ყაზახეთის პარლამენტის დეპუტატს კრემლის მხარდამჭერი განცხადებისთვის უფლებამოსილებას უწყვეტენ; დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ევროპა-აზიის დამაკავშირებელ ბილიკს უკვე გზატკეცილად მოიხსენიებენ; ევროპარლამენტი პუტინისთვის სპეც-ტრიბუნალის შექმნას მხარს უჭერს, რამშტაინის ბაზაზე კი ყველა თანხმდება, რომ დეოკუპაციის ერთადერთი გზა უკრაინისთვის მეტი შეტევითი იარაღის მიწოდებაა. ძნელი მისახვედრი არ არის თუ საითკენ იხრება პოლიტიკური სასწორი და როგორი იქნება შემდგომი წლების მსოფლიოს გეოპოლიტიკური ტრაექტორია.
ჩვენთან კი ამ დროს რა ხდება? ლავროვი იმისთვის გვაქებს, რომ ევროპას და დასავლეთს ვუპირისპირდებით და ფეშქაშად ფრენების აღდგენას გვთავაზობს; გავრილოვი, ის გავრილოვი - რამდენიმე წლის წინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რომ გვმოძღვრავდა, მხოლოდ ფრენების კი არა დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე გვესაუბრება. ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლების კაპიტულანტური განცხადებების ფონზე, ამერიკის ელჩი გვახსენებს, რომ რუსეთთან ჯობს დეოკუპაციაზე ვსაუბრობდეთ. ნიუ იორკ თაიმსით დაწყებული, სი-ენ-ენით დამთავრებული, ყველა გავლენიანი საინფორმაციო საშუალება, თბილისის მიერ რუსეთისთვის დასავლური სანქციების გვერდის ავლის ხელშეწყობაზე საუბრობს. ოცნების ხელისუფლება კი, კვალიფიციური პასუხებით ქვეყნის ინტერესების დაცვის ნაცვლად, იმას გვიმტკიცებს, რომ ქრისტიან ამანპურიც, ურსულა ფონ დერ ლაიენიც, ბილ ბრაუდერიც, მალგოჟეტა გოშოვსკაც და საერთოდ ყველა, ვინც განგაშს ტეხს საქართველოს ხელისუფლების გამრუდებული პოლიტიკისა და რუსეთისკენ აღებული გეზის გამო, უბრალოდ ნაცმოძრაობის აგენტები არიან.
6 წელი ჩემს საყვარელ ბათუმში ვცხოვრობდი. ხშირად დავკვირვებივარ და დარწმუნებული ვარ ბევრს შეგიმჩნევიათ, თუ როგორ აყენებენ გემებს ნავმისადგომებში. ბუქსირით ძალიან ფრთხილად მიწოლის მიუხედავად, ალბათობა იმისა, რომ გემი არამარტო ქარსა თუ ავდარში ბეტონის კედელს დაეჯახოს და დაზიანდეს საკმაოდ მაღალია. ამიტომაც, ზიანის შესამცირებლად, ნავმისადგომის კედლებს მთელ სიგრძეზე რეზინის წინაღობებს კიდებენ. რამ გამახსენა და დღეს მაქვს შეგრძნება, რომ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს გემი, მის საჭესთან მყოფ ადამიანსაც და რუსულ ბუქსირებსაც, ლავროვებისა თუ გავრილოვების სახით, უკვე სასურველ სანაპიროსთან ჰყავთ მიყვანილი და მის რუსულ ნავსაყუდელში შეყენებას ცდილობენ. თუმცა იმისთვის, რომ ამ პროცესმა რყევა და თავად გემზე მყოფი ხალხის მღელვარება არ გამოიწვიოს, რეზინის "ბალიშებით" ბეტონის ნავმისადგომთან დაჯახების ეფექტის შესუსტების მცდელობას ვადევნებთ თვალს. ეს რეზინის ბალიშებია მათ შორის გაორმაგებული რუსული ტურიზმი, ბინების გაორმაგებული ქირა, თუ უძრავი ქონების ჰაერში გაფრენილი ფასი, რესტორნებისა თუ სასტუმროების გასამმაგებული შემოსავლები, რეკორდული ტვირთბრუნვა, ლავროვის მიერ შემჩნეული 10%-იანი ეკონომიკური ზრდა და ფრენების აღდგენის დაპირება.
საქართველო ნელ-ნელა კარგავს გეოპოლიტიკურ ფუნქციასაც. ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი დერეფნისა თუ ხიდის როლი, ფაქტობრივად უკვე აზერბაიჯანმა შეითავსა. აღმოსავლეთ კარიბჭის ფუნქციაზე კი, სადაც ეს დერეფანი უნდა შეუერთდეს ევროპას, და რისი შანსიც ევროკავშირმა მოგვცა, ჩვენ თვითონ ვამბობთ უარს უკრაინისა და დასავლელი პარტნიორების იგნორირებითა და კანდიდატის სტატუსის ხელიდან გაშვებით. და თუ ამ ტრაექტორიით ვივლით, უკეთეს შემთხვევაში აზერბაიჯანის დანამატად, უარეს შემთხვევაში კი პირდაპირ "რუსკი მირის" განუყოფელ ნაწილად ვიქცევით.
დასავლეთში ჩვენი მეგობრები ჯერ კიდევ იმედს არ კარგავენ: შუქურათი ნიშანს გვაძლევენ, გვეუბნებიან, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიცურავს და მტრის, ანუ რუსულ ნავსაყუდელში შედის. ჩვენ კი ვართ ამ გემზე გაბრუებულ-გარინდულები და ვუყურებთ რუსი ბოცმანი, ლავროვებისა და გავრილოვების დახმარებით, როგორ უდრტვინველად "აპარკინგებს" ჩვენს გემს მტრის ნავმისადგომში. და ალბათ აზრზე მხოლოდ მას შემდეგ მოვალთ, როდესაც გემიდან გადმოსულები პირდაპირ რუსულ ჭაობში ჩავდგამთ ფეხს, მაღლა ახედვისას კი მილიარდერის 65-სართულიან ცათამბჯენებს დავინახავთ, რომლებიც ამაყად დაჰყურებენ მათ ფონზე ჯუჯად ქცეულ გმირთა მემორიალს და შეიძლება ბევრმა ისიც კი იკითხოს: რისთვის იბრძოდა ის ხალხი, რას ეწირებოდნენ? და პასუხის გამცემი თუ აღარავინ დარჩა - ასეთ საქართველოს და მის დედაქალაქს კი მოუხდება მის ადგილას 100-სართულიანი ბიზნესცენტრი… სწორიც იქნება, რა საჭიროა ქალაქის ცენტრში მონუმენტი, რომელიც ღირსებას, თავისუფლებისთვის ბრძოლას და ამ ღირებულებებისთვის თავდადებულ გმირებს გვახსენებს... უხერხულია ღმერთმანი... ლავროვ-გავრილოვის მადლი გეწეოდეთ…