მსოფლიოში კომპრომატების ომია. თალიბები აშშ-ს სამხედროების მიერ ავღანეთში ადამიანების წამების კადრებს აქვეყნებენ. აზერბაიჯანში "ბანქოს სახლი" თამაშდება რეალობაში - ცოლ-ქმარი - ვიცეპრეზიდენტი და პრეზიდენტი ერთმენთს კომპრომატებს უფრიალებენ და როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ცოლს არც მეტი არც ნაკლები, თურქეთი უჭერს მხარს. ეს ყველაფერი კი რუსეთის თანხმობით ხდება. თავად თურქეთის პრეზიდენტის დღეები, უფრო სწორად თვეები, დათვლილია და იქაც კომპრომატების ომია, მაგრამ ერდორანს ჯერ ალიევი ჰყავს დასამხობი და მერე მისთვისაც მოიცლიან. ეს რაც ჩვენს ირგვლივ - „до и около" ხდება.
ჩვენთან კი... ჩვენთან სახელმწიფო ჩამოგვიშალეს და დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი კვლავაც შარდია... კიდევ კარგი ერთ-ერთი, მაგრამ შარდის თემა აშკარად ჯობდა იმას, რის წინაშეც ქართული სახელმწიფო აღმოჩნდა. კი დავწერე სახელმწიფო, მაგრამ იმ წამსვე გავიაზრე - სად არის სახელმწიფო?
რა გიხარიათ და რისი ყიჟინა ისმის? განსაკუთრებით პოლიტიკურ კლასს მარჯვნივ, მარცხნივ, ცენტრში, ცოტა იქეთ და ცოტა აქეთ? სახელმწიფო აღარ არის და გგონით ნულიდან შეძლებთ რაიმეს დაწყებას? ვერ შეძლებთ და აი, რატომ - ნულზე ქვემოთ არის ახლა საქართველო. ვინ რა იცით, ეს გაშიფრული აგენტები სახელმწიფოსთვის რა სიკეთეს აკეთებდნენ. თუ იმის თქმას გაბედავს ვინმე, რომ სახელმწიფოს აგენტები არ სჭირდება?
საპატრიარქოში რომ უსმენდნენ ადამიანებს, ეგ კი არ უნდა იყოს ნარატივი, არამედ ის, რომ უსმენდნენ და საბრალდებო სკამზე არ სვამდნენ. მეუფე ნიკოლოზის ქმედებები რომ გაიაზროს ადამიანმა, ადვილად მიხვდება, რომ ნებისმიერ ჩვენგანს სამშობლოს ღალატისათვის ახლა, მინიმუმ, 20 წელი გვექნებოდა მისჯილი, თუ სამუდამოდ არ ვიქნებოდით ციხეში გამომწყვდეულები, თან დამსახურებულად.
გმირი კი არ არის ის, ვინც ეს ჩანაწერები გამოტანა და ყველა ტელევიზიის წინ დაყარა - დამნაშავეა და სახელმწიფოს გამანადგურებელია.
ამ ფაილების გამოტანა პატრიოტული და გულაღტკინებული მოტივით არ მომხდარა - ან შანტაჟით მოხდა, ან დიდი ფულის სანაცვლოდ - ეს ხომ ცხადია. და თუ ახლა იმაზე უნდა ვისაუბროთ, რომ ვიღაცამ თავი მოიკლა, ძალიან ცუდია. ბევრმა იცის, რომ იმ ადამიანს თავი ამ ფაილების გამო არ მოუკლავს და ამ ინფორმაციის ასე გამოგდება გამომგდებელსაც არ სჯერა, სავარაუდოდ. უბრალოდ, ექშენს სძენს სიტუაციას. და თუნდაც ასე იყოს, მაშინ ამ კითხვას რა პასუხი აქვს: იმ ადამიანის გარდაცვალებიდან დღემდე სად იყო ეს ფაილები და რატომ სწორედ დღეს, ან თუნდაც ამ ვითარებაში?
ყოველთვის ვამბობდი, რომ პირადი ცხოვრება არ და ვერ იქნება ეკლესიის ნომერ პირველი პრობლემა . ეკლესიის პირველი პრობლემა მისი ორიენტაციაა - იდეოლოგიური ბმა, რომელიც ამ ქვეყანას მაქსიმალურად ექაჩება უკან - რეგრესში. არა, სექსი, სექსი, სექსიო, გაჰკიოდა უმეტესობა, ვისაც მოჩვენებითად სტკივა ეკლესია.
თუ მარნეულის მერობის კანდიდატი აგენტია, კარგი რამე ვქენით, რომ გავშიფრეთ? მის გაშიფვრაში ხომ უცხო ქვეყანა მილიონებს დახარჯავდა. რა ვქენით - მივეხმარეთ და თან უანგაროდ?
სუს-დან ამ ფაილების გატანა და ტელევიზიებში მიზანმიმართული გავრცელება, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული და აქ მნიშვნელობა სულაც არ აქვს, რომელი პოლიტიკური ძალა მართავს მას. და ვინმე იაზრებს, რომ სახელმწიფოში ხელისუფლებაც მოიაზრება და ოპოზიციაც?
ვინ გვაპატიებს ჩვენ დიპლომატების მოსმენას? - არავინ და თუ ვინმე ფიქრობს, რომ „ესენი რომ ჩაირიცხებიან", ყველაფერი დალაგდება, არ იქნება ასე. იმედია, აქ არავინ მყავს ისეთი გულუბრყვილო, რომელიც იტყვის, ჩვენს მეგობარ ქვეყნებს არ ჰყავთ საქართველოში საკუთარი აგენტებიო. ჰყავთ და თანაც ბლომად.
შედიოდა ყველაფერ ამის გასაჯაროება ხელისუფლების ინტერესებში? რა თქმა უნდა, არა, მაგრამ ხელისუფლება იაზრებსს, რა საფრთხის წინაშე დააყენა მისი მოქალაქეები?' არის მასალები ავთენტური? ალბათ არის, თუ იმასაც გავითვლისწინებთ, რომ ჩემი სახელიც ფიგურირებს მასში, როგორც მომიყვნენ და მეორე ფიგურანტთან - გიორგი ტიგინაშვილთან სამი წლის ამბების ზუსტად გახსენებით მივედით დასკვნამდე, რომ სრულიად სწორად.
მეც და ჩემს მეგობრებსაც არაერთი სარეკომენდაციო წერილი თუ ანალიზი მოგვიმზადებია სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე - ზოგი ღია და ზოგი დახურული, თუმცა ჩვენ საჯარო პირები ვართ და ჩვენებურ ხედვას მეტწილად საჯაროდვე ვაჟღერებთ ხოლმე, მაგრამ აი, ახლა რა ქნას იმ აგენტმა, რომელიც წლების განმავლობაში კონსპირაციაში იყო და უდიდესი რისკის ფასად მოჰქონდა სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციები გნებავთ საპატრიარქოდან, როგორც რუსეთის სპეცსამსახურების ღია ფილიალიდან საქართველოში და გნებავთ - ევროპიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, ირანიდან...? ტელემენეჯერების კეთილსინდისიერებაზეა მათი ბედი დამოკიდებული? ნეტამც ასე იყო, რადგან დარწმუნებული ვარ, ისინი ბევრად სახელმწიფოებრივად იმოქმედებენ, ვიდრე....
ვიდრე ვინ? აშშ ან რომელიმე ევროპული სახელმწიფო? ხომ ვიცით მათ შემთხვევაში ეს გაგრძელება არ იქნებოდა.
კერძო ან შიდაპოლიტიკური ინტერესი? არა, ვერ მოხდებოდა ასე იმიტომ, რომ სადღაც დაუცდებოდათ ფეხი. მაშინ ვინ?
დაბეჯითებით შეიძლება თქმა, სუს-დან ფაილების გატანა რუსეთის სპეცსამსახურების სპეცოპერაციაა და თუ ასეა, მაშინ ახლა რას ვაკეთებთ? ვჯდებით რუსეთის ინტერესების სცენარში? ვინ იგებს ყველაფერ ამიდან? თუ ზიანი მიდგა ხელისუფლებას და ეს აშკარაა - მას შეუძლიათ პირდაპირ აღიარონ, რომ არ არსებობს . განა, ზიანი თვალნათელი არ არის პოტენციური ხელისუფლებისთვისაც, ოპოზიციას ვგულისხმობ? გაშიფრული პირებით ვპირებთ სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფას თუ ყველას გავყრით ერთი ხელის მოსმით და ახლებს მოვიყვანთ უცებ?
ანუ, ზიანი მიადგა მთლიანად ქართულ პოლიტიკურ კლასს, თუ ამას ვინმე სწორად იაზრებს? ნახეთ გამოყრილი ფაილებიც რა გონივრულადაა შერჩეული - მ. მაჭავრაინის, ხ. გოგორიშვილის, ხ. ოჩიაურის მიერ პირადი მოძღვრისთვის მიწოდებული ინფორმაციები და მოძღვარი ეპისკოპოსისგან რუსეთის სპეცსამსახურებში ტრანსლირებული. და ეს ხომ ერთეული გვარებია თუნდაც 25-ე კადრად, რომ ხელისუფლებებთან თანამშრომლობა არ შეიძლება.
ნარატივი, რომ სუს-ია უბედურება (ადრე კუდი) არის არასწორი. სისტემა? სისტემა - კი. და ახლა სისტემა რეფორმირებას არ ექვედებარება - დაინგრა და ამას ხვდება ვინმე?
ნარატივი - სუს-ი ყველას და ყველაფერს უსმენს, არის არასწორი, სწორია - უსმენს და არ მოქმედებს ადეკვატურად და იმის გააზრება, რის საბუთებსაც თუნდაც მუდამ ითხოვდა საპატრიარქო საკუთარი რუსეთუმეობის დასტურად, ანუ სწორ რეაქციებსაც მოკლებულები ვართ, ეგ მგრძნობელობაც დაგვიჩლინგდა.
მოდით, პირდაპირ დავსვათ კითხვა - ვინ იგებს ყველაფერ ამიდან? ბატონი ივანიშვილი და „ოცნების" ხელისუფლება უნდა ხვდებოდეს, რომ მას შეუსრულეს და ეს სააკაშვილის შესრულება არ არის. ყველაფერით ამით სააკაშვილსაც შეუსრულეს, რადგან ჩვენ არ ვიცით იმ 60 ათას ფაილში რა დევს მიშას დროინდელი. შეუსრულეს საქართველოს. და ვინ? ვინ?
ზემოთ ვთქვი - უსმენენ საპატრიარქოს და მის „ბელადებს" არის შეცდომა. ეს ნარატიოვი მრევლს სხვა სიმპტომებისკენ განაწყობს. და განაწყობს ნეგატიურად არა მხოლოდ „ოცნების" ხელისუფლებისადმი. თუ იმასაც გავიაზრებთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღიად იბრძვის ძალაუფებისათვის და მისი თითქმის ყველა ფრთის პატრონი არის რუსეთი, რაღაცები მარტივად დალაგდება. აქვე, თავიდან არ ამომიდის დუგინის სიტყვები - ჩვენ საქართველოში არ გყავს პოლიტიკური მოკავშირე, მაგრამ ჩვენი მოკავშირეა ქართველი ხალხიო. მრევლზე აპლეირებული ეს განცხადება ხომ უნდა გვაძლევდეს მოვლენების სწორად გააზრების უფლებას?
რას იგებს ამ ჩანაწერებიოდან საპატრიარქო, მინიმუმ, ორი ფრთა, მგონი, ამაზე ახლა საუბარი არც ღირს. მიმხვედრი უნდა მიხვდეს და ამ ფრთების წარმომადგენლებს რა აკავშირებთ რუსეთთან, ეგეც კარგად არის ცნობილი. ამ კავშირებზე საუბრის გამო მომხსნა ლამის ორი წელია ერთ-ერთმა ტელევიზიან ეთერიდან, რომლის მენეჯმეტი ახლაც ვერ იაზრებს მოვლენებს ადეკვატურად და თუნდაც დღევანდელი ნარატივით პირდაპირ რუსეთის „გრუ"-ს დავალებას ასრულებს.
კიდევ რა... რა აზრი აქვს რამეზე საუბარს? ახლა ხელისუფლება რომ არ გვყავს, იმაზე კი არა, სახელმწიფო რომ არ გვაქვს და კარგა ხანი არ გვექნება, იმაზე უნდა ვიდარდოთ.
მთელი დღე მოავნდომე უამრავ კონსულტაციას ლინგვისტებთან, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტებთან და მინდა გითხათ, ტექსტი, რომელიც სუს-ის ყოფილი თანამშრომლის სახელით გამოქვეყნდა, არის ძალიან კარგი, თითქმის (!) უბადლო თარგმანი რუსულიდან, რომელშიც ისევ თითქმის(!) ვერ იპოვნით შეცდომას. ლიტერატურულ პასჟებს რომ თავი დავანებოთ, რაც რეალურად არ უნდა ყოფილიყო წინასიყტვაობაში და ამის არც განწყობა უნდა ჰქონოდა „ყოფილ თანამშრომელს". თუ კარგად დავაკვირდებით, „თანაშრომლის" ტექსტი პროპაგანდისტულია, ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, პირველივე წინადადების სიტყვებით ადამიანს ტვინში ურტყამს და ნებისმიერს, აბსოლუტურად ნებისმიერს უჩნდება განცდა, რომ უსმენენ, მასზე კომპრომატებს აგროვებენ და მართავენ. ეს კი „კაგებეს" ხელწერაა, იმ „კაგებესი", რომლის პირდაპირი მემკვიდრეც დღევანდელი რუსული გრუ თუ სხვა სპეცსამსახურებია.
ტექსტში განბსაკუთრებულია სამი ადგილი - 1. ჩვენ გისმენთ ყველას, ვაგროვებთ ცნობებს თქვენზე, ვაგროვებთ კომპრომატებს, ვიყენებთ თქვენ სისუსტეებს, გიგონებთ ჭორებს, გიტეხავთ სახელს - ჩვენ გმართავთ ბოროტების საშუალებით!
ჭორებიო, ღმერთო ნუ გაიცინებ.
2. ჩვენ არ გვადარდებს, რომ რუსეთის საშინელი სიბნელე მოდებულია ყველგან, ყველაფერს, საპატრიარქოში - ამას არც ვებრძვით, არც ვეწინააღმდეგებით. მხოლოდ ჩვენი ბატონების კეთილდღეობაა ჩვენი ზრუნვის საგანი, მათი კომფორტი და უსაფრთხოება!
რუსეთი არაფერ შუაშია, მე პატრიოტი ვარო.
3. მე არ მეძებოთ - ვერ მიპოვნით მაინც! ამ ყველაფრის შემოქმედებსა და მუშაკებს ჯოჯოხეთში გელოდებით!
სრული ფაისკოა - творцов и работников.
გებელსის დოქტრინის ფრაზები რომ უთარგმნეს ნამახვანელებს ზუსტად ისეა რა. ეს თარგმანი საქართველოს რომელი კუთხის შვილის გაკეთებულია, მაგის განმარტებას მე ნუ მომთხოვთ, ეს უკვე თქვენთვის მომინდვია.
მოკლედ, კარგად ბრძანდებოდეთ, მე წავედი!
გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი