ირაკლი კუპრაძე - ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების გაყალბებას სასამართლო სისტემაში აგრძელებს
პარლამენტის პირველ სხდომაზე დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები არ მიიწვიეს
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება „შავ პარასკევს”
სტუდენტების პროტესტი გრძელდება
USA at OSCE: Like Stalin, Putin attacking Ukraine's agriculture
To change war dynamics, powerful deterrents needed - Ukraine at OSCE
Russia launched medium-range ballistic missile, U.S. helped Ukraine prepare - White House
Zelensky reacts to Putin's statement: This is escalation in scale of war and cynical violation of UN Charter

ირაკლი ღარიბაშვილის დილის კითხვა: რამდენი მოკვდა? - ირაკლი, ჩვენ ცოცხლები ვართ, ვერ მოგვკალით და ვერ მოგვკლავთ!

22.12.2023 ნახვები: 2078

რამდენიმე დღის წინ, მეგობრები გაოცებულები იყვნენ, აღშფოთებულს რომ მხედავდნენ. ზოგადად გაწონასწორებული ადამიანი ვარ, საჯაროდ ყოველ შემთხვევაში. თითქოს ეს საკმარისი არ იყო და გუშინ ამ აღშფოთებას კიდევ დაემატა ახალი ფაქტი. მაგრამ ჯერ რამდენიმე დღის წინანდელზე.

მეზობელი კაცი, ერთ-ერთი უნივერსიტეტის პროფესორი, ბატონი გიორგი შემხვდა. კარგა ხანია არ გადავყრილვართ ერთმანეთს და თბილად მოვკითხეთ. რაღაც მოწყენილი მეჩვენა, თვალები ჩაშავებული. ბატონ გიორგის მეუღლე რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალა. ერთი ქალიშვილი ჰყოლია და ისიც გარდაცვლილა - მშობიარობას გადაჰყვაო. მოკლედ მარტო ცხოვრობს ადამიანი, რომელიც სწორედ ის კაცია - „ჭიანჭველას რომ არ დაადგამს ფეხს“. პატიოსანი, თავაზიანი, ყურადღებიანი, გემრიელი და დაუმადლებელი სალამით. იქნება ასე 62-63 წლამდე.

- რა ხდება თქვენთან ახალი და კარგი ბატონო გიორგი?

- სადაა კარგი ჩემო გოჩა. ამ ბოლო დროს ვეღარ გხედავთ ტელეეკრანზე, - მეუბნება მისთვის ჩვეული თავაზიანობით.

რატომღაც მომეჩვენა, რომ რაც თქვა ზრდილობისთვის ნათქვამი იყო, რაც მას ნამდვილად არ ახასიათებდა.

-გვკლავენ, მაგრამ არ ვკვდებით, - შევეცადე ენამოსწრებულად მეპასუხა.

-ჰო, შენ ეგ თქვი ძამიკო, - მომიგო და თითქოს არც მიყურებს, რაღაცას არის ჩემს ზურგს უკან მიშტერებული. უკან კი კორპუსის კედელია.

-ბატონო გიორგი, კარგად ხართ? არ მომწონხართ, - შევეცადე რაც შეიძლება თავაზიანად მეკითხა.

სიმართლე გითხრათ რაც პირველი გავიფიქრე ფსიქიკური პრობლემები ხომ არ დაეწყო მეთქი. რადგან ისეთი თვალები, რომლითაც ის იყურებოდა, მაქვს ნანახი და „ვიცნობ“. არაფერი მიპასუხა და უყურებს ისევ ერთ წერტილს. ახლა უკვე ნამდვილად შევშფოთდი.

-ბატონო გიორგი, მშვიდობა გაქვთ?

თითქოს გამოერკვა, შეცბა. აი, ადამიანს რომ რაღაც დანაშაულზე წაასწრებენ ისე. შემომხედა ჩამქრალი თვალებით, რომელიც უფრო მეტად გაუშავდა თითქოს ამ რამდენიმე წუთში: - კი, კი... მშვიდობაა. ძალიან მრცხვენია და მერიდება ძმობილო, მაგრამ ამდენი ხანია არ მინახიხარ და ალბათ ღმერთს ასე უნდოდა, ქუჩაში გამოსულს პირველი შენ შემხვედროდი.

-გისმენთ, ბატონო გიორგი, - მე ისევ დაძაბული ვარ.

-გოჩა, ძმაო და მეგობარო, სამი დღეა ლუკმა არ ჩამიდევს პირში და 15 ლარი შეგიძლია მომცე, ხელფასამდე? ხელფასზე დაგიბრუნებ გეფიცები, - თავდახრილი ბატონი გიორგი თვალებში არა, ნიკაპზე ან უფრო ტუჩებზე მიყურებდა. ვხედავდი, როგორ აუცახცახდა ნიკაპი ბოლო სიტყვებზე - დაგიბრუნებო, რომ მითხრა. 

ქეში თითქმის არასოდეს მაქვს ჯიბეში, მაგრამ საფულე გავხსენი, ათი ლარი აღმომაჩნდა გავუწოდე და ვუთხარი, დამელოდეთ ახლავე გამოვიტან ბანკომატიდან.

-არა, ძმობილო, გოჩა, მეყოფა, გაჩერდი.

-მოიცათ, მოვალ ახლავე, - მივაძახე და გავიქეცი. წინ ვერაფერს ვხედავდი ისე მივრბოდი ბანკომატისკენ, თან ინტერნეტბანკი შევამოწმე, ანგარიშზე სულ რაღაც 28 ლარი მქონდა. 25 გამოვიტანე. მოვბრუნდი და იქ არ იდგა. იქვე „სპარში“ შევედი, არც მანდ იყო, შემდეგ „ორ ნაბიჯში“ და ვნახე. ხელში პური ეკავა და იდგა. ფიქრობდა ალბათ რა უნდა ეყიდა ათ ლარში რომ ჩატეულიყო. მივედი გული ამოვარდნას მქონდა. მივეცი.

- არ არის საჭირო, ძმობილო, - მითხრა დარცხვენილად.

- არა, რას ბრძანებთ. გპირდებით, მეც თუ დამჭირდება არ მომერიდება და მოგმართავთ. თქვენც შემაწევთ ხელს. ამაზე არ ინერვიულოთ და არც დაბრუნებაზე, - ვუთხარი და შევეცადე გავცლოდი.

- გოჩა, ძმობილო, ხელფასზე დაგიბრუნებ. 480 ლარი ხელფასი ვერ ვუმყოფინე ვერაფერს. იქ მეუღლის გარდაცვალების დღე იყო, პანაშვიდი გადავიხადე. სასაფლაოზე წავედი. მერე მეგობარი დამეღუპა, იქაც და... მოკლედ მაპატიე. ღმერთი გაგახარებს, - მითხრა და ისევ ვერ მისწორებდა თვალს.

- ბედნიერად, არ მოგერიდოთ, - ვუთხარი და გავეცალე.

სიგარეტს მოვუკიდე და ნაფაზი ვერ დავარტყი, ყბა-სახე მიცაცხანებდა და ცოტაც და ცრემლები წამსკდებოდა. ხიდზე გავედი, მოაჯირს დავეყრდენი და ტალახისფერ - ბინძურ მტკვარს ვუყუდებდი კარგა ხანი. საქართველოც ასეთი ტალახიანი მდინარეა, გავიფიქრე, მერე ცას ავხედე, ზამთრისთვის უჩვეულოდ თბილი და მზიანი ამინდი იდგა. ცოტა დავმშვიდდი, ისევ სიგარეტი... და კოლოფი ცარიელია. ჰო, გარეთ ხომ სიგარეტის საყიდლად გამოვედი. 5 ლარი და 70 თეთრი მჭირდება. ჰმ. რომელ შვილს მივწერო? ამ დროს ჩემი სიძე რეკავს: - როგორ ხარ?

- ცუდად რომ ვიყო გაიგებდი. სიგარეტის ფული ჩამირიცხე, - ვეუბნები უტიფრად.

- ახლავე.

- გინდოდა რამე?

- არაფერი მოგიკითხე, - ისე მიპასუხა, ვერ გაბედა, თორემ ალბათ მეტყოდა, სიგარეტის ფული არ გაქვს და შენც ახლა პარიზის ბილეთით არ დამასაჩუქროო.

ზუსტად გავიაზრე რაც ხდება. გვკლავენ ეს დედააფეთქებულები, გვხოცავენ, ქვეყნიდან გვყრიან, გენოფონდს ანადგურებენ, მორალურად გვსპობენ. შიმშილისთვის, სიცივისთვის, ღირსების შელახვისთვის გვიმეტებენ და ეკონომიკურ ზრდაზე გვესაუბრებიან, ცინიკურად...

თუ ამათი დამპალი კლანის წევრი არ ხარ, განაჩენი გამოტანილი გაქვს. თვეებია ჩემთან ადამიანები უხელფასოდ მუშაობენ, განა იმიტომ რომ ცუდი მენეჯერი ვარ, უბრალოდ კეთროვანი ვარ მათთვის. ესენი რომ მედიასთან კონტრაქტების სიებს არიგებენ - იმ სიაში არ ვწერივარ და ჩემი ყოფილი თანამშრომლებიც, რომლებიც სხვადასხვა უწყებებში მუშაობენ, პირდაპირ ვერ მეუბნებიან „რატომ ვერ“, მაგრამ მიზეზები არ ელევათ ტელეფონში რომ თქვან კონტრაქტზე უარი. შემდეგ, ზოგიერთი მათგანი, ან სხვისი პირით შემომითვლის, ან თავად შემხვდება და მეუბნება - ბოდიშით, ხომ იცით ჩვენ სიები მოგვდის. ჰო, ამ სიებში იცით რა ხდება? აი, დომენი რომ არის და ქვეშ საიტი არ არსებობს, იმათაც უფორმებენ კონტრაქტს, მთავარია „მათი“ იყო. 

ბიზნესი? ეგ კიდევ ცალკე თემაა... იქაც „გახოდილი“ უნდა იყო. ან პროექტს დაგაწყებინებენ, ხარჯს გაგაწევინებენ და მერე - „პრიორიტეტები შეგვეცვალა“...

მე მინახავს ისეთი ადამიანები, რომლებსაც უტირიათ იმის გამო, რომ „ხვალ“ დენი არ ექნებათ სახლში, გაზს ჩაუჭრიან., რძეს ვერ ყიდულობენ ბავშვისთვის, მშობლისთვის წამალზე ფული დააკლდათ. ახლა გამოტყვრება ვიღაც, დედააფეთქებული - სახელისუფლებო ფონდიდან დაფინანსებული არამზადა და იტყვის, რომ „ჩვენ“ ლუზერები ვართ, რომ გვესიზმრება ეს ყველაფერი, რომ შრომა არ ვიცით, რომ კვალიფიკაცია უნდა შევიცვალოთ.

აი, ახლა ასე, პირდაპირ ვიტყვი: - უკაცრავად თქვენთან, რომ ხელისუფლებაში რამდენიმე ჩემი გამოჭედილი არამზადაც ზის. იმდენად არამზადები, რომ ტელეფონზეც არ მიპასუხებენ: ვაი, თუ სუს-ი უსმენთ. ვაი, თუ კეთრი გადაედოთ. ისე, ან რატომ უნდა მიპასუხონ, მეც არ შევთავაზო ახლა, უცებ, სარფიანი საქმე, საიდანაც რამეს გამორჩებიან. მათი უპირატესობა ის არის, რომ მე არასოდეს მოვყვები მათი არაკაცობის შესახებ, განა ჩემთან, არამედ იმავე ხელისუფლებაში, სადაც არიან. ადგილების შესანარჩუნებლად და დასაწინაურებლად რეები უკეთებიათ ძმაკაცებისთვის, კოლეგებისთვის, ნათესავებისთვის, ახლობელ-მეგობრებისთვის.

ჩემი და ჩვენი, თქვენ რომ ლუზერებად მიგაჩნიათ იმათი პრივილეგიაა ის, რომ არასოდეს დაგემგვანებით.

თქვენ, ფულის მონებო, განა არ ვიცით რა ენაზე უნდა გესაუბროთ ადამიანი? შანტაჟის! სანაცვლოდ, ყველაფერს გაუკეთებთ იმათ, ვინც გუშინ დედას გაგინებდათ და უბეში ჩაიხუტებთ. ჰო, ყველაფერს - მოაგებინებთ ტენდერებს, გაუხსნით კომპანიებს, დაუფინანსებთ „ჰაერს“, გაუხსნით ქოლცენტრებს, გამოუყოფთ მიწებს, დაუმტკიცებთ პროექტებს, დაუნიშნავთ შვილებს, ცოლებს, ქმრებს. ჰო, თქვენთან საუბრის ერთადერთი მეთოდი შანტაჟია. მაგრამ ამასაც ხომ კადრება უნდათ და იცით ზუსტად და გჯერათ, რომ ჩვენ ვერ ვიკადრებთ ან პირიქით, თუ რამე, აქეთ დაგვიწყებთ დაშანტაჟებას ათასი ტყუილით, ჭორებით, იარლიყებით. სხვა თქვენმა გადაბრუნებულმა ტვინმა ხომ არაფერი იცის. არა, მეშლება, გინებას იწერთ ხოლმე ხშირად, ლანძღვას თუნდაც დაუმსახურებელს სახეში იზელთ.

ჰო და, ზუსტად ვიცი, რაც დაგემართებათ - „იქ“ კი არა, აქ (!) იქნება თქვენთვის მდუღარე კუპრი. გაბედოს ვინმემ, რომელიმე პოლიტიკოსმა და ინდულგენციაზე დაიწყოს საუბარი. მთელი საქართველო რომ გააქციოთ, იმ კუპრიან ქვაბს მე შევუნთებ ცეცხლს! რატომ? განა იმიტომ რომ გავბოროტდი, მაშინ თქვენ უნდა გგავდეთ. იმიტომ, რომ ამას იმსახურებთ, იმიტომ რომ ხარბები ხართ და ფული გაიხადეთ ღმერთად. იმიტომ რომ ქონების გარდა თქვენთვის სხვა ღირებულება არ არსებობს. იმიტომ რომ შეგიძლიათ ბავშვები გაამწაროთ.

არ დავწერდი ბატონი გიორგის ამბავს და ღმერთია მოწამე, იმავე დღეს აღშფოთებული ვესაუბრე მეგობრებსაც და ერთ-ორ ჩინიანს, რომელთაც მაინც შერჩათ მოკრძალება, რიდი და ზრდილობა ზარებზე მიპასუხონ. ხედავდნენ რა დღეშიც ვიყავი იმ ადამიანის გამო, რომელიც მათთვის არაფერს წარმოადგენს. მაგრამ ჯერაც ამ ემოციის ქვეშ მყოფს ახალი რეტი დამესხა თავს. ჩემმა ყოფილმა ახალგაზრდა თანამშრომელმა დამირეკა.

- თქვენი ნახვა მინდა.

- სახლში ვარ და მოდი.

მოვიდა.

- შეჭამ რამეს?

- არა, მადლობა, ნაჭამი ვარ.

საშინელი წესი მაქვს ჩაკითხვის: - რა ჭამე?

- ხაჭაპური.

- ხაჭაპური რა საჭმელია კაცო და დღეს, როდის შენ ხაჭაპური ჭამე, ახლა საღამოა. კატლეტი?

- არა, არა, მართლა არ მშია.

- აბა, გისმენ.

- ბატონო გოჩა, სხვანაირად არ გამიგოთ, კითხვა მაქვს თქვენთან.

- მკითხე რად უნდა შესავლები ამას.

- სკოლას რომ ვამთავრებდი, იმ წელს მაღაზიაში დავიწყე მუშაობა კონსულტანტად. მშობლებისთვის რომ შემემსუბუქებინა ჩემზე გასაწევი ხარჯები. მანამ, ყოველ წელს, თხილს ვაგროვებდი, სადღაც მეშვიდე კლასიდან. იმაზე არაფერს ვიტყვი იმ ხელისუფლებამ ქუცაში რომ დაგვყარა ოჯახი - სახლიდან გამოგვყარეს. ვხედავდი ოჯახს სჭირდებოდა ჩემი თანადგომა და არაფერი მითაკილია არასოდეს. ჩავირიცხე და მოგეხსენებათ პროვინციიდან ჩამოსული სტუდენტისთვის აქ განსხვავებული ხარჯია. თავი არ დამიზოგავს. რამდენიმე ადგილას სადაც ვუმუშავე, თქვენც გაგიწევიათ რეკომენდაცია და არავინ ყოფილა არასოდეს უკმაყოფილო. პირიქით, თქვენც და სხვებსაც ჩემს გამო მადლობებიც მოუსმენიათ. მერე დავრჩი ასე, უმუშევრად, დაიხურა ბოლო სამსახურიც. იმის გამო, რომ პატრონი არ აღმომაჩნდა და პირიქით, ზოგიერთები ხელს მიშლიდნენ, ყველგან ერთ და იგივე პასუხი - კარგი ბიჭი ხარ, გონიერი, მაგრამ ახლა შტატი არ გვაქვს. და როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს? რა გავაკეთო? მე ხომ ადამიანი ვარ და ელემენტარული - დღეში ერთი ხაჭაპური და ერთი ჭიქა ყავა მაინც მინდა? რა ვქნა, გავიქცე ქვეყნიდან? რისთვის ვისწავლე, ან ვაგრძელებ სწავლად თუ ფასი არ აქვს? იცით, ბოლოს რა მითხრეს - ჩვენ შტატში ვისაც ავიყვანთ მისი კვალიფიკაცია სულაც არ გვაინტერესებსო. იქვე დასაქმებული ბავშვები კი რცევას მაძლევდნენ ვინმეს დაარეკინე ზემოდან და ტავადვე ყვებოდნენ ვის ვინ გაუწია პროტექცია თუ რეკომენდაცია. მე არ აღმომაჩნდა ასეთი არავინ. მითხარით რა გავაკეთო? სავალდებულოა, რომ ყველა ახალგაზრდამ, ვისაც ამ ქვეყანაში პატრონი არ ჰყავს, კონსულტანტად იმუშაოს, დისტრიბუტორად, ან მიმტანად? ეს არის გზა, რომელიც უნდა გავიაროთ? მართლა გულწრფელი პასუხი მინდა. იქნებ ჩემშია პრობლემა და ვერ ვხდები?

გაჩუმდა. ვდუმდი მეც კარგა ხანი. მიყურებდა და თვალებს არ მაცილებდა. ახლა მე ვიყავი მისთვის ადამიანი, რომელსაც შესაძლოა, მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებზე უნდა გაეცა პასუხი.

- კი, შენშია პრობლემა. შენ არ ხარ ღარიბაშვილი, კობახიძე პაპუაშვილი, გომელაური. არც მათი ახლობელი ხარ. შენ იმათ იცნობ და იმათთან ურთიერთობ ვინც ვერასოდეს გასწავლის, როგორ იშოვო ფული და ამისთვის რამდენი უსამართლობა უნდა ჩიდინო და რამდენი ადამიანი აატირო.

- ბატონო გოჩა, ყველას მისცა ღმერთმა ასი იმდენი, რაც აქვთ. მე რას ვითხოვ, იმას რომ დღეში ხუთი ლარი მქონდეს და მშობლებს არ შევყურებდე ხელებში? რას ვითხოვ იმის გარდა, რომ ლექციის დროს შიმშილისგან გული არ წამოვიდეს და რაც აქამდე ვისწავლე იმის რეალიზაციის უფლება მომეცეს? რას ვითხოვ იმის გარდა, რომ არ დამჩაგრონ და ჩემი კვალიფიკაცია დააფასონ?

- მომისმინე, პრობლემა ისაა, რომ არასწორად ითხოვ და არა იქ, სადაც უნდა მოითხოვო.

-ანუ?

-აქ, ჩემთან. მე არასოდეს მომიპარავს, ქრთამი არასოდეს ამიღია. ანუ მე ვერ გასწავლი იმას, როგორ იცხოვრო ისე, რომ ცოლს ტყე აჩუქო.

-ხუმრობთ?

-უკვე კი. ყველაფერი ძალიან მარტივადაა, ამ ხელისუფლებას სურს, რომ ან მათზე დამოკიდებული გახადოს ხალხი, ან გააქციოს ან დახოცოს. ბოლო ყველაზე მისაღებია. წარმომიდგენია, რომ ყოველ დილით პრემიერის მაგიდაზე დევს სია და თანამშემწეს ეკითხება: რამდენი მოკვდა? რამდენი ჩაძაღლდა? და სახეგაბადრული წითელ ხაზს გადაუსვამს შესაბამის გვარებს. მერე გომელაურს დაურეკავს, რომელიც მყისიერად უპასუხებს, გუშინ ქვეყანა დატოვა  ათი ათასმა ადამიანმა და ხუთი უკან არ მობრუნდება. მერე სხვა მინისტრებსაც ჩაუმოურეკავს და ასე... ბოლოს სახეც მოიჭიმავს, თითქოს დაცარიელებულ ტერიტორიებს და სახლებს მომოავლებს თვალს, აქა-იქ ჩამქრალს კერიებში მბჟუტავ ნაკვერჩხალს წყალს მისხამს და ეგაა.

ჩვენ გვაქვს არჩევანი, ან ვითამაშოთ ამათი თამაში და ავუსრულოთ ოცნება - დავიხოცოთ და გავიქცეთ, ან ვიბრძოლოთ.

შიმშილით კიდევ არ უნდა დავხოცოთ ერთმანეთი, ხან შენ მაჭმევ, ხან მე და ხან კიდევ სხვა, კეთილი ადამიანები გამოგვიწვდიან ხელს, როცა შეგვეძლება ჩვენ შევაშველებს. მთავარია, არ შეგვეშინდეს ამათი და ვიცოცხლოთ!

ამის შემდეგ ბატონი გიორგის ამბავი მოვუყევი და თვალებიდან ცრემლი ჩამოუვარდა.

- ანუ სწავლასაც აზრი არ აქვს?

- აქვს!

- როგორ აქვს, აგერ მე და ეგერ ბატონი გიორგი.

- და უამრავი ჩვენ, თქვენთან ერთად, რომლებიც ვითმენთ ამ უტიფრობას. ჩვენს ხარჯზე წამოჭიმულ ვილებს, ტენდერებიდან მოპარულ ფულებს, კორუფციას, ათას ჩათლახობას და გარეწრობას.

- და?

- და ის, რომ სამყაროში არსებობს კანონზომიერება. ორსულობა ცხრა თვე გრძელდება, ყველა სხვა შემთხვევას სხვა სახელი აქვს - ნაადრევი, გადამწიფებული.... ჰო და ამ კანონზომიერების ფარგლებში მოხდება ყველაფერი. ახლა ყველაზე საბრალო იცი ვინ არის? ადამიანი - მასწავლებელი, საჯარო მოხელე, პოლიციელი, ჯარისკაცი, სპეცსამსახურის თანამშრომელი, ხელოვანი და ასე შემდეგ, რომელიც საკუთარ ხელფასად ან ბენეფიტებად, რომელსაც ხელისუფლება ამ ერთ წელიწადში გაიღებს, ბატონ გიორგის ისევ შიმშილისთვის გაიმეტებს და შენ ამ ყოფაში გამყოფებს. დამიჯერე, მშიერი და უმწეო, დაჩაგრული, დამცირებული და ღირსებაშელახული, ატირებული ადამიანის ცოდვას ვერსად გაექცევიან ესენი. განა მართლა პურზე და კუჭზე ვსაუბრობ. ხაზზე ვსაუბრობ, რომელიც მათ გაავლეს ჩვენსა და მათ შორის. მეორეხარისხოვან მოქალაქეებად რომ მიგვიჩნევენ იმაზე ვსაუბრობ. აუცილებლად ვიღაცას რომ უნდა მიგატმასნონ იმაზე. თანამდებობაზე მყოფ პირებს მუდამ ავიწყდებათ საიდან მოვიდნენ და უარესია, რომ ვერც იმას გეტყვიან სად მიდიან, გარდა საკუთარი კეთილდღეობისა. სწორედ მაშინ ფეთქდებიან, როდესაც ყველაზე ძლიერად გრძნობენ თავს. მე მჯერა, რომ ეს გიენები და ტურები ვერ მოგვერევიან. ზუსტად ვიცი, რომ ეს კარის ბიზნესმენებიც ყველაფერს დაკარგავენ.

კიდევ ბევრი ვისაუბრეთ და მგონი იმედიანად წავიდა. მე კი სულ იმედიანად ვარ, გესმით პატარა კაცებო?

და რადგან სარედაქციო წერილი უნდა დამეწერა და წელი შემეჯამებინა. ესაა შეჯამებაც - ჩვენ ცოცხლები ვართ, ვერ მოგვკალით და ვერ მოგვკლავთ!

გილოცავთ შობას და ახალ წელს!

 

ავტორი: გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი

ნეიშენ ჯორჯიას“ მთავარი რედაქტორი

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა