შეეშინდათ, რომ ციხესთან ბევრი ხალხი არ მისულიყო - „ქართული ოცნება“ არის ფაშისტური რეჟიმი, ფსკერის მიღმა არიან საერთოდ, - ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძის ძმამ, გია ჯაფარიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის რუსთავის ციხის დათქმულ დროზე ადრე დატოვება შეაფასა.
როგორც ის აღნიშნავს, ზურა ჯაფარიძე ციხეში უსამართლოდ იმყოფებოდა.
„ქართული ოცნება“ არის ფაშისტური რეჟიმი და ნებისმიერ რამეს უნდა ელოდო. ეგ ვერ გავთვალე, რომ შეიძლება ადრე გამოეშვათ. იქ შეეშინდათ, რომ ბევრი ხალხი არ მისულიყო. ალბათ ,ეგ არის, არ ვიცი. მე გზიდან მოვბრუნდი, ახლა მოვედი. სავარაუდოდ, შეეშინდათ იმის, რომ იქ ბევრი ხალხი იქნებოდა. ფსკერის მიღმა არიან საერთოდ, რაზე ვსაუბრობთ. ამასთან დაკავშირებით არავის კითხვა არ აქვს, რასაკვირველია, უსამართლოდ იჯდა. წინა საუკუნის 20-იან, 30-იან წლებში, მთელი საბჭოთა კავშირის პერიოდში რაზე იჯდა ხალხი? უსამართლოდ არ იჯდა? ასეთი ქვეყანაა, ტოტალიტარულ სახელმწიფოს აყალიბებენ“, - განაცხადა გია ჯაფარიძემ.
მისი თქმით, ის ელოდება, რომ ჯაფარიძეს ციხეში „კვლავ შეაბრუნებენ“.
„ყველაფერს უნდა ელოდო. უნდა გავაცნობიეროთ, რომ არასწორია, როცა ვამბობთ, რომ რაღაც ავტორიტარიზმი მყარდება. ავტორიტარიზმი საქართველოში არს 2013 წლიდან. ავტორიტარიზმი კი არ მყარდება. ტოტალიტარიზმის მახასიათებელი ნიშნებიდან, დაახლოებით, 80%, შეიძლება მეტი, უკვე სახეზეა. ახლა რასაც აპირებენ კიდევ, ესეც იმაზე მიუთითებს და მიანიშნებს, რომ ეს ქვეყანა აქციეს ერთ ლაბორატორიად და ახალი ტიპის, „ქოცის“ ტიპის ადამიანი გამოჰყავთ. უკვე გეუბნებიან, რომ აღარ უნდა იაზროვნო, განსხვავებული აზრის გამო, ტროტუარზე დგომის განო იჭერენ ხალხს. საბჭოთა კავშირშიც კი არ ყოფილა ასეთი რამე“,- განაცხადა გია ჯაფარიძემ.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის ციხე დატოვა. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 22 მაისს, სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. ის საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად იყო დაბარებული, სადაც არ გამოცხადდა. ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.