ამის შესახებ ზელენსკიმ ფინეთის პრემიერ-მინისტრ პეტერი ორპოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას „უკრინფორმი“ ავრცელებს.
„პრეზიდენტ ტრამპის შუამავლობით, ვფიქრობ, გარკვეული სამშვიდობო შეთანხმებების მიღწევა შესაძლებელია და შეგვიძლია, ფლორიდაში, G20-ის სამიტის ფარგლებში შეხვედრის იმედი გვქონდეს. რა თქმა უნდა, თუ პრეზიდენტი ტრამპი უკრაინას ასეთ ფორმატში მონაწილეობის მისაღებად მიიწვევს, უკრაინა უმაღლეს დონეზე იქნება წარმოდგენილი. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს შესაძლებელი გახდება. თუმცა ჯერჯერობით მსგავსი სიგნალი არ მიგვიღია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის მიერ ვლადიმერ პუტინთან გამართულ მოლაპარაკებებზე. მისი თქმით, უიტკოფისგან შეხვედრის შედეგების შესახებ ინფორმაციას ხვალ მიიღებს.
„ხვალ უიტკოფისგან ინფორმაციას მივიღებ. ზუსტი დრო ჯერ არ ვიცი, ამას ჩვენი გუნდები შეათანხმებენ. შემდეგ, ვფიქრობ, გაიმართება ერთობლივი ბრიფინგი ჩვენი გუნდის, ამერიკელებისა და ევროპელების მონაწილეობით“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის განცხადებით, ნოემბრის დასაწყისში შესაძლოა უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის ტექნიკური მომლაპარაკებელი ჯგუფების შეხვედრაც გაიმართოს. შეხვედრის სავარაუდო ადგილად არაბთა გაერთიანებული საამიროები განიხილება.
„ამერიკელებმა არაბთა გაერთიანებული საამიროები ახსენეს, მე კი ვუთხარი – ნებისმიერ ადგილას“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, 20 ოქტომბერს ზელენსკიმ ოსლოში სტივ უიტკოფთან მოლაპარაკებები გამართა, რომელშიც ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტიორე და ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბიც მონაწილეობდნენ.
21 ოქტომბერს კი უიტკოფი სანქტ-პეტერბურგში ვლადიმერ პუტინს შეხვდა.
მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია.
ზელენსკის შეფასებით, ფლორიდის სამიტი შესაძლოა უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივი შეხვედრისა და ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გახდეს.