რობინ დანიგანი - ჩვენ ყველა გავხდით მოწმე, როგორ იძალადა პოლიციამ პროტესტის დაკავებულ მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე
საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
მაია სანდუ - საქართველოს მომავალი ევროპაშია და ამას მათ ვერავინ წაართმევს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო - უკრაინა იმედგაცრუებულია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2028 წლამდე შეაჩეროს მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე
გიორგი გახარია - როდემდე შეიძლება ამ ცირკში ვიყოთ?
მეუფე საბა - საქართველოს სახელმწიფო იმსახურებს ნათელ, ევროპულ მომავალს
გიორგი გახარია - მივმართავ დასავლელ პარტნიორებს, გვერდით დაუდგნენ ქართველ ხალხს და არ მისცენ ლეგიტიმაცია გაყალბებულ არჩევნებს
ნათია მეზვრიშვილი - საჯარო მოხელეებო, ზუსტად ვიცი ხვდებით, რომ გუშინ ფორმიანების უკან რუსული ძალა იდგა

უკრაინის იდენტობა - რუსეთის პატრიარქის პუტინისეული პროპაგანდისტული რიტორიკა

22.01.2023 ნახვები: 699

7 იანვარს, როცა მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილი შობას აღნიშნავს, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიდერმა, პატრიარქმა კირილმა, სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში განაცხადა, რომ რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია და მიანიშნა, თითქოს არ არსებობს ცალკე აღებული უკრაინის ეროვნული იდენტობა.

„ეს არის ერთი ერი, მაგრამ ეს არის ძალიან დიდი ერი. თეთრი ზღვიდან, შავ ზღვამდე. და ეს უკიდეგანობა - ის ყოველთვის იწვევს სხვების შიშს, შურს. ამიტომ, უხსოვარი დროიდან, გარე ძალები მუშაობდნენ ამ ერის გაყოფაზე, მის დასანგრევად ან თუნდაც ერთი ნაწილის მეორის წინააღმდეგ განსაწყობად“ - თქვა რუსეთის პატრიარქმა.

კირილი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირეა, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის გასამართლებლად ამტკიცებს, თითქოს რუსები და უკრაინელები „ერთი ხალხია“. უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის წამოწყებამდე, პუტინმა „რუსებისა და უკრაინელების ისტორიული ერთიანობის შესახებ“, 5000 სიტყვიანი ტექსტი გამოაქვეყნა.

სინამდვილეში, რუსეთისა და უკრაინის ისტორიული ურთიერთობა რთულია და მიუხედავად იმისა, რომ არის კულტურული და ეთნიკური საერთო ფაქტორები, ასევე საერთო მმართველობის პერიოდები, არსებობს ფართო კონსესუსი იმის თაობაზე, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, უკრაინა ცალკე ეროვნული სახელმწიფო იყო.

უკრაინელების უმრავლესობა ამაყობს თავისი დამოუკიდებლობითა და დემოკრატიით. რუსეთის შეჭრისა და სამოქალაქო ობიექტებზე სასტიკი თავდასხმების ფონზე, ისინი მზად არიან, უკრაინისთვის საკუთარი სიცოცხლე გასწირონ.

პუტინი, უკრაინაში საკუთარი შეჭრის გასამართლებლად, არაერთხელ მიუბრუნდა ისტორიულ მითებს და ისტორიის დამახინჯებას.

თუ მოვლენებს საბჭოთა ეპოქამდე მივყვებით, 1991 წლის 24 აგვისტოს, იმჟამინდელი საბჭოთა უკრაინის რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტი მიიღო.

აქტის საფუძველზე, 1991 წლის 1 დეკემბერს, უკრაინაში რეფერენდუმი გაიმართა და მასში უკრაინელ ამომრჩეველთა 84%-მა მიიღო მონაწილეობა. ამომრჩეველთა უმრავლესობამ, 90%-მა, სსრკ-სგან დამოუკიდებლობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა. დამოუკიდებლობის მხარდაჭერამ, 80 პროცენტს გადააჭარბა უკრაინის აღმოსავლეთ პროვინციებში, ლუჰანსკსა და დონეცკში, რომელთა ანექსიასაც რუსეთი ცდილობს. საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობას, ამომრჩეველთა 54%-მა დაუჭირა მხარი უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულზე, რომელიც 2014 წელს, რუსეთმა უკანონოდ დაიპყრო.

უკრაინა, მსოფლიოს 40-ზე მეტმა ქვეყანამ, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მალევე აღიარა. თავად რუსეთმა, ოფიციალურად, უკრაინის დამოუკიდებლობა 1991 წლის 5 დეკემბერს აღიარა.

არიან თუ არა უკრაინელები და რუსები, ეთინიკურად ერთი ხალხი?

არსებობს მსგავსება, მაგრამ ასევე ბევრი განსხვავება, რომლებიც მათ ჰყოფს. კირილის მსგავსი რიტორიკა, ამ განსხვავებებს ფარავს და უგულვებელყოფს იმას, თუ როგორ ხედავენ უკრაინელები საკუთარ თავს.

კემბრიჯის ლექსიკონის მიხედვით, ეთნიკურობა არის „ადამიანთა დიდი ჯგუფი, რომელსაც აქვს საერთო კულტურა, ენა, ისტორია, ტრადიციათა ნაკრები და ა.შ. ან, რომელიმე ამ ჯგუფთან მიკუთვნების ფაქტი.“

სოციალური და ქცევითი მეცნიერებების საერთაშორისო ენციკლოპედიაში ნათქვამია:

„ეთნიკურ იდენტობას აყალიბებს როგორც ეთნიკური კუთვნილება, ასევე ეთნიკური მიკუთვნება. ეთნიკური კუთვნილება გულისხმობს ინდივიდების ჯგუფური წევრობის განცდას და ჯგუფის მახასიათებლებს, როგორც ეს განსაზღვრულია მისი წევრების მიერ.“

რაც შეეხება ენას- ენციკლოპედია „ბრიტანიკას“ მიხედვით, უკრაინული ენა, დაახლოებით 700 წლისაა. „უკრაინული ენა, კიევის რუსის (10-13 ს.) სალაპარაკო ენის პირდაპირი შთამომავალია“, რომელიც XIV საუკუნეში გაიყო უკრაინული, ბელარუსული და რუსული ენების ადრეულ ფორმებად.

რუსეთის იმპერიულმა და შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებამ, 1654 წლიდან 1991 წლამდე, უკრაინის რუსიფიკაციის პოლიტიკა გაატარა, რომელიც 1920-იან წლებში მხოლოდ მცირე ხნით შეწყდა. მას შემდეგ, რაც უკრაინამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ახალი მთავრობა მიზნად ისახავდა რუსული ენის გამოყენების შემცირებას და უკრაინულის წახალისებას.

სახელი „უკრაინა“ 800 წელზე მეტი ხნისაა.

„ის პირველად ჩნდება კიევის ქრონიკაში, 1187 წელს. შემდეგ ქრება, მერე ისევ გამოიყენება, მაგრამ მუდმივ გამოყენებაში კაზაკთა დროიდანაა, 16017 საუკუნეებიდან“ - ამბობს დამოუკიდებელ რუსულ საინფორმაციო სააგენტო „მედუზასთან“ საუბრისას უკრაინელი ისტორიკოსი, იაროსლავ ჰრიცაკი.

„ერთი ხალხის შესახებ“ პუტინის მიერ გამოთქმული მტკიცების საპასუხოდ, როჩესტერის უნივერსიტეტის ისტორიკოსი, მეთიუ ლეონე ამბობს, რომ რუსებმაც და უკრაინელებმაც, თავიანთ წარსულზე მითიური პრეტენზიები გამოთქვეს. მაგრამ, ისტორიკოსის თქმით, უკრაინის ერად ჩამოყალიბება ფაქტია, თუნდაც ის ბოლოდროინდელი მოვლენა იყოს.

როგორც ჩანს, პუტინისა და კირილის რიტორიკას ასევე არღვევს გენეტიკა.

2021 წლის 13 იანვარს, სამეცნიერო ჟურნალში "GigaScience"-ში უკრაინელების გენეტიკური კოდის ყველაზე დიდი კვლევა გამოქვეყნდა. კვლევა ჩატარდა საერთაშორისო პროექტის მიერ, რომელმაც შეკრიბა მეცნიერები უკრაინიდან, შეერთებული შტატებიდან და ჩინეთიდან.

ამ კვლევის მიხედვით, უკრაინელები ცალკე ხალხია, რომელთა გენეტიკა განსხვავდება რუსებისგან. უკრაინელები უფრო ახლოს არიან ცენტრალური და სამხრეთ ევროპის სლავებთან, ვიდრე რუსებთან.

ადრეულმა კვლევებმა, ასევე აღმოაჩინა გენეტიკური განსხვავებები რუსული პოპულაციისგან.

2016 წლის ნოემბერში, კიევში დაფუძნებულმა ანალიტიკურმა ორგანიზაციამ, რაზუმკოვის ცენტრის სოციოლოგიურმა სამსახურმა, უკრაინის 2015 მცხოვრები გამოკითხა. ეთნიკური უკრაინელების უმეტესობა, 67%, რუსებსა და უკრაინელებს განცალკავებულ ხალხებად მიიჩნევს. სხვადასხვა ეთინუკური წარმომავლობის ყველა რესპოდენტიდან 67% თქვა, რომ უკრაინელები და რუსები, სხვადასხვა ხალხები არიან.

ახალგაზრდა რესპოდენტები, რომლებმაც მთელი ცხოვრება დამოუკიდებელ უკრაინაში იცხოვრეს, მეტად იზიარებენ პოზიციას, რომ უკრაინელები ცალკე ხალხია. „რაც უფრო ასაკოვანი არიან რესპოდენტები, მით უფრო ხშირად იზიარებენ იდეოლოგიას, რომ უკრაინელები და რუსები ერთი ერია“ - აცხადებდნენ ცენტრში.

2021 წლის 29 ივლისიდან, 4 აგვისტომდე პერიოდში, რაზუმკოვის ცენტრმა იგივე კითხვა ეთნიკურ უკრაინელებს დაუსვა. ამ გამოკითხვაში, 72,5%-მა განაცხადა, რომ უკრაინელ და რუს ხალხებს, ერთ ხალხად არ მიიჩნევს. საპირისპირო მხოლოდ 11%-მა თქვა.

2022 წლის თებერვალში, რუსეთის მიერ უკრაინაში ყოვლისმომცველმა შეჭრამ, უკრაინელების რწმენა დამოუკიდებლობის შესახებ კიდევ უფრო გააძლიერა.

კიევში ბაზირებულმა დამოუკიდებელმა კვლევითმა ორგანიზაციამ, „Rating Group“-მა, სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის უკრაინელებს შორის, სამი დამოუკიდებელი ეროვნული გამოკითხვა ჩაატარაარიან, თუ არა უკრაინელები და რუსები ერთი ხალხი - ეს კითხვა ორგანიზაციამ მათ 2021 წლის ივლისში, 2022 წლის მარტსა და 2022 წლის აპრილში დაუსვა.

2022 წლის აპრილში, გამოკითხულთა დიდმა უმრავლესობამ, 91%-მა, არ დაუჭირა მხარი მოსაზრებას, რომ „რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია.“ ამ პოზიციას დღეს მხოლოდ გამოკითხულთა 8% იზიარებს. ეს მაშინ, როცა იმავე პოზიციაზე, 2021 წლის აგვისტოსა და 2022 წლის მარტში, გამოკითხულთა 41% იყო.

ეს სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა "ამერიკის ხმის" ფაქტების დამდგენ პროექტ "პოლიგრაფის" ვებ გვერდზე.

 ამერიკის ხმა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა