ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა

ნახვები: 261 ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ლიდერის განცხადება, რომ ოპოზიციური პარტიების გაუქმებამდე რამდენიმე დღე დარჩა, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების უგულებელყოფა და მოსამართლეებზე ზემოქმედების მცდელობაა.

ამის შესახებ ჯაფარიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, სადაც ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.

„ჩვენ კვლავ ვნახეთ მანიპულაციის გაგრძელება, რომელსაც „ქართული ოცნება“ აწარმოებს ამ საქმესთან დაკავშირებით. ყველაზე დიდი შეურაცხყოფა არის, როდესაც მათი ლიდერი აცხადებს, რომ რამდენიმე დღეა დარჩენილი პარტიების გაუქმებამდე. ამაზე დიდი შეურაცხყოფა როგორ შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოსი, მითხარით? ეს არის უზარმაზარი შეურაცხყოფა სწორედ თქვენი კომპეტენციის, უფლებამოსილების, როდესაც პარტიის ლიდერი ამბობს, რომ რამდენიმე დღე აქვს პარტიებს არსებობისთვის, ანუ განაჩენი გამოიტანა და თქვენი სრული იგნორირება ხდება“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ უპასუხა და აღნიშნა, რომ სასამართლო პოლიტიკოსების მიერ სხდომის გარეთ გაკეთებულ განცხადებებს ვერ შეაფასებს.

„ბატონო ბადრი, ჩვენ ვერ შევაფასებთ პოლიტიკოსების განცხადებებს. პოლიტიკოსების განცხადებების შეფასება, რომელიც სასამართლო დარბაზში არ გაკეთებულა... სხვადასხვა ინტერვიუში ძალიან ბევრ განცხადებას აკეთებს ყველა მხარე“, – განაცხადა ნადარაიამ.

ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადებები მოსამართლეებზე ზემოქმედების მცდელობას წარმოადგენს. სასამართლოს თავმჯდომარემ კი კატეგორიულად უარყო მოსამართლეებზე ზემოქმედების შესაძლებლობა.

„ვერავითარი ზემოქმედების ქვეშ ჩვენ ვერასდროს ვერავინ მოგვაქცევს. არავითარ მცდელობასაც არ ჰქონია ადგილი და ვერც მოგვაქცევს ვერავინ, ვერასდროს, ეს იცოდეთ“, – განაცხადა ნადარაიამ.

სხდომაზე ბადრი ჯაფარიძემ ასევე განმარტა „ლელო – ძლიერი საქართველოს“ შუამდგომლობის საფუძველი, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის საკონსულტაციო მოსაზრების მოთხოვნას უკავშირდება.

მისი განცხადებით, ხუთი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პოლიტიკური ორგანიზაციის ერთდროულად აკრძალვის მოთხოვნა უპრეცედენტოა და აუცილებელია განისაზღვროს, რამდენად შეესაბამება ასეთი მოთხოვნა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას.

„მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს – ხუთი, ერთმანეთთან სრულიად დაუკავშირებელი პოლიტიკური ორგანიზაციისთვის [...] ხუთი პოლიტიკური ორგანიზაციის ერთიანად გაუქმების მოთხოვნის პრეცედენტი არ არსებობს. არამხოლოდ გაუქმება, არამედ მოთხოვნის პრეცედენტი არ არსებობს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, „ლელო – ძლიერი საქართველო“ 2019 წლის ბოლოს შეიქმნა და სხვა პოლიტიკური ორგანიზაციებისგან დამოუკიდებელი დაფუძნებისა და საქმიანობის ისტორია აქვს.

ჯაფარიძის განმარტებით, შუამდგომლობის მიზანია, საკონსტიტუციო სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართოს და მიიღოს განმარტება, რა სამართლებრივი სტანდარტით უნდა იხელმძღვანელოს ხუთი პოლიტიკური პარტიის ერთდროულად აკრძალვის მოთხოვნის განხილვისას.

ჯაფარიძის განცხადებას მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი არჩილ გორდულაძე გამოეხმაურა.

„აბსოლუტურად სწორად თქვა ბატონმა ჯაფარიძემ, რომ არ არსებობს ხუთი პარტიის ერთ პროცესში გაუქმების და მსჯელობის ასეთი მაგალითი. დიახ, ასეა, მაგრამ სამწუხაროდ, არც ის არსებობს, რომ ხუთმა პარტიამ ერთად, მჭიდროდ დაკავშირებულებმა, ფეხქვეშ გათელონ საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლი“, – განაცხადა გორდულაძემ.

სასამართლოს თავმჯდომარემ გორდულაძეს სიტყვა შეაწყვეტინა და მოუწოდა, შუამდგომლობის განხილვის თემას არ გასცდენოდა.

„დაბრძანდით, ბატონო არჩილ, მეგონა რამეს ისეთს ამბობდი შუამდგომლობასთან დაკავშირებით...“ – აღნიშნა რევაზ ნადარაიამ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნების“ 88 დეპუტატის სარჩელს განიხილავს, რომლითაც ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი საქმიანობის აკრძალვაა მოთხოვნილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა