საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია
Zelensky to attend G20 summit in Florida for talks with Trump and Putin if invited
Russia to step up ballistic missile attacks as U.S. cuts Patriot missile supplies to Ukraine – Zelensky
Trump asked Musk to lift Starlink restrictions in Ukraine – WSJ
Merz: Lasting peace in Ukraine impossible without Europe`s participation
`Nothing personal between me and Trump`- Zelensky comments on tensions with U.S.

საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა

ნახვები: 254 საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის შესახებ საქმის განხილვის გადადების თაობაზე. გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენლების უკმაყოფილება და მოსამართლეებთან სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას განცხადებით, მხარეს საქმის განხილვის გადადების მოთხოვნით სასამართლოსთვის დროულად უნდა მიემართა.

„თავის დროზე უნდა მოემართა მხარეს, თუ საქმის განხილვის გადადება სურდა, რომ მისთვის რაიმე ვადა არასაკმარისი იყო. მესამე დღეა სხდომას ვიხილავთ და ახლა დგება შუამდგომლობა გადადების თაობაზე. მიღებულია გადაწყვეტილება! გააკეთა სასამართლომ განმარტება და თუ არ მოგწონთ, არ მოგწონთ, რა გავაკეთო?!“ – განაცხადა ნადარაიამ.

მას პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ბერდია სიჭინავამ უპასუხა და განმარტა, რომ შუამდგომლობის მიზანი პროცესის გაჭიანურება არ ყოფილა.

„ჩემი ჯერი შუამდგომლობების დაყენების მოვიდა დღეს. პირველი მოვითხოვე საქმის გამოყოფა და შემდეგ გადადება. გაჭიანურების მიზანი რომ მქონოდა, უამრავ შუამდგომლობას დავაყენებდი. მე საქმიანი შუამდგომლობები მაქვს. გთხოვთ, ჩემი ვადით სარგებლობის უფლებას“, – განაცხადა სიჭინავამ.

პლენუმის გადაწყვეტილება განმარტა მოსამართლე ევა გოცირიძემაც. მისი თქმით, სასამართლო მხარეებს დამატებითი დოკუმენტაციისა და წერილობითი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობას არ უზღუდავს.

ამასთან, გოცირიძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად სარჩელის გასაცნობად გამოყოფილი ერთკვირიანი ვადისა, პარტიის წარმომადგენლები სასამართლო სხდომებზე კარგად მომზადებულები ჩანან.

„არ დაგრჩეთ შთაბეჭდილება, რომ სასამართლო არ მიიღებს თქვენგან რაიმე დოკუმენტაციას, შესაგებელს, მოსაზრებებს. ეს პროცესი გრძელდება და, როგორც ჩანს, ასე მალეც არ დამთავრდება. ის ერთი თვე, რომელიც რეგლამენტითაა გათვალისწინებული, გექნებათ“, – განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, სასამართლოს უჩნდება კითხვა, რამდენად საფუძვლიანია განხილვის გადადების მოთხოვნა.

„კი, ერთი კვირა შეიძლება ისეთი დიდი დრო არაა, მაგრამ უბრალოდ ჩვენ ვფიქრობთ, რომ თქვენ მომზადებული ხართ. ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებთ, რომ ხართ კარგად მომზადებული. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ცოტა ხელოვნური ხომ არაა. ეს სარჩელი დიდი ხანია შემოსულია და საზოგადოებაშიც იყო საუბარი. კი დაემატა თქვენი პარტია, მაგრამ სარჩელი დიდი ხანია შემოსულია“, – აღნიშნა მოსამართლემ.

ევა გოცირიძის ამ განცხადებას „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სასამართლოში შეტანილი სარჩელის შესწავლის ვალდებულება მხარეებს მის წარმოებაში მიღებამდე არ ჰქონდათ.

„ქალბატონო ევა, თქვენ ჩემზე უკეთესად იცით, სარჩელი კი არა, მაკულატურაა, ვიდრე წარმოებაში არ მიიღებთ. რა ვალდებულება გვაქვს, წარმოებაში არ მიღებული სარჩელი დავამუშაოთ?“ – განაცხადა გვარამიამ.

მოსამართლეს ბერდია სიჭინავამაც უპასუხა და ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ სარჩელს მოგვიანებით დაემატა.

„8 თვის წინ „ნაცმოძრაობაზე“ რომ რაღაც ეწერა, ის უნდა დამემუშავებინა იმიტომ, რომ არჩილ გორდულაძეს შეიძლება მოსვლოდა აზრად, რომ შეიძლება დავემატებინე მეხუთე პარტიად?“ – განაცხადა სიჭინავამ.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განხილვის გადადებაზე უარი ძალაში დატოვა. რევაზ ნადარაიას განმარტებით, აღნიშნული განჩინება საბოლოოა.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნების“ 88 დეპუტატის სარჩელს განიხილავს, რომლითაც ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი საქმიანობის აკრძალვაა მოთხოვნილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა