რატომ აღარ განმეორდება 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერი და რატომ ვერ ჩამოშლის პროტესტი ძალოვან სისტემას?
მარნეულში არასრულწლოვანი შვილიშვილის ქორწინების იძულების ბრალდებით ქალი დააკავეს
Politico: ევროკავშირი ოთხი კანდიდატი ქვეყნისთვის გაწევრიანების საგზაო რუკებს ამზადებს, საქართველო მათ შორის არ არის
ტრამპი ბრიტანეთში აშშ-ის ავიაბაზასთან დაკავებულებზე: ისინი სერიოზული ზიანის მიყენებას გეგმავდნენ
გიგა ბოკერია კობახიძის განცხადებაზე: ჩუმად როგორ შეხვდა ტრამპს, არ ვიცი, ამ ხელისუფლების პირობებში დასავლეთთან ურთიერთობების ნორმალიზება გამორიცხულია
დათო გამცემლიძე: აზერბაიჯანთან ურთიერთობის გაფუჭება დაუშვებელია, მაშინაც კი, როდესაც ათასგზის მართალი ხარ
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა, ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება
ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა

დათო გამცემლიძე: აზერბაიჯანთან ურთიერთობის გაფუჭება დაუშვებელია, მაშინაც კი, როდესაც ათასგზის მართალი ხარ

ნახვები: 226 დათო გამცემლიძე: აზერბაიჯანთან ურთიერთობის გაფუჭება დაუშვებელია, მაშინაც კი, როდესაც ათასგზის მართალი ხარ
 

ჟურნალისტი დათო გამცემლიძე დავითგარეჯის საკითხთან დაკავშირებით აზერბაიჯანთან წარმოქმნილ დაძაბულობას ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობის შენარჩუნება. მისი შეფასებით, ტერიტორიული დავის მართვას პოლიტიკური რეალიზმი, დიპლომატიური მოქნილობა და პრაგმატიზმი სჭირდება და არა საჯარო დემარშები, რომლებმაც შესაძლოა ქვეყნის ინტერესები დააზიანოს.

გამცემლიძე წერს, რომ დავითგარეჯის საკითხში საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები განსაკუთრებით ფრთხილი უნდა იყოს რუსული აგრესიისა და აზერბაიჯანზე ენერგეტიკული დამოკიდებულების გათვალისწინებით.

„განა შეაგნებინებ, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, უბრალოდ დამღუპველია აზერბაიჯანთან ურთიერთობის ასე ერთმნიშვნელოვნად, ღიად ჩაოხრება, როდესაც რუსული აგრესიის ფონზე სასიცოცხლოდ ხარ დამოკიდებული მასზეც და მის უფროს ძმა თურქეთზეც?“ - წერს ჟურნალისტი.

მისი თქმით, ნაცნობი ექსკურსიამძღოლის მონათხრობის მიხედვით, 2006 წლამდე ტურისტებს დავითგარეჯის იმ ნაწილში გადაადგილება თავისუფლად შეეძლოთ, რომელსაც აზერბაიჯანი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს. გამცემლიძე აღნიშნავს, რომ მოგვიანებით ამ ტერიტორიაზე უნებართვო სამშენებლო და სხვა მოქმედებებმა ბაქოს უკმაყოფილება გამოიწვია, რასაც გადაადგილების შეზღუდვები და აზერბაიჯანელი მესაზღვრეების განთავსება მოჰყვა.

ჟურნალისტის შეფასებით, იმდროინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რთული არჩევანის წინაშე იდგა: ერთი მხრივ, დავითგარეჯის საკითხის მიმართ საზოგადოებრივი დამოკიდებულება უნდა გაეთვალისწინებინა, მეორე მხრივ კი, აზერბაიჯანთან ურთიერთობის გამწვავება აერიდებინა თავიდან.

გამცემლიძე იხსენებს, რომ რუსეთის მხრიდან მზარდი საფრთხის პირობებში აზერბაიჯანი საქართველოსთვის ბუნებრივი აირის უმნიშვნელოვანესი მომწოდებელი იყო. მისი შეფასებით, გაზის მიწოდების შეწყვეტას ან ფასის ზრდას ქვეყნისთვის მძიმე შედეგები შეიძლებოდა მოჰყოლოდა.

„ამიტომ მიშა ლავირებდა, მანევრირებდა, ნემსის ყუნწში ძვრებოდა, ეშმაკობდა, PR-სვლებს აკეთებდა, ნარატივს აბუნდოვანებდა, ალიევს „აბოლებდა“, სიტყვიერ შეთანხმებებს საჯაროდ ინტერპრეტირებდა, რათა ამ დილემაში რაღაცნაირად „ბალანსი“ დაეცვა და ქვეყანა უარესი განსაცდელიდან „გამოეძვრინა““, - წერს გამცემლიძე.

მისი აზრით, ტერიტორიულ საკითხებში საკუთარი პოზიციის სისწორე არ გამორიცხავს დიპლომატიური ტაქტიკის აუცილებლობას.

„ყველგან, ყოველთვის, თუნდაც ათასგზის მართალი როცა ხარ (და ხარ, ნამდვილად, ამას ვინ უარყოფს?!), აუცილებელია პოლიტიკური ტექნოლოგია, რეალიზმი, ხშირ შემთხვევაში კულუარული მოქმედება, მანევრირება, მოქნილობა, დიპლომატიური „თეიკები“ და არა საჯარო ისტერიკა“, - აღნიშნავს ჟურნალისტი.

გამცემლიძე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა უწყების ბოლო განცხადებას საქართველოსთვის მკვეთრ დიპლომატიურ პასუხად აფასებს და მიიჩნევს, რომ ასეთი შედეგის თავიდან აცილება უფრო ფრთხილი მოქმედებით შეიძლებოდა.

ამასთან, ჟურნალისტი დადებითად აფასებს დავითგარეჯის საკითხში მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიდგომას. მისი აზრით, კობახიძე, სააკაშვილის მსგავსად, ცდილობს, საკითხი დიპლომატიური გზით მართოს, თავი აარიდოს საჯარო დაპირისპირების გამწვავებას და სახელმწიფო ინტერესებისთვის შესაძლო ზიანი შეამციროს.

„ისევე როგორც მიშა თავის დროზე, პრემიერი კობახიძეც „ტექნოლოგიურად“ და დიპლომატიურად მოქმედებს, აბსოლუტურად უსარგებლო „რუკებს“ სულელურად არ ეძებს და არ აფრიალებს, „გარეჯი საქართველოა“ დებილურად პროვოკაციულ სამთავრობო კამპანიებს არ აგორებს, ისტერიკებს არ აწყობს, პრიორიტეტებს „აქ და ახლა“ სწორად ალაგებს“, - წერს გამცემლიძე.

წერილის დასასრულს ჟურნალისტი საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამოცდილებასაც იხსენებს და კითხვას სვამს, რატომ არ იყენებდნენ ბალტიის ქვეყნების დამოუკიდებლობის მოძრაობები 1989 წელს საქართველოში გავრცელებული ანტიიმპერიული ლოზუნგის მსგავს ფორმულირებებს.

ამ შედარებით გამცემლიძე კვლავ საკუთარ მთავარ მოსაზრებას უბრუნდება: მისი შეფასებით, ეროვნული ინტერესების დაცვა მხოლოდ საჯარო განცხადებებითა და მკვეთრი ლოზუნგებით არ შემოიფარგლება და პოლიტიკური მიზნის მისაღწევად მოქმედების ფორმასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა