კმარა! ოპოზიციის კრიტიკის დრო არ არის კი არა - ოპოზიციის დასამარების დროა, სწორედ ახლა!
თქვენ ხართ ქართული პოლიტიკის პარაზიტები და წურბლები. ლამის 70 დღის განმავლობაში ვერ დასხედით და ერთიანი - ჩვენი კი არა, თქვენი სტრატეგია ვერ შეიმუშავეთ.
პარაზიტირებთ რუსთაველზე მყოფი ხალხით. თქვენი ტელევიზიების პრაიმტაიმის დროს რომ გამოჩნდებით - ვითომ ხალხში ხართ და ვითომ შემთხვევით გადაგეყარათ თქვენი ჟურნალისტი - ეს გგონიათ პოლიტიკა? ყველაზე დაბალი დონის პოლიტექსპერტებად იქეცით. წლებია პოლიტიკა ეკრანზე გამოჩენა და კომენტარების კეთება გგონიათ.
რითი ჯობია სახელისუფლებო პროპაგანდისტულ მედიას თქვენი მედია? თქვენც რა, კასტა არ გყავთ, სულ ერთი და იმავე თქვენი კარის კომედიანტების, რომლებიც თანაბრად საუბრობენ ტრამპის პოლიტიკაზეც, გემოებსა და არომატებზე და საქართველოს მომავალზეც?
ისიც ვერ გაიაზრეთ, რა დაკვეთით დგას ხალხი ქუჩაში და ამ დაკვეთის შესასრულებლად რა უნდა გააკეთოთ. რეალობა არის ის, რომ უმეტესობა თქვენგანი პოლიტიკურად უვიცი, მედროვე, კონფორმისტი და ამავდროულად უტრაკოა. ამ უტრაკობას ბევრი ახსნა აქვს - პირველი და მთავარი ის არის, რომ პოლიტიკა სათბური გგონიათ. თურმე სწუხან ტიპები, რომ ბოლო თვეები კაპიკი შემოსავალი არ აქვთ. 12 წელია არ გვაქვს ადამიანებს სტაბილური შემოსავალი და რის ვაი-ვაგლახით ვახერხებთ ყოფას. ამან როდის შეგაწუხათ სკოლის მერხებიდან თუ აუდიტორიებიდან პირდაპირ პოლიტიკაში მოხვედრილებო?
ზოგიერთი თქვენგანი ზვიადის, ზოგი შევარდნაძის ეპოქიდან ზის პარლამენტში და რა მიეცით სანაცვლოდ სახელმწიფოს? უამრავი შეცდომა, რომელიც დღეს დანაშაულად ფასდება. ამ ხნის განმავლობაშიც კი ზოგიერთი თქვენგანი ერთ თვეში იმდენ ჯამაგირს იღებდა, საქართველოს რიგითი მოქალაქე ათი წელი რომ ვერ გამოიმუშავებს და რა სინდისით გვესაუბრებით ზემოდან და კიდევ კომფორტში ყოფნას ითხოვთ?
კომფორტში ყოფნას რომ ითხოვთ და გსურთ ამის დასტურია ეს 70 დღე.
რაზე ვერ შეთანხმდით? რა არის შეუთანხმებელი იმაში, რაც არის ამ პროტესტის მთავარი მოთხოვნა - ვადამდელი არჩევნები და რეჟიმის პატიმრების გათავისუფლება? რაზე ვერ შეთანხმდით, იმაზე რომ თქვათ - არ არსებობს ახლა ცალკე არც ერთი პარტია და ყველა ერთი, საქართველოს პარტია ვართო? იმაზე ვერ თანხმდებით, რომ ხალხს უთხრათ - ხვალ რომ არჩევნები დაინიშნოს მაგრად ფეხებზე გვკიდია ვინ იქნება სიაში, რა ნომერი იქნება "ოცნების" მთავარი ვიზავი პოლიტიკური ძალა - საქართველო, მთავარია ეს ჭირი მოვიშოროთო? მაგრამ არა.... ეგ როგორ შეიძლება.... სია და გარანტიები გჭირდებათ, რომელიც მიშამ ციხიდან უნდა წეროს, სხვა ლიდერებმა კი საკუთარ ბუდუარებში...
თქვენ რომ სახელმწიფოს გამარჯვება გინდოდეთ, ამდენი ხანი გამართავდით ყრილობებს, მადლობას გადაუხდიდით თითოეულ ამომრჩეველს გამოხატული ნდობისთვის და დემოკრატიულად არჩევდით თქვენივე პარტიების ლიდერებს. თქვენ ვერ ხვდებით, რომ დამარცხებულები უნდა წავიდნენ და ივანიშვილისგან ითხოვთ იმავეს? რამდენჯერ უნდა დამარცხდეთ და რეალურად დაამარცხოთ ქართველი ხალხი რეჟიმთან ერთად? მაგრამ თქვენც ხომ საბჭოთა მოქალაქეები ხართ, საბჭოთა მენტალობის ოპოზიცია, რომელიც ბრეჟნევივით უნდა მოკვდეს გენმდივნის პოსტზე. ჰო, თუმცა რატომ წახვალთ, მართლები ხართ - ამას ვერ იზამთ, არ შეგიძლიათ, რადგან პოლიტიკა თქვენთვისაც ბიზნესი და პირადი კეთილდღეობის უზრუნველყოფის გარანტიაა.
თქვენ რომ პოლიტიკური სინდისი გქონდეთ, ყველა - ვინც ამომრჩეველს არწმუნებდით, რომ არჩევნები არ გაყალბდება, საჯაროდ მოიხდიდით ბოდიშს და წახვიდოდით პოლიტიკიდან, რადგან ეს არ არის შეცდომა, ეს არ არის "მაჭამეს" - ეს დანაშაულია. ბევრ წინა არჩევნებსაც გაგახსენებთ - ეს განცხადებები ადრეც გიკეთებიათ. ადრეც, არა ერთხელ მოატყუეთ თქვენი ამომრჩეველი ცრუ მოლოდინებითა და დაპირებებით.
ახლა რას აკეთებთ? ახლა ტელევიზიებიდან ტელევიზიებში დაატარებთ ივანიშვილის ექსმეხოტბეებს, რომლებმაც შექმნეს ის სისტემა, რომელმაც 15 წლის ლუკა სირაძეს ათქმევინა "ამ ცხოვრების დედაცო"... მის მკვლელობაში (!) მონაწილეობა მიიღო ყველამ - მასწავლებელმა, დირექტორმა, რიგითი პოლიციელმა, მინისტრმა, სკოლის მფლობელმა საფინანსო ჯგუფმა, მაგრამ თუ კარგად დაფიქრდებით თქვენ დღეს თავიდან კლავთ ამ ბავშვს იმით, რომ რეჟიმის ექსმსახური მონების აზრს გვტენით თქვენი ტელევიზიებიდან. ჰო, ისიც საკითხავია, არიან კი ექსმსახურები? იქნებ ყველაზე დიდ სამსახურს უწევენ ახლაც საკუთარ ბოსს და კერპს.
იცით, კიდევ რატომ ხართ ჩასარეცხები - აი, ახლა, ადამიანებს უსჯიან გაზაფხულის ამბების გამო და რას აკეთებთ? რა გააკეთეთ? დღემდე რა გააკეთეთ?
ცინიზმი - თურმე ისნის პოლიციის შეფის მოადგილე უდიერად მოქცევია ნიკანორ მელიას. თურმე, აქამდე ეს მისთვის არავის უკადრებია. საქმეც ეგ არის, რომ ჯერ ასეთი რამ არც უნდა თქვა პოლიტიკოსმა იქ სადაც ბოლო ორ თვეში შენს გვერდით 400-მდე ნაწამები ადამიანია. და, ნეტავ რატომ არ მექცევიან ისევე როგორც სხვებსო ეს აზრი უნდა გკლავდეს ადამიანს. თუმცა, ეს ფაქტიც ხომ ნათელი ინდიკატორია იმისა, რომ "ცნობილი" პოლიტიკოსები ხალხზე უფრო მაღლა დგანან და ხალხი დღესაც ანტურაჟად სჭირდებათ, სატელევიზიო ჩართვების დროს.
იქნებ დასხდეთ, მოიფიქროთ და ბოლო-ბოლო თქვათ, რა ვალი აქვს ქართველ ხალხს თქვენი, რომ გავისტუმროთ და მოშორდეთ ქართულ პოლიტიკას, რადგან არაფერი იცით და ვერაფერს აკეთებთ, ვერაფერს ქმნით.
70 დღეა ხალხი ქუჩაშია და ამ ხნის განმავლობაში თქვენს მიერ "გადმობირებული" 70 ადამიანი მანახეთ. ვერ! იმიტომ, რომ თქვენც არ იცით ხალთან როგორ და რაზე ისაუბროთ. ნეტავ ის მოგასმენინათ ხალხი რას საუბრობთ თქვენზე დაცვის თანხლებით რომ ჩაივლით ხოლმე მათ გვერდით.
ჰო, თქვენ რომ გცოდნოდათ, როგორ ესაუბროთ ხალხს, სახელმწიფოსთვის ეგზისტენციალური არჩევნების წინ პენსიებზე და ხელფასებზე არ დაიწყებდით საუბარს.
თქვენი მერკანტილური სურვილების მიღმა იცით რატომ ხართ დაბნეულები? იმიტომ, რომ რუსთაველზე, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში პროტესტის ანატომია არ გესმით და ეგ რომ გესმოდეთ, ხალხს უნდა იცნობდეთ. და თუ ხალხს ვერ გრძნობთ და მისი არ გესმით, როგორ ხართ პოლიტიკოსები?
ჩემთვის ნათელი და გასაგებია რასაც ელოდებით. ეს ბრძოლა ყველა ვარიანტში დასრულდება ლოგიკური შედეგით - არჩევნები აუცილებლად დაინიშნება და თქვენი ამოცანაა იქამდე მიიტანოთ თავი. რადგან, თუ ახლის შექმნის საშუალებას არ მისცემთ არავის (ამ საკითხში ოცნების და თქვენი ინტერესი ემთხვევა), მიგაჩნიათ რომ ამომრჩეველს იძულებულს გახდით ცუდსა და უარეს შორის თქვენ - ამ ეტაპზე ცუდს მოგცეთ ხმა. ჰო, სხვა ამოცანა არც გაქვთ ახლა.
ზუსტად ეს რომ არის და იყო ამოცანა, მაგიტომაც ვერ ახერხებთ და ვერ მოახერხეთ გაერთიანება. ამიტომაც, არ წამოგცდათ არასოდეს - ჩვენ წამებულ ვიქნებით საქართველოსთვის. ამიტომაც, თქვენმა ქედმაღლობამ არაფრით მოგცათ ერთმანეთის გვერდით დგომის შესაძლებლობა.
დრო კი არ ქმნის გმირებს, არამედ გმირები ქმნიან ეპოქებს. ამას რომ ვიაზრებ საოცრად პატარებად მეჩვენებით.
ვიცი, ბევრი ჩემი მეგობარი და ახლობელიც წამოგაბურთავეთ ახლა და ალბათ გეწყინებათ, რადგან თქვენი დამოკიდებულებები პროცესისადმი ჩემთვის ცნობილია. მაგრამ რა გიყოთ, თქვენც გეუბნებით - გმირები ქმნიან ეპოქებს და თუ ახლა ჩუმად ყოფნას, ან გუნდში გარჩევებს არჩევთ და სწორ გადაწყვეტილებებს ვერ იღებთ, თქვენც ხელს უწყობთ რეჟიმის სიძლიერეს და ჩემთვის ყველანი ივანიშვილის მოკავშირეები ხართ. თუმცა ის ვიცი, რომ ჩემზე და ჩემისთანებზე მაღლა დგახართ. ჰო, თქვენც შესაძლოა, გაგიკვირდეთ, ხვალ რომ მხოლოდ ყვირილი გაკმარათ რომელიღაც პოლიციის უფროსმა თუ მოადგილემ...
და ბოლოს, წინასაარჩევნოდაც და მერეც, ვცდილობდი ვყოფილიყავი მაქსიმალურად მოზომილი ოპოზიციის მიმართ, მხოლოდ იმის გამო, რომ ჩემთვის ცნობილი ცალკეული სიდამპლე გარეთ არ გამომეფინა და ერთი ხმაც კი არ დაკარგულიყო. მეგობრებთან ერთად და მარტომ შემოვიარე ლამის ნახევარი საქართველო, ხვეწნა-მუდარით და დარწმუნებით - გააკეთეთ ევროპული არჩევანი. ოპოზიციამ კი ეს ყველაფერი - განა ჩემი, ათასობით ჩემზე გონიერის, გულანთებულის მარცვალ-მარცვალ შეგროვებული - ქარს გაატანეთ. ვიხვეწებოდი, გეფიქრათ იმაზე, თუ რა მოხდებოდა არჩევნების გაყალბების ან შედეგების გადაწერის შემთხვევაში... თქვენ, თქვენი ეგზიტპოლების მერე ჯერ გამარჯვებები იზეიმეთ და მერე - „ახლა შევიკრიბებით და ვიფიქრებთო“. არჩევნების დღეს, 12 საათისთვის ვეცადე ყველასთვის მომეწვდინა ხმა და საჯაროდაც დავწერე, რომ"ოცნება" 56 პროცენტი დაიწერდა - ყური არვინ შეიბერტყეთ, რადგან მთავარი იყო ოპოზიციურ ფლანგზე აგეღოთ პირველი ადგილი და მთავარ ოპოზიციურ ძალად დაფიქსირებულიყავით. და....
და ის, რომ თქვენ, ერთმანეთთან საუბარი და მოქმედება არ შეგიძლიათ, თქვენი უმოქმედობით 70 დღეა აძლიერებთ ივანიშვილის რეჟიმს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოწყობილი რეპრესიების თანამონაწილეები ხართ. ამიტომაც უნდა ჩაირეცხოთ! ამიტომაც თქვენი ადგილიც იქ არის სადაც ოცნების, ოცნების ადგილი კი ისტორიულ სასაფლაოზეა.
ამ ომს კი ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ.
ჩვენ გავიმარჯვეთ თავისუფლებისთვის, მაგრამ თქვენს გარეშე და ეს უკვე თქვენი არჩევანია.
გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი
ნეიშენ ჯორჯია