დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის მიტროპოლიტი ზენონი მოსკოვის საპატრიარქოს მიერ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური იურისდიქციის აღიარებასა და ამ ტერიტორიებზე არსებულ რეალურ ვითარებას შორის წინააღმდეგობაზე საუბრობს. მისი შეფასებით, მოსკოვისთვის საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის ფორმალური აღიარება „პრინციპი კი არა, ინსტრუმენტია“, რომელიც რუსეთის ინტერესების შესაბამისად გამოიყენება.
მეუფე ზენონის პოზიციას ამ თემაზე, საპატრიარქოში, მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელტა ვიზიტის კონტექსტში, უცვლელად გთავაზობთ:
მოსკოვის საპატრიარქოს სიტყვა და საქმე
/აღიარება, რომელიც ინსტრუმენტად იქცა/
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის
საეკლესიო საკითხზე საუბრისას, თავიდანვე ორი რამ უნდა გაიმიჯნოს: რას აცხადებდა და აცხადებს მოსკოვის საპატრიარქო ოფიციალურად და რა ვითარება შეიქმნა ამ ტერიტორიებზე სინამდვილეში. თუ მოვლენებს პატრიარქ ალექსი II-ის დროიდან დღემდე გავადევნებთ თვალს, ნათლად დავინახავთ, რომ მოსკოვისთვის საქართველოს ეკლესიის კანონიკური იურისდიქციის აღიარება არა პრინციპი, არამედ ინსტრუმენტია. ის შენარჩუნებულია იმდენად, რამდენადაც მოსკოვის ინტერესებს ემსახურება და ნებისმიერ დროს შეიძლება ზეწოლის საშუალებად იქცეს.
2007 წლის მარტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II მოსკოვს ეწვია და უწმიდეს პატრიარქ ალექსი II-სთან ერთად საღმრთო ლიტურგია აღავლინა. ამ შეხვედრისას ილია მეორემ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილი პრობლემები საქართველოს ეკლესიის მთავარ პრობლემებად მოიხსენია და იმედი გამოთქვა, რომ ღვთის შეწევნით ისინი დაიძლეოდა. მანვე აღნიშნა, რომ ამ რეგიონების სასულიერო პირთა და მორწმუნეთა ნაწილი საქართველოს ეკლესიასთან კავშირს ინარჩუნებდა. მან რუსეთის პატრიარქს სთხოვა, თავისი ავტორიტეტით ხელი შეეწყო საქართველოს მთლიანობის აღდგენისა და ორ ერს შორის ნდობის განმტკიცებისათვის. ეს ის პერიოდი იყო, როცა ორი ეკლესიის მეთაურთა პირად ნდობასა და ძმურ ურთიერთობაზე ბევრს საუბრობდნენ. ამ ურთიერთობის მიღმა კი უკვე იდგა კონკრეტული საეკლესიო პრობლემა: აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საქართველოს ეკლესიის კანონიკური იურისდიქციის საკითხი.
2008 წლის ომამდე ილია II არაერთხელ იმეორებდა, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ეს საკითხი მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარებულიყო, რაშიც რუსეთის ეკლესიას წამყვანი ადგილი ეკავა. 2008 წლის მაისშიც პატრიარქი მოუწოდებდა: არ დაეშვათ რუსეთსა და საქართველოს შორის დაპირისპირება, რადგან კეთილმეზობლური ურთიერთობა ორივე ხალხს თანაბრად სჭირდებოდა.
2008 წლის ივნისში, ჯერ კიდევ ალექსი II-ის პატრიარქობისას, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელთა თვითნებური ქმედებების საკითხი განიხილა. 27 ივნისის სხდომის ოქმმა ასახა საქართველოს ეკლესიის სინოდის მიმართვა მოსკოვის საპატრიარქოსადმი, რათა აღკვეთილიყო რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელთა არაკანონიერი მოქმედებები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.
29 ივნისის ქადაგებაში ილია II-მ საკითხი უფრო დაწვრილებით განმარტა. მისი თქმით, აფხაზეთში რუსი სასულიერო პირები საქართველოს საპატრიარქოს დაუკითხავად აღასრულებდნენ მღვდელმოქმედებას, ხოლო ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის ტერიტორიაზე ზოგჯერ რუსი მღვდელმთავრებიც აღასრულებდნენ უნებართვო სხვადასხვა სახის აქტივობებს. სინოდმა განსაკუთრებით მიუღებლად მიიჩნია აფხაზეთიდან ახალგაზრდების რუსეთში ხელდასხმა და შემდეგ უკან, აფხაზეთში მათი დაბრუნება ღვთისმსახურებისთვის.
ამავე ქადაგებაში უწმიდესმა ისიც აღნიშნა, რომ პატრიარქ ალექსი II-ს არაერთხელ ჰქონდა წერილობით დადასტურებული, რუსეთის ეკლესიის მიერ ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის საქართველოს ეკლესიის განუყოფელ კანონიკურ ტერიტორიად აღიარება. ამიტომ გადაწყდა მოსკოვში მღვდელმთავართა ჯგუფის გაგზავნა, რათა აღნიშნული საკითხი უშუალოდ ალექსი მეორესთან განხილულიყო. ამრიგად, მოსკოვის საპატრიარქოს სიტყვასა და საქმეს შორის სხვაობა, 2008 წლის აგვისტოს ომამდე გაცილებით ადრე არსებობდა.
აგვისტოს ომის შემდეგ ვითარება არათუ დამძიმდა, იგი ძირეულად შეიცვალა. რუსეთის სახელმწიფომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებლობა" აღიარა. იმავე წლის დეკემბერში ალექსი II გარდაიცვალა. 7 დეკემბერს, მოსკოვში დაკრძალვაზე გამგზავრების წინ, ილია II-მ კიდევ ერთხელ თქვა, რომ ქართველი ერი ვერასოდეს შეურიგდებოდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნას. გარდაცვლილი პატრიარქი კი საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერის მეგობრად მოიხსენია, რისი თქმის საფუძველიც გარკვეულ მიზეზთა გამო არსებობდა. ასე დასრულდა ერთი ხანა, თუმცა პრობლემა გადაუწყვეტელი დარჩა.
მოსკოვის პატრიარქ კირილეს დროს რუსეთის ეკლესიის ოფიციალური პოზიცია არსებითად არ შეცვლილა. 2009 წელს მიტროპოლიტმა ილარიონმა (ალფეევი) განაცხადა, რომ პოლიტიკური საზღვრების ცვლილება საეკლესიო საზღვრებს არ ცვლის და აფხაზეთი საქართველოს ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიად რჩება. თუმცა იმავე განმარტებაში გამოჩნდა “არგუმენტი”, რომელმაც მომდევნო წლებში საკითხი კიდევ უფრო გაართულა. რუსული მხარის თქმით, ქართველ სასულიერო პირებს აფხაზეთში შესვლის საშუალება არ ჰქონდათ, ამიტომ რუსეთის ეკლესიას თავად უწევდა ადგილობრივი სამღვდელოებისთვის პასტორალური დახმარების გაწევა და მათთვის დროებითი კანონიკური სტატუსის მოძიება. ერთი შეხედვით, ეს შეიძლება პასტორალური საჭიროებით ნაკარნახევ ნაბიჯად მოეჩვენოს ვინმეს, თუმცა ეკლესიის კანონიკური წესრიგის თვალსაზრისით აქაც ჩნდება კითხვა: რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს დროებითი მდგომარეობა და როდის იქცევა იგი ახალ, ფაქტობრივ რეალობად? როცა “დროებითი დახმარება“ წლობით გრძელდება, მას დროებითს ვეღარ ვუწოდებთ.
არსებობს ლეგიტიმური კითხვა: რატომ არ ეძლევათ საშუალება ქართველ სასულიერო პირებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში აღასრულონ მსახურება? პასუხი მარტივია: მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ტერიტორიები რუსეთის მიერ ოკუპირებულია. ამდენად, “ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის” წინაღობა, რომელსაც მოსკოვის საპატრიარქო საკუთარი ყოფნის გასამართლებლად იშველიებს, თავად მოსკოვიდან მომდინარეობს. რასაკვირველია, რუსეთის სახელმწიფო და რუსეთის ეკლესია ფორმალურად ერთი და იგივე არ არის. თუმცა მოსკოვის საპატრიარქო ოფიციალური წერილებიდან აჩენს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის „დამოუკიდებლობა" მას აღიარებული აქვს. ისიც ფაქტია, რომ ამ წლების განმავლობაში რუსეთის ეკლესიას საკუთარი შესაძლებლობა და გავლენა არ გამოუყენებია იმისთვის, რომ ქართველ სასულიერო პირებს ამ ტერიტორიებზე მსახურების საშუალება მისცემოდათ. ნაცვლად ამისა, იგი თავად ავსებდა იმ სიცარიელეს, რომელიც ოკუპაციამ შექმნა. ამდენად, როცა სახელმწიფო ქმნის დაბრკოლებას, ეკლესია კი ამ დაბრკოლებას საკუთარი მოქმედების საფუძვლად აქცევს, „დროებითი პასტორალური აუცილებლობის" არგუმენტი სრულიად არადამაჯერებელია.
2013 წლის 21 იანვარს პატრიარქ კირილესა და ილია II-ის შეხვედრისას მოსკოვის საპატრიარქომ კვლავ დაადასტურა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული მდგომარეობა პასტორალური პრობლემაა და მისი მოგვარება ორი ეკლესიის ერთობლივი ძალისხმევით უნდა მოხერხდეს. ქართული მხარე რუსეთის ეკლესიის ამ პოზიციას მიესალმა.
2017 წელს გაჩნდა ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის იდეაც, რომელიც აფხაზეთის საეკლესიო მდგომარეობაზე უფრო კონკრეტულად იმუშავებდა. შემოთავაზებული იყო, რომ თითოეულ ეკლესიას ჯგუფში სამი წარმომადგენელი ჰყოლოდა. თუმცა ეს ინიციატივა განუხორციელებელი დარჩა. ამდენად, წლების განმავლობაში იყო აღიარებაც, დიალოგიც, შეხვედრებიც და პრობლემის მოგვარების სურვილის საჯარო გამოხატვაც, მაგრამ კვლავ საქართველოს ეკლესიის მიღმა იმყოფება ეს ორი რეგიონი.
2018 წელს კვლავ გაისმა კანონიკური აღიარება, თუმცა მუქარანარევ ენაზე. მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელს ჟურნალისტმა ჰკითხა, ხომ არ გადაიხედებოდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საეკლესიო სტატუსი, თუ საქართველოს ეკლესია უკრაინის ახლად გამოცხადებულ ეკლესიას აღიარებდა. მისი პასუხი განზრახ ორაზროვანი ჩანდა და საქართველოს საპატრიარქომაც მასში მუქარა ამოიკითხა. საპატრიარქოს განცხადებაში აღინიშნა, რომ ცხინვალის რეგიონში, რუსეთის სამხედრო ბაზაზე, ქართულ მხარესთან შეუთანხმებლად ტაძარი შენდებოდა, ხოლო აფხაზეთში რუსეთის ეკლესიის იურისდიქციაში მყოფი სასულიერო პირები პერიოდულად არაკანონიკურად აღასრულებდნენ მსახურებას. ამ ეპიზოდმა ცხადყო, რომ აღიარება, რომელსაც მოსკოვი წლების განმავლობაში კანონიკური წესრიგის ერთგულებად წარმოაჩენდა, სინამდვილეში ცარიელი სიტყვები იყო.
2019 წელს სიტყვასა და საქმეს შორის წინააღმდეგობა კიდევ უფრო მკვეთრად გამოიკვეთა. ილია II-მ პატრიარქ კირილეს წერილით მიმართა და გააპროტესტა ცნობა, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განლაგებულ რუსულ სამხედრო ნაწილებში რუსეთის სასულიერო სასწავლებლების კურსდამთავრებულ მოძღვრებს აგზავნიდნენ. წერილში უწმიდესმა კირილეს შეახსენა, რომ რუსეთის ეკლესია თავად აღიარებს ამ ტერიტორიებს საქართველოს ეკლესიის კანონიკურ საზღვრებად. შესაბამისად, საქართველოს ეკლესიის ნებართვის გარეშე სხვა ეკლესიის სასულიერო პირების იქ გაგზავნა მიუღებლად მიიჩნია. ეს უკვე თეორიული უთანხმოება აღარ იყო. თუ ტერიტორია კანონიკურად საქართველოს ეკლესიას ეკუთვნის, მისი თანხმობის გარეშე იქ სხვა ეკლესიის მოძღვრის გაგზავნა სწორედ იმ პრინციპს ეწინააღმდეგება, რომელსაც მოსკოვის საპატრიარქო სიტყვით აღიარებს. თანაც ეს მოძღვრები რუსულ სამხედრო ნაწილებში იგზავნებოდნენ, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად მჭიდროდაა გადაჯაჭვული ამ საქმეში რუსეთის ეკლესიისა და სახელმწიფოს ინტერესები.
2021 წელს აფხაზეთის ადგილობრივმა სასულიერო ჯგუფმა მოსკოვის საპატრიარქოს აფხაზეთის საეკლესიო სტატუსის განსაზღვრა სთხოვა. რუსეთის ეკლესიის პასუხი კვლავ კანონიკური საფუძვლის აუცილებლობას ეყრდნობოდა და აფხაზეთის ცალკე ეპარქიად მიღებას არ გულისხმობდა, თუმცა რუსული მხარე ადგილობრივი მოსახლეობის ნების გათვალისწინებაზეც საუბრობდა. საქართველოს ეკლესიამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი კანონიკური უფლებები და დიალოგისთვის მზადყოფნაც გამოთქვა.მოსკოვის საპატრიარქოს აფხაზეთის ცალკე ეპარქიად მიღების გადაწყვეტილება დღემდე არ მიუღია. მაგრამ ასეთი გადაწყვეტილების არარსებობა თავისთავად არ ნიშნავს, რომ საქართველოს ეკლესია იქ თავის იურისდიქციას რეალურად ახორციელებს. უფრო მეტიც, მოსკოვისთვის ეს გაურკვევლობა სრულიად ხელსაყრელია, რითაც იგი გავლენას ინარჩუნებს.
თუ მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ პოზიციას ადგილზე არსებულ ვითარებას შევადარებთ, დავინახავთ, რომ რუსეთის ეკლესია საქართველოს ეკლესიის კანონიკურ იურისდიქციას ფორმალურად აღიარებს და ამას არაერთი მისივე ოფიციალური განცხადება ადასტურებს. ამავე დროს, იგი მონაწილეობს იმ ტერიტორიების საეკლესიო ცხოვრებაში, სადაც საქართველოს ეკლესია მსახურებას ვერ ახორციელებს და ამას პასტორალური აუცილებლობით ხსნის. ეს აუცილებლობა კი რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შედეგია.
საქართველოს ეკლესიის პოზიცია ამ შემთხვევაში მკაფიოა: მრევლის სულიერი საჭიროება სხვა ეკლესიას არ აძლევს უფლებას, ცალმხრივად იმოქმედოს უცხო კანონიკურ ტერიტორიაზე. სწორედ იმიტომ, რომ ვითარება დროებითად ითვლება, გამოსავალი ორ ეკლესიას შორის შეთანხმებით უნდა მოიძებნოს და არა ისეთი პრაქტიკის დამკვიდრებით, რომელიც წლების შემდეგ ახალ ფაქტობრივ მდგომარეობად იქცევა. ამ ვითარებაში ისიც უნდა ვიკითხოთ, რატომ ინარჩუნებს მოსკოვის საპატრიარქო საქართველოს ეკლესიის კანონიკური იურისდიქციის აღიარებას. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უკრაინის საეკლესიო საკითხია.
რუსეთის ეკლესიისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკლესიამ არ დაამყაროს ევქარისტიული კავშირი უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიასთან და აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხი ამ მხრივ ხელსაყრელ ბერკეტს წარმოადგენს. ამასთანავე, პრინციპი, რომ პოლიტიკური საზღვრების ცვლილება საეკლესიო საზღვრებს არ ცვლის, თავად მოსკოვს სჭირდება უკრაინასა და სხვა ქვეყნებში საკუთარი პრეტენზიების დასაცავად. ამდენად, რუსეთის ეკლესიისთვის საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის აღიარება არა იმდენად კანონიკური წესრიგის ერთგულების გამოხატულებაა, რამდენადაც საკუთარი ინტერესების დაცვისა და საქართველოზე ზემოქმედების საშუალება. როცა აღიარება პირობით ხასიათს იძენს, იგი უკვე აღიარება აღარ არის, არამედ პოზიცია, რომლის შენარჩუნებაც მოსკოვის ინტერესებზეა დამოკიდებული.
დასასრულ, ფაქტია, რომ საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია ამ დრომდე არ ვრცელდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. ადგილი აქვს ქართული საეკლესიო მემკვიდრეობის დაზიანებისა და სახეცვლილების შემთხვევებს. ყოველივე ზემოთქმულს ერთ დასკვნამდე მივყავართ: მოსკოვისთვის საქართველოს ეკლესიის კანონიკური იურისდიქციის ფორმალური აღიარება პრინციპი კი არა, ინსტრუმენტია. ის შენარჩუნებულია იმდენად, რამდენადაც მოსკოვის ინტერესებს ემსახურება და ნებისმიერ დროს შეიძლება ზეწოლის საშუალებად იქცეს. სიტყვით ტერიტორია საქართველოს ეკლესიას ეკუთვნის, ხოლო დე ფაქტო ამ ტერიტორიებს მოსკოვი აკონტროლებს და მათ საეკლესიო ცხოვრებას მოსკოვის საპატრიარქო განაგებს.
ასეთ ვითარებაში აღიარების ყოველი ახალი განმეორება ვერაფერს ცვლის. საქართველოს ეკლესიის უფლება რეალური მაშინ გახდება, როცა ქართველ სასულიერო პირებს საკუთარ კანონიკურ ტერიტორიაზე მსახურების საშუალება მიეცემათ: როცა ისინი შეძლებენ ხელდასხმას, ეპარქიის მართვას, სიწმიდეთა დაცვას და მრევლთან ურთიერთობას. მანამდე აღიარებულ უფლებასა და განხორციელებულ უფლებას შორის არსებული სხვაობა შენარჩუნდება, რაც რუსეთის სახელმწიფოსა და ეკლესიის ინტერესშია