საზმაუს სამეურვეო საბჭოს სახელით გაკეთებული განცხადება, რომელსაც ცხადია, რომ საბჭოს ყველა წევრი არ უჭერს მხარს - დიდაქტიკური და აღმზრდელობითი ხასიათისაა პროტესტის მონაწილეების მიმართ და განსაკუთრებით თვალშისაცემია ის მენტორული ტონი, რომლითაც ცდილობს სამეურვო საბჭოს სახელით ხალხს ესაუბროს „ქართული ოცნება“.
29 იანვრის აქციის ორგანიზატორების მიზნების ინტერპრეტირება ფრაზამდე - „გაიმარჯვონ საზმაუზე“ არის უზნეობა და იმ პროპაგანდის თვალნათელი დემონსტრირება, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი წლების განმავლობაში ახორციელებს.
საზმაუსგან ხალხი ითხოვს ინფორმაციისადმი ხელმისაწვდომობას, მიმდინარე პროცესების ობიექტურ გაშუქებას, საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც პოლიტიკური ძალის მხარდამჭერი პროპაგანდისტული საშუალების ხალხის სამსახურში დაბრუნებას. სტრატეგია არის ეს და არა „გამარჯვება საზმაუზე“. თუმცა, რეჟიმის მსახურებაში მყოფ საზმაუს სამეურვეო საბჭოსა და ხელმძღვანელობას, როგორც ჩანს მიაჩნიათ, რომ ხალხის სამსახურში დაბრუნება, მოვლენების ობიექტური გაშუქება და რეჟიმის მსახურებაზე უარის თქმა მათი დამარცხება იქნება.
საზმაუსგან ეთერების გახსნა არის სწორედ ღიად დეკლარირებული სტრატეგიის ტაქტიკური რეალიზება.
რაც შეეხება აქციების გაშუქების დამადლებას საზოგადოებისთვის, ყველასთვის ვინც თვალს ადევნებს საზოგადოებრივ მაუწყებელს კარგად არის ცნობილი, სარედაქციო ტენდენციურობა ამ მიმართულებით და ისიც თუ რამდენი ფაქტი დარჩა გაშუქების მიღმა და როგორ ხდებოდა და ხდება ცალკეული ფაქტების ინტერპრეტირება სახელისუფლებო პროპაგანდის პრიზმაში.
სამეურვეო საბჭო საუბრობს თანამშრომლების მიმართ ბულინგზე რაც ასევე არ შეეფერება სინამდვილეს. კრიტიკა და ქმედებების შეფასებები არ შეიძლება ჩაითვალოს ბულინგად. ერთეული ინციდენტები, რომელიც მეტწილად საზმაუს წარმომადგენლების მხრიდან იყო პროვოცირებული არ გასცდენია მორალურ და ეთიკურ ჩარჩობებს და ამის მიუხედავადაც კი პროტესტის მონაწილეების მიერ ყოველთვის ადეკვატურად ფასდებოდა.
სამეურვეო საბჭო (ნაწილი) მიიჩნევს, რომ თურმე გამოხატვის თავისუფლებას სცდება მოთხოვნა საზმაუს მენეჯმენტის შეცვლის შესახებ. როდესაც საზმაუს სამეურვეო საბჭო ასეთ აბსურდულ განცხადებას აკეთებს, ცხადი ხდება, რომ მათთვის გამოხატვის თავისუფლების არსი საერთოდ უცნობია.
აბსოლუტურად რელევანტურია რეჟიმთან აფილირებული პირების გადადგომის მოთხოვნა, რომლის კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე და საზმაუს არაფორმალური მმართველი ვასილ მაღლაფერიძე.
საზმაუს სამეურვეო საბჭოს რომ პარლამენტი ირჩევს ამის განმარტება აბსოლუტურად ცინიკურია, რადგან პარლამენტისგან კი არ ითხოვს ვინმე ახალი წევრების არჩევას. სამეურვეო საბჭოს წევრებისა და დირექტორის გადადგომის მოთხოვნა კი იმ პირობებში როდესაც მათი უმეტესობა რეჟიმის მსახურია, არის სრულიად ლეგიტიმური. შესაბამისად, სამეურვეო საბჭოს მიერ ამ საკითხის ინტერპრეტირება სრული დემაგოგიაა.
ცინიკურია საბჭოს განცხადება, „საზოგადოებრივი მაუწყებლობის იდეა ის არის, რომ მთელი საზოგადოების ინტერესები გამოხატოს. კერძო ტელევიზიებისაგან განსხვავებით, მას არ აქვს უფლება, ერთი პოზიციის ან რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის გამხმოვანებელი იყოს“. ამ განცხადების ცინიზმი იმაში მდგომარეობს, რომ საზოგადოება სწორედ, რომ „მთელი საზოგადოების ინტერესის გამოხატვას“ მოითხოვს და არა მხოლოდ რეჟიმისას. მაშინ როდესაც საზმაუს წარმომადგენლები ღია ეთერებში პირდაპირ ცდილობენ რეჟიმის ინტერესების დაცვას, სახალხო პროტესტის მარგინალიზებას, წარმოჩნდებიან როგორც მხარე - სამეურვეო საბჭო საკუთარ თავს უფლებას აძლევს, ისაუბროს იმაზე, რომ საზმაუ გამოხატავს ყველას ინტერესს. ესეც მორიგიო დემაგოგიური განცხადებაა საბჭოს მხრიდან.
რაც შეეხება „მსოფლმხედველობრივი მრავალფეროვნება“-ს, აქაც ყველაფერი ცალსახადაა ნათელი, როდესაც ამ მრავალფეროვნებაში „ოცნება“ მუდამ კარგია, რა სახალხო პროტესტის მონაწილეთა პოზიცია მუდამ ცუდი.
რაც შეეხება პოლარიზაციას - ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, რომ საზმაუ წლების განმავლობაში ამ პოლარიზაციის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო საკუთარი სარედაქციო და საინფორმაციო პოლიტიკით, რომელსაც „ქართული ოცნების“ ღია მხარდამჭერებით დაკომპლექტებული მენეჯმენტიც და საინფორმაციო სამსახურის მიმართულების ხელმძღვანელების მეშვეობით ახორციელებდა. საზმაუს საინფორმაციო და სხვა მიმართულებების ხელმძღვანელებს არა ერთხელ დაუფიქსირებიათ სხვისი დამამცირებელი პოზიციები საჯარო სივრცეებში, ისევე როგორც ღიად და საკმაოდ ცინიკურად გამოუხატავთ საკუთარი პოზიცია „ქართული ოცნებისაგან“ განსხვავებული „მსოფლმხედველობისა“ და პოლიტიკური გემოვნების ადამიანების მიმართ. ამავდროულად, როდესაც სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე არის მმართველი პარტიის ღია იდეოლოგი და მისთვის აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი განსხვავებული აზრი - მისსავე ნაკვებ პოლარიზაციაზე საუბარი ცინიზმის ფარგლებსაც სცდება.
მორიგი დემაგოგიის თვალნათელი მაგალითია განცხადებაში მოყვანილი მოსაზრება: ქალაქის ცენტრში, მთელი საზოგადოების თვალწინ მიმდინარეობს მედიის ბულინგი და ჩაქოლვა მხოლოდ იმიტომ, რომ იქიდან განსხვავებული აზრი არ გაისმას“. დიახ ეს არის დემაგოგია, რადგან საზოგადოება, თავად ითხოვს საზმაუს ეთერების გახსნას განსხვავებული აზრისთვის. ამ შემთხვევაში საბჭოს და „ქართული ოცნების“ პრობლემა ის არის, რომ რეალური განსხვავებული აზრის დაშვება საზმაუზე მნიშვნელოვნად დააზიანებს, იმ პროპაგანდისტულ პოლიტიკას, რომელსაც საზმაუ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ატარებს.
და მაინც, რადგან განცხადების ბოლოს ისევ საუბარია საზმაუზე „გამარჯვებაზე“ მოკრძალებულად შევნიშნავ: დიახ, განსხვავებული აზრის დაშვება ხალხის ტელევიზიაში ხალხის გამარჯვება იქნება.
საზმაუს სამეურვეო საბჭოს მორიგო დემაგოგიური განცხადების შემდეგ ხალხი უფლებას იტოვებს თქვას: არ გათეთრდების ყორანი, ან უფრო გასაგებად: „ვასიკო -ვასიკოა, თინა -თინაა“...
და მაინც საბჭოს ჭმუნვას აშკარად ატყვია ვასიკოს პარტიული კალამი...
ზუკა ნემსაძე, ჟურნალისტი