გოჩა მირცხულავა: სალომე ზურაბიშვილის დავარცხნილი რაღაცა დებულებები საერთოდ აცდენილია დღევანდელ რეალო
შიშველ სხეულზე მატარებდნენ მეტალოდეტექტორს, ხაზგასმული აგრესია და ძალადობა იყო პოლიციის მხრიდან - ახლა მოულოდნელად მითხრეს, გადიო, ადვოკატთანაც არ დამარეკინეს, - ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გათავისუფლების შემდეგ „ნოდარ მელაძის შაბათში“ განაცხადა.
როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, "სახეზე იყო ცინიკური ძალადობა".
„როგორც დაკავებისას არ განმიმარტეს არაფერი, ისე გამოსვლისას არაფერი განმიმარტეს, თუმცა, ეს გასაკვირი არ არის, იმდენი უკანონო პატიმარი გვყავს, იმდენი არასათანადო მოპყრობა, წამებაა, რომ ეს ნამდვილად არ მიკვირს. მოულოდნელად მითხრეს, გადიო, ადვოკატთანაც არ დამარეკინეს, მარტო გამოვედი.
არ მინდა, ჩემი პერსონის გარშემო იყოს, რა თქმა უნდა, არც არაფერი დამაკლდა, პასუხიც კარგად გავეცი და ძალიან კარგად ვარ, არაფერი მიჭირს. ამაზე საუბარი საჭიროდ ჩავთვალე, რადგან ეს არის მანკიერი, საშინელი, არაადამიანური მოვლენაა. წარმომიდგენია, ადამიანებს, რომელთაც საშუალება არ აქვთ ტელევიზიით ისაუბრონ, შიში შეიპყრობს. მე მაინც გამოცდილი ვარ, ჩემთვის სიახლე არ არის, ამ კედლებში ვინ უნდა შეაშინონ?! ეს არის პოლიცია, რომელიც კაციან-ქალიანად კახეთის გზატკეცილზე განყოფილებაში პირდაპირ ძალადობაზე გადავიდნენ, სიტყვიერი და ფიზიკური [ძალადობა] იყო, მათ შორის, სახეზე შემეხნენ, კბილებზე... იქ იყვნენ ნინო ჩხარტიშვილი და დავით ბოლოთაშვილი, მითხრეს, უნდა გაგჩხრიკოთო, ვუთხარი, ჯიბეები შეგიძლიათ ნახოთ, მაგრამ თქვენთან არ ვთანამშრომლობ-მეთქი, ამის შემდეგ გადამიღუნეს ხელები, შემიკრეს უკან, ვეიპი მქონდა, ამ ვეიპის ამოგლეჯისას კბილებზე, სახეზე იყო ძალადობა, ცინიკური ძალადობა. ყოველ წამიერად თავში მქონდა, ადამიანები, რომლებიც ამას ვერ ჰყვებიან, როგორ შეიძლება ეპყრობოდნენ. მერე უკვე, აქ [იზოლატორში] ჩაატარეს პროცედურა სამარცხვინო, დამამცირებელი, გამაკავეს, ორივე ხელი უკან შემიკრეს, ორი ადამიანი მაკავებდა და მესამე მაშიშვლებდა.
აქ [იზოლატორში] შესვლისას მქონდა წნევა, ღებინების ეპიზოდი... საპირფარეშოში არ გამიშვეს და ზუსტად ამ წნევის ფონზე იყო ეს რაღაც ძალადობის ეპიზოდი, როცა ორი პოლიციელი - ნინო ჩხარტიშვილი მაკავებდა, ასევე ვიღაც სხვა პოლიციელი და მესამე მხდიდა. შიშველზე მეტალოდეტექტორს მატარებდნენ, ხაზგასმული აგრესია და ძალადობა იყო მათი მხრიდან. მე არაფერი დამაკლდა, პასუხიც კარგად გავეცი, ეს მათაც კარგად იციან, მაგრამ ჩვენი მოქალაქეები მსგავსი პოლიციელებისგან უნდა დავიცვათ, უნდა ვამხილოთ, სწორედ ამიტომ ვსაუბრობ სახელებით და გვარებით. ყველას ამოცნობა შემიძლია სახეზე, საკმაოდ დიდი ხანი გავატარე, საკმაოდ ცინიკურები იყვნენ, სახელები და გვარები ვკითხე, ორის ვიცი მხოლოდ. ნინო ჩხარტიშვილი იყო, როგორც იქ ძალადობის ეპიზოდში, პოლიციაში, ასევე აქ [იზოლატორში], გაშიშვლების ეპიზოდში, ის გამოიძახეს პირადად, საათნახევარი ველოდებოდით მის მოსვლას. დავით ბოლოთაშვილი ასეთი აგრესიული არ იყო, მაგრამ ნინოს ეხმარებოდა და სახეზე ვერ შეიკავა თავი აგრესიისგან“, - აღნიშნა ხოშტარიამ.
რაც შეეხება შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ელენე ხოშტარიას დაკავებისას სავარაუდოდ კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება აღმოჩნდა, რასაც ექსპერტიზა უტარდება, თავად ელენე ხოშტარია აღნიშნავს, რომ რომ ეს ინფორმაცია „სასაცილოა“.
„როცა ჩემგან ინფორმაცია გავრცელდა, მათ ჩათვალეს საჭიროდ, რომ რაღაც უნდა ეთქვათ. მე, ზოგადად, ბევრი წამალი მაქვს გამოწერილი, რომელიც აუცილებელია ჩემთვის, თან მქონდა წამლები, ერთ-ერთი ტაბლეტი, არ ვიცი, ზუსტად რომელია, ალბათ, იქ ეგდო. ჩემთვის არ არის საინტერესო, არც ის, რას იტყვიან, ამიტომ დღეს სასამართლოშიც არ წავედი, ხაზგასმით უარი ვთქვი სასამართლოში წასვლაზე, არ ვეთანამშრომლები ამ სისტემას, არც მათი ექსპერტიზა არ მაინტერესებს, არანაირი აკრძალული ნივთიერება არ მქონია და არც მექნება, ეს არის წამლები, რომელიც გამოწერილი მაქვს“, - აღნიშნა ხოშტარიამ გათავისუფლების შემდეგ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვარაუდობს, რომ ყველაფერი, რაც მის გარშემო მოხდა, შურისძიებაა.
„ერთი არის შურისძიება, ნერვები ეშლებათ პროტესტზე, იმაზე, რომ ხალხი არ ჩერდება. მეორე, ეს არის ზოგადად გზავნილი, სისტემა, რომელსაც ხალხის მხარდაჭერა არ აქვს, ძალადობის ინსტრუმენტებს იყენებს, სხვები რომ დააშინოს, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, საჯაროდ ვილაპარაკო, ჩვენს პარტნიორებს ვესაუბროთ...“, - განაცხადა ხოშტარიამ.
კითხვაზე - აპირებს თუ არა პოლიციელების წინააღმდეგ დავას, ხოშტარია პასუხობს: „საქართველოში არა, საქართველოში არ არსებობს სამართლებრივი სივრცე.... შესაბამისად, აქ არ ვაპირებ სამართლებრივ პროცედურებს, მაგრამ ეს ადამიანები რომ დაისჯებიან, ამას გარანტიას ვაძლევ“.
„პირადი შურისძიება არც მაქვს, მაგრამ ეს მოვლენა, ეს სისტემა - ყველა ვინც, ჩვენი მოქალაქეების მიმართ დამწყვდეულზე ოთახში ძალით ჯაბნის, შეურაცხყოფს, ბრაზდება, რადგან ქუჩაში ვერ ერევა - ყველა ეს ადამიანი უნდა დაისაჯოს“, - განაცხადა ხოშტარიამ „ტვ პირველთან“ დროებითი მოთავსების იზოლატორის დატოვების შემდეგ.