13 წელი... რუსეთის ინტერვენცია საქართველოში სულაც არ იყო „დაჩაგრული" ან „თავისუფლებისთვის მებრძოლი" აფხაზი და ოსი ხალხის თანადგომა.
ვინმე დარჩა ისეთი, ვისთვისაც დღემდე გაუგებარია, რომ 08.08.08-მდე არსებული ვითარება არ იყო კონფლიქტი ეთნიკურ ნიადაგზე, ეს იყო პოლიტიკური კონფლიქტი საქართველოს ტერიტორიების დასაპყრობად.
***
08.08.08-ის შემდეგ დღეებში არაერთი გამოცემა, პოლიტიკოსი, ექსპერტი, პოლიტოლოგი ამტკიცებდა, რომ პუტინი ყველა შემთხვევაში მოახდენდა აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას.
2008 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ, ერთი თვეც არ იყო გასული, რუსეთის პრეზიდენტმა მედვედევმა განაცხადა, ბუქარესტის NATO-ს სამიტზე საქართველოსთვის MAP-ისც რომ მიეცათ, სამხედრო მოქმედებისგან მაინც არ შევიკავებდით თავსო.
ახსოვს დღეს ვინმეს კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და მისი აღიარების შემდეგ ვლადიმერ პუტინის დაქადნება: „ყოველივე სათანადო პასუხისა და რეგირების გარეშე არ დარჩება."
და ყველაფერი ეს 2008 წელს არ დაწყებულა. არც - 2001-ში, ნიუ იორკში „ტყუპებზე" და, არა მხოლოდ, მიტანილი შტურმის შემდეგ... მაშინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვ. ვ. პუტინმა მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი პანკისის ხეობაში „იპოვა" და საქართველოს ლამის მსოფლიო ტერორიზმის ბუდედ ასახელებდა. ის თუ გახსოვთ, სწორედ მაშინ, ტელეკამერების წინ რომ აძლევდა დავალებას რუს გენერლებს, საქართველოს საჰაერო დაბომბვის შესაძლებლობების განხილვის შესახებ? ახლა არ მოვყვები, რის ფასად ავიცილეთ თავიდან ეს ავანტიურა, რა ძალისხმევა ჰქონდა ყველაფერ ამაში ედუარდ შევარდნაძეს, ჯეიმს ბეიკერსა და ჯორ ბუშ უმცროსს. ყველა ჭკუათმყოფელისთვის ნათელია - ქართული სახელმწიფოს მოსპობა ან მისი დამონება პუტინის არათუ ოცნება, არამედ იდეაფიქსი გახდა. დიახ, სახელმწიფოსი. როგორც ვატყობ, ჩვენში დღემდე ვერ გაუვლიათ ზღვარი ქვეყანასა და სახელმწიფოს შორის და ეს უდიდესი სიგლახეა.
ქვეყანა თემურ ლეგნმა, ჯალალედინმა, მურვან ყრუმ, სტალინმა ვერ მოსპეს! - სახელმწიფო?..
და ვ.ვ. პუტინის ამ ციტატაზე რას იტყვით: „საიდუმლო არ არის და ბევრჯერ მითქვამს, რომ გეგმა იყო (2008 წლის სამხედრო ოპერაციის), იგი მოამზადა გენშტაბმა 2006 წლის ბოლოს და იქნა დამტკიცებული ჩემს მიერ 2007 წლის დასაწყისში და ვმოქმედებთით ამ გეგმის მიხედვით!"
***
სწორედ 2008 წელს შეიქმნა რუსეთისთვის სასარგებლო მოცემულობა - წამსვლელი ბუში, გარანტირებული მხარდაჭერა კანცლერ მერკელისგან, რომელსაც ბუქარესტში პირნათლად ჰქონდა შესრულებული საკუთარი პირობა-საქართველოს დაბლოკვა, მოკავშირედ მიჩნეული ნიკოლა სარკოზი, რომლის თავდაცვის მინისტრმა ბუქარესტამდე კარგა ხნით ადრე დაუსვა წერტილი თბილისისა და კიევის იმედებს და სხვა უამრავი გარემოება...
„რაც უნდა მოემოქმედა საქართველოს ხელისუფლებას, ინტერვენცია მაინც განხორციელდებოდა", - წერდა ომის დასრულების შემდეგ რუსი ექსპერტი პაველ ფელგენგაუერი.
პროვოკაცია და თან ანტისახელმწიფოებრივი... მომკლა ამ შეფასებამ უფრო მორალურ კონტექსტში, რადგან აგვისტოში დაღუპული გმირები, დაჭრილი, დასახიჩრებული ჯარისკაცები ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაციის მონაწილეებად მონათლა ხელისუფლებამ, თან ისე, რომ ზემომოყვანილი არათუ ზედაპირულად, სიღმისეულად არც გაიაზრა. ასეთი გააზრების შემთხვევაში, ეს ტერმინიც არ გაჩნდებოდა. რატომ? და თუ რუსეთი მაინც აპირებდა საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას, მაშინ რას ნიშნავს ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია? და რომ აპირებდა, ზემოთ გადაიკითხეთ ან „დაგუგლეთ" ინტერნეტში თავად ვ.ვ. პუტინის განცხადება.
***
ჰო, გვერდს ვერ ავუვლი ტალივინის დასკვნას, რომელსაც ასევე, „მოხერხებულად" იხსენებენ ხოლმე ყოველი წლის ივლისის ბოლოსა და აგვისტოში მოსკოვსა და აქ, თბილისში, ქართველი მოსკოველები...
და ამჯერად სწორედ ქართველ მოსკოველებს შევახსენებ სულ ერთ ამონარიდს ამ დასკვნდან:
„ქართველები, რუსეთთან შედარებით, უფრო ძველ ერად მიიჩნევენ თავს".
იმდენს მაინც თუ ხვდებით, თქვენ, „გრუზინები", რომ ამ სიტყვებით დაინგრა თქვენი „უკვდავების" პარადიგმა კრემლისთვის და ჩვეულებრივ ხელის ბიჭებად და ინტელექტუალაურ მეძავეებად იქეცით?
ვერ მიხვდით? ტალიავინის მიხედვით, ის, რომ ძველი ერი ვართ, ფაქტი არაა და ასე ჩვენ მივიჩნევთ.
მახსოვს, მაშინ ამაზე დავწერე: „რადგან ერთ შემთხვევაში დასაშვებია ვარაუდები, მაშინ, ალბათ, ქალბატონი ტალიავინი არც იმის უფლებას წაგვართმევს, რომ მივიჩნოთ - მან ან მისი კომისიის წევრებმა ვერ გაუძლეს 21-ე საუკუნეში არსებული იმპერიისგან მომავალ ცდუნებებს? თუ მას აქვს ვარაუდის უფლება ფაქტებთან დაკავშირებით, ჩვენც გვაქვს იგივე უფლება ქმედებებთან მიმართებით."
ჰო, ისე, ვარაუდები თქვენზეც გვაქვს - ქართველ მოსკოველებზე ანუ „გრუზინებზე"...
***
გაგახსენებთ, რომ 2004 წლის შემდეგ, განსაკუთრებით ცხინვალის მიმართულებით, ვითარება საკმაოდ პოზიტიურად იცვლებოდა. საერთაშორისო ჩართულობამ განაპირობა რუსეთის მეტ-ნაკლები დაბალანსება, რაც უთუოდ იწვევდა კრემლის გაღიზიანებას.
„აშშ-ის, ნატოსა და ევროკავშირის პოლიტიკასთან ეფექტიანი დაპირისპირებისთვის რუსეთისთვის სტრატეგიულ ამოცანად იქცა სამშვიდობო პროცესის ასეთი ტენდენციით განვითარების შეჩერება, ცისფერი ჩაფხუტებისა და, შესაბამისად, საერთაშორისო პასუხისმგებლობის მოცილება, რაც, ამავე დროს, ხელს გაუხსნიდა მას საჭიროების შემთხვევაში, შეიარაღებული ოპერაციები ეწარმოებინა საქართველოს წინააღმდეგ", - წერს ამჟამად საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი წერილში: „2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის წინა პერიოდი, სამშვიდობო გეგმა და გამოუყენებელი შესაძლებლობები".
საქართველოში არსებულ კონფლიქტებში ჩახედული ექსპერტები თანხმდებიან, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი რუსეთს საკუთარი ზრახვების განხორციელებაში და ამის დასადასტურებლად რამდენიმე ფაქტორი სახელდება. კერძოდ, ხელისუფლება დემონსტრაციულად გამოეთიშა ეუთოს მიერ დაფინანსებული ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების გეგმას; უარი ითქვა არსებულ ფორმატზე; შეცდომადაა მიჩნეული ალტერნატიული ადმინისტრაციის შექმნა დიმიტრი სანაკოევის მეთაურობით.
და ამის მიუხედავად, პუტინის გეგმების ჩასაშლელად საქართველოს ხელისუფლებას რომც ემოქმედა „ხუთოსანი ბიჭის" რეჟიმში, რომელსაც არც თავაზიანობა შეეშლებოდა, არც - ტაქტი და ზრდილობა, არც ეთიკის ნორმებს დაარღვევდა, დაიცავდა დიპლომატიურ ეტიკეტსაც - ამას შედეგი არ მოჰყვებოდა.
„დასავლეთში ვერ გაიგეს ან არ უნდათ გაიგონ, რომ პრობლემას არ წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლება. ადრეც აღვნიშნე, რომ კრემლში არც შევარდნაძე ეხატებოდათ გულზე. რუსეთისთვის პრობლემა იყო და არის თავად საქართველო, მისი გეოპოლიტიკური მდებარეობა, დემოკრატიის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანი, დასავლური ორიენტაცია და ქართველი ადამიანის - საქართველოს მოქალაქის მენტალობა, რომლისთვისაც თავისუფლება იმაზე მეტად აღმატებული რაობაა, ვიდრე თვით დემოკრატია. ქართველისთვის თავისუფლება არ იწყება ნორმითა და დოგმით. ქართველისთვის თავისუფლება იწყება რწმენითა და საქართველოთი და ეს არის გენეტიკური კოდი", - ეს კი ჩემი მოსაზრებაა 2008 წლის ომზე დაწერილი ერთ-ერთი პუბლიკაციიდან.
რამე მეშლება?
არა!
დასტურად, „გავრილოვის პროვოკაციაც" კმარა, რომელმაც თვალნათლივ გაზომა სწორედ ეს ემოცია, განცდა და თვითშეგნება. სწორედ ამ მოვლენებისას დავწერე სიტყვები - „თავისუფლება ყველაზე დარდიმანი ქართველისთვისაც კი წითელი ხაზია".
იქნებ, გადაჭარბებული ოპტიმიზმი და შეფასებაა, მაგრამ ნუ გაგიკვირებათ, აქ ქართველს ვგულისხმობ და არა - „გრუზინს", ანუ ქართველ მოსკოველს
***
„08.08.08" დაიწყო რუსეთმა და კრემლს ამაში ხელი იმათ შეუწყვეს, ვინც ქართული მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას, ვიმეორებ, დაცვას (ნახეთ იმ დღეების ქრონიკები და გაიაზრეთ, რამდენი მოქალაქე დაგვიხოცეს, რამდენი სოფელი დაბომბეს, რამდენი დაჭრეს რუსებმა და სეპარატისტებმა) არაპროპორციული ძალის გამოყენება დაარქვა. სწორედ ეს პოლიტიკოსები, დიპლომატები, საერთაშორისო ექსპერტები, შინაური იდიოტები და მავნებლები ოკუპაციის თანამონაწილენი არიან. ერთნი გარანტირებული თბილი ზამთრის, მეორენი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში შექმნილი პრობლემების დამოუკიდებლად გადაწყვეტის უნარის არქონის, მესამენი კი საკუთარი გამორჩენისა და ანგარების გამო.
ასე არ არის? სხვა თუ არაფერი, განა, ბლეფი არ აღმოჩნდა რუსეთის პროპაგანდისტული მანქანის აგორებული ინფორმაცია, თავად პრეზიდენტ მედვედევის მიერ გახმოვანებული, ქართველების მიერ 2000 ოსი მშვიდობიანი მოქალაქის დახოცვის შესახებ, რამაც თითქოსდა აიძულა კრემლი, „არაპრპორციული ძალა" გამოეყენებინა? გახსოვთ, როგორ დაიჯერეს და აქაც დაიჯერეთ ბევრმა ყველაფერი ეს?
შედეგი?
ოკუპირებული ქართული ტერიტორიები.
***
და მაინც, არ ვიღლები გავიმეორო: „08.08.08 საქართველოს გადარჩენილი თავისუფლება და ღირსებაა. ეს თავისუფლება კი თანაბრად ეკუთვნის აფხაზსაც და ოსსაც".
ოდესმე და ეს ოდესმე იქნება მალე, ისინი მიხვდებიან, რომ ნაურუს აღიარება სრულებითაც არ არის თავისუფლება და იმასაც, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოს არათუ განვითარება, არამედ, არსებობაც კი შეუძლებელია კრემლში შეკერილი ჩექმის ქვეშ.
გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი