მოკლედ ასე, ეს წერილი უფრო იმპულსური პატრიოტებისთვისაა განკუთვნილი, ვიდრე ურაპატრიოტებისთვის, მათ ისედაც არაფერი ეშველებათ. იმპულსურ პატრიოტებში კი ჩემი მხრივ ლიბერალსაც მოვიაზრებ, კონსერვატორსაც, მემარჯვენესაც და მემარცხენესაც... დღევანდელ ეპოქაში ეს იდეოლოგიური დაყოფაც ხომ ძალიან პირობითი გახდა.
ჩემთვის - ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, ვისთვისაც სახელმწიფოს წინაშე არსებული გამოწვევების პრიზმაში არსებობს პრიორიტეტები - ოკუპაცია, უსაფრთხოება, განათლება, ეკონომიკური და სოციალური პრობლემები, კულტურული მემკვიდრეობა - მომკალით და ძნელი გასაგებია, რატომ არის ღირსების საკითხი ვიღაცის საჯდომის უსაფრთხოება, როდესაც საკუთარ ოთახში შეკეტილებს თურმე შეუძლიათ როგორც უნდა ისე განკარგონ... მაგრამ გარეთ თუ განაცხადებს მავანი ამ განკარგვის შედეგად წარმოქმნილ პრობლემებზე, თავი უნდა უჩეჩქვო ხან ტაბურეტით, ხან კომბლით, ხან ქვით და ხან კიდევ კვერცხით მოთხვარო....
მოკლედ, არ მესმის და მომკალით...
ისევე როგორც, გაუგებარი გახლავთ ამ თემით ეკლესიის, კერძოდ საპატრიარქოს გამუდმებული მანიპულირება და სახელმწიფოს შანტაჟი. გაუგებარი იმიტომ, რომ ძალიან პატარა ქვეყანაში ვცხოვრობთ და მხოლოდ ამის გააზრებაც საკმარისი უნდა იყოს საპატრიარქოსა და მასთან აფილირებული „ეროვნულ-ჰომოფობიური" ძალებისთვის, დღის წესრიგი შეცვალონ. ქვეყნისა თუ ეკლესიის წინაშე დანაშაულად მიმაჩნია ამ საკითხის ტორპედირება, რომელი მხრიდანაც არ უნდა იყოს. რა ვქნა, მე ჩემი სტანდარტი მაქვს ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში და გააზრებაში. ისევე როგორც სხვას საკუთარი და მის გამო არავის მოვსდევ, მხოლოდ სიტყვით შემიძლია გამოვხატო ის, რასაც ვფიქრობ.
ძალიან დიდი მორიდებით შევნიშნავ - სწორედ საპატრიარქოს გასაგონად და ნამდვილად ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე - ზემოთ ხომ დავწერე პატარა ქვეყანაში ვცხოვრობთ, ამ კონტექსტში იცით ხალხი რას ქილიკობს ამ თქვენი ზღვარსგადასული აქტივობების და გაუგებარი პროტესტის გამო? „სექსი (განსხვავებული, უკუღმარეთი, არატრადიცული, არაეროვნული, უღირსი, არამისიონერული, group, threesome და ა.შ.) ნაკურთხი უნდა იყოს, სხვა შემთხვევაში ცოდვაო". არ განვავრცობ ამას მეტად, საკმაოზე გონიერები ბრძანდებით მანდ, ყველა არა რა თქმა უნდა, მაგრამ საკმარისზე მეტნი, რომ მიხვდეთ რას ნიშნავს ეს ქილიკი.
რაღა დაგიმალოთ და როგორც PR ტექნოლოგიების კარგ მცოდნეს, მაქვს საფუძველი ვივარაუდო, რომ თუ ვინმე უკეთებს პროპაგანდას იმას, რასაც ებრძვით, სწორედ თქვენ.
გინდათ ერთი მაგალითი მოგიტანოთ, რომელიც აპრობირებულია ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში - პოლიტიკაში, ბიზნესში, ხელოვნებაში, მეცნიერებაში, და ა.შ. - თუ გინდა „თემა" გაყიდო კარგად, ჯერ შემოაგდე, მერე შენივე დაქირავებული ოპონენტები მიუსიე და მერე დაამარცხე ეს ოპონენტები შემართებით, არგუმენტებით, კანონით.
ზუსტად ასე ხომ არ იქცევით თქვენ და ნებსით და უნებლიეთ იმ პროცესისს პროპაგანდისტები ხომ არ ბრძანდებით, რომელსაც საჯაროდ, მხოლოდ საჯაროდ ებრძვით?
ერთ, უფრო ნათელ მაგალითსაც მოგიყვანთ - გახსოვთ რა ობსტრუქცია მოუწყვეთ სახელმწიფოს და ფილმს „და ჩვენ ვიცეკვეთ..." როგორ ფიქრობთ, ამ თქვენი და თქვენს მიერ მართული „ეროვნულ-ჰომოფობიური" ძალების აქტივობის გარეშე რამდენი ადამიანი ნახავდა მას? და საბოლოოდ რამდენმა ნახა? ბევრად მეტმა ხო? მოგიწევთ ამის აღიარება და თუ არ აღიარებთ, კიდევ უფრო უარესი თქვენთვის.
რომ არა, 2013 წლის 17 მაისის ტაბურეტები, პროცესები უფრო ევოლუციურად და მდორედ წარიმართებოდა თან ისე, რომ ეკლესია ნამდვილად არ დაკარგავდა მრევლს.
და ისიც უნდა აღიაროთ საკუთარ თავთან, რომ ამ თარიღის მერე ტაძრებს მრევლი შემოაკლდა. არა იმიტომ, რომ ვინმემ ქრისტე უარყო, თქვენ აღგიქვათ ქრისტეს უარმყოფელად. რატომ? იმიტომ ჩემო კარგებო, რომ როდესაც მოსდგებით და სოდომზე საუბრობთ ან ნებისმიერ ცოდვაზე და სახარებას იმოწმებთ, მანდ ის კი არ წერია ვინმეს ასწავლოთ არ იყოს ცოდვილი ან/და საკუთარი სტანდარტით განსაზღვროთ ვინ არის ცოდვილი და როგორ უნდა დასაჯოთ იგი, არამედ უნდა გაიაზროთ - სახარება საკუთარ თავთან და ცოდვებთან ბრძოლას გვასწავლის. ამის გარეშე თომას დე ტორკვემადას მოწაფეები ხართ და არა ქრისტესი.
და თუ რეალურად არ ხართ იმის მხარდამჭერები რასაც ებრძვით, რას ნიშნავს ეს ფრაზა თქვენი განცხადებიდან: „აღვნიშნავთ, რომ მსგავსი აქტივობებით ლგბტქ+ ინტერესების დაცვა კი არ ხდება, არამედ ხელი ეწყობა მცირე ნაწილისათვის გარკვეული დივიდენდების მიღებას, ხალხში კი ამ ჯგუფისადმი აგრესიის ხელოვნურად გაჩენას".
უი, რამე მომესმა? ფორმას უწუნებთ, თორემ თქვენც იცავთ ლგბტქ+-ის ინტერესებს? და ვიღაცის მიერ მიღებული დივიდენდები რატომ გაწუხებთ იმ ინსტიტუციას, რომელსაც ქვეყანაში ბათუმზე დიდი ტერიტორია გაქვთ მიზომილი და თქვენი ქონება ბევრად აღემატება ქვეყანაში მცხოვრები მილიარდელისა და მილიონერების ქონების ჯამს?
საპატრიარქოს განცხადების სხვა პასაჟებს არ შევეხები - უფრო ცუდი შედეგი დადგება. მაგრამ სწორედ აქ მინდა ნამდვილად გამოვყო „რიონის ხეობის გადამრჩენელთა" განცხადება „თბილისი პრაიდზე". რეალურად ამ განცხადებამ მაიძულა წერილის დაწერა, თორემ ვიჯექი ჩემთვის და ვანგლობდი ჩემს კედელზე სოცქსელში.
***
„რათა შვილო, რათა"?
მოდით იმთავითვე ვიტყვი - მე ვარ ნამახვანჰესის მშენებლობის მომხრე და ამის მიუხედავად უსაზღვრო პატივისცემა მაქვს პროცესის მიმართ, რომელსაც ხეობის გადამრჩენელთა გულწრფელი ნაწილი გამოხატავს. მათი შემართების მიმართ. ეს იმის მიუხედავად, რომ ზუსტად ვიცი რა ძალები დგანან კულუარებში.
იმაზე მეტი ვიცი მანიპულატორების შესახებ, ვიდრე ამ გულწრფელმა ადამიანებმა. მაგრამ ეს ხომ ცალკე თემაა.
გახსოვთ თბილისში რომ ჩამოვიდნენ? არც მაშინ მქონია აგრესია ამ ჯგუფის ლიდერის წამოროშილ გაუაზრებელ ფრაზაზე - თბილისი უნდა დავკეტოთო, რომ თქვა. არც სხვა რამეზე მქონია აგრესია. დიახ, გასაგები იყო, რა ძალები შეეცადნენ ამ გულწრფელი ადამიანების მიღმა მდგარ „მმართველებს" ჩაზიარებოდნენ სასურველი ტორტის ნაჭერში. ჩემი პოზიცია მაშინაც ნათლად გამოვხატე, როდესაც ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე ავუხსენი „ვარლამი&co"-ს მათი შეცდომები. ვერ დავიბრალებ ჩემ გამო მეთქი, თუმცა ნათლად ვნახე ბევრი რამ შეცვალეს.
მცირე გადახვევა, როდესაც იმთავითვე ვამბობდი, ნამახვანის პროცესის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი საპატრიარქოა, „პრადვინუტებმა" ლამის ჩამქოლეს.
ისინი, ანუ მათი საკმაოდ დიდი ნაწილი ღიად აფიქსირებდა, რომ ნამახვანჰესის აშენების წინააღმდეგ იყვნენ. მაგრამ არ გაიკარა ეს ხალხი „ვარლამი&co"-მ. რატომ? ანუ იმთავითვე იმაზე საუბრობ, რომ თემა პრივატიზებულია? ვინ მოგცა მაგის უფლება საკუთარი ქვეყნის მოქალაქეს პოზიციის დაფიქსირება აუკრძალო და ესეც რომ იყოს, როდესაც „ეროვნულ მთლიანობაზე" საუბრობ - ეგ „მოძულებული", თუნდაც „კეთროვანი", შენგან განსხვავებული, ქართველი არ არის და ამ ქვეყნის მოქალაქე? ამ ერთიანობას თავად არ ანგრევ როდესაც ყოფ?
აბა, ახლა მითხარით, რამდენი ცოდვილი იცავს ნამახვანს? მაგრამ ის ცოდვები რა მოსატანია ტრაკის უსაფრთხოების ცოდვასთან?
იქნებ, რასაც ვხედავთ ეგ საპატრიარქოს ეროვნულ-თვითმყოფადი სტანდარტია? -
სად არის „ვარლამი&co"-ს განცხადება, მაგალითად პრორუსულ ძალებთან, ულტრარადიკალებთან, ჰომოფობებთან გამიჯვნაზე, მცოცავ ოკუპაციაზე, თუ ეს ტიპები ეროვნული ერთიანობის შემადგენელი ნაწილი არიან და „ის კეთროვანები" არა?
აბა, კარგად წაიკითხეთ აქ რა წერია: „პრაიდი" დიდ დარტყმას აყენებს იმ ეროვნულ ერთობას, რომელსაც ჩვენ ასე ვუფრთხილდებოდით მთელი ამ ხნის განმავლობაში. არ ვართ ისეთი გულუბრყვილოები, ვერ ვხედავდეთ, რომ ხდება ეროვნული ერთიანობის იდეის აშკარა დისკრედიტაცია და ეს არ არის ცალმხრივი, შემთხვევითი, ან ერთდღიანი პროცესი. ლგბტქ+ თემა გახდა პოლიტიკური შანტაჟის საფუძველი და ჩვენ ვთვლით, რომ ნამოხვანის პროტესტიც არის ამ პოლიტიკური შანტაჟის ერთ-ერთი სამიზნე".
ბატონო? 250 დღეა სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი რესურსი მიმართულია იმ პროტესტის - ობსტრუქციის გასანეიტრალებლად რასაც განცხადების ავტორები და მათი მფარველები სახელმწიფოს უწყობენ. მიმართულია იმისკენ, რომ დაიცვან ინვესტორის კერძო საკუთრება, რომელსაც აქციის მონაწილეები არაფრად აგდებენ და ესენი საუბრობენ პოლიტიკურ შანტაჟზე? მოიცა, ერთიანობაზე უარი ვინ თქვა, ფერადსამკლავურიანი სალომე ბარკერზე განხორციელებულ ძალადობაზე არაფერს ვიტყვი, მაგრამ პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები, ვინ არ გაიკარა გვერდით?
და აქვე გთხოვთ განსაკუთრებით ყურადღება მიაქციოთ ამ ფრაზას: „ასეთი „პრაიდი" და მსგავსი აქტივობები კი ხელოვნურად ზრდის აგრესიას მათ მიმართ და ბევრად დაუცველი ხდება მათი პირადი სივრცე". მოიცა, რამე ვერ გავიგე? ეს იგივე რამ ხომ არ არის, რაც ზემოთ მოყვანილ საპატრიარქოს განცხადების ციტატაშია ნათქვამი?
ჩემო კარგებო, სხვადასხვა ადამიანებს, მინიმუმ სხვადასხვა ადგილას და უფრო მინიმუმ სხვადასხვა კომპზე მაინც ააკრეფინეთ განცხადებები, არ შეიძლება?
„ვარლამი&co"-ს განცხადება ისევეა მათი დაწერილი, როგორც ჩემი დაწერილია „ვეფხისტყაოსანი"... კარგით რა.... მარტვილის ტრანზიტით მოუვიდა მეილზე ეგ განცხადება თუ პირდაპირ აახლეს „მცველებს", ეს კიდევ ცალკე საკითხია, თუმცა არა არსებითი...
გავაგრძელო პასაჟები განცხადებიდან და შევადაროთ საპატრიარქოს განცხადებას?
საპატრიარქოს განცხადება: ჩვენ პატივს ვცემთ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებას, რაც ბუნებრივია, გულიხმობს არჩევანის თავისუფლებას. აღნიშნული მცირე ჯგუფის მიერ საკუთარი არჩევანის სხვებზე თავსმოხვევა ძალადობაა და ეთნიკური წარმომავლობისა და რელიგიური თუ სხვა კუთვნილების მიუხედავად ლახავს სხვის, - ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის, უფლებას, თავისუფლებასა და არჩევანს.
„ვარლამი&co"-ს განცხადება: ჩვენი აზრით, „თბილისი პრაიდის" კვირეულის იდეა გარდა იმისა, რომ ერთმნიშვნელოვნად არის არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა, ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ აზრს, გამოხატავს მხოლოდ გარკვეული ჯგუფის ვიწრო ინტერესებს და მიმართულია სამოქალაქო ერთობის წინააღმდეგ.
საკმარისია მგონი.... თუმცა არა, ბარემ ერთი პასაჟიც - „ამდენად, საზოგადოებრივი მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის" ცალსახად ემიჯნება „თბილისი პრაიდის" კვირეულსა და მსგავს აქტივობებს, როგორც სახელმწიფოსა და საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას"...
„რათა შვილო, რათა"? ვერაფერს სხვას ვერ გაემიჯნეთ და დაგმეთ ამ 250 დღის განმავლობაში? ვერასოდეს გამოესარჩლეთ სახელმწიფოს, ან საკუთარი მოაქალქეების ინტერესებს? ეჰ.....
ამ განცხადებების იდენტობამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ გებელსის დოქტრინის ინსინუაციები, რომელიც ეროვნულ საფარქვეშ იყო შეფუთული და რასაც მთელი ამ ხნის განმავლობაში „ვარლამი&co" ახმოვანებდა არც მეტი, არც ნაკლები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში იწერებოდა.
და კიდევ ერთხელ: - რათა შვილი, რათა?
ეჰ... წავედი მე, თავში ქვა გიხლიათ...
გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი