სალომე ზურაბიშვილი - ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ
სალომე ზურაბიშვილი - დღეს ვინც პარლამენტში შევა, შევა რუსეთში
მამუკა მდინარაძე - შევეცდებით, პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს
ოლაფ შოლცი - რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შერაცხადია
Russians strike Dnipro with ballistic missile, likely from Kedr complex – Ukrainian intel
Oreshnik missile strike on Dnipro does not indicate risk of nuclear weapons use - ISW
Ukraine’s General Staff: 190 combat clashes at front in past day

ყაზახური გაკვეთილები საქართველოსთვის

07.01.2022 ნახვები: 1384

დღეს საქართველოში ნომერ პირველი თემაა სისხლიანი მოვლენები ყაზახეთში. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ჩვენთან ერთი წარსულის მქონე ქვეყანაა და არა მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოში ყაზახეთიდან ყოველწლიურად 100 000-ზე მეტი ტურისტი ჩამოდის, და ეს ნაკადი მზარდია.

და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს თვალწინ უქმდება ყაზახური სახელმწიფო, რომელიც ბარდება რუსულ ჩექმას. არამედ იმიტომაც, რომ ვუყურებთ ყაზახეთს და ვგულისხმობთ საქართველოს.
რადიკალ ოპოზიციონერებს ყაზახების საბრძოლო შემართების შურთ - „აგერ, ყაზახებმა ხმა ამოიღეს და ოლიგარქიას დაუპირისპირდნენ, ჩვენთან კი ხალხი სახლში ზის".
ქოცები პირიქით, ყაზახეთის მოვლენებში მხოლოდ არეულობას, მაროდიორების თარეშს და სისხლის გუბეებს ხედავენ - „აი სწორედ ის უნდათ ვერაგ ნაციონალებს, ამისთვის ემზადებიან, ამიტომაც ყველა დარჩით სახლებში და თაყვანი ეცით ბატონბიძინას".
სინამდვილეში კი ყაზახური დრამა ბევრ რამეს გვასწავლის, პირველ რიგში იმ საკითხში, რომელიც ბოლო თვეების მანძილზე ოპოზიციის მომხრეებს შორის გააფთრებული კამათის თემად იქცა - რატომ არ გადადის ოპოზიციას შეტევაზე და რატომ არ იყენებს საპროტესტო აქციებს აქტიური ქმედებების დაწყებისთვის?
უარყოფითი კომენტარების მთავარი სამიზნეა ნაცმოძრაობის დღევანდელი თავმჯდომარე ნიკა მელია - „ნიკა მელია „ქართულ ოცნებასთანაა" შეკრული, ნიკა მელიამ მიტინგი შეკრიბა და სახლში გაუშვა!!!".
ყაზახეთი არის იმის მაჩვენებელი, თუ როგორ იწყება რევოლუცია და რატომ არ გამოდის ეს დღევანდელ საქართველოში.
რევოლუცია არაა მხოლოდ ერთი, თუნდაც, ყველაზე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში. არც ის იქნება რევოლუცია, რომ ნიკა მელიამ ხალხი დაძრას და პარლამენტის შენობა დაიკავოს - 2009 წელს, საკნების აქციების პერიოდში, პარლამენტის შენობა ბლოკირებული იყო, ხოლო სპიკერი დავით ბაქრაძე მშვიდად იღებდა უცხოელ სტუმრებს სასტუმრო „მეტეხი"-ს ერთ-ერთ ნომერში.
რევოლუცია ყოველთვის ნიშნავს პარალელურ მასობრივ გამოსვლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. რევოლუცია ნიშნავს გაქცეულ ადგილობრივ მაღალჩინოსნებს, დამალულ საპოლიციო უფროსობას და მუნიციპალური ხელისუფლების გაუქმებას.
გავიხსენოთ 2003 წელი, როდესაც ედუარდ შევარდნაძე ჯერ პრეზიდენტი იყო, მაგრამ რეგიონებში უკვე დაიწყო მედიკო მეზვრიშვილების და ლევან მამალაძეების ცვენა... ამ დონის გამოსვლების მოწყობა და ორგანიზება შეუძლებელია ოპოზიციის 90%-ანი მხარდაჭერის გარეშე - რომელიც მას დღეს არ გააჩნია.
ამაზე ფიქრიც კი წარმოუდგენელია მაშინ, როდესაც ხელისუფლებას ჰყავს აქტიურ მხარდამჭერთან საკმაოდ დიდი რაოდენობა, ხოლო სახელმწიფო სტრუქტურები მყარია და მარტივად არ დაიშლება.
ყაზახეთის მოვლენებმა დაგვანახა, რომ პრობლემის დაყვანა იქამდე, რომ მელია ცუდია, მიშას არ უსმენს და საპროტესტო მუხტს აგდებს - არასერიოზულია. ოპოზიცია დღეს მოქმედებს იმ ფარგლებში, რომლებსაც მოსახლეობის აქტიურობის დონე ქმნის. დღევანდელი აქტიურობა კი ხელისუფლების ქუჩიდან შეცვლისთვის არასაკმარისია.
აი, ესაა რეალური პრობლემა და არა ცუდი მელია, ან კიდევ ვინმე.
ეს რაც შეეხება საკითხს „როგორ". ბევრად უფრო სერიოზულია კითხვები „რა?" და „რისთვის?".
საქართველოში მთლიანობაში ძალიან არაპოპულარულია, მაგრამ ზოგიერთ ოპოზიციონერთა შორის ძალიან პოპულარულია „ქართული ოცნების" ძალით ჩამოგდების იდეა. „მოლოტოვის კოკტეილია საჭირო!!"- ხშირად გაიგონებთ და სწორედ ყაზახეთია ამ კუთხით მისაბაძი მაგალითი. „ქოცები არჩევნებით არ წავლენ, ამიტომ- ავიღოთ ხელში არმატურები" - ამბობენ რადიკალები.
მაგრამ ყაზახეთი სწორედ იმის მაჩვენებელია, რამდენად უპერსპექტივოა ძალადობრივი აჯანყება მაშინ, როდესაც მასში არ მონაწილეობს, ან მას მხარს არ უჭერს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. მიამიტობაა იმის ფიქრი, რომ მეტ-ნაკლებად შემდგარ სახელმწიფო აპარატს გაუჭირდება რამდენიმე ასეული აჯანყებულის მოთოკვა - თვითონ თუ ვერ იზამს - აგერ, პუტინი ყოველთვის დაეხმარება.
სამაგიეროდ, ეს გახდება იმის საბაბი, რომ ოპოზიციური საქმიანობის ნიშან-წყალიც კი წაიშლება, ხოლო თავად პროტესტის იდეა დისკრედიტებული იქნება ათეულობით წლით.
რევოლუციამ რომც გაიმარჯვოს, ეს ახალ პრობლემებს შექმნის - ათასობით ადამიანს იარაღით ხელში, რომელიც აუცილებლად იტყვის - „მე ვიომე და მეკუთვნის". რა ეკუთვნის? უკვე ვნახეთ 90-ან წლებში, რა ხდება მაშინ, როდესაც პოლიტიკოსებს შეიარაღებული ადამიანების ვალი აქვთ.
ერთხელ ძლივს გამოვძვერით და მეორე წრეზე ან გაგვიმართლებს ან არა.
ამიტომაც სანამ მოვიწონებთ ყაზახეთის მოვლენებს, უნდა დავუსვათ საკუთარ თავს შეკითხვა - „რისთვის?". რისთვის გვინდა ჩვენ არსებული არამზადების ხელისუფლებიდან გაშვება? იმისთვის რომ ქვეყანა წინ წავიდეს, თუ ისევ ჩვენს კისერზე გავიგოთ რას ნიშნავს „ვიომე და მეკუთვნის"?
ჩვენში ძალიან ბევრი მიეჩვია სკეპტიციზმს მშვიდობიანი პროტესტის მიმართ, ხოლო, მოვლენები ბელორუსიაში პირდაპირ დასაცინი თემა გახდა - „ბელორუსები ყვავილებით გამოდიოდნენ, არადა ხელკეტები უნდა დაეჭირათ", „სულ არ აშინებს ბიძინას თქვენი მშვიდობიანი პროტესტი, გადით და ილაყბეთ რამდენიც გინდათ".
ეს პოზიცია ერთი შეხედვით სწორია, თუმცა, მხოლოდ ერთი შეხედვით - ყაზახეთმა გვაჩვენა, რომ ხელკეტის აღებაც პანაცეა არ არის.
საქართველოს, რომელმაც ყაზახური მოვლენები ბევრად უფრო დიდ მასშტაბში 90-ან წლებში გადაიტანა, მშვიდობიანი პროტესტის იქეთ გზა არა აქვს. მშვიდობიანი, მაგრამ აქტიური, მტკიცე და რაც მთავარია სრულმასშტაბიანი, მთელს ქვეყანას რომ მოიცავს ისეთი.
ტყუილად ფიქრობენ რადიკალები, რომ მშვიდობიანი პროტესტი ხელისუფლებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, რადგანაც ძალის გამოყენებით მას ადვილად დაშლის. 5000-ს კი, დაშლის, აი 30 000-სთან კი - ახლოსაც ვერ მივა.
მოუწევს ცეცხლის გახსნა, რაც ისეთი მარტივი არაა, როგორც ბევრი მიიჩნევს. პარალელური, უიარაღო, მაგრამ აქტიური, შემტევი, ქოცებისთვის შემაწუხებელი და მასობრივი გამოსვლები მთელი ქვეყნის მასშტაბში ხელისუფლებისთვის გამოუვალ პრობლემად იქცევა.
ოღონდ ეს უნდა იყოს ნამდვილად, პერმანენტულად ხალხმრავალი აჯანყება მთელს ქვეყანაში და არა ის, რაც დღეს ხდება - ერთი დიდი მიტინგი თბილისში, რომელიც 2-3 დღეში ილევა...
ეს რთულია. ბევრად უფრო რთულია, ვიდრე მოლოტოვის კოკტეილების სროლა და ქვეყნის კიდევ ერთხელ წლებით უკან დახევა.
მაგრამ არავის უთქვამს, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობა - ადვილი და სწრაფი საქმე იქნებოდა...

ავტორი: თენგიზ აბლოთია

ფოტო: https://www.aljazeera.com/

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა