მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ღიად დაადასტურა, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მიზანი ხელისუფლებისთვის სასურველი პოლიტიკური გარემოს შექმნაა.
„ეს სცენარი მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია, სადაც საარჩევნო ბიულეტენში მრავალი „ოპოზიციური“ პარტიაა წარმოდგენილი, თუმცა არჩევნები სხვა არაფერია, თუ არა ილუზია და თვითმოტყუება“, – აცხადებს გახარია.
მისივე თქმით, საქართველოში უკვე შეინიშნება ახალი პოლიტიკური პარტიების შექმნის ნიშნები, რაც, მისი შეფასებით, შესაძლოა, ხელისუფლების ამ გეგმის ნაწილი იყოს.
„საქართველოში უკვე ვხედავთ ახალი პარტიების შექმნის ნიშნებს. ეს ადამიანები ან ვერ აცნობიერებენ, რომ მათთვის წინასწარ განსაზღვრულ როლს ასრულებენ, ან შეგნებულად შედიან გარიგებაში პრორუსულ რეჟიმთან“, – წერს გიორგი გახარია.