თბილისში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში „ერთობის ჯაჭვი“ შეიკრა
თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს უთმობს
ჯო უილსონი - მივესალმები ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას, მას ამერიკა სძულს და ჩინეთი და ირანი უყვარს
ამერიკის ხმა: ამერიკამ ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა
აშშ ასანქცირებს ბიძინა გრიგორის ძე ივანიშვილს - მეთიუ მილერი
აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა
დღესაც "ოცნების" პარტოფისიდან იღებენ დავალებებს - გოჩა მირცხულავა
არასამთავრობო ორგანიზაციები - 28 ნოემბრის შემდეგ 10 ქალის დაკავების თაობაზე შემოვიდა შეტყობინება - ქალების განცხადებით, სპეცრაზმი მათ ფიზიკურად გაუსწორდა

არასამთავრობო ორგანიზაციები - 28 ნოემბრის შემდეგ 10 ქალის დაკავების თაობაზე შემოვიდა შეტყობინება - ქალების განცხადებით, სპეცრაზმი მათ ფიზიკურად გაუსწორდა

27.12.2024 ნახვები: 366

28 ნოემბრის შემდგომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელ ხაზზე 10 ქალის დაკავების თაობაზე შემოვიდა შეტყობინება -ქალების განცხადებით, დაკავების პროცესში სპეცრაზმი მათ ფიზიკურად გაუსწორდათ, ემუქრებოდნენ გაუპატიურებითა და სიცოცხლის მოსპობით, - ამის შესახებ სამოქალაქო პლატფორმის „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა, ნინო ლომჯარიამ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საპროტესტო აქციებზე დაკავებულ ქალთა მიმართ ჩადენილი ძალადობისა და სექსუალური შინაარსის მუქარის ფაქტების თაობაზე ისაუბრეს.

ლომჯარიას თქმით, ნოემბერ-დეკემბრის თვეში პოლიცია აკავებდა და ფიზიკურად უსწორდებოდა საპროტესტო აქციების მონაწილე არა მხოლოდ მამაკაცებს, არამედ, ქალებსაც.

„28 ნოემბრის შემდგომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელ ხაზზე 10 ქალის დაკავების თაობაზე შემოვიდა შეტყობინება. თუმცა, სამწუხაროდ, აქციების მიმდინარეობისას დაკავებული ან დაზარალებული ქალების ზუსტი რაოდენობა ჩვენთვის ოფიციალური ინფორმაციის არარსებობის გამო, უცნობია.

შემაძრწუნებელია ის გარემოება, რომ აქციაზე დაკავებულმა რამდენიმე ქალმა საჯაროდ ისაუბრა მათ მიმართ დაკავების დროს და მის შემდგომ პერიოდში პოლიციის მხრიდან ფიზიკურ ძალადობის, არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოპყრობის, სექსუალური შევიწროების და გაუპატიურების მუქარის ფაქტების თაობაზე.

ქალების განცხადებით, დაკავების პროცესში სპეცრაზმი მათ ფიზიკურად გაუსწორდათ, ემუქრებოდნენ გაუპატიურებითა და სიცოცხლის მოსპობით; გაუპატიურების მუქარის კიდევ უფრო სიცხადისათვის ადგილი ჰქონდა სპეცრაზმელების მიერ გაუპატიურების აქტის აღწერას უწმაწური სიტყვების გამოყენებით, დაკავების სპეციალურ მანქანისკენ წაყვანის მუქარას, რაც მსხვერპლისთვის კიდევ უფრო დამაჯერებელს ხდიდა მათ სიტყვებს; აქციაზე დაკავებული ქალის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებების თანახმად, დაკავების მანქანაში მას არ მისცეს საშუალება სკამზე დაჯდომის, მთელი გზა მუხლებზე დაჩოქილი ამგზავრეს და ამასთან ადგილი ჰქონდა სექსუალური შევიწროების ფაქტს; ერთ-ერთი დაკავებული ქალის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებით, მას პოლიციის განყოფილებაში გადაუღეს ვიდეოები და ამცირებდნენ სექსუალური შინაარსის კომენტარებით; აქციის მონაწილე ერთ-ერთმა ქალმა, რომელსაც სახეზე ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა, საჯაროდ გააკეთა განცხადება, რომ ის აქციის დაშლის დროს პოლიციელებმა თითქოსდა განრიდების მიზნით გაიყვანეს, რის შემდეგაც სცემეს.

დაუშვებელია სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან ისეთი ქმედებების განხორციელება ან ისეთი ქმედებების შესრულების მოთხოვნა, რომელიც დამამცირებელია, ლახავს თქვენ ღირსებას, მიმართულია თქვენი სექსუალური თუ სხვა ნიშნით შევიწროებისკენ. წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა აკრძალულია საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით და ისჯება სისხლის სამართლის წესით.

თუ თქვენს მიმართ ადგილი ჰქონდა რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტს, გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ადვოკატს, რომელიც მიმართავს შესაბამის უწყებებს. ადვოკატის არყოლის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ჩვენ კონფიდენციალურობის სრული დაცვით დაგეხმარებით წარმოვადგინოთ თქვენი ინტერესები როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო სამართლებრივ მექანიზმებში, ასევე, დაგეხმარებით მიიღოთ ყველა საჭირო სარეაბილიტაციო სერვისი.

მივმართავთ ქალებს, თუ თქვენ დაგაკავეს და გადაგიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, უნდა იცოდეთ, რომ: თქვენი პირადი დათვალიერება უნდა ჩაატაროს იმავე სქესის წარმომადგენელმა; პირადი დათვალიერება არ ხდება ყველას დასანახად, მას შეიძლება დაესწროს იმავე სქესის წარმომადგენელი; ვიდეომეთვალყურეობის არსებობისას აუცილებელია თქვენი წინასწარი ინფორმირება; პირადი დათვალიერების დროს დაუშვებელია თქვენი სრული გაშიშვლება; პირადი დათვალიერების დროს სხეულის ცალკეული ნაწილის დათვალიერება (ასეთის აუცილებლობისას მაგალითად დაზიანებების შემოწმებისას) ვიდეომეთვალყურეობის კამერების თვალთახედვის არეში არ უნდა მოხდეს.

დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანისას ქალები: უნდა განთავსდნენ მამაკაცებისგან განცალკევებით; ორსული ქალი უნდა განთავსდეს სხვა პირებისგან განცალკევებით; პატიმრობაშეფარდებული ქალისათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჰიგიენური საშუალებები; დროებით მოთავსების იზოლატორში მოთავსებულ ნებისმიერ პირს უფლება გაქვთ, მოითხოვოთ: ადვოკატთან დაკავშირება; სახალხო დამცველის ცხელ ხაზთან დაკავშირება (1481); სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცხელ ხაზთან დაკავშირება (199); ზარის განხორციელება უნდა უზრუნველყოს იზოლატორის ადმინისტრაციამ“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა