ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

საია - მზია ამაღლობელს ქართულმა მართლმსაჯულებამ არ მისცა უკანონო პატიმრობის რევიზიის უფლება

ნახვები: 585 საია - მზია ამაღლობელს ქართულმა მართლმსაჯულებამ არ მისცა უკანონო პატიმრობის რევიზიის უფლება

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის გადაწყვეტილება მორიგი უკანონო, რეპრესიული და ყოველგვარ სამართლებრივ სტანდარტს აცდენილი სამართლებრივი აქტია, რომელიც სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მზია ამაღლობელს ქართულმა მართლმსაჯულებამ არ მისცა მის მიმართ შერჩეული უკანონო პატიმრობის რევიზიის უფლება, - ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს, რითაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ, მზია ამაღლობელის საქმეზე საჩივრის წარმოებაში კვლავ არ მიღებას ეხმაურება.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ვიდეო მასალა, რომელიც დაცვის მხარემ წარადგინა, ადასტურებს, რომ მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით უკანონოდ დააკავეს.

„ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე, ვერა დოლიძის 19 თებერვლის განჩინებით, მზია ამაღლობელის უფლებადამცველი ადვოკატების საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2025 წლის 13 თებერვალს, ხელახლა მივმართეთ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მზია ამაღლობელის მიმართ გამოყენებული პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ, 2025 წლის 14 თებერვალს, შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო. ბათუმის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული განჩინება, როგორც უკანონო და დაუსაბუთებელი გასაჩივრდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.

საჩივარში მითითებული გარემოებები და წარდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს აკისრებდა ვალდებულებას, პირველ რიგში, დასაშვებად ეცნო საჩივარი, შემდგომ კი, მიეღო გადაწყვეტილება მზია ამაღლობელის აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის გაუქმებასთან დაკავშირებით.

მზია ამაღლობელის ადვოკატების მხრიდან სასამართლოსთვის წარდგენილ იქნა ახალი არსებითი გარემოებები, რაც გამოიხატა იმაში, რომ სასამართლოს გადაეცა მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების ამსახველი ვიდეომასალა. აღნიშნულით დასტურდებოდა დაკავების უკანონობა. შუამდგომლობას ასევე, დაერთო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრალდების მხარის მიერ გადმოცემული მასალების მიხედვით, საქმეზე მხოლოდ სამართალდამცავები არიან გამოკითხულნი. სასამართლოს ასევე, გადაეცა მზია ამაღლობელის გამოკითხვის ოქმი.

დაცვის მხარის მიერ საჩივარში მითითებული ახალი არსებითი გარემოებები სრულიად აბათილებს ბრალდების მხარისა და სასამართლოს მიერ განვითარებულ ჰიპოთეტურ დასაბუთებას იმის შესახებ, რომ მზია ამაღლობელის მხრიდან არსებობს მტკიცებულებათა განადგურების, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის რაიმე საფრთხე.

კერძოდ: დაცვის მხარის მიერ წარდგენილი ვიდეო მასალა ადასტურებს, რომ მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით უკანონოდ დააკავეს, მას არ მიუყენებია შეურაცხყოფა არცერთი სამართალდამცავისთვის და ასკ-ის 173-ე მუხლით შედგენილი დაკავების ოქმი უკანონოა. შესაბამისად, მისი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის მომეტებულ საფრთხეზე საუბარი ყალბ დაკავების ოქმზე დაყრდნობით ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია;

მზია ამაღლობელის გამოკითხვის ოქმი, ინციდენტის ამსახველ ვიდეოკადრებთან ერთად ქმნის მომხდარის სრულ სურათს. აღნიშნულ კონტექსტში უნდა იქნეს განხილული ის ფაქტიც, რომ საქმეზე მხოლოდ სამართალდამცავები არიან გამოკითხულნი, რომლებზე ზემოქმედებაც შეუძლებელია მოახდინოს ბრალდებულმა. ზემოთქმული არგუმენტები არ ტოვებს თეორიულ საფუძველსაც კი მოწმეებზე ზემოქმედებისა, არათუ მტკიცებულებათა განადგურების საფრთხეებით სპეკულაციისთვის.

ყოველივე აღნიშნულისა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემაც უგულებელყო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და დაუშვებლად ცნო მზია ამაღლობელის ადვოკატების საჩივარი.

მსგავსად ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მოსამართლე ლევან ყოლბაია) 14 თებერვლის განჩინებისა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ვერა დოლიძეც ასევე, არ მსჯელობს დაცვის მხარის მიერ წარდგენილ არცერთ გარემოებაზე, არ განიხილავს და არ აფასებს მათ. ამასთან, მოსამართლე ასევე არ ასაბუთებს, რატომ მიიჩნია არაარსებითად დაცვის მხარის მიერ წარდგენილი რომელიმე ახალი არსებითი გარემოება/მტკიცებულება. მოსამართლე 17 გვერდიანი განჩინების 14 გვერდს უთმობს დაცვის მხარის საჩივრისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების თეზისების კოპირებას, იგი ბოლო გვერდზე მხოლოდ ერთ აბზაცში სრულიად შაბლონურად და უარგუმენტოდ უთითებს, რომ არ არის წარმოდგენილი ახალი არსებითი გარემოება, რაც შესაძლოა გამხდარიყო პატიმრობის შეცვლის წინაპირობა. თავად ის გარემოება, რომ დაცვის მხარის არგუმენტების ციტირებას მოსამართლე უთმობს 14 გვერდს, მიუთითებს იმაზე, რომ საჩივარი დასაბუთებული იყო და მოსამართლეს იგი არა თუ უნდა დაეშვა, არამედ უნდა დაეკმაყოფილებინა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის აღნიშნული გადაწყვეტილება არის მორიგი უკანონო, რეპრესიული და ყოველგვარ სამართლებრივ სტანდარტს აცდენილი სამართლებრივი აქტი, რომელიც სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მზია ამაღლობელს ქართულმა მართლმსაჯულებამ არ მისცა მის მიმართ შერჩეული უკანონო პატიმრობის რევიზიის უფლება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 19 თებერვალს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე საჩივარი წარმოებაში კვლავ არ მიიღო. სააპელაციო სასამართლომ საქმე წარმოებაში უკვე მეორედ არ მიიღო. შეგახსენებთ, რომ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი 12 იანვარს დააკავეს

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა