რა მოხდა ნამახვანში.
2020 წლის ოქტომბრის მიწურულს წყალტუბოს რაიონში, სოფელი ჟონეთის ხიდის თავთან რამდენიმე არაადგილობრივი მოქალაქე გამოჩნდა, ფურგონიანი მანქანები პატარა მდელოზე შეაყენეს და ბარგის ჩამოლაგება დაიწყეს. დღის ბოლოსთვის ჟონეთში კარვების გაშლა დასრულებული იყო, მორიგე მზარეულმა გაღუღუნებულ შეშის ღუმელზე ტაფა შემოდგა და ხორცის ხრაკვას შეუდგა. ერთმა გრძელთმიანმა წვეროსანმა კი შტატივზე მობილური ტელეფონი დაამაგრა და 2018 წლის ივნისში შექმნილი ფეისბუქ გვერდი სახელად „ბუნება ჰესების გარეშე / Nature without HES's" გახსნა. გრძელთმიან წვეროსანს ვარლამ გოლეთიანი ერქვა, რომელმაც ფეისბუქზე Gole Golle-ს სახელით აქტიურობა 2020 წლის ზაფხულში დაიწყო და ჰესების საწინააღმეგო კომენტარების გენერირებას მიჰყო ხელი.
მისი აქტივობა ამ ქვეყანაში ათწლეულების მანძილზე არსებული ჰესების მოწინააღდეგე თუ პრორუსული ძალებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენია. უკვე აგვისტოსთვის გაუმართავი სახელით შექმნილ სულელურ ვებგვერდს სახელი გადაუკეთდა და „რიონის ხეობის გადარჩენისთვის" ეწოდა. ქუთაისელი ვარლამ გოლეთიანი და სხვა მოცლილი პირები, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობის როლი უნდა შეესრულებინათ (როგორც ცნობილია, რიონის გუშაგებში მხოლოდ ერთი, მაკა სულაძეა პროექტის არეალში არსებული ნაკვეთის მფლობელი), ერთ გუნდად შეკრეს და უკვე ოქტომბერში ჟონეთის იმ ხიდს მიაყენეს, რომელიც მდინარე რიონის მეორე მხარეს ნამახვანჰესის სამანქანო შენობის სამშენებლო უბანს უკავშირდება. ხიდისთავში დაბანაკებულმა ჯგუფმა ხიდი ჯაჭვით გადაკეტა, ზედ ხატები მიასვენეს და გალობა დეიწყეს.
აღწერილი მოვლენა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ მოხდა. ქვეყნის საინფორმაციო ველი დიდი შერკინების ფონზე უკიდურესად დაძაბული და პოლარიზებულია, ამომრჩევლის ნაწილი რევანშის მოლოდინშია, მეორე ნაწილი კი სტატუს კვოს შენარჩუნებას ემხრობა. სწორედ ამ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში მომხდარი ნებისმიერი ფაქტი პოლიტიკური ბატალიის პრიზმაში ტარდება და შესაბამის კონოტაციას იძენს, ჰესების მოწინააღმდეგე დაჯგუფებამ წინააღმდეგობის ახალი, ფიზიკური კერა შექმნა და ნამახვანჰესის მშენებელ კომპანია „ენკას" მანქანებს გადაადგილება შეუზღუდა. კუსტარულად გამართული სტუდიიდან ბატონი ვარლამის აპოკალიპტური ლაივები დაიწყო, რომელიც რამდენიმე დღეში ადგილობრივი მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.
უკვე 3 ნოემბერს სატელევიზიო ჩართვისას გოლეთიანმა განაცხადა, რომ ნამახვანჰესი შენდება ყოველგვარი კვლევის გარეშე, რომ კაშხლები წალეკვის საფრთხეს უქმნის ქუთაისს, დაიტბორება ლეჩხუმის 80 პროცენტი და კაბალური ხელშეკრულება ჩინოვნიკების ჯიბეების გასქელებაზეა გათვლილი. ამ დემაგოგიურ მითებს მომავალი ერთი წლის განმავლობაში სხვადასხვა ვარიაციითა და სიმძაფრით, ფსევდოარგუმენტაციისა და დეზინფორმაციის ნაზავით ქართული საზოგადოება არაერთი ვერსიითა და შესრულებით მოისმენს.
შექმნილ ვითარებაში ხელისუფლება მოერიდა წინააღმდეგობის კერის გაღვივებას და მოთმინების პოლიტიკა აირჩია. ვიდრე ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება განიმუხტებოდა, რომელიც ჯერ არჩევნების შედეგების გაპროტესტებით, გაყალბების ბრალდებითა და შემდეგ საპარლამენტო ბოიკოტით გამოიხატა, რიონის გუშაგებად თვითგამოცხადებულმა კარვის ბინადრებმა საინფორმაციო ვარლამიადა გაშალეს და კარავში გამოძინებულ თითოეული დღის ათვლა დაიწყეს. ვიდრე იმ შედეგის შეფასებაზე გადავალთ, რაც ნამახვანჰესის ჩაგდების რეალურმა საშიშროებამ გააჩინა, მნიშვნელოვანია იმ ჰიბრიდული საინფორმაციო ტექნოლოგიის აღწერა, რაც გუშაგებს გამოაყენებინეს დესტრუქციულმა ძალებმა. ჯერ კიდევ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების აკადემიაში სწავლის დროს მსგავს საინფორმაციო/დივერსიულ ტექნოლოგიებს ვსწავლობდი (KGB-ის რუსულენოვანი სპეცდისციპლინების სახით), აქედან გამომდინარე, ჩემთვის რთული არ იყო ამ მეთოდების ამოცნობა, რადგან ჩემი სწავლის პერიოდის შემდგომ მხოლოდ მეთოდები ტექნოლოგიურად დაიხვეწა, ხოლო ხერხები იგივე დარჩა.
1. „პროტესტის 69-ე დღე" - კალენდრის ათვლა ძალიან ეფექტური საშუალებაა ცარიელ ადგილზე უშინაარსო პროტესტს ლეგიტიმაციის ხარისხი მიანიჭო. „ჩვენ უკვე ასოცდარვა დღეა ღამეს ვათენებთ" ან „აი შესრულდა პროტესტის სამასი დღე!" - ასე იწყება პროტესტანტების თითოეული მიმართვა და გაუთვითცონობიერებელ მსმენელს განცდას უჩენს, კი მაგრამ, ამდენი ხანი ტყუილა ხომ არ გაათენებს ადამიანი?!
მსმენელი, რომელიც იფიქრებს, რომ რატომ ეწოდება ძილს გათენება ან კარავში გატარებული დღეები რით ხდის პროტესტს სამართლიანს, ცოტაა.
2. "დამპალი ქაშაყის" სტრატეგია - ამ მეთოდის მიზანი შექმნილი ბრალდების მტკიცება არ არის. მისი დანიშნულებაა ბრალდების რაც შეიძლება ფართომასშტაბიანი განხილვის გამოწვევა, ბრალდების არა შინაარსზე, არამედ მის უსამართლობასა და გაუმართლებლობაზე ლაპარაკი. გუშაგების შემთხვევაში ეს როლი „კაბალური ხელშეკრულების" თემამ ითამაშა. არავის წაუკითხავს კონტრაქტი, არავის ესმის მისი წანამძღვრები, დანიშნულება, შინაარსი, მაგრამ ყველამ მოისმინა და დაიჯერა(!) მისი მავნებლობისა და დაუშვებლობის შესახებ. კონტექსტიდან ამოგლეჯილი და დამახინჯებული ეპიზოდებით გუშაგებმა თავისი ნარატივი მიმდევრებზე გაავრცელეს.
3. „ორმოცი სამოცზე" მეთოდი - ინფორმაციის ტყუილ-მართლით განზავება. ეს მიდგომა გუშაგებმა პროექტის ეკოლოგიური პარამეტრების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს. დაიკარგება ჩანჩქერები, მეწყრული უბნების გამო დაუშვებელია კაშხლის მშენებლობა, აივსება კარსტული მღვიმეები, პირს დააფჩენს ურანის საბადოები, გაქრება რიონის კალმახი და განადგურდება ტვიშის მიკროზონა. ყველა ის საკითხი, რაც კვლევისა და შესაბამისი სპეციალისტების მიერ შესწავლის საგანი იყო, გუშაგებმა სრულიად დაუსაბუთებლად, შიშებისა და მანიპულაციების ინსტრუმენტად იხმარეს.
4. „დიდი ტყუილის" ტაქტიკა - ცნობილი ინსტრუმენტია, რომლის დანიშნულებაცაა მსმენელს სრული თავდაჯერებით შესთავაზოს ისეთი სიდიდის სიცრუე და ტყუილი, რომლის სიმართლეში ეჭვის შეტანა გაუჭირდებათ. ტყუილის აგება მსმენელთა ღრმა ფსიქიკურ ტრამვებსა და ქვეცნობიერ შიშებზე ხდება. ეს ტყუილი გუშაგებმა ანტითურქული თემატიკის გამოყენებით შექმნეს და მათი აქტივობა უხვად შეამკეს „ენკას" თურქ თანამშრომლებზე თავდასხმითა და რელიგიური ატრიბუტიკის გამოყენებით.
5. „ნაპოლეონი" - სტრატეგიამ ეს სახელი ნამცხვრიდან აიღო. მისი დანიშნულებაა თემის რამდენიმე შრეზე პარალელური გაშლა, ისე რომ ერთიდაიგივე საკითხი სხვადასხვა სოციალური ფენისთვის ერთნაირად მისაღები გახადოს. ამიტომ საკითხი განსხვავებული ნარატივებით უნდა გავრცელდეს. სოციალური მედიის ინსტრუმენტების გამოყენებით სამიზნე აუდიტორიები დააჯერეს როგორც კონტრაქტის კაბალურობაზე (შედარებით რაციონალური აუდიტორია), ეკოლოგიურ აპოკალიფსზე (რომელიც პირველ ეტაპზე წარმატებით გავრცელდა, თუმცა შემდეგ მტკიცებულებების არქონის გამჟღავნებისთანავე მემარცხენე დისკურსმა შეცვალა, რაც მთლიანად ანტიკაპიტალისტურ დისკურსზე აიგო), ურანის საბადოების ათვისების შეთქმულების თეორიასა და ქართველი მართლმადიდებლების საუკუნოვან ბრძოლაზე თურქული ექსპანსიის წინააღმდეგ.
6. მოძრაობის ლიდერი - ამავდროულად სპიკერი, რომელმაც უნდა განასახიეროს მთლიანად მოძრაობა. ხან ბიბლიურ მხსნელთან, ხან კი ენიგმატურ ჯონ სნოუს გმირთან დაკავშრებულმა ალუზიებმა ვარლამ გოლეთიანის პერსონის ცნობადობა გაზარდეს და აუდიტორიას გულწრფელი, ადგილობრივი, მიწისა და სამშობლოს მოყვარული, მორწმუნე, უმწიკვლო, მებრძოლი და მჭმუნვარე სახის რაინდის ხატად შესთავაზეს. ქართული მარშის თუ ალტ-ინფოს მიერ ორგანიზებულმა რეალურმა თუ ქსელურმა კამპანიებმა და მიზნობრივ ჯგუფებში გავრცელებულმა ბოდვებმა აუდიტორიას გუშაგების მხარდაჭერისკენ უბიძგეს.
7. „შუშის ეფექტი" - აპრობირებული მეთოდია აუდიტორიას სრული გამჭვირვალობის და ჩართულობის განცდა გაუჩინოს, რაც მუდმივი ლაივის რეჟიმით მიიღწევა და მოტივად მხარდამჭერების მიმართ ანგარიშვალდებულების ქონას იშველიებს. მეთოდი გულისხმობს ნებისმიერი ნაბიჯის თუ კონტაქტის ლაივ მაუწყებლობაში გაშვებას ან უკიდურეს შემთხვევაში ვიდეოს ჩაწერას. ამ მზაკვრული მეთოდის გამოყენებით ერთის მხრივ კონტროლირებულია ლიდერ-სპიკერი, რაც საშუალებას არ აძლევს მას რომ ტყუილის ნარატივიდან გავიდეს ნებისმიერ ადამიანთან კონტაქტისას, მეორეს მხრივ მეთოდი აგენერირებს სამაუწყებლო კონტენტს და გამორიცხავს როგორც კრიტიკულ აზროვნებას, არამედ განსხვავებული აზრის გაჩენასაც. მსმენელის მანიპულაცია ერთი პირის გამოყენებით, რომელიც საყოველთაო აზრადაა შემოსაღებული, უაღრესად ეფექტური საშუალებაა.
8. დაფინანსება - ათობით ადამიანის კარავში ცხოვრება, მათი ლოჯისტიკური და ტექნიკური უზრუნველყოფა, აქციების დასპონსორება, ათასობით და ასობით ათას ლარს საჭიროებს. სტაბილური წინააღმდეგობა ამ ფულის გარეშე ვერ მიიღწევა. ლეგენდა კეთილ ემიგრანტებზე კი მხოლოდ შირმაა ფულის წარმოშობის შესახებ, რაც არ გამორიცხავს რომელიმეს მიერ 20 ევროს მართლაც გადმორიცხვას. თუმცა, დიდი ალბათობით გუშაგთა მოძრაობას საკმაოდ მსხვილი და ფარული დამფინანსებლები ჰყავს.
აღწერილი და კიდევ არაერთი სხვა მეთოდის გამოყენებით გუშაგთა წინააღმდეგობა სიცოცხლისუნარიანი გახდა. თუმცა მის საბოლოო შედეგს უფრო მეტად ხელი მთავრობის კრიზისმა შეუწყო.
2021 წლის იანვრის ბოლოსთვის ხელისუფლება გააქტიურდა, მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდა, პროტესტში ჩართულების პრეტენზიები მოისმინა და გამოსავლის გეგმა შესთავაზა. იმ მომენტისთვის გუშაგთა პოზიცია საბოლოოდ მიდიოდა იქამდე, რომ პროექტის გარშემო უამრავი კითხვა იყო, რომელსაც თავად ვერ დასვამდნენ არაკომპეტენტურობის გამო, თუმცა ეს კითხვები მათ მხარდამჭერ ექსპერტებს უნდა დაესვათ, თვითონ კი პასუხების მიღებას დაესწრებოდნენ და გადაწყვეტდნენ, მართებული იყო თუ არა პროექტის გაგრძელება. ამავე დროს გუშაგები კატეგორიულად მოითხოვდნენ მთელი ამ ბუნდოვანი პროცესის განმავლობაში ჰესის მშენებლობა სრულად გაჩერებულიყო.
ხელისუფლებამ გუშაგებს პრობლემის დაბალანსებული გადაწყვეტა შესთავაზა - ერთის მხრივ დაიწყებოდა დისკუსია და განხილვა მაგიდის ირგვლივ პასუხისმგებელი კომპეტენტური პირების ჩართულობით, სადაც ნებისმიერი კითხვა შეიძლებოდა დასმულიყო და პასუხები გაცემულიყო, მეორეს მხრივ უსაფუძვლოდ პროექტი ვერ გაჩერდებოდა, თუმცაღა შეიძლებოდა გარკვეული პერიოდით დაპაუზებულიყო საკუთრივ კაშხლის მშენებლობის დაწყება.
შეთანხმება ვერ შედგა. რამდენიმე დღეში პოლიციამ უკანონოდ გადაკეტილი ჟონეთის ხიდი გახსნა და ჰესის მშენებლობა განახლდა. გუშაგებმა პოლიციის მიერ პროექტის კუთნვილი ტერიტორიიდან მათი კარვების აღება ფეისბუქ ლაივში დარბევად მონათლეს, შესაბამისი აქოშინებული კადრები დაურთეს, თუმცა საბოლოოდ ბედს შეეგუენ და ახალი საპროტესტო რაუნდის მომზადებას შეუდგნენ.
მოგვიანებით მათ პროექტის სხვა ტერიტორიაზე გადაინაცვლეს, რაც გზის სხვა მონაკვეთის ჩაკეტვის საშუალებას აძლევდათ და ეს მიწა თავის საკუთრებად გამოაცხადეს. წინააღმდეგობას ხელი შეუწყო სამთავრობო კრიზისმა, როდესაც პრემიერმინისტრი გადადგა და დედაქალაქში პოლიტიკურად ვითარება გამწვავდა. გუშაგებმა მყისიერად ისარგებლეს შექმნილი ვითარებით და გზა გადაკეტეს. შექმნილ ფონზე, ვიდრე თბილისს სხვა დღის წესრიგი ჰქონდა, გუშაგებმა ქუთაისში დაიწყეს აქციების ჩატარება და მხარდამჭერთა მობილიზება. მარშელების, ფალავანდიშვილ-ვასაძეების და სხვა ძალების მიერ მიერ მოკრებილ მიტინგებს ზემოდან მწვანე მემარცხენეების რიტორიკა გადაუსვეს, ვარლამიადა ანტიკაპიტალისტური ტექსტებით გააჯერეს და საპორტესტო გამოსვლის მუხტით ოპოზიციური მედიის სიმპატიაც დაიმსახურეს, რამაც მოგვიანებით ამ მედიის მხრიდან მათი მხარდაჭერა უზრუნველყო.
საინფორმაციო ველის ყურადღებით მოხიბლულმა გუშაგებმა დედაქალაქისკენ ტრიუმფალური სვლა დაანონსეს, თუმცა პარალელურ რეჟიმში ჰესების გარშემო ატეხილმა დისკუსიამ სხვა, რაციონალური მოსაზრებების გავრცელებასაც ხელი შეუწყო და ანტიჰესურ ბოდვებზე აგებულ კამპანიას შესაბამისი წინააღმდეგობაც შეხვდა. სწორედ ამიტომ, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეებში გუშაგების მიერ თბილისში ანტიჰესური ღონისძიებების გამართვას მოსახლეობა გულგრილად შეხვდა, აშკარად გაბრაზებული გუშაგები გუმათის მხედრიონულ ბლოკ-პოსტებზე დაბრუნდნენ, ხოლო მათ მომხრეებს შორის უკვე თბილისში დაფიქსირებულმა განხეთქილებამ კულმინაციას 5 ივლისის დღეებში მიაღწია, როდესაც გუშაგებმა მხარდაჭერა მოძალადე ჯგუფებს გამოუცხადეს. ოპოზიციური მედიაც სწორედ ამ დღის შემდეგ გამოერკვა საპროტესტო ხიბლიდან და გუშაგების მხარდაჭერაზე ფორმალური უარის თქმა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც მოუხდათ.
პარალელურად კი მიმდინარეობდა ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მიერ წარმართული მედიაციის პროცესი, რომელსაც წარმომადგენელი დირკ ბუშლე ხელმძღვანელობდა. მოლაპარაკებებისას, რომელზეც გუშაგებს მხარდაჭერის დიდი იმედი ჰქონდათ, გაირკვა, რომ ბუშლე ასევე წინააღმდეგია პროექტის უაპელაციოდ გაჩერების და მშენებელი კომპანიისთვის ზარალის მიყენებას. სწორედ ამ პოზიციის გამო გუშაგებმა მედიაციის პროცესი დატოვეს და კვლავ გზების ბლოკირებაზე გადაერთვნენ.
ამასობაში საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება ახალ საარჩევნო ფაზაში შევიდა და ყურადღება რიონის თემატიკამ კვლავ დაკარგა. კონტრაქტით გათვალისწინებული პერიოდი, რომელიც კონტრაქტორმა შეიძლება ფორს-მაჟორად შეაფასოს და საარბიტრაჟო დავის წამოსაწყებად საბაბი მიიღოს, დასასრულს მიუახლოვდა და სწორედ ამიტომ, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა ენკას გადაწყვეტილების შესახებ, დაიწყოს პროცესი კონტრაქტის გაწყვეტისა და მიღებული ზიანის ანაზღაურებისათვის. ნამახვანჰესის პროექტი რეალურად დადგა ჩავარდნის საფრთხის წინაშე.
ვიდრე პროექტის მომავალი საბოლოოდ გაირკვევა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა საზოგადოება და მედია უნდა დააფიქროს და მომხდარი ამბებიდან გაკვეთილები მიაღებინოს. უნდა გავიაზროთ, თუ რა მომავალს და პროცესს დავუჭირეთ მხარი თითოეულმა ჩვენგანმა და დემოკრატიულ გარემოში არსებული შესაძლებლობა რა ფორმით გამოვიყენეთ. გასული ერთი წლის შედეგად დამდგარი რეალობა ბევრი მიმართულებით საკმაოდ მძიმე სურათს წარმოადგენს და ამჯერად სამ ძირითად მიმართულებას გამოვყოფ:
ა) ნამახვანჰესის გაჩერება ქართული ენერგეტიკისთვის მიყენებული უდიდესი დარტყმაა, რაც დარგის განვითარებას მთლიანად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და ყველაზე კარგად დამუშავებული პროექტის ჩავარდნა შესაძლებელს ხდის მსგავსი უაზრო კამპანიებით ნებისმიერი ჰესი გააჩეროს ადგილობრივ მოსახლეობად მონათლულმა დაჯგუფებამ.
ბ) წლების განმავლობაში დამუშავებული პროექტის, სატენდერო დოკუმენტაციის, გამარჯვებულის გამოვლენის პროცესის და გაფორმებული ხელშეკრულების ერთი ხელისმოსმით კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, პროცესის უკუქცევა და კონტრაქტის გაწყვეტის შესაძლებლობა არა მხოლოდ მოზიდულ ინვესტიციას აკარგვინებს ქვეყანას, არამედ მთლიანად საინვესტიციო გარემოს ააუარესებს და პირდაპირი ინვესტიციის კეთების შესაძლებლობას სპობს.
გ) ტყუილზე აგებული კამპანიის წარმატება ახალისებს ლოკალური მასშტაბის გრეტა თურნბერგების გაჩენას, რომელსაც ქართული რეალობის გათვალისწინებით რელიგიურ-ფანატიკური შეფერილობა აქვს და სამომავლოდ მისი გავლილი გზა არაერთი მსგავსი მანიპულატორისთვის მისაბაძ სახელმძღვანელოდ გამოდგება.
თანამედროვე დემოკრატიულ და მმართველობით პროცესში ისედაც არსებული კრიზისები და გამოწვევები არამხოლოდ პოლიტიკურ სტაბილურობას აყენებს საფრთხის წინაშე, არამედ ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობას და განვითარებას ურთულეს პერსპექტივას სთავაზობს.
ავტორი:ირაკლი ერაძე