„ბარდასი“ - საკანცელარიო მაღაზია ბორჯომში, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - უკრაინა არ დათანხმდება შეთანხმებას: მიწა მშვიდობის სანაცვლოდ
ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი გინტაუტას პალუცკასი გახდა
Russian attack disrupts power supply at Zaporizhzhia NPP threatening blackout
სალომე ზურაბიშვილი ჯოზეფ ბორელს - საქართველო ძლიერ აფასებს თქვენს ურყევ მხარდაჭერას მისი ევროპული მომავლის მიმართ
დავით კირთაძეს ცესკოს დატოვება მოუწევს
Russian combat losses in Ukraine up by 1,510 over past day
Canada confirms delivery of NASAMS air defense system to Ukraine

უდანაშაულო აქ ორი ადამიანია - თეთრი ბაირაღები სტუს-ს სცენაზე

07.04.2024 ნახვები: 2174

ალბათ არავის უკვირს, რომ ნოდარ დუმბაძე, ქართველ მკითხველში აქტუალობას არ კარგავს, არა მხოლოდ მკითხველში, ვინაიდან დუმბაძის ნაწარმოებები ქართველი რეჟისორებისთვის, საინტერესო სპექტაკლების დადგმის შესაძლებლობას იძლევა. დრო გადის, თუმცა „კუკარაჩა“; „თეთრი ბაირაღები“, „მე ვხედავ მზეს“  და სხვა, სრულიად ახალ სიცოცხლე შესხმული, უბრუნდება ქართულ სცენას. მაყურებელს ზოგჯერ არც ის აინტერესებს თუ ვინ დადგა ან ვინ თამაშობს, მათთვის საინტერესოა კიდევ ერთხელ ნახონ: მურტალო, ინგა, სოსოია, ხატია თუ შოშია.. 

„თეთრი ბაირაღები“ ანუ „საბრალდებო დასკვნა“ - ნოდარ დუმბაძის, მეხუთე რომანია, რომელიც ქართული თეატრის სცენაზე არა ერთ გზის დადგმულა.

ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა მოკიდო ისეთ ნაწარმოებს ხელი, რომლის პერსონაჟებიც ისეთ მსახიობებს აქვთ შესრულებული კინოში, როგორებიც იყვნენ: ოთარ მეღვინეთუხუცესი, რამაზ ჩხიკვაძე, გურამ ფირცხალავა, გივი ბერიკაშვილი.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, თეატრ „მოდი ნახეს“ რეპერტუარში უკვე ათეული წლებია, „თეთრ ბაირაღებს“ მოყვარული მსახიობები თამაშობენ. სტუდენტები, რომლებიც სხვადასხვა პროფესიას ეუფლებიან შესაძლებლობა ეძლევათ, თეატრ „მოდი ნახეს“ სამხატვრო ხელმძღვანელთან, ნუგზარ ბუცხრიკიძესთან ერთად მაყურებელს წარუდგინონ საინტერესო სპექტაკლები.

იმის გათვალისწინებით, რომ ტექნიკური უნივერსიტეტში სტუდენტები სწავლას ასრულებენ და მიდიან, რეჟისორ ბუცხრიკიძეს უწევს, სპექტაკლებისთვის ახალი თაობების  აღზრდა, რომ რეპერტუარში მუდმივად იყოს მაყურებლისთვის საინტერესო სპექტაკლები, მაგალითად როგორიცაა „თეთრი ბაირაღები“. ვინაიდან, ავტობიოგრაფიულ რომანში თავისუფლებააღკვეთილი ადამიანი, დრო და სივრცე დღემდე ცოცხალ მხატვრულ მეტაფორას ქმნის და თავის აქტუალობას არ კარგავს.

2024 წლის, 6 აპრილს, სტუს-ს თეატრ „მოდი ნახე“-ში  510-ე წარმოდგენა გაიმართა, სპექტაკლი „თეთრი ბაირაღები“ ნუგზარ ბუცხრიკიძის რეჟისურითა და სცენოგრაფიით იყო წარმოდგენილი. მასში მონაწილეობა სტუ-ს სტუდენტებმა მიიღეს.

როლებში:

ზაზა ნაკაშიძე- გუგა ჩარგეიშვილი, (ბიზნეს ტექნოლოგიები), დედა-მარიამ პატაშური,  (არქიტექტურა), შოშია- გიორგი ჭანტურია (რეჟისორი), ლიმონა-დავით გურგენიძე (მსახიობი), ტიგრანა-გიორგი ანთიძე (სატრანსპორტო), სალარიძე-ლაშა შარაშენიძე (არქიტექტორი), გოგოლი-ზურაბ ბერუაშვილი (ინფორმატიკა), ჭეიშვილი-გოგა ბებია (ქიმიკოსი), მოშიაშვილი-გიორგი კუტალია (ინფორმატიკა), მებურიშვილი-ზურაბ ბარბაქაძე (მუსიკოსი), გამცემლიძე-პაატა მარუაშვილი (მუსიკოსი), ზედამხედველი-ჯეკო დათუაშვილი (ენერგეტიკა და ელექტრო ინჟინერია), ნუნუ ექიმი-ნათია როინიშვილი (ინფორმატიკა), გამომძიებელი (გაგუა) - გიორგი ოქროპირიძე (დიზაინი).

სპექტაკლის წამყვანი ირაკლი ურუშაძე, გახმოვანება შოთა კაჭარავა, განათება გიორგი თათულაშვილი, ტექნიკური ჯგუფი: დავით ჭეიშვილი და კობა სულაძე.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სტუდენტებმა უფრო სწორედ კი სცენაზე მდგომმა მსახიობებმა მოახერხეს,  მაყურებლისთვის დაევიწყებინათ რომ სპექტაკლზე იყვნენ, ჩვენც მათი ნაწილი გავხდით. მსახიობებთან ერთად გავიარეთ ყველა ის დეტალი და პრობლემა, რომელიც რეჟისორმა ნუგზარ ბუცხრიკიძემ, ნოდარ დუმბაძის რომანის მიხედვით წარმოგვიდგინა.

სცენები, რომლებიც ციხის ერთ საკანში ხდება, მაყურებლისთვის ზოგჯერ სევდის, ზოგჯერ ღიმილის, ზოგჯერ კი ცრემლების მომგვრელი აღმოჩნდა. სტუდენტები იმდენად გულწრფელები იყვნენ სცენაზე, რომ მაყურებელში მათ მიერ განსახიერებული პერსონაჟები, მიუხედავად მათი ცუდი წარსულისა, მაინც პოზიტივს იწვევდა.

სტუდენტთა უმრავლესობამ, სამსახიობო ნიჭი და ოსტატობა გამოავლინა და მაყურებელს მისეულად წარუდგინა, ის პერსონაჟები რომლებსაც ისინი ათამაშებდნენ. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ გუგა ჩარგეიშვილის მიერ შესრულებული ზაზა ნაკაშიძე, საინტერესოდ რჩება მაყურებლის მეხსიერებაში და ამაზე მეტყველებს პაკლონზე გამოსული მსახიობისთვის დაუშურველი ემოციები, რომელსაც მაყურებელი მისთვის გულწრფელად იმეტებს.

სპექტაკლის დაწყებიდან, მაინტერესებდა დავით გურგენიძის (პროფესიით მსახიობი) ლიმონა, როგორ წაუკითხავდა ლექსს, ნუნუ ექიმს, შეძლებდა თუ არა მსახიობი თავი გაერთმია იმ უმნიშვნელოვანესი მიზანსცენისთვის სადაც ქალის პატივისცემაც, ლიმონას როგორც კაცის ღირსებაც დაცული უნდა ყოფილიყო. გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, მიუხედავად სხვა ისეთი შენიშვნებისა, როგორიცაა მაყურებლამდე ვერ მიტანილი ლიმონას სათქმელი, ზოგჯერ იმიტომ რომ მსახიობი დაბალ რეგისტრში საუბრობდა, მან მოახერხა „ტანო ტატანო“ ეთქვა ისე, როგორც ლიმონას შეეფერება. რიგ ეპიზოდებში, დავით გურგენიძის ლიმონა მაღალი სამსახიობო ოსტატობით იყო გაცოცხლებული.

გამორჩეულად საინტერესო იყო რამდენიმე ეპიზოდი, დედის და ზაზას შეხვედრა, მარიამ პატაშურმა, დედა იმდენად გულწრფელად წარუდგინა შეკრებილ მაყურებელს, რომ აქა იქ ცრემლის მოწმენდისა და ოხვრის ხმებიც კი ისმოდა.

გიორგი ჭანტურიას შოშია, შეუპოვარი, რომელსაც იმდენად სწამს თავისი სიმართლის რომ ზოგჯერ მაყურებელს აჯერებს კიდეც რომ იგი უდანაშაულოა. ჭანტურიამ, მოახერხა მაყურებელში შოშიასადმი დადებითი მუხტის გამოწვევა.

ასევე საინტერესოდ გათამაშა, გიორგი ოქროპირიძემ გამომძიებელი, უდავოდ მაღალი პროფესიონალიზმით წარმოადგინა, გიორგი ანთიძემ ტიგრანა და ლაშა შარაშენიძემ სალარიძე. განსაკუთრებით კი ემოციური იყო გიორგი ანთიძის ტიგრანას სცენა, როცა სალარიძე (ლაშა შარაშენიძე) ვენებს გადაიჭრის. ქურდის, მკვლელის, სახელმწიფო ქონების გამფლანგველის, ყველაზე საშიში ბოროტმოქმედის სულშიც კი შეიძლება სათუთი გრძნობები იმალებოდეს.

ჯეკო დათუაშვილის დარაჯი, ძალიან განსხვავებული იყო, გულწრფელი, ხალასი, განსაკუთრებით ეს  კი მაშინ გამოჩნდა, როცა ზაზა ნაკაშიძეს ეუბნება რომ თავისუფალია.

ვინაიდან, სტუდენტური თეატრის შესახებ ისეთ კრიტიკულ წერილს ვერ დავწერდი, როგორიც პროფესიული თეატრის სპექტაკლისთვის შეიძლება დამეწერა, გადავწყვიტე როგორც თეატრით დაინტერესებულ ჟურნალისტს, მკითხველისთვის თეატრის კრიტიკოსის სტანდარტის დაცვით წარმომედგინა მოკლე შეფასება, რეჟისორ ნუგზარ ბუცხრიკიძის მიერ დადგმულ „თეთრ ბაირაღებზე“ და ჩამეწერა რამდენიმე მსახიობთან ინტერვიუ, რომელსაც წერილის ბოლოს შემოგთავაზებთ.

მაყურებელმა რამდენიმე წუთიანი ტაშითა და ოვაციების გამოხატვით გადაუხადა სცენაზე მდგომ, „არაპროფესიონალ“ მსახიობებს მადლობა. რამდენიმე წუთიანი შესვენების შემდეგ, როგორც ჟურნალისტს შეეფერება, სპექტაკლის გმირებს ამოსუნთქვის შესაძლებლობაც არ მივეცი - ჩემ წინ  „არაპროფესიონალი“ მსახიობები: გიორგი კუტალია, გიორგი ანთიძე,  გიორგი ჭანტურია, გურამ ჩარგეიშვილი და რეჟისორი ნუგზარ ბუცხრიკიძე ისხდნენ, რომელთანაც ინტერვიუები ჩავწერე.

ინტერვიუბი:

გუგა ჩარგეიშვილი:

გუგა ჩარგეიშვილი, ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტი, კერძოდ საჯარო მმართველობის და ასევე „თეატრ მოდი“ ნახეს მსახიობი. დღეს მე, ნოდარ დუმბაძის „თეთრი ბაირაღებიდან“ ზაზა ნაკაშიძე განვასახიერე. დღევანდელი სპექტაკლი საინტერესო გამოდგა.

რატომ? რით იყო გამორჩეული?

ალბათ იმიტომ, რომ ორი ახალი მსახიობი დაგვემატა და მათი პრემიერა იყო, ამ მხრივ განსაკუთრებული და ემოციებით დატვირთული იყო.

შენთვის ვინ არის, თქვენი თეთრი ბაირაღების მთავარი გმირი, აბსოლუტურად მესმის რომ ზაზა, თუმცა კიდევ?

ძია ისიდორე, რადგან ერთგვარი ბირთვია ამ სპექტაკლის. და მე ვფიქრობ, რომ ისიდორე... მოკლედ ისიდორეა.

რას ფიქრობ, რომ ისიდორე?

რომ ისიდორე იყო მართალი ადამიანი, რომელიც გარემოების მსხვერპლი აღმოჩნდა. ყველანაირად სუფთა, საინტერესო და კარგი ადამიანია.

რას ეუბნება შენი ზაზა მაყურებელს?

ჩემი ზაზა, არის იმედის სხივი ამ სპექტაკლში, რომ რაც არ უნდა მოხდეს სამართალი იზეიმებს და ის იმედის სხივი, რომელიც არის ზაზა ნაკაშიძე, რომელიც ნამდვილად უდანაშაულოა და ეგეც გარემოების გამო მოხდა ციხეში, დაუბრუნდება თავისუფლებას. 

დედასთან შეხვედრის ეპიზოდი, ერთ-ერთ მიზანსცენაა, ძალიან საინტერესო იყო, თუმცა რით იხელმძღვანელა ზაზას და დედის შეხვედრის ეპიზოდი რომ გეთამაშა?

დედასთან შეხვედრის სცენა ჩემთვის ერთ-ერთ ძალიან საყვარელი ეპიზოდია, დედაჩემი საქართველოში არ იმყოფება ახლა, ისრაელში არის წასული, ემიგრანტია. სწორედ აქედან ვიხელმძღვანელე, რას გააკეთებდა გუგა, მოცემულ სიტუაციაში, როდესაც ჩემ გვერდით არის მკვლელი, ქურდი, ადამიანი, რომელმაც მეგობრის ცოლზე, იძალადა და იქ ისეთი რაღაცები ხდება საკანშივე, არის ჩხუბი, აყალ-მაყალია, დაძაბული გარემოა, ამ ყველაფერმა ნაბიჯ-ნაბიჯ იმოქმედა, რომ მივედი იმ კონცეფციამდე, იქამდე რაც შემდეგ დედასთან ემართება ზაზას.

რა არის შენთვის, „მოდი ნახე“, რამდენად საინტერესოა ის პროცესები რასაც აქ გადიხარ?

ჩემთვის „მოდი ნახე“, მეორე სახლია. შეიძლება ძირითადი სახლიც იყოს, იმდენად მიყვარს და იმდენად ჩემია. აქ, გავიზარდე. რომ მოვედი 18 წლის ვიყავი, ახლა 24 წლის ვარ. მიმიღეს როგორც ოჯახის წევრი, საკუთარი შვილი ბატონმა ნუგზარმა მიმიღო როგორც საკუთარი შვილიშვილი, გულში ჩამიკრა და მასწავლა ყველაფერი რაც სჭირდება მსახიობს, რომ იმუშაოს როლზე.

უნივერსიტეტს რომ მორჩები, ხომ გიფიქრია რომ შენი მომავალი მსახიობობას დაუკავშირო?

კი ბატონო, იმიტომ რომ ფაკულტეტი, რომელზე ვსწავლობ იმდენად გადაწონა მსახიობობამ რომ შეიძლება ამ გზასაც გავყვე.

რატომ უნდა იარონ თქვენ სპექტაკლებზე?

როდესაც ნოდარ დუმბაძე, პირველად ჩვენთან „თეთრი ბაირაღების“ სანახავად მოდიოდა, ინტერვიუში ამბობს: რომ „შეშინებული მოვდიოდიო, რადგან არ ვიცოდიო, რომ არაპროფესიონალი მსახიობები როგორ შედეგს დადებდნენო და გადალახავდნენ თუ არა იმ სირთულეებს, რასაც სცენა იწვევსო მაგრამ სასიამოვნოდ გაწბილებული დავრჩიო, როდესაც დავინახე ასეთი ენთუზიაზმი და გულწრფელობაო.

ჩვენ ვაკეთებთ ჩვენ საქმეს, რომელიც ძალიან გვიყვარს და თავად სახელიც გვეუბნება: მოდით და გვნახეთ.

 

გიორგი კუტალია:

მე ვარ გიორგი კუტალია, ვსწავლობ ინფორმატიკა, სპექტაკლში კი ვთამაშობ მოშიაშვილს. ძალიან რთულია, იმის ახსნა თუ რამხელა ბედნიერებაა ჩემთვის ამ სპექტაკლში თამაში. მიხარია, რომ დღეს პირველად ვითამაშე და ჩემთვის ძალიან, ძალიან დიდი გამოცდილება იყო.

მაყურებელმა წაგახალისა?

სიმართლე, რომ გითხრათ არაფერი მესმოდა, ორიენტირებული ვიყავი როლზე.

რა არის შენთვის მოდი ნახე?

ძალიან მიყვარს ხელოვნება და აქ მაქვს იმის საშუალება, რომ მუსიკალური ხაზით განვითარდე.გავიგე რა არის სცენა, მსახიობობა, როგორია თვითონ თეატრი აქ ბევრის სწავლაა შესაძლებელი.

 

გიორგი ანთიძე:

გიორგი ანთიძე, 31 წლის, პროფესია ჩემთვის მსახიობობა. დავამთავრე სატრანსპორტო მანქანათმშენებლობა.

რა შესაძლებლობას იძლევა „მოდი ნახე“?

13 წელია, ამ სფეროში ვარ. ეს არის ჩემი ოჯახი, ჩემი სხეულის ნაწილია. 13 წლის განმავლობაში ვიზრდები ბატონი ნუგზარის ხელმძღვანელობით.

თუმცა, თეთრი ბაირაღები ქართული თეატრის არა ერთ სცენაზე გვინახავს, რთულია მაყურებელი გააოცო.

რაც შეეხება თეთრ ბაირაღებს, სანამ ამ სპექტაკლში ვითამაშებდი, წიგნიც წაკითხული მაქვს, ფილმიც ნანახი მაქვს, ნანახი მაქვს სპექტაკლი ჩვენი დიდი კორიფეების შესრულებით. ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ თეთრ ბაირაღებში ვითამაშებდი. მეგონა, რომ ვერ შევძლებდი. თუმცა გამოვიდა, მადლობა ბატონ ნუგზარ უკვე 7 წელია ტიგრანას როლში ვარ და ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და პატივია.

ყველა, როლს თავისი სათქმელი აქვს, ყველა მსახიობი თავის პერსონაჟს თავისდათავად ათქმევინებს ხოლმე სათქმელს, რას ეუბნება მაყურებელს შენი ტიგრანა?

ჩემი აზრით ნოდარ დუმბაძემ, ეს 10 მცნებაზე დაწერა, ადამიანურ 10 მცნებაზე, იქ ყველაა, მკვლელიც, ქურდიც... ჩემს პერსონაჟს, რომელსაც მკვლელი სახელი აქვს, ის შეიძლება ვიღაცისთვის არ იყოს პოზიტიური პერსონაჟი. მიუხედავად ყველაფრისა, ვხედავთ, რომ ის კეთილია და ეს ისიდორესთან დიალოგში იკითხება.

რისი თქმა უნდა შენს ტიგრანას?

მთავარი და ღირებული არის ადამიანობა. მიუხედავად იმისა, რომ მკვლელია, იგი კეთილია, ამით ანახებს ადამიანებს, რომ რაც არ უნდა სასტიკი იყოს ადამიანი, მკვლელი მას შეუძლია ერთი პატარა ქმედებით ყველაფრის შეცვლა.

 

გიორგი ჭანტურია:

მე ვარ გიორგი ჭანტურია, შოშიას როლი. პროფესიით, სამშენებლო ფაკულტეტის ბაკალავრი, საზოგადოებასთან ურთიერთობის მაგისტრის ხარისხი, ახლა ვსწავლობ სოციალურ მეცნიერებებზე, დოქტორანტურაზე, მომავალ წელს სადისერტაციო ნაშრომს, სიმბოლურია ის ფაქტი, რომ საკვლევი თემა მაქვს თეატრის როგორც სოციალური მოვლენა. შოთა რუსთაველის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტში გახლავართ მაგისტრატურის სტუდენტი ავთო ვარსიმაშვილის ჯგუფში სარეჟისორო ფაკულტეტზე.

იმის გათვალისწინებით, რომ შენ თეატრალურში სწავლობ, რამდენად საინტერესო პროფესიით, არამსახიობებთან ერთად სცენაზე დგომა?

ეს ადამიანები იმდენად ღრმად არიან თეატრალურ სფეროში ჩაფლულები და იმდენად ღრმაა მათი ინტერესი და ვგულისხმობ რას, რეალურად ეუფლებოდე უნივერსიტეტში სხვა პროფესიას და ამ დონეზე ასრულებდე სცენაზე როლს, ეს ნიშნავს იმას რომ დროის მენეჯმენტი განსაზღვრო ისე, რომ ყველაფერი მოასწრო  (კარგად მოგახსენებთ თეატრს, რამდენი დრო სჭირდება).  ჩემთვის, როცა სცენაზე ვდგავარ ვერ ვგრძნობ იმას, რომ რომელიმე მათგანი არის არაპროფესიონალი. მათი ენთუზიაზმი და დამოკიდებულება ქართული თეატრის მიმართ იმდენად დიდია, რომ შემიძლია თამამად ვთქვა, რომ საუკეთესო პარტნიორები არიან სცენაზე.

შოშია, ის პერსონაჟია, რომელიც  სცენასა თუ კინოში არა ერთს გზის უნახავს ქართველ მაყურებელს, რისი თქმა უნდა გიორგის შოშიას? ვინ იყო დღეს შოშია?

ძალიან საპასუხისმგებლო იყო სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, რამაზ ჩხიკვაძის შემდეგ მე შევჭიდებოდი ამ პერსონაჟს, მესწავლა მისი გრძნობათა ბუნება, მისი მთავარი იდეა აღმომეჩინა და მიმეწოდებინა მაყურებლისთვის, რა თქმა უნდა რთული მოცემულობა იყო ჩემთვის. ვეცადე, რომ ჩემს პერსონაჟს თავისი სიმართლე ჰქონოდა და ის დაემტკიცებინა იმ ადამიანებისთვის, მასთან ერთად ვინც არის საკანში. ყველა ადამიანს აქვს თავისი სიმართლე, შევეცადე რომ ჩემს შოშიას, საკუთარი მორალური პრინციპები, სიმართლე და თავი კბილებით დაეცვა. მინდოდა, რომ მისი შეხედულებები ყოფილიყო იმდენად გულწრფელი, რომ ეს ადამიანი მართლა ფიქრობს რომ მილიონის მოპარვა მართლა შეიძლება, მართლა ფიქრობ რომ როგორ არჩინოს ოჯახი ისე თუ არ მოიპარავს, მინდოდა ის სიმართლის მარცვალი მეპოვა, რომლითაც შოშიას, სჯერა რომ მართალია.

როგორც გიორგი რას ფიქრობ, სად გადის სიმართლის ხაზი შოშიას ნაწილში?

ადამიანი, რომელიც ამბობს რომ ყველაფერი რაც 30 წლის განმავლობაში ენატრებოდა, 10 წელიწადში აქცია ცხადად, ადამიანი, რომელიც მიეჩვია კარგ ცხოვრებას, უცებ ხვდება ოთხ კედელ შუა, ხვდება რომ ყველაფერი რაც მისთვის საოცნებო იყო და აისრულა, დღეს ისევ საოცნებო გაუხდა, აქედან გამომდინარე აქვს დიდი დისკომფორტი. ამიტომ აქვს ეს პროტესტანტული განწყობა ყველაფრის მიმართ. ცხოვრებისგან არის გაბოროტებული ეს კაცი, იმიტომ რომ ყველაფერი დაკარგა ის რაც მთელი ცხოვრება უნდოდა რომ ჰქონოდა, შეიძინა თუმცა აღარ აქვს და არც იცის რა ელოდება.

რატომ უნდა ვნახოთ, „მოდი ნახეს“ სპექტაკლები?

ის გულწრფელობა რომელიც ამ სცენიდან გამოსჭვივის, არ მინდა მიკერძოებულობაში ჩამეთვალოს, იმიტომ რომ ჩემი თეატრია და ჩემი დასი, ჩემი მეგობრები არიან და ჩემი უსაყვარლესი ადამიანია ჩვენი თეატრის, სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი. იმდენად მართალია აქედან წამოსული სიტყვა, იმიტომ რომ იმდენად სჯერათ არტისტებს იმისი რასაც აკეთებენ, თეატრი ხომ შეთანხმებული ტყუილია ისედაც, მაყურებელი მოდის შეთანხმებული ტყუილის სანახავად, ამ დროს როცა შენ გულწრფელად, მართალ, შიშველ ემოციას სთავაზობ ეს არის თეატრი ჩემთვის, როდესაც იმპულსი იბადება. მე გამოვუშვი ემოცია შენთან, მაყურებელთან, მაყურებელმა დამიბრუნა და შეიკრა იმპულსი.

ვისარგებლებ ამ შემთხვევით და მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ყოველთვის იგრძნობა მხურვალე აპლოდისმენტები, მაყურებლის გვერდში დგომა. ყველაზე დიდი ჯილდო მაყურებლის სიყვარულია და მე ვგრძნობ, რომ „მოდი ნახეს“ დასში, „მოდი ნახეს“ დასის წევრები გრძნობენ ამ სიყვარულს და ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება.

 

რეჟისორი, ნუგზარ ბუცხრიკიძე:

მე მგონი ყველა თეატრში დაიდგა, ყველაზე დიდ ხანს მგონი რუსთაველი თეატრში იყო და ჩემთან, ჩემთან დღესაც გადის, არ მოხსნილა რეპერტუარიდან. საგურამოში, ჩემი და ბატონი ნოდარის აგარაკები გვერდი-გვერდ დგას, მეგობრული ურთიერთობა გვქონდა, როდესაც რამეს დაწერდა, მეუბნებოდა ნუგზარ ნახე და თუ გინდა დადგი. ნოდარი დადიოდა ჩვენთან სპექტაკლებზე და ამბობდა, რომ ამ თეატრში მარტო იმიტომ მოვდივარ რომ არ მატყუებ, გულწრფელები არიანო. „მე ვხედავ მზეზე“, რომელიც დღემდე არის რეპერტუარში, მეუბნებოდა, რომ შენი ყველა სოსოია და ხატია მიყვარსო (იღიმის) ამბობდა, ხოლმე. ღმერთმა გაანათლოს მისი, სული. საოცარი ადამიანი იყო, საოცარი იუმორი ჰქონდა. მინდა გითხრათ კიდევ ერთი რამ, უნივერსიტეტში სოციოლოგიურ კვლევას როცა ვაკეთებ და ვსვამ კითხვას: რა დავდგათ? პირველ ადგილზე ყოველთვის ნოდარ დუმბაძეა.

დღემდე არ კარგავს პოპულარობას?

თქვენ წარმოიდგინეთ, არ კარგავს. ახლა იძულებული, რომ ვარ ჰელადოსი დავაბრუნო რეპერტუარში, იმიტომ რომ გვთხოვენ. აი ახლახან გვქონდა „ბოშების“ პრემიერაც, რომელიც აღვადგინეთ, რეალურად თავიდან დავდგი.

რატომ?

ჩვენთან, ასე ხდება, სტუდენტები როცა ამთავრებენ მიდიან ხოლმე და შემდეგ ხელახლა გიწევს ახალ მსახიობთან მუშაობა.

ანუ გამოდის, რომ სპექტაკლი რომ მუდმივად რეპერტუარში იყოს, გჭირდებათ ახალი სტუდენტების მსახიობებად გაზრდა?

ნახეთ როგორ ხდება, მოდის ახალი სტუდენტი და მეუბნება „თეატრი მიყვარს“, მხოლოდ თეატრის სიყვარული არ შველის, მუშაობა სჭირდება.  2 წლიანი მუშაობის შემდეგ უკვე ვცდილობ, რომ ყველას ჰქონდეს როლი. მანამდე მას გაზრდას საჭიროებს, რეალურად თეატრი არის სახელმძღვანელო, პირველყოვლისა დრამატურგიაა, შემდეგ ხელოვნების ყველა სფერო, მაგალითად მუსიკა, იძულებულს ვხდი ხოლმე რომ მოისმინონ კლასიკა, ზოგს საერთოდ არ უყვარს მაგრამ სხვა გზა არ აქვთ. (იღიმის) თუმცა ჩვენ გვაკავშირებს სიყვარული თეატრისადმი.

რაში გამოიხატება ბატონო ნუგზარ?

ზოგჯერ ლექციაზე წასვლაც არ უნდათ, სულ აქ უნდათ რომ დაკავებული იყვნენ. გათენდება და მე მოსული არ ვარ უკვე კარებთან დგანან. მაგალითად ახლახან, პეტერბურგიდან გადმოვიდა სტუდენტი, რომელსაც იმდენად უყვარს აქაურობა, რომ დილით სანამ მოვალ უკვე აქ არის, პიანისტია, მინდა გითხრათ, რომ ბატონმა დათო ოქიტაშვილმა როგორც კი ეს გაიგო საჩუქრად პიანონო აჩუქა.

ეს არის ძალიან დიდი ტკბილი ოჯახი, სადაც ყველას ერთმანეთი უყვარს, ეს ჩემი მთავარი მოთხოვნაა.

მოკლედ პროფესიონალ მსახიობებთან არის ხოლმე რთული მუშაობა, რადგან რეჟისორის ამოცანას ვერ ართმევენ თავს, მაგრამ თქვენთან სრულიად სხვა პროფესიის სტუდენტები მოდიან და გთხოვენ როლს, ამ დროს რას აკეთებთ?

ჩემთან რომ მოდიან, მე სტანისლავსკის ვიყენებ და ვამბობ არ არსებობს დიდი და პატარა როლები.. მიდგომასაც გააჩნია, მათ ძალიან უყვართ ერთმანეთი.  სულ ვცდილობ, რომ ყველა რაღაცაში დავაკავო. „ბოშებში“ 50 კაცი თამაშობს. ერთი პროფესორი ქალბატონი თამაშობს, რომელიც 87 წლისაა, სცენაზე დგას 17 წლის მათთან ერთად. ყველანაირად ვცდილობ, რომ უყვარდეთ პროფესია, თეატრი, სცენა და მაყურებელი.

მოკლედ, სახალხო თეატრი, სახალხო საქმეს აკეთებს.

ეს რამდენად გამოგვდის თქვენი შესაფასებელია, ჩვენი დამოკიდებულება არის მხოლოდ და მხოლოდ, სიყვარული თეატრისა.

რა გეგმები გაქვთ?

მაქვს ამბიციური გეგმები, ვაპირებთ, რომ „რომეო და ჯულიეტა“, რომეო მინდა რომ იყოს გუგა.

ე.ი. ექსკლუზივი მაქვს.

დიახ, მაგრამ არ გიმალავთ იმას რომ ჯერ ჯულიეტა არ მყავს. როგორი დილემის წინაშე ვარ, წარმოგიდგენიათ? (იღიმის)

შექსპირი, რთულია.

ძალიან რთულია, ძალიან. არც ისაა დასამალი, რომ ბატონმა მიხო მოსულიშვილმა, არაჩვეულებრივი პიესა დაწერა ჟიული შარტავას გმირობაზე, ბოლო დღეზე, როდესაც ის დახვრიტეს. მე უკვე დავიწყე ამაზე მუშაობა. ძალიან საინტერესო პიესაა. ჟიულის მე პირადად, ვიცნობდი, დიდი პიროვნება იყო. ასევე ვმუშაობთ „კრაზანაზე“.  სხვათა შორის, ჩვენმა რექტორმა მოგვაწოდა იდეა, რომ დავდგათ სპექტაკლი ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსების შესახებ. ძალიან საინტერესო სამუშაოა. ქალბატონ ნინო სადღობელაშვილთან ერთად ვმუშაობთ და ერთად ვაკეთებთ.

ჩვენ არ გვიყვარს თავის გამოჩენა, ჩვენ არ გვაქვს ამის დროს, ჩაკეტილები ვართ, ჩვენ ნაჭუჭში ვართ. ბევრს ვმოგზაურობთ, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. რაც მთავარია, ჩემი ახალგაზრდებით, ჩემი სტუდენტებით ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, ყველა ვინც ჩემთან არის, ის არასოდეს ცხოვრებაში ქვეყნისთვის ცუდს არაფერს გააკეთებს. 

ავტორი:ზუკა ნემსაძე 

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა