საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდება მოკლებულია, როგორც იურიდიულ, ისე ფაქტობრივ საფუძვლებს.
TI-ის ცნობით, საქმეში არ არსებობს აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებები.
"აქამდე წარმოებული მრავალრიცხოვანი სისხლის სამართლის საქმეებისგან, რომლებიც ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, რეჟიმის მორჩილი სამართალდამცავი და მართლმსაჯულების სისტემების გამოყენებით, უკანონო და დაუსაბუთებელი ბრალდების საფუძველზე წარმართულა, ალბათ არცერთი არ ასახავს ივანიშვილის კერძო და პირად ფულად ინტერესს ასე მკაფიოდ და დაუფარავად, როგორც ბაჩიაშვილის საქმე.
ბრალდების პოზიციის სისუსტე და ბრალდების მტკიცებულებათა სიმცირე ამ საქმეში იმდენად თვალსაჩინოა, რომ ნებისმიერ, მეტ-ნაკლებად სამართლის უზენაესობაზე დამყარებულ სისტემაში, ასეთი ბრალდების წარდგენაც კი წარმოუდგენელი იქნებოდა, რომ არაფერი ვთქვათ, სასამართლოში საქმის წარმოებაზე. ბრალდების მხარის მითითებები ბრალდების ფაქტობრივ კომპონენტზე მართებულიც და დამტკიცებულიც რომ ყოფილიყო, რასაც სინამდვილეში ადგილი არა აქვს, საუკეთესო შემთხვევაში, ისინი სამოქალაქო დავის საგანი უნდა გამხდარიყო და არა სისხლისსამართლებრივი დევნისა"- ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციის განცხადებით, მთავარი კითხვა, რომელიც ამ საქმეში ღიად რჩება, არის ის, წარმოადგენდა თუ არა ბაჩიაშვილის კომპანიისთვის „ქართუ ბანკის“ მიერ გაცემული 5 მილიონი აშშ დოლარის სესხი ივანიშვილის „ინვესტიციას“ ბიტკოინებში, რომლის სანაცვლოდაც ბაჩიაშვილი ვალდებული იყო ივანიშვილისთვის გადაეცა ამ თანხის პროპორციულად გამომუშავებული ბიტკოინები.
" შემდეგი გარემოებები მიუთითებს, რომ ეს ასე არ არის ან, ყოველ შემთხვევაში, საქმეში არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით დაარწმუნებდა „ობიექტურ დამკვირვებელს“, რომ ივანიშვილს მართლაც ჰქონდა განხორციელებული ინვესტიცია.
ა) საქმეში არ არის ინვესტიციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულება
როგორც ზემოთ აღინიშნა, წერილობით დადებული საინვესტიციო ხელშეკრულება ან ამგვარი ზეპირი ხელშეკრულების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულება არ არსებობს.
ბ) ივანიშვილის „ინვესტიციის“ შესახებ მიუთითებენ მხოლოდ თვითონ ივანიშვილი და მისი „ხელქვეითები“
როგორც ზემოთ ასევე აღინიშნა, ბრალდების პოზიციას, რომ თითქოს „ქართუ ბანკის“ 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი ბაჩიაშვილის კომპანიის მიმართ ივანიშვილის ინვესტიცია იყო, ადასტურებენ მხოლოდ ივანიშვილი, მისი ხელქვეითები - „ქართუ ბანკის“ იმდროინდელი გენერალური დირექტორი და ამჟამად სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნატო ხაინდრავა და მისი იმდროინდელი მოადგილე დავით გალუაშვილი, აგრეთვე, მისი ადვოკატი - თეიმურაზ წიქვაძე. მათგან პირდაპირი ჩვენება მხოლოდ ივანიშვილისაა, დანარჩენების ჩვენებები ირიბ ჩვენებებს წარმოადგენს. ისინი, 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხთან დაკავშირებით ივანიშვილსა და ბაჩიაშვილს შორის ურთიერთობის უშუალო შემსწრეები არ ყოფილან და მათი ინფორმაციის წყარო თვითონ ივანიშვილია.
შესაბამისად, მათი ჩვენებები, ობიექტური დამკვირვებლის თვალთახედვით, მაღალ ნდობას ვერ დაიმსახურებს, მით უმეტეს, რომ თითოეული მათგანი, ამა თუ იმ ფორმით, ივანიშვილის „ხელქვეითია“, ორი მათგანი ივანიშვილის ბანკის მოხელეა, რომლებსაც ივანიშვილი, მისივე თქმით „დავალებებს აძლევს“ ხოლმე; ხოლო, ერთი - ივანიშვილის მიერ სახელშეკრულებო საფუძველზე დაქირავებული ადვოკატი. ეს უკანასკნელი, მისივე განცხადებით, ივანიშვილის წარმომადგენელი 2023 წელს გახდა, მანამდე ივანიშვილთან კონტაქტი არ ჰქონია და 2015 წლის მოვლენების თვითმხილველი, ცხადია, არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, საქმეში მისი მოწმედ ჩართვის საკითხიც გაუგებრობას იწვევს.
გ) ბაჩიაშვილის კომპანიისათვის სესხად გაცემული 5 მილიონი აშშ დოლარი ივანიშვილის საკუთრება არ იყო და ვერ იქნებოდა
როგორი დე ფაქტო ურთიერთობებიც არ უნდა ყოფილიყო და არის ივანიშვილსა და „მის“ ბანკს შორის, მათ შორის, იმის გათვალისწინებით, რომ, როგორც ივანიშვილის წარმომადგენელმა წიქვაძემ სასამართლოში განაცხადა, ივანიშვილი 2015 წელს „ქართუ ბანკის“ ბენეფიციარი მესაკუთრე იყო, ეს არ ნიშნავს, რომ ბანკის ქონება ივანიშვილის ქონებაა. „ქართუ ბანკი“, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ბანკი საქართველოში სააქციო საზოგადოების ფორმით არის დაფუძნებული. იმ დროს და დღესაც მოქმედი კანონმდებლობით სააქციო საზოგადოების პარტნიორების პასუხისმგებლობა შეზღუდულია მათ საკუთრებაში არსებული აქციებით და პარტნიორები საზოგადოების ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე პასუხს არ აგებენ.
მასადამე, საკუთრება 5 მილიონ აშშ დოლარზე „ქართუ ბანკს“ ჰქონდა და არა ივანიშვილს. შესაბამისად, ივანიშვილი ვერ მოითხოვს ამონაგებს იმ ფულადი სახსრებისგან, რომლებიც მის საკუთრებას არ წარმოადგენდა. საუკეთესო შემთხვევაში, ასეთი ამონაგების მოთხოვნის უფლება, სათანადო საინვესტიციო ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში, ექნებოდა „ქართუ ბანკს“ და არა მის ბენეფიციარ მესაკუთრეს.
ის, რომ ივანიშვილი, თავისივე აღიარებით, „დავალებებს აძლევდა“ „ქართუ ბანკის“ გენერალურ დირექტორს, ცალკე მსჯელობის საგანია კორპორაციული მმართველობის სტანდარტებისგან გამომდინარე, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებისმიერი ბანკი „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.
დ) არ არსებობს „მითვისების“ და „უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის“ შემადგენლობა
სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილი დანაშაულს, სახელწოდებით „მითვისება“, განმარტავს, როგორც „სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას, თუ ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში და გამგებლობაში იმყოფებოდა“.
ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ელემენტია, რომ ნივთი ან ქონებრივი უფლება „სხვისი“ უნდა იყოს. საკუთარი ნივთის ან ქონებრივი უფლების მითვისება შეუძლებელია. გიორგი ბაჩიაშვილს ბრალად ედება, რომ მან მიითვისა ივანიშვილის ქონებრივი უფლება ბიტკოინების მიმართ, მაშინ, როდესაც:
1) 5 მილიონი აშშ დოლარი, როგორც უკვე ვთქვით, „ქართუ ბანკის“ იყო და არა ივანიშვილის;
2) 5 მილიონი აშშ დოლარის მსესხებელი ბაჩიაშვილის კომპანია Mission Gate Inc.-ი იყო და არა პირადად ბაჩიაშვილი;
3) ფულადი თანხა, რომელიც „ქართუ ბანკმა“ სესხის სახით Mission Gate Inc.-ს გადასცა, ამ კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხვის მომენტიდან Mission Gate Inc.-ის საკუთრება გახდა, რადგან სესხის ბუნება ისეთია, რომ ნასესხები ფული მისი მიღებისთანავე მსესხებლის საკუთრება ხდება, სხვა საკითხია, რომ მსესხებელს წარმოეშვება ვალდებულება, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი (იხ. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლი). შესაბამისად, თუ „მითვისებას“ მოინდომებდა, ბაჩიაშვილს მხოლოდ თავისი კომპანიის ფულადი სახსრების მითვისება შეეძლო, რასაც მას არც აბრალებენ.
შესაბამისად, ამ საქმეში „მითვისების“ შემადგენლობა არ არის და ვერც იქნებოდა იმ შემთხვევაშიც კი, თუნდაც ბაჩიაშვილსა და ივანიშვილს შორის რაღაც საინვესტიციო ხელშეკრულება არსებულიყო, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებაც, თვითონ ივანიშვილისა და მისი „ხელქვეითების“ ჩვენებების გარდა არ არსებობს.
რადგან არ არის მითვისების შემადგენლობა, ვერ იქნება ვერც უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის შემადგენლობა, რადგან ეს უკანასკნელი პრედიკატი დანაშაულის - ამ შემთხვევაში „მითვისების“ არსებობაზეა დამოკიდებული.
ე) საუკეთესო შემთხვევაში ბრალდების მიერ მითითებული გარემოებები შეიძლებოდა ყოფილიყო სამოქალაქო დავის საგანი
გარემოებები, რომლებზეც მიუთითებს ბრალდების მხარე, საუკეთესო შემთხვევაში, შეიძლებოდა ყოფილიყო სამოქალაქო დავის საგანი, ოღონდ არა ივანიშვილსა და ბაჩიაშვილს, არამედ „ქართუ ბანკსა“ და Mission Gate Inc.-ს შორის"- ნათქვამია განცხადებაში.
6 ივლისს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
პროკურატურა თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილის ბიძინა ივანიშვილის ფულის მითვისებას ედავება.
ბაჩიაშვილი 2013-2019 წლებში თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი იყო, ამჟამად კი მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებს.
პროკურატურა მას 39 მილიონი დოლარის მითვისებას ედავება.
პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა 2015 წლის ზაფხულში, მის მიერ პირადად მობილიზებული და ინვესტორის მიერ გადაცემული თანხებით კრიპტოვალუტა - ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია განახორციელა.
სასამართლომ ბაჩიაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით 2.5 მილიონი ლარი შეუფარდა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბაჩიაშვილს ქვეყნის დატოვებაც აეკრძალა.