შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სოფელ ლისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევა 27 ოქტომბერს, სოფელ ლისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. გამოძიების ვერსიით, ურთიერთშელაპარაკების დროს ბრალდებულმა ახალგაზრდა მამაკაცს ცივი იარაღით გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და კლინიკაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული ცხელ კვალზე, კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის სავარაუდო იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით – განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.