Russian attack disrupts power supply at Zaporizhzhia NPP threatening blackout
სალომე ზურაბიშვილი ჯოზეფ ბორელს - საქართველო ძლიერ აფასებს თქვენს ურყევ მხარდაჭერას მისი ევროპული მომავლის მიმართ
დავით კირთაძეს ცესკოს დატოვება მოუწევს
Russian combat losses in Ukraine up by 1,510 over past day
Canada confirms delivery of NASAMS air defense system to Ukraine
SBU, National Police detain five organizers of draft evasion schemes
Ukraine and 12 European countries launch new defense cooperation format - Umerov
ISW analyzes changes in Russia's nuclear doctrine

შეიძლებოდა თუ არა „აგვისტოს ომის“ თავიდან აცილება?

08.08.2024 ნახვები: 872

ე.წ. „ხუთდღიანი ომი" სამუდამოდ დაუწყვილდა აგვისტოში აფხაზეთის საზარელი ტრაგედიის საწყისს. შესაბამისად, მათი საერთო მნიშვნელია არა მხოლოდ ეს შემთხვევითი (თუმცა მართლა შემთხვევითი კი?) ქრონოლოგიური თანხვედრა, არამედ ქართული პოლიტიკის მოარული, ლამის მარადიული კითხვა: შეიძლებოდა თუ არა ომის თავიდან აცილება?

სანამ ამ კითხვაზე არასასიამოვნო პასუხს გავცემდეთ, უნდა აღინიშნოს, რომ თვით საკითხის ასე დასმა ჩვენი საზოგადოებისათვის თვისებრივი ერთი ინტენციის გამოხატულებაა: რთულ კითხვებზე იოლი პასუხის მოთხოვნისა. ხოლო თუ პასუხი ფსიქოლოგიურად არაკომფორტულია, იგი დაუყოვნებლივ იწვევს აგრესიას!

ამერიკელი სოციო-ფსიქოლოგი, ლეონ ფესტინგერი ამას „კოგნიტიურ დისონანსს" უწოდებდა: როდესაც გარემო და ამ გარემოს მიერ წარმოქმნილი არგუმენტები ეწინააღმდეგება ინდივიდის შინაგან რწმენას, მის ღირებულებებს (მაშასადამე, საბოლოო ჯამში იდენტობასაც), იგი იმდენად მტკივნეულად განიცდის დისონანსს, რომ ხდება საშინლად აგრესიული: „რატომ ამბობ, რომ ომის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო?!!"

არ ვამბობ! კაცობრიობის ისტორია გვასწავლის, რომ ომის თავიდან აცილება ყოველთვის შეიძლება. გააჩნია, რის ფასად (ყველაფერს ამქვეყნად აქვს თავისი „ფასი"), რა ნაბიჯებისა და გადაწყვეტილებების შედეგად.

ავიღოთ მოკლევადიანი პერიოდი: 2008 წლის 1 აგვისტოდან - 8 აგვისტომდე. შეიძლებოდა თუ არა ამ პერიოდში რუსეთთან (!) ომის თავიდან აცილება?

რა თქმა უნდა შეიძლებოდა; ამაზე „ადვილი" არაფერი იყო: საკმარისი იქნებოდა, თუ საქართველოს ხელისუფლება და ქართული საზოგადოება მშვიდად, უდრტვინველად, „შორიდან" დააკვირდებოდა, როგორ აღასრულებდა ედუარდ კოკოითი ჯერ კიდევ 3 აგვისტოს НТВ-ს ეთერში გამოთქმულ მუქარას და როგორ გაწმენდნენ ოსური ფორმირებები (არა რუსული, არამედ ოსური!) ქართველებისგან ლიახვის ხეობის უკვე გარშემორტყმულ სოფლებს.

აი ამ შემთვევაში (მაგრამ მხოლოდ ამ შემთხვევაში) რუსებს არავითარი „რეზონი" არ ექნებოდათ დაეწყოთ ომი საქართველოს წინააღმდეგ: შემოჭრილიყვნენ აფხაზეთიდან, დაებომბათ ფოთი, გორი, სენაკი და ა.შ.

ეს კი არა, შეიძლება ეთნოწმენდის შემდეგ „სამხრეთ ოსეთისა" და აფხაზეთის დამოუკიდებლობაც აღარ ეცნოთ.

კოკოითის განცხადებას ვერავინ უარყოფს. ისევე, როგორც იმ ფაქტს, რომ ქართული სოფლები განუწყვეტლივ იბომბებოდა, ხოლო 7 აგვისტოს სოფელ ავნევში ორი ქართველი მეომარი დაიღუპა საარტილერიო დარტყმის შედეგად. ამიტომ კონტრარგუმენტი ასეთია: „გვეწარმოებინა თავდაცვითი ბრძოლები თუნდაც კვირეების განმავლობაში - ამით ხომ მთელი მსოფლიო დაინახავდა, რომ ოსები გვიტევენ, ჩვენ კი თავს ვიცავთ".

ჯერ ერთი, მსოფლიო ბევრს ვერაფერს „დაინახავდა": 2006 წელს პუტინის მიერ დამტკიცებული გეგმით პროვოკაცია შემთხვევით როდი დაიგეგმა პეკინის 2008 წლის ოლიმპიადის დროისთვის და წლის იმ მონაკვეთში, როდესაც ყველა ევროპელი და ამერიკელი მოხელე (საგარეო საქმეთა სამინისტროს კლერკიდან - პრეზიდენტებამდე თუ პრემიერ-მინისტრებამდე) ოჯახთან ერთად ისვენებს სადმე ფლორიდაში ან ლაჟვარდოვან სანაპიროზე.

მეორე (რაც ძააააალიან ბევრს არ ესმის ამ ქევყანაში) : თუ ეს იქნებოდა არა რუსეთ-საქართველოს დისკურსი, არამედ დაპირისპირება ქართულ სახელმწიფოსა და ოსურ უმცირესობას შორის, ევროპა, - გამომდინარე მისი თვისებრივი ინსტიქტიდან, - უეჭველად უმცირესობას დაუჭერდა მხარს! მისი მხარდაჭერა ჩვენ მხოლოდ მაშინ და მხოლოდ იმიტომ მივიღეთ სინამდვილეში, რომ დისკურსი „რუსულ-ქართული" გახდა და არა „ქართულ-ოსური" მას შემდეგ, რაც ქართულმა არტილერიამ რუსული ბაზა დაბომბა ცხინვალში. შესაბამისად, მოსკოვი იძულებული გახდა `სცენაზე გამოჩენილიყო` ნაცვლად კულისებიდან მოქმედებისა, როგორც 1992-1993 წწ. აფხაზეთში.

თუმცა შედეგი იგივე იქნებოდა.

მიშამ 2010 წელს თქვა ნიშანდობლივი ფრაზა, რაც ყველას დაავიწყდა რატომღაც: `2008 წელს იყო საშიშროება, რომ თბილისის თავზე აფრიალებულიყო ოსური (!!!-დ.) დროშა. მაშინ მსოფლიო მხოლოდ მხრებს აიჩეჩდაო`.

„ჩვენ ხომ ვიტყოდით, რომ ოსები გვესვრიან და მხოლოდ თავს ვიცავთო". კი ბატონო, ჩვენ ასე ვიტყოდით, ოსები კი, თავის მხრივ იტყოდნენ: „როგორ გეკადრებათ, ქართველები გვესვრიან და მხოლოდ ვპასუხობთ - იძულებული გაგვხადეს კონტრშეტევაზე გადავსულიყავითო".

ქართულ-ოსური ომის დროს კი ევროპა (ვიმეორებ) `ორივე მხარეს` მოუსმენდა და მისი პოზიცია სრულებითაც არ იქნებოდა ისეთი ერთგვაროვანი, როგორც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტისას აღმოჩნდა.

თუმცა, ესეც კი არ არის ყველაზე მთავარი: „კოკოითის თავდასხმისას ქართულ სოფლებში თავდაცვითი ბრძოლის" ადეპტები ივიწყებენ 2004 წლის ზაფხულის ეპიზოდს, როდესაც ვანათში გარშემორტყმულმა ქართველმა მეომრებმა „დღეების და კვირეების განმავლობაში" კი არ განაგრძეს წინააღმდეგობა, არამედ (რაკი „გარედან" მხარდაჭერის იმედი არ ჰქონდათ) მაშინვე დაყარეს იარაღი! შემდეგ ისინი ჩამოათრიეს ცხინვალში და მთელი მსოფლიოს თვალწინ დააჩოქეს.

სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილის მენტალობის გათვალისწინებით, ეს ეპიზოდი (ცხინვალში ქართველების სამარცხვინოდ დაჩოქება) მას ღამ-ღამობით კოშმარად ესიზმრებოდა და ვინც ამ მომენტს არ ითვალწინებს სააკაშვილის მიერ 2008 წლის 7 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილების ანალიზისას, ან თვალთმაქცობს, ან სრულიად არაკომპეტენტურია.

როცა ეს არგუმენტები მოგყავს ოპონენტთან საუბრისას, იგი ღიზიანდება (ხსენებული „კოგნიტიური დისონანსი"), ხდება აგრესიული და „ჩამჭრელი" კონტრ-არგუმენტი მოჰყავს: „რატომ მივიყვანეთ ომამდე საქმე? მე არ მივიყვანდი საქმეს აქამდე!"

კეთილი და პატიოსანი. მაშინ ავიღოთ არა მოკლე, არამედ გრძელვადიანი პერიოდი: 2004 წლიდან - 2008 წლამდე. შეიძლებოდა თუ არა „ომამდე საქმე არ მიგვეყვანა?" რა თქმა უნდა შეიძლებოდა! ამაზე „ადვილი" არაფერი იყო.

საამისოდ სულ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა იქნებოდა საკმარისი:

ა) არ მოგვეთხოვა საქართველოს ტერიტორიიდან რუსული სამხედრო ბაზების გატანა, რაც ძალიან მტკივნეული დარტყმა გამოდგა პუტინისთვის, რაკი რუსეთში აღიქმებოდა, როგორც უკანდახევა „მშობლიური დერჟავის" აღორძინების გზაზე.

ბ) შეგვეწყვიტა ყოველგვარი საუბარი „ნატოს" წევრობაზე. ოღონდ აქვე გავითვალისწინოთ, რომ არც ერთი პოსტსაბჭოური და პოსტკომუნისტური ქვეყანა არ შესულა ევროკავშირში „ნატო" -ს გვერდის ავლით. ანუ „ევროკავშირი გვინდა და ნატო არა" - სრული გაუგებრობაა!

გ) დავთანხმებულიყავით პუტინს წინადადებაზე (ჯერ კიდევ 2004 წელს შესთავაზა სააკაშვილს) და მიგვეღო მისი საინტეგრაციო პროექტები: „საბაჟო კავშირის" და „ევრაზესის" სახით, რომლებიც დღეს საბოლოოდ ინსტრუმენტალიზებულია „ევრაზიული კავშირის" სტრატეგიად. თანაც, ვლადიმერ ვლადიმიროვიჩი სანაცვლოდ მხოლოდ მშვიდობას გვთავაზობდა და არა რაიმეს „დაბრუნებას". არაფრის ჩვენთვის „დაბრუნებას" იგი არც ერთ შემთხვევაში არ აპირებდა.

დ) რაც ყველაზე არსებითია, ხელი არ გვეხლო სტატუს-ქვოსათვის, რომელიც „სამხრეთ ოსეთის" ტერიტორიაზე 1992 წლის შემდეგ ჩამოყალიბდა.

ოღონდ, აქვე გავითვალიწინოთ, რომ ამ „სტატუს-ქვოს" განუყოფელი შემადგენელი და მისი არსებობის პირობა გახლდათ ე.წ. „ერგნეთის ბაზრობა".

კორუფცია, ნარკოტიკები და მოპარული მანქნების ტრაფიკი „წვრილმანად" ჩავთვალოთ, მაგრამ რაც შეეხება ეკონომიკას და საბიუჯეტი შედეგებს, შეგახსენებთ, რომ „ერგნეთის" დახურვის მთავარი ინიციატორი იყო იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია, რაკი სწორედ ის აგებდა პასუხს ბიუჯეტის შევსებაზე და შესანიშნავად ესმოდა, რა დამანგრეველი შედეგი ჰქონდა ერგნეთის „შავ ხვრელს" სწორედ ამ თვალსაზრისით.

აი სიმართლე თუ გნებავთ, სიმართლე ეს არის.

ავტორი: დათო გამცემლიძე

ნეიშენ ჯორჯია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა