ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას არ დააკონკრეტა, პირადად დაუკავშირდა თუ არა მასკს და მოსთხოვა უკრაინისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნა.
„ამაზე კომენტარის გაკეთება არ მსურს. მე დავრეკე თუ ვინმე სხვამ – ვფიქრობ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი ისაა, რომ მან ეს უკან დააბრუნა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მანამდე გამოცემა The Wall Street Journal-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპი ილონ მასკს ტელეფონით ესაუბრა და უკრაინისთვის Starlink-ის მომსახურებაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნისკენ მოუწოდა.
გამოცემის ცნობით, 22 ოქტომბერს გამართული სავარაუდო სატელეფონო საუბრის შემდეგ უკრაინაში სატელიტური კავშირის მუშაობა შედარებით დასტაბილურდა.
უკრაინელი მაღალჩინოსნების განცხადებით, სისტემა ჯერ სრულად არ დაბრუნებია ჩვეულ რეჟიმს, თუმცა მონაცემთა გადაცემის სიჩქარე შეზღუდვების მოქმედების პერიოდთან შედარებით გაიზარდა.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ტრამპმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ Starlink-ის გამოყენებასთან დაკავშირებული სიჩქარის შეზღუდვა კვლავ მოქმედებდა დაახლოებით 100 მილი/სთ-ის (160 კმ/სთ) ზღვარზე.
ამასთან, გამოცემის მიერ ნახსენები მაჩვენებელი, სავარაუდოდ, Starlink-ის ტერმინალების გადაადგილების სიჩქარეს ეხება და არა ინტერნეტით მონაცემთა გადაცემის სიჩქარეს.
ამ ეტაპზე უცნობია, სრულად მოიხსნა თუ არა უკრაინისთვის დაწესებული შეზღუდვები და კონკრეტულად რა პირობებით აღდგა მომსახურება.