სუს-ის საიდუმლო კრებსებში არაერთხელაა ნახსენები ანალიტიკოსი, საინფორმაციო ანალიტიკური გამოცემა NATION.ge-ს დამფუძნებელი და მტავარი რედაქტორი, და საინფორმაციო სააგენტო CNews-ის მთავარი რედაქტორი, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა აკადემიის დირექტორი გოჩა მირცხულავა.
სუს-ის რამდენიმე ათასგვერდიან ფაილში მირცხულავას, მინიმუმ, შვიდი გვერდი ეთმობა და ძირითადად მისი უმაღლეს სასულიერო პირებსა და თეოლოგებთან კომუნიკაციაა „დაკრებსებული“.
ასევე, კრებსებშია შეტანილი მირცხულავას საჯარო გამოსვლები, პუბლიკაციები და „ფეისბუქის“ პოსტებიც.
სწორედ ეს აჩენს ეჭვს, რომ უსაფრთხოების სამსახური სასულიერო პირებს, საეკლესიო საკითხების მკვლევარებს და თეოლოგებს უსმენდა.
კრებსების ის ნაწილი, რომელშიც მირცხულავა ფიგურირებს, 2019 2020 და 2021 წლებით თარიღდება.
მირცხულავა სუს-ის კრებსებში მოტანილ ფაქტებს ადასტურებს.
„ქ.თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიის ყოფილ ლექტორს გოჩა ბარნოვს, ჟურნალისტმა გოჩა მირცხულავამ (პ/ნ ) აცნობა, რომ მსოფლიო პატრიარქ ბართლომე პირველთან სატელევიზიო ინტერვიუს ჩაწერის იდეა მიაწოდა ტელეკომპანია ,,რუსთავი 2"-ის დირექტორს ნიკა გვარამიას, თუმცა ამ უკანასკნელისგან პასუხი არ მიუღია.
***
თეოლოგმა გიორგი ტიგინაშვილმა გაზეთ ,,ქრონიკა +’’-ის ჟურნალისტს გოჩა მირცხულავას (პ/ნ ), ხსენებულ გაზეთში დასაბეჭდად მიაწოდა სტატია, სადაც აღნიშნულია, რომ 1983 წელს, ილია მეორემ კათოლიკური ეკლესიის ვატიკანის ერთ- ერთ თანამდებობის პირს, პადრე პიო დიუპრესს მიმართა წერილით, რომელშიც კათოლიკეებს სთხოვა ეშუამდგომლათ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან, რათა იმ პერიოდში ალავერდის მონასტრის არქიმანდრიტი კალისტრატე მარგალიტაშვილი გაეგზავნათ ქ.სტამბულში, სადაც ეს უკანასკნელი ფარულად მიიღებდა კათოლიკურ სარწმუნოებას და უხელმძღვანელებდა თურქეთში არსებულ ქართულ-კათოლიკურ დიასპორას. სტატიაში, ასევე აღნიშნულია რომ იმავე წელს, უწმინდესმა ადიგენის რაიონის სოფლების უდეს და არალის მცხოვრებ კათოლიკეებს საჯაროდ განუცხადა, რომ ორივე სარწმუნოებას ჰყავს ერთი ღმერთი და მათ უფლება აქვთ ილოცონ, როგორც მართლმადიდებლურ ისე კათოლიკურ ტაძრებში.
ხსენებული სტატია დაიბეჭდება მ/წლის 4 ივნისს, რომლის ავტორად გ. ტიგინაშვილის ნაცვლად მითითებული იქნება გ.მირცხულავა.
შენიშვნა რედაქციისგან: რეალურად მასალაში წარმოდგენილია ტიგინაშვილის ინტერვიუ: იხილეთ ბმული: http://qronikaplus.ge/?p=18781
***
გაზეთ „ქრონიკა +“-ის, მ/წლის 23 ივლისის ნომერში ჟურნალისტმა გოჩა მირცხულავამ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც განმარტავს, რომ მიტროპოლიტ შიო მუჯირის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ დასახელების და პატრიარქობის ერთ-ერთ კანდიდატად განხილვის მიუხედავად, ნებისმიერი გართულების და დაუგეგმავი გარემოებების თავიდან აცილების მიზნით, რუსეთის საპატრიარქოს და ამავე სახელმწიფოს ხელისუფლების შეთანხმებით შეირჩა საქართველოს პატრიარქობის მეორე კანდიდატიც, რომელიც არის - „არა ოდიოზური, საზოგადოებისთვის მისაღები და მრევლის კეთილგანწყობის მქონე მღვდელმთავარი. ამავე დროს, მეორე კანდიდატი დაახლოებულია კონფლიქტურ რეგიონებთან და აქვს დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერა". ჟურნალისტი თავის იკავებს ხსენებული კანდიდატის ვინაობის დასახელებისგან, თუმცა განმარტავს, რომ ეს მღვდელმთავარი ერთ-ერთია, იმ 4 სინოდის წევრიდან, რომელსაც დეკანოზმა გიორგი მამალაძემ საპატიმროდან გამოუგზავნა წერილი.
შენიშვნა: დანაყოფში კონცენტრირებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ჟურნალისტი აქცენტს აკეთებს გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრია გვაზავაზე, ვინაიდან ცნობილია, რომ იგი წარმოშობით არის სოხუმიდან, ახლო კავშირი აქვს დევნილ მოსახლეობასთან და ამჟამადაც მისი ეპარქიის შემადგენლობაში შედის კონფლიქტური რეგიონები. ამასთან ცნობილია, რომ გ.მამალაძემ, სხვა მღვდელმთავრებთან ერთად, საპატიმროდან ა.გვაზავასაც გამოუგზავნა წერილი.
***
ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა გიგიბერია ნეგატიურად აფასებს მ/წ 13 აგვისტოს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში ექსპერტ გოჩა მირცხულავას მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ეს უკანასკნელი აღნიშნავს, რომ თითქოს მიმდინარეობს პატრიარქის და ეკლესიის ქონებების მღვდელმთავრებს შორის განაწილების პროცესი. ს. გიგიბერია ასევე უარყოფითად აფასებს ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრე ცაავას განცხადებას, სინოდის სხდომის არ მოწვევის გამო, მღვდელმთავრების მხრიდან ეკლესიური კანონიკის დარღვევის შესახებ და აღნიშნავს - "ამას უკვე არაფერი ეშველება და ჩემი აზრით, ჯობდა თავის დროზე მიგვეჩინა მისთვის სათანადო ადგილი".
***
თეოლოგმა გიორგი ტიგინაშვილმა ჟურნალისტს და საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა აკადემიის დირექტორს გოჩა მირცხულავას აცნობა, რომ მოახლოებულ სინოდის სხდომაზე იგეგმება რუსული გავლენის ქვეშ მყოფი აბიბოს ქურციძის ეპისკოპოსად კურთხევა და ნეკრესის ეპარქიის მმართველად დანიშვნა. ხსენებულიდან გამომდინარე, თეოლოგმა გ.მირცხულავას სთხოვა ა.ქურციკიძის ბუნდოვანი და დანაშაულებრივი წარსულის გაზეთ „ქრონიკა +"-ში დაბეჭდვა, რათა მოხდეს ამ უკანასკნელის დისკრედიტაცია.
აღნიშნული იდეა გაიზიარა გ.მირცხულავამ, თუმცა აღნიშნა, რომ გაზეთი გარკვეული პრობლემების გამო დაახლოებით ორი კვირა არ დაიბეჭდება.
***
ააიპ ,,საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა აკადემიის' დირექტორმა გოჩა მირცხულავამ თეოლოგ გიორგი ტიგინაშვილს აცნობა, რომ სურს იგი დაასაქმოს ზემოხსენებულ ინსტიტუტში რელიგიის მიმართულებით ანალიტიკოსად, რაშიც ხელფასის სახით გადაუხდის 2 000 ლარს. აღნიშნულს დადებითად შეხვდა გ. ტიგინაშვილი და განმარტა, რომ მისთვის მისაღებია გ. მირცხულავასთან ერთად მუშაობა.
***
თეოლოგ გიორგი ტიგინაშვილს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ მაია ქალიაშვილმა აცნობა, რომ მისი მეგობარი, გაზეთ ,,პრაიმტაიმის’’ რედაქტორი დარეჯან სულაშვილი გეგმავს ერთ-ერთ სამონასტრო კომპლექსში არსებული ფინანსური მანიპულაციების შესახებ ვრცელი სტატიის მომზადებას, რისთვისაც ესაჭიროება კვალიფიციურ პიროვნებებთან კონსულტაციები. მ.ქალიაშვილის განცხადებით, მან ხსენებულ საკითხზე დასახმარებლად მიმართა ტელეკომპანია „მთავარი’’ ჟურნალისტ გიგლა თუმანიშვილს, რომელმაც თავის მხრივ ურჩია კონსულტაცია გაიაროს გ.ტიგინაშვილთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მ.ქალიაშვილმა თეოლოგს სთხოვა, მ/წლის 26 ოქტომბერს ,,გალერეა თბილისის’’ ერთ-ერთ კაფეში შეხვდეს დ.სულაშვილს.
შეხვედრაზე გ.ტიგინაშვილმა თანხმობა განაცხადა და განმარტა, რომ სტატიაში მნიშვნელოვანი იქნება ა/ო ,,საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა აკადემიის' დირექტორ გოჩა მირცხულავას აზრის გათვალისწინება, რომელსაც სთხოვს ზემოხსენებულ შეხვედრაზე დასწრებას. გ.ტიგინაშვილმა აქვე განმარტა, რომ ეკლესიაში ფინანსური დარღვევების გარდა, არსებობს ჰომოსექსუალურების პრობლემაც, რის შესახებაც ხშირად ავრცელებს პოსტებს ,,ფეისბუქის’’ მეშვეობით.
***
ააიპ ,,საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა აკადემიის' დირექტორმა გოჩა მირცხულავამ საკუთარ „ფეისბუქ" გვერდზე განათავსა შემდეგი ხასიათის მიმართვა - „პოლიტიკური ლიდერი რომ შეუთვლი მოსაყდრეს - იმედი მაქვს, თქვენ მნიშვნელოვან როლს შეასრულებთ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების პროცესში და თან მთელს საქართველოს, ცალკე "დემოკრატიულ სამყაროს" "უმტკიცებ", რომ ხარ პროდასავლელი, რეალურად ჩათლახი ხარ და იმაზე დიდი პრორუსი, ვიდრე მთელი ქართული პრორუსული სპექტრი ერთად აღებული. თან ძალიან საშიში ხარ, საშიში!
ნახეთ ეს "შეთვლა" რას ნიშნავს: 1. მხარს გიჭერ პატრიარქად; 2. გადაეცით მოსკოვს, რომ საეკლესიო პოლიტიკა მათი გავლენის სფეროდ დარჩება; 3. გადაეცით კრემლს, რომ მე ყველაზე კარგი პრორუსი ვარ; 4. დამიჭირეთ მხარი არჩევნებზე".
შენიშვნა: უცნობია თუ რომელ პოლიტიკოსს გულისხმობს გ. მირცხულავა. აქვე აღსანიშნავია, რომ ა/წ 19 ოქტომბრიდან შ. მუჯირი იმყოფება აშშ-ში.
***
„საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა აკადემიის“ დირექტორმა გოჩა მირცხულავამ თეოლოგ გიორგი ტიგინაშვილს აცნობა, რომ ხსენებულ უწყებაში მისი დასაქმების საქმე გადაწყდა დადებითად და უახლოეს პერიოდში გ. ტიგინაშვილს შეეძლება მუშაობის დაწყება. გ. ტიგინაშვილმა მადლობა გადაუხდა გ. მირცხულავას დასაქმებისთვის და აღუთქვა მხარდაჭერა.
***
პეტრე ცაავას მიერ საპარიარქოს დატოვების შემდეგ გაკეთებულ განცხადებას პატრიარქ ილია მეორის არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის შესახებ უარყოფითად აფასებს ექსპერტი გოჩა მირცხულავა. იგი აღნიშნავს, რომ პ. ცაავას არ ეკადრებოდა მსგავსი განცხადება.
***
თეოლოგმა გიორგი ტიგინაშვილმა გაზეთ ,,ქრონიკა +"-ის ჟურნალისტ გოჩა მირცხულავასთან საუბარში აღნიშნა, რომ მის მიერ პატრიარქის არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის შესახებ გაკეთებული განცხადებების შემდეგ, სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქში" უგზავნიან ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარის შემცველ შეტყობინებებს.
თავის მხრივ, გ.მირცხულავამ თელოგს ურჩია, აღნიშნულის შესახებ მიმარათოს სამართალდამცავ უწყებას.
***
თეოლოგ გიორგი ტიგინაშვილს გაზეთ ,,ქრონიკა +"-ის ჟურნალისტმა გოჩა მირცხულავამ აცნობა, რომ მან საპატრიაქოს შეუთვალა შეწყვიტონ გ.ტიგინაშვილისთვის მუქარის შემცველი შეტყობინებების გაგზავნა.
ამასთან, გ.მირცხულავამ განმარტა, რომ მოცემული მომენტისთვის უმჯობესია გ.ტიგინაშვილმა და მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ თავი შეიკავონ პატრიარქის მამათმავლობის შესახებ საჯარო განცხადებების გაკეთებისგან, რადგან საზოგადოება ამ თემით მწვავედ ღიზიანდება. მისივე თქმით, საპატრიარქოში ფიქრობენ, რომ პ.ცაავა არ განკვეთონ ეკლესიიდან და გადაიყვანონ სხვა ეპარქიის მმართველად, რაც ჟურნალისტის აზრით დადებითი ფაქტი იქნება, რადგან მიტროპოლიტს კვლავ ექნება საშუალება შიგნიდან ებრძოლოს ეკლესიაში არსებულ პრობლემებს.
***
თეოლოგმა გიორგი ტიგინაშვილმა თავის მეგობარ ლევან ქვარცხავასთან საუბრისას აღნიშნა, რომ პატრიარქის საწინააღმდეგო განცხადებების გავრცელების გამო ,,საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა აკადემიაში’’ შეექმნა პრობლემები (ცნობილია, რომ ხსენებულ ორგანიზაციაში გ.ტიგინაშვილმა მუშაობა დაიწყო ექსპერტ გოჩა მირცხულავას რეკომენდაციით, რომელიც არის ხსენებული ორგანიზაციის დირექტორი). კერძოდ, გ.ტიგინაშვილის თქმით, ორგანიზაციის დამფუძნებელმა (ვინაობას არ ასახელებს), რომელიც ცხოვრობს საფრანგეთში განუცხადა, რომ მისი განცხადებები აზიანებს ორგანიზაციის იმიჯს და აღნიშნულის გაგრძელების შემთხვევაში შეწყვეტენ მასთან თანამშრომლობას.
გ.ტიგინაშვილის აზრით, ხსენებულ ორგანიზაციას აკონტროლებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომლის მოთხოვნითაც ხორციელდება მასზე (ტიგინაშვილზე) ზეწოლა.
***
თეოლოგმა გიორგი ტიგინაშვილმა მეუღლეს აცნობა, რომ შეხვედრა ჰქონდა ,,საზოგადოებრივ პოლიტიკურ ურთიერთობათა აკადემიის“ დირექტორთან გოჩა მირცხულავასთან, რომელმაც გაუგრძელა შრომითი ხელშეკრულება. გ.ტიგინაშვილის თქმით, კომპანიის ხელმძღვანელებმა დაავალეს, მოიძიოს ინფორმაციები, რომლებიც დაკავშირებულია საპატრიარქოში არსებულ რუსულ გავლენებზე, რაზეც თანხმობა განაცხადა გ.ტიგინაშვილმა.
***
„საზოგადოებრივ პოლიტიკურ ურთიერთობათა აკადემიის“ დირექტორი გოჩა მირცხულავა საკუთარ „ფეისბუქ" გვერდზე ავრცელებს ვიდეო-მიმართვას, სადაც საუბრობს საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას და სახელმწიფოს შორის დადებულ საკონსტიტუციო შეთანხმებაზე - კონკორდატზე. მისი განმარტებით, საქართველოს სახელმწიფო ეკლესიას ყოველწლიურად აფინანსებს იმ ზარალის ასანაზღაურებლად, რომელიც მართლმადიდებლურ ეკლესიას მიადგა საბჭოთა ოკუპაციის პირობებში. მისივე თქმით, მიუხედავად კონკორდატისა, რომელიც პრაქტიკულად გულისხმობს სახელმწიფოში ეკლესიის სახით კიდევ ერთი სახელმწიფოს არსებობას, დღემდე არავის დაუთვლია თუ რა ოდენობის ზიანი მიადგა ეკლესიას ოკუპაციის პირობებში და როდემდე შეიძლება გააგრძელოს საქართველოს ხელისუფლებამ გადასახადების გადამხდელების ხარჯზე ეკლესიის დაფინანსება. გ. მირცხულავა განმარტავს, რომ დასაშვებია საბჭოთა პერიოდში დაბადებულმა მოქალაქეებმა გარკვეული მორალური ვალდებულება იტვირთონ მართლმადიდებლური ეკლესიის წინაშე, მაგრამ აქვე სვამს კითხვას - თუ რატომ უნდა აფინანსებდნენ ეკლესიას ყოველწლიურად დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული პიროვნებები? ხსენებულთან დაკავშირებით გ. მირცხულავა აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება და მართლმადიდებლური ეკლესია არ დაიწყებენ დიალოგს, რათა დადგინდეს ზ/ხსენებული ზიანი და არ განისაზღვრება კრიტერიუმები თუ როდის შეიძლება დასრულდეს ზიანის ანაზღაურების პროცესი, მაშინ მოიძებნებიან პიროვნებები, რომლებიც დასვამენ ხსენებულ საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე და აიძულებენ ორივე მხარეს (სახელმწიფო და ეკლესია) დაიწყონ ხსენებული მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა.
ამავე მიმართვაში გ. მირცხულავა კითხვას სვამს თუ რატომ ნაწილდება საპატრიარქოსთვის გამოყოფილი თანხა სხვადასხვა ეპარქიებზე სხვადასხვა ოდენობით და რა პრინციპებზეა დამოკიდებული ეს განსხვავებები. ხსენებულიდან გამომდინარე, გ. მირცხულავა მიიჩნევს, რომ საპატრიარქომ, მრევლს და ამ შემთხვევაში მათ დამფინანსებლებს მკაფიოდ უნდა აუხსნას თანხების განაწილების პრინციპები და ხარჯვის მიზნობრიობები.
***
,,საზოგადოებრივ პოლიტიკურ ურთიერთობათა აკადემიის“ დირექტორი გოჩა მირცხულავა საკუთარ „ფეისბუქ" გვერდზე ავრცელებს მიმართვას, სადაც ეხმაურება წინასწარ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც წმ.სინოდის სხდომის მიერ არ იქნა შეცვლილი ზიარების წესი - „საბოტაჟია ეს, სხვა არაფერი, ანუ თავყრილობას არ კრძალავენ. ეს არის სახელმწიფო რეკომენდაციების პირდაპირი იგნორირება. დარჩი სახლში რეალურად ამათ ფეხზე ჰკიდიათ. ზუსტად ვიცი რისთვისაც აკეთებენ ამას სახელმწიფოს ღონისძიებებს და შედეგებს ხილვებს დაუკავშირებენ. თითქოს ვინმემ ეჭვქვეშ დააყენა რწმენის საკითხი, ან ზიარების მადლმოსილება. მაინც დაველოდოთ განჩინებას".
***
მ.წ. 02 მარტს 12:45 სთ-ზე, თეოლოგ გოჩა ბარნოვს დაუკავშირდა მისი ახლობელი საბა კევლიშვილი, საუბარში გ.ბარნოვმა განაცხადა, რომ დაუკავშირდნენ ,,TV-1“-დან და სთხოვეს სტუდიაში(გაგარინის მოედანზე) პირდაპირი ინტერვიუს ჩაწერა, გ.ბარნოვმა ასევე აღნიშნა, რომ მან საყვედური განუცხადა ,,TV-1“-ის ჟურნალისტებს, რომ მის ინტერვიუებს შემოკლებულად აშუქებენ და ძირითადი სათქმელი ყოველთვის ამოჭრილია, ციტ: ,,მე ვუთხარი, რომ თქვენზე გავლენები აქვს მამუკა ხაზარაძეს-თქო, ეგეც საპატრიარქოს მეძავია, ფულებს აძლევდა მაგათ, ეგენი ურეკავენ და ეგ ეუბნება ეს არ აჩვენოთ და ასე შემდეგ , შენ რა გგონია ,,მთავარ“ არხზე გავლენა არ ააქვს შორენას(შორენა თეთრუაშვილი), იაკობის (მეუფე იაკობი) პირდაპირი კაცია ნოდარ მელაძე. რაც ნამდვილად ვიცი კიდევ, მირცხულავამ(თეოლოგი და ,,TV იბერიას“ ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა პ.ნ., მობ. ) ,,TV-1“-ზე ერთ-ერთ გადაცემაში ნანა კაკაბაძეს თავზე დაახურა ყველაფერი, მერე შორენამ დაურეკა ,,TV-1“-ს და მკაცრად გააფრთხილა, მას შემდეგ მირცხულავას ,,TV-1“-ზე აღარ ეძახიან, არავის არ უნდა ურთიერთობის გაფუჭება საპატრიარქოსთან, ახლა სამ სთ-ზე პირდაპირ ჩართვაზე მივდივარ ,,TV-1“-ში და უნდა ვთქვა ეს ყველაფერი, პირდაპირი გადაცემააო და ალბათ ვერ ამოჭრიან.“
***
თეოლოგმა გოჩა ბარნოვმა და "საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა აკადემიის" დირექტორმა გოჩა მირცხულავამ განიხილეს ე.წ. კორონავირუსის წინააღმდეგ სახელმწიფოს და საპატრიარქოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. გ.ბარნოვის თქმით, ე.წ. კორონავირუსის წინააღმდეგ მ/წლის 20 მარტს წმინდა სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით და მრევლისთვის სახლში დარჩენის არ მოწოდებით, ეკლესია ცდილობს "ციანიდის" საქმის გამო შერყეული რეპუტაციის აღდგენას მოწამებრივი გზით. ასევე სახელმწიფოს მიერ ვირუსის წარმატებით დამარცხების შემთხვევაში, ხსენებულს საპატრიარქოს წარმომადგენლები დაუკავშირებენ რელიგიურ სასწაულს და შეეცდებიან ფაქტი გამოაცხადონ პატრიარქის და ეკლესიის დამსახურებად. გ.ბარნოვის თქმით, საჯაროდ გამოსვლებისას აუცილებელია აქცენტი გაკეთდეს ისეთ მღვდელმთავრებზე, რომლებიც საჯაროდ საუბრისას შეცდომებს უშვებენ დოგმატურ საკითხებზე და გამოირჩევიან პრორუსული იდეოლოგიით. კერძოდ სხალთის მთავარეპისკოპოს სპირიდონ აბულაძეზე და ქუთაისის მიტროპოლიტ იოანე გამრეკელზე. ზემოხსენებულს დაეთანხმა გ.მირცხულავა და განმარტა, რომ საპატრიარქო ე.წ. კორონავირუსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებებით ცდილობს მრევლის წევრები დაუპირისპირონ სახელმწიფოს და მათი ზეგავლენით წინასაარჩევნოდ ფინანსური დახმარება მოსთხოვონ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს. გ.მირცხულავას თქმით, აუცილებელია თანამოაზრეებთან ერთად შეიმუშაონ ერთიანი სტრატეგია, რომლის მეშვეობითაც საჯაროდ ისაუბრებენ საპატრიარქოში არსებულ რელიგიური (დოგმატური) და ფინანსური დარღვევების შესახებ. ხსენებულიდან გამომდინარე გ.მირცხულავამ განაცხადა, რომ გარკვეული ხნის წინ პარტია ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრის რომან გოცირიძის თხოვნით, სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქში" გამოაქვეყნა საპატრიარქოში არსებული ფინანსური დარღვევები, თუმცა ხსენებულს საზოგადოების მხრიდან არ მოჰყოლია დიდი გამოხმაურება. გ.მირცხულავამ ასევე განაცხადა, რომ სისტემატურად ცდილობს საზღვარგარეთ სასწავლებლად მყოფი სტუდენტის გურამ ლურსმანაშვილის მიერ საპატრიარქოს წინააღმდეგ სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქში" გამოსაქვეყნებელი სტატიების შემოწმებას, რათა გ.ლურსმანაშვილი არ აღმოჩნდეს საპატრიარქოს და საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ანგარიშსწორების მსხვერპლი.
***
არსებული ინფორმაციით, დმანისისა და აგარაკ- ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული მ/წ 17 ივნისიდან 21 ივნისამდე იმყოფებოდა ქ.თბილისში, ჰუალინგის დასახლებაში მდებარე თავის საცხოვრებელ ბინაში. 21 ივნისს, მთავარეპისკოპოსი 13:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე შეხვდა "საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა აკადემიის" დირექტორ და ჟურნალისტ გოჩა მირცხულავას (მიზანი უცნობია, თუმცა შესაძლოა მთავარეპისკოპოსი გ.მირცხულავასთან თანამშრომლობდეს ეკლესიის გარშემო პუბლიკაციების მომზადებაში). აღნიშნულის შემდგომ, ზ.იარაჯული გაემგზავრა ეპარქიაში, საიდანაც ქ.თბილისში დაბრუნდა გვიან ღამით.
***
ფოთის მიტროპოლიტ გრიგოლ ბერბიჭაშვილთან საუბრისას „საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა აკადემიის“ დირექტორი გოჩა მირცხულავა დაინტერესდა თუ რა საკითხების განხილვა იგეგმება მ/წლის 11 თებერვალს ჩანიშნულ წმინდა სინოდის სხდომაზე.
მიტროპოლიტის განცხადებით, სინოდზე განსახილველი საკითხები წინასწარ არ არის ცნობილი, თუმცა ერთ-ერთი შესაძლოა იყოს დავით გარეჯის საკითხი“, - წერია სუს-ის საიდუმლო კრებსებში.