მაშ ასე, ეს დღე ბოლოს და ბოლოს დადგა. მას ყველა ელოდა, და ყველამ იცოდა რამ ამას მაინც ვერ ავცდებით.
რუსეთმა საქმეში თავისი ბოლო, ყველაზე მძიმეწონიანი კოზირი შეუშვა - საქართველოს შიგნიდან დაპყრობის ბოლო შანსი. აქტივი, რომელიც აქამდე ნახევრად უმოქმედო იყო და თავის დროს მოთმინებით ელოდა.
რუსეთი საქართველოში ხელისუფლების მტკიცედ პრორუსულზე შეცვლას ყოველთვის ცდილობდა. ჩვენში ბევრი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება" პრორუსული ძალაა, თუმცა ასე არ დასავლეთი და როგორც ჩანს, არც მოსკოვი თვლის.
„ქართულო ოცნება" კრემლისთვის მხოლოდ ნაკლები ბოროტებაა ნაცმოძრაობასთან შედარებით - გარდამავალი ეტაპი მტკიცედ პროდასავლურ და ასევე მტკიცედ, ყოველგვარი ეჭვების და მითქმა-მოთქმის გარეშე, პრორუსულ საქართველოს შორის.
რა თქმა უნდა, მოსკოვს ურჩევნია იყოს ბიძინა ვიდრე მიშა, თუმცა, საბოლოოდ არც ის აკმაყოფილებს. ამის მაჩვენებელი თუნდაც საავიაციო და ტურისტული ემბარგოა, რომელიც აი უკვე თითქმის 2 წელი მოქმედებს (ასე ნამდვილ მოკავშირეებს არ ექცევიან) და მავთულხლართების მუდმივი გავლება ცხინვალის რეგიონის ქართულ სოფლებში - არც ესაა მოკავშირეებისთვის დამახასიათებელი საქციელი.
„ქართული ოცნება" რუსეთს პრობლემას არ უქმნის, მაგრამ ის თავად პრობლემაა, რადგანაც თავიდან ბოლომდე კრემლის მიერ მაინც არ იმართება.
აქედან გამომდინარე, რუსეთი ნახევრად-მორჩილი ქოცების სრულიად მართული, ღია აგენტებით შეცვლას ყოველთვის ცდილობდა.
ჯერ მოსკოვმა საქართველოს ტერიტორიაზე პროპაგანდისტული კამპანია აამოქმედა - თითქოს ევროპა ქართველების გეებად გადაკეთებას ცდილობს, თითქის თურქებმა დაიპყრეს მთელი ქვეყანა და დასავლეთი მართლმადიდებლობას ებრძვის.
ეკლესიასთან მოსკოვს პრობლემები არასდროს ჰქონდა - ის მას ჯიბეში უზის მთელი თავის პატრიარქ-ეპისკოპოსებით თუ რიგითი სამღვდელოებით...თუმცა, ბოლოს და ბოლოს მოსკოვში მიხვდნენ, რომ მუდმივი გოდება მართლმადიდებლობაზე და ქართველობაზე პოლიტიკური ვითარების შესაცვლელად საკმარისი არაა.
რუსეთი მუდმივად ცდილობს თავისი ძალა ხელისუფლებაში მოიყვანოს - ჯერ იყო ნინო ბურჯანაძე, თუმცა, საბოლოოდ, მასთან ურთიერთობები ვერ აეწყო და დღეს მისი პრორუსულობისგან არაფერია დარჩენილი.
შემდეგი იყო მაწანწალათა კომიკური კოოპერატივი სახელად „პატრიოტთა ალიანსი". მან თავისნაირი მაწანწალების და ბომჟების გულები კი მოიგო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს არასაკმარისია - ეს საქართველოა და აქ საზოგადოებრივ აზრს არა გარე ვაჭრუკანები, გალოთებული გლეხები და ტაქსისტები, არამედ საშუალო ფენა ქმნის. ის შედარებით მცირეა, მაგრამ უფრო ჭკვიანია, შეგნებული, იცის რა უნდა, უკეთესად ორგანიზებულია და არჩევნებზეც დადის.
ბოლო არჩევნების შემდეგ მაწანწალათა ალიანსი არავის უნახია, ხოლო ირმა ინაშვილი ჟურნალისტიკას დაუბრუნდა, რაც იმის მაჩვენებელია, რომ მოსკოვმა მათ დაფინანსებაზე უარი განაცხადა. ცუდად მუშაობთ ბიჭებო და ამიტომაც „დავაი, დო სვიდანია"..
შექმნილი საკადრო შიმშილის პირობებში მოსკოვმა თავისი ჯიბიდან ბოლო კოზირი გამოიტანა. იმის იქეთ -არაფერია. თუ ახლაც ვერ მოხერხდა საქართველოს რუსეთისკან მოტრიალება - მაშინ ვერასდროს ვერ მოხერხდება.
მოსკოვს ქართულ აგენტურას შორის ლევან ვასაძეზე უკეთესი კანდიდატი არ ჰყავს - ის მდიდარია, გლამურული, კარგად გამოიყურება, კარგად მეტყველებს. ასეთი მეორე ფავორიტი კრემლის ბანქოში არ არის.
რა თქმა უნდა, ბევრი ფიქრობს, რომ სინამდვილეში ლევან ვასაძე ბიძინა ივანიშვილმა გამოუშვა სცენაზე, თუმცა, ეს ასე არაა - ვასაძე ამისთვის ზედმეტად დამოუკიდებელი, ძლიერი და ამბიციური პიროვნებაა. ის ბიძინას პაიკად ვერაფრით ვერ გამოდგება - ის ბიძინაზე გაცილებით უფრო ძლიერმა და გავლენიანმა ადამიანებმა გამოაგზავნეს, რა დროს ბიძინაა.
ის მართლაც სერიოზული და საშიში ადამიანი - მობომჟო ირმა ინაშვილის და თარხან-მოურავის ფონზე - აზროვნების გიგანტი.
ის ილაპარაკებს ისე, როგორც საჭიროა, ლამაზად და დახვეწილად დააბიჯებს ფეხს ყველა ტრადიციული ქართულ წყლულს - ილაპარაკებს აფხაზეთის და ოსეთის დაბრუნებაზე, თურქების მიერ ქართული მიწის ყიდვაზე, ჰომოსექსუალებზე, მართლმადიდებლობაზე, მოიქცევა ზუსტად ისე, როგორც ეს საქართველოში უყვართ - ყველგან თავისი 7 ბავშვით, თეთრ ჩოხაში გამოწყობილი ივლის, არც ერთ ეკლესიას არ დატოვებს უყურადღებოდ, ყველა მამაოს და მის მრევლს ჩაიხუტებს.
და მაინც წააგებს.
წააგებს იმიტომ, რომ ისევე როგორც არა მხოლოდ რუსების, არამედ ქართველთა უმრავლესობა, ლევან ვასაძემაც საკუთარი ერის ფსიქოლოგია არ იცის.
საქართველოში შავრაზმელობა და ეკლესიურობა - მხოლოდ მოდაა, და მეტი არაფერი. აჭარელი ტაქსისტები მუდმივად ლაპარაკობენ რომ „თურქებმა მთელი ბათუმი იყიდეს" მაგრამ თავიანთ შვილების თურქების მიერ შექმნილ კომპანიებში სამუშაოდ დიდი მზადყოფნით უშვებენ.
საქართველოში ლაპარაკი ცალკეა, საქმე კი ცალკე. ლაპარაკით მთელი გლეხობა ევროპას ვერ იტანს და პუტინს აღმერთებს, თუმცა, სამუშაოდ მაინც ევროპა ურჩევნია.
ქართული ნაციონალიზმი, ეკლესიურობა, „მე მიყვარს ჩემი პატრიარქი" და ა.შ. - ძალზე ზედაპირულია, და რეალურ ცხოვრებაში თითქმის არაფერში არ ვლინდება.
კიდევ ერთი ძალზე მნიშვნელოვანი მომენტი - მაწანწალათა ალიანსმა მხოლოდ ვაჭრუკანების და უსაქმურების გულები არა მხოლოდ იმიტომ მოიგო, რომ სხვა არაფრის თავი არ ჰქონდა, არამედ იმიტომ რომ მეტ-ნაკლებად მოაზროვნე საზოგადოებისთვის პრორუსული შეხედულებები მიუღებელია.
ლევან ვასაძე, თავისი სრულყოფილი დემაგოგიით და დახვეწილი იმიჯით, იგივე პრობლემის წინაშე დადგება, რომელმაც ბომჟთა ალიანსი დაღუპა - საქართველოში უკიდურესი ნაციონალიზმი და პრორუსულობა მხოლოდ უკიდურესად გაუნათლებელი და ჩამორჩენილი ფენების ხვედრია. საზოგადოების ეს ნაწილი პოლიტიკურად ინერტულია (თუ ცარიელ ყბედობას არ ჩავთვლით), არჩევნებზე თითქმის არ დადის, და საერთოდაც, დარწმუნებულია, რომ „ყველაფერი ისედაც გადაწყვეტილია" და „ხალხზე მაინც არავინ არ ფიქრობს".
იდიოტების უპირატესობა ისაა, რომ ის მათი აზრების მართვა ადვილია, ნაკლი კი ის, რომ მათ ვერაფერში ვერ გამოიყენებს. გამარჯვება მიწაზეც რომ ეგდოს - ან დახრა დაეზარებათ, ან ერთმანეთს დაჭამენ..
საქართველო კი, როგორც უკვე ითქვა, არ არის ის ქვეყანა, რომლის ბედსაც დეკლასირებული ტაქსისტ-გარე ვაჭრუკანები და გალოთებული გლეხები გადაწყვეტენ.
ასე რომ ლევან ვასაძესაც მოუწევს პარლამენტში 5-6%-ით დაკმაყოფილება.
ავტორი: თენგიზ აბლოთია