ჯერ ვერ ვუპასუხებთ კითხვას: ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა ძველი ეპოქის დასასრულია თუ ახალი ეპოქის დასაწყისი?
როგორც ჩანს, წარსული ჯერ არ დასრულებულა, მომავალი კი “მყოფადად” რჩება ზუსტად იმიტომ, რომ აწმყო არ არის;
მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაც ამ უცნაურობის მაჩვენებელია; ისევე, როგორც მარტის ბობოქარი მოვლენები და თითქოსდა “სულ სხვა”, თუმცა იმავე თვისების მატარებელი ომი უკრაინაში, რომლითაც კრემლის სტალინივით მარტოხელა ბინადარი “დონბასის ფრონტთან” ერთად წარსულის გაყინვასაც ლამობს.
ევროპული “გადათქმა”
შარშან, 2022 წელს, როდესაც ევროკავშირმა წევრობის კანდიდატად ცნო უკრაინა და მოლდოვა, ევროპის პოლიტიკურად (!) ლიდერი ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საქართველოზე იმავე კონტექსტში საუბრისას განაცხადა: “საქართველო გეოგრაფიულად (!) სხვა რეგიონში მდებარეობს”, ამდენად “უნდა ითანამშრომლოს სომხეთთან და აზერბაიჯანთანო”.
იგულისხმებოდა თანამშრომლობა არა მხოლოდ ამ ორ მეზობელ ქვეყანასთან, არამედ კიდევ სხვა ორ მეზობელთან: თურქეთთან და რუსეთთან, რომლებიც მათ პატრონაჟს უწევენ.
წლინახევრის შემდეგ, 2023 წლის 14 დეკემბერს საფრანგეთმა საქართველოს “კანდიდატობას” მხარი დაუჭირა.
საეჭვოა მაკრონის ახალი პოზიცია მის ფრაზაზე ქართულ საზოგადოებაში მოსალოდნელ რეაქციას გამოეწვია. ან ელისეის სასახლის ბაღში “ტეტ ა ტეტ” შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტის “გულმომალბობელ” თხოვნას.
ბევრად მაღალი ალბათობით, საფრანგეთის და სხვა ევროპული ქვეყნების პოზიცია განაპირობა უკრაინის ომის განვითარებამ, პუტინის მზარდმა აგრესიამ და რაც ყველაზე არსებითი გამოდგა, ევროპის სრული უსუსურობის დემონსტრაციამ სომხეთ-აზერბაიჯანის ომში, როდესაც იმავე საფრანგეთმა, სადაც უდიდესი და ძალიან გავლენიანი სომხური დიასპორა ცხოვრობს, ასევე ევროკავშირმაც, ვერაფერი იღონეს სომხეთის კატასტროფული მარცხის შესაკავებლად ან თუნდაც რაიმე “ლმობიერი” მოდუს-ვივენდის გამოსამუშავებლად.
ამით დადასტურდა, რომ ევროკავშირი, ასევე, ზოგადად ევროატლანტიკური ერთობა, სამხრეთ კავკასიის უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური ლოკაციიდან ან საერთოდ უნდა წასულიყო და დაეთმო ეს რეგიონი 3+3 ფორმატისთვის ირანის ჩათვლით, ან ბევრად უფრო აქტიურად და რადიკალურად ემოქმედა.
მით უმეტეს საქართველოს “საყრდენი” მუდამ მზად იქნებოდა გეოპოლიტიკური შანსის მისაღებად.
აქ სრულიად ფუჭია მსჯელობა იმაზე, ვინ “დაიმსახურა” და ვინ “მოიპოვა” სტატუსი ან რა მოსაზრებები სჭარბობდნენ ბრიუსელის დერეფნებში, სადაც ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ევროპის დედაქალაქებთან (პარიზთან, ბერლინთან, რომთან.....) თანხმდება, თუმცა აშკარად მცდარია შეხედულება, თითქოს სტატუსი “ქართულ ოცნებას” მიანიჭეს მისი “პოლიტიკის საწინააღმდეგოდ” ან “მიუხედავად” - ქართველი ხალხისადმი “პატივისცემის” გამო.
ამ თეზისის ავტორები წინააღმდეგობას თავად ვერ ამჩნევენ და ჯერ ალბათ თვითონ უნდა გაერკვნენ პოლიტიკურ სტატუსს (!) დიდი მოთამაშეები პოლიტიკის შესაბამისად ანიჭებენ თუ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით.
საქართველო რომ აზერბაიჯანი ყოფილიყო, ვერანაირ სტატუსს ვერ მიიღებდა, თუმცა ვერც იმ შემთხვევაში მიიღებდა, თუ კონკრეტული პოლიტიკა ასცდებოდა ევროპის ინტერესებს.
ევროპული ბიუროკრატიის “აუტკივარი თავი”
სინამდვილეში ბრიუსელში და ევროპის დედაქალაქებში ძალიანაც მოსწონდათ ის, რაც ძალიან არ მოსწონს ქართული პოლიტიკური სპექტრის ოპოზიციურ ნაწილს: რომ საქართველო არ უქმნის დასავლეთს დამატებით თავის ტკივილს - უკრაინაში სამკვდრო-სასიცოცხლო ომის ფონზე!
ანუ “ბალანსირებს: ერთის მხრივ ევროპულ სანქციებს არ არღვევს (ამას ყველა მონიტორინგული მისია ადასტურებდა გასულ წელს) მაგრამ მეორეს მხრივ “დათვს დინგზე ბეწვს არ აწიწკნის”, როგორც ევროპელები ამბობენ და რის გამოც იმავე საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ თქვა 10-12 წლის წინ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ პერსპექტივებზე საუბრისას: “ჩვენ არ ვაპირებთ პრობლემათა იმპორტს”.
მეორე მოტივი, რამაც ბრიუსელის ბიუროკრატიას უბიძგა, მიეღო საქართველოს სასარგებლო გადაწყვეტილება, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, უდავოდ გახდა განვლილი წლის მარტის მოვლენები, როცა რუსთაველის გამზირზე ნამდვილი ომი გაიმართა ე.წ. “აგენტების კანონის” გამო.
ევროკავშირის ელიტებში, ჯერ ერთი, შენიშნეს ქართული საზოგადოების პასსიონარული ნაწილის მკაფიოდ გამოხატული აქტიურობა “ევროპული იდეის” განსახორციელებლად; ოღონდ მეორეს მხრივ ისიც გაითვალისწინეს, რომ თუ დეკემბერში დადებითი გადაწყვეტილებები არ “დაიდებოდა”, მაღალი ალბათობით, ეს მოვლენები ბევრად დიდი მასშტაბით განმეორდებოდა და მიზეზი, “სასხლეტი”, “ტრიგერი” იქნებოდა ევროკავშირის “უარი”.
ბუნებრივია მმართველი პარტია ამ ანტიევროპული ნარატივის განვითარებას არ დააყოვნებდა (“მათი ბრალია არეულობა”) და ეს კატეგორიულად არ სურდათ ბრიუსელში.
არ ვამბობ, რომ ეს მოტივაცია მთავარი ან განმსაზღვრელი იყო, თუმცა ერთ-ერთი მოტივი ნამდვილად გამოდგა იმავე “თავის არატკივების” პოლიტიკის ფარგლებში.
რამდენადაც “ქართული ოცნება” არ უმატებდათ ”თავის ტკივილს” მოსკოვთან ურთიერთობაში (და ეს, ვიმეორებ, ევროკავშირელებს, სინამდვილეში (!) ძალიანაც მოსწონდათ) იმდენადვე დაიმატებდნენ თავის ტკივილს თუ 14 დეკემბერს პასუხი უარყოფითი იქნებოდა.
მით უმეტეს უკრაინის ომის ფონზე, სადაც არაფერი დასრულებულა! გარკვეული აზრით, იქ ყველაფერი მხოლოდ იწყება: პუტინმა ლამის მეასედ განაცხადა, რომ უკრაინის სახელმწიფო, როგორც ასეთი, უნდა მოისპოს და ამის გარეშე ე.წ. “სპეციალური საომარი ოპერაციის” მიზნები მიღწეულად ვერ ჩაითვლება.
უკრაინის მედგარი “ორთქლმავალი”
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინულმა არმიამ ვერ გაარღვია რუსული თავდაცვითი ზღუდეები დონბასზე, ხოლო დიდმსხვერპლიანმა კონტრშეტევამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, კიევი კვლავ რჩება გეოპოლიტიკურ ცვლილებათა მთავარ “აღმძრავად” არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელს ევრაზიაში და გარკვეული აზრით პლანეტაზეც - თუ ამერიკისა და ჩინეთის ჩართულობას გავითვალისწინებთ.
რაც შეეხება ევროპას, სწორედ უკრაინის “ორთქლმავალმა”, რომელიც რუსულმა არმიამ გზიდან ვერაფრით გადააგდო, გაამარჯვებინა და წაიყვანა NATO-სკენ ფინეთი და შვედეთი.
ორივე ეს ქვეყანა უთქმელად ადრეც ოცნებობდა ზემძლავრი პოლიტიკური ალიანსის “ქოლგის ქვეშ” (მათ შორის ბირთვული ქოლგის ქვეშ) აღმოჩენილიყო, თუმცა ამას ვერ ახერხებდა მოსკოვთან ურთიერთობისა და “სახიფათო მეზობლობის” იმ პარადიგმის ფარგლებში, რაც ჰელსინკის შემთხვევაში სტალინის დროს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ხოლო სტოკჰოლმის შემთხვევაში პეტრე პირველის ეპოქაში, ანუ XVIIIს ჩამოყალიბდა;
სხვათა შორის (ისტორიას უყვარს ამგვარი თანხვედრანი), 300 წლის წინათაც რუსეთ-შვედეთის დაპირისპირების მთავარი ფაქტორი და ასპარეზი უკრაინა იყო.
ამავე დროს კიევის “ორთქლმავალმა” ევროკავშირისკენ წაიყვანა მოლდოვა, საქართველო და.....თეორიულად ასევე სომხეთსაც გაუჩინა შანსები, თუ ამ ქვეყნის ელიტები, ბოლოს და ბოლოს “გაბედავენ” ადეკვატურად უპასუხონ კრემლის ისტორიულ ღალატს; ანუ რუს “პაცანთა” ენაზე “კიდოკს” ესე იგი “გადაგდებას”:
მთიან ყარაბაღში სომეხი თითქმის აღარ დარჩა, აზერბაიჯანმა იქ სამხედრო აღლუმი, შემდეგ კი საფეხბურთო მატჩი ჩაატარა;
რეაქცია - ნული.
რუსეთის გეოპოლიტიკური დივიდენდიც - ნული.
თუკი “დივიდენდად” არ ჩავთვლით იმას, რომ მოსკოვმა თავიდან აიცილა მეორე რეგიონულ ზესახელმწიფოსთან, თურქეთთან ”ჯახი”. ოღონდ იმის ფასად, რომ კასპიის ზღვის სანაპიროზე, პირველად 200 წლის შემდეგ, თურქული არმიის დისლოცირება მიიღო.
ეს თუ ისტორიული “დერჟავას” გეოპოლიტიკური კრახი არ არის, მაშინ “მარცხის” ცნება მოითხოვს თეორიულ დაზუსტებას.
თან, როგორც არ უნდა დასრულდეს ომი უკრაინაში, ხსენებული მარცხი უკვე გამოსწორებადია - დიდი პერსპექტივებით რეგიონის სახელმწიფოთათვის.
მიშა ქართულ პოლიტიკურ სცენაზე რჩება
გასული წელი მმართველი პარტია “ქართული ოცნების” ერთადერთი რეალური ალტერნატივის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კრისტალიზაციის წელი იყო.
“კრისტალიზაცია” ამ კონტექსტში შესაძლოა “დამცრობასაც” გულისხმობდეს. ფაქტია, ყველა გამოკითხვით ენმ რეიტინგი იკლებს, თუმცა ეს გარემოება არ არის არც არსებითი, არც სისტემური.
თუნდაც იმიტომ, რომ სხვა ოპოზიციური პარტიები, ენმ-თან შეფარდებით კიდევ უფრო ”დაიმცვრნენ”, ხოლო 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვის შანსი გარანტირებულად მხოლოდ “მიშას პარტიას” აქვს.
გავრცელებული წარმოდგენის მიუხედავად, სულაც არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რამდენ პროცენტს აიღებს “ხუთს ზემოთ” ნაციონალური მოძრაობა და რამდენ დეპუტატს გაიყვანს: ოცდაათს თუ ათს.
ეს სულაც არაა პრინციპული საკითხი საქართველოს პირობებში.
პრინციპული და სისტემური საკითხია “დღის წესრიგის” შექმნა და მედიაზე წვდომა!
თუ ოპოზიცია, - ამ შემთხვევაში ენმ, - მასთან დაკავშირებული ტელევიზიები და მოკავშირე NGO-ები მუდმივად ახერხებენ აპოლიტიკური “დღის წესრიგის” შექმნას და ერთის მხრივ ხელისუფლებას უწყვეტად ამყოფებენ “მოპასუხის” მდგომარეობაში, ხოლო მეორეს მხრივ იმავე “ოცნებას” არ აძლევენ საშუალებას რაიმე კარდინალური გადაწყვეტილება მიიღოს საშინაო თუ საგარეო მიმართულებებით ( “მარტის მოვლენათა” განმეორების შიშით ნებისმიერ ახალ კონტრავერსიულ ინიციატივაზე) მაშინ დეპუტატთა რაოდენობას არა აქვს მნიშვნელობა.
ამ დისკურსში ყველაზე მნიშვნელოვანმა ინიციატივამ წლის ბოლოს გაიჟღერა სააკაშვილის პროცესზე: “პაკ”-ის შექმნის შესახებ.
ძნელი მისახვედრი არ არის: იგულისხმება საარჩევნო სიის დაკომპლექტება უპირველესად სწორედ ამ “კომიტეტში” შემავალი პერსონაჟებით, რომელთა ფუნქცია იქნება “ნაციონალური მოძრაობის” როგორც ისევ და ისევ “ერთადერთი ალტერნატივის” სტატუსის გაძლიერება
აქვეა პასუხი კითხვაზე, რატომ “გაუშვა” მიშამ ნიკა მელია.
სწორედ მან “გაუშვა” სინამდვილეში!
მთავარი მოტივი ის იყო, რომ 2024 წლის ენმ საარჩევნო სიას პირადად მიშა დაწერს (ისევე, როგორც 2020 წელს) და არა ვინმე სხვა - განურჩევლად ფორმალური თუ არაფორმალური სტატუსისა.
ასე მივადექით თანდათან ახალ წელს, რომელიც შესაძლოა მართლაც გადამწყვეტი აღმოჩნდეს ქვეყნის უახლეს ისტორიაში: ან დატოვებს ქვეყანას სევდიან “გამოღმა ნაპირზე” დასავლეთის გეოპოლიტიკური მარცხის შედეგად; ან რუსეთი უკრაინაშიც ისევე დამარცხდება, როგორც სამხრეთ კავკასიაში დამარცხდა და ამით შეიქმნება წინაპირობა “სამშვიდობოს” გასვლისა იმპერიის ნანგრევებზე.
დათო გამცემლიძე, ჟურნალისტი. ისტორიკოსი