვნენ Spice girls. ერთი მივარდა ლოყაზე აკოცა, პომადა დაუტოვა და ამაზე ხარხარებდა მთელი ლონდონი ( არა ინგლისი, არამედ ლონდონი)
მაგრამ.....ინტრონიზაციის დღეს ერთ-ერთი ლონდონური გაზეთი გამოვიდა მონარქის ფოტოთი და წარწერით: ingrowing glory. ანუ მზარდი დიდება.
კი მაგრამ როგორ, რატომ?
რამ შემატა გუშინდელ "პომადალოყიანს" ეს Glory?
ძალაუფლებამ? კარგით რა, არ გამაცინოთ. ძალაუფლება არა კვატი. რა ძალაუფლება აქვს ბრიტანელ მონარქს? პრემიერ მინისტრმა თუ აუკრძალა, ბოდიში და ტუალეტში ვერ წავა ბუკინგემის სასახლის ტერიტორიტორიაზეც კი.
არ აუკრძალავს, მაგრამ "თუ".
მაშ რამ გააკეთილშობილა ჩარლზი ასე უცბად? ბუნებრივია, გვირგვინმა, ანუ სამეფო ღირსებამ, ანუ ინსტიტუტის რენომე/ავტორიტეტმა, ბრიტანული არისტოკრატიის ბრწყინვალებამ და The Nation რომლის განსახიერებად აქციეს ბრიტანელებმა მონარქი.
მით უმეტეს, რომ ჩუმჩუმად ბევრად ძველი და მათთვის საყვარელი, საამაყო ისტორიული ფენომენის გამოვლინებაცაა ეს ინსტიტუტი: The Empire!
ამ ცერემონიას რომ ვუყურებდი,
BBC-ზე, ძალაუნებურად ვფიქრობდი: აი ვის და რას მოუხდებოდა იმპერიული ბალეტი, მთელი მისი ელვარე დიდებულობით!
უპირველესად "ბოლშოი", რომელიც ამ ყველაზე არისტოკრატიული კლასიკის კანონმდებელი იყო, არის და იქნება
არადა.....რა საოცარი პარადოქსია, რომ "საპოჟნიკმა" სტალინმა ააღორძინა და შექმნა, მან აიყვანა თანამედროვე სიმაღლეზე.
იჯდა ხოლმე საიმპერატორო ლოჟაში პირუტყვ ეჟოვთან, სხვა მუჟლან პირუტყვებთან ერთად და უყურებდა "გედების ტბას"....
ისე.....ინგლისელებმა ბედნიერად შეინარჩუნეს არისტოკრატია; ოლივერ კრომველმაც ბევრი ვერაფერი დააკლო...... ბრიტანელ მონარქთა გენეალოგიური ფესვები კარლოს დიდის ეპოქაში მიდის...აი ფრანგებმა კი ბევრი დაკარგეს საკუთარი დიდებული არისტოკრატიის განადგურებით.
დღევანდელი ფრანგი "არისტოკრატები" სინამდვილეში იმ ბურჟუათა შთამომავლები არიან, 300 წლის წინ ხარბი სიხარულით ხელებაკანკალებულნი რომ ითვლიდნენ ლივრებს მონმარტრის დუქანში და ცოლს სცემდნენ იმაზე გაბრაზებულნი, ამ შემოსავლის მესამედი მეზობელი ებრაელი მევახშისთვის უნდა მიეცათ, კიდევ მეხუთედი კი ლუი მეფე- მზის გადასახადის ამკრეფთათვის, - ვერსალში ბრწყინვალე ფოიერვერკის მოსაწყობად მას შემდეგ, რაც მეფე პირადად შეასრულებდა "გაზაფხულის" როლს სამეფო ბალეტში.
და.....ცერემონიას რომ დავუბრუნდეთ....როგორ ბრწყინავდა ქეითი! მისი აღმატებულება უელსის პრინცესა, ქეთერინ მიდლტონი.
აი ვინ არის და ვინ იქნება ინგლისის ნაააააამდვილი დედოფალი!
გირჩევთ, დააკვირდეთ ამ "ტიპშას": უძლიერესი, უჭკვიანესი და ულამაზესი ქალია.
როგორ ამოიოხრა იმ დღეს მისი ამაყი ბედნიერების შემხედვარე ინგლისელი ერის მშვენიერმა ნახევარმა.....
აი ეს ვნებიანი კვნესა კიდევ ერთი დასტურია, თუ რატომ არ იტყვიან ინგლისელები არადროს უარს მონარქიაზე.
საკაცობრიო მარგალიტია. მისი სტილითა და კეთილშობილებით.
ეს მარგალიტი ინგლისელებმა კაცობრიობას უნდა შეუნახონ და მდაბიო ეგალიტარიზმს, მეგან მარკლსა და სხვებს, მისნაირებს არ შეარყვნევინონ ქეითის ელვარე ხატი.
და.... რა სამწუხაროა, რომ ამ დიდებულმა ცივილიზაციამ საქართველოს 100 წლის წინ ერთი შემოგვხედა და...... უმალვე თავი დაგვანება.
რაღაც შეუთავსებლობა იგრძნო.
დღემდე ცივად დანებებული აქვს თავი თუ დააკვირდებით.
ეს მომენტი უბრალოდ გენიალურადაა "დაჭერილი" ნანა ჯორჯაძის დაუფასებელ, წინასწარმეტყველურ ფილმში "ჩემი ინგლისელი ბაბუა"
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
The King!
ბრიტანელები ასე სვამენ მონარქის სადღეგრელოს.
უბრალოდ ჭიქას ასწევენ და...The queen! The King!
იმიტომ, რომ არ უნდა ამას ზედმეტი ლაილაი და "დედმამიშვილების" ჩატევა.
მრავალჟამიერ!
დავით გამცემლიძე, ჟურნალისტი, ისტორიკოსი