მიხეილ სააკაშვილი - გახარია ყოველთვის იყო რუსეთის ოფიციალური აგენტი და ივანიშვილის პროექტი
ქეთა ციცქიშვილს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
თიბისის მხარდაჭერით, ბაკურციხეში “ასკანელის” ქარხანა გაიხსნა
კაია კალასი - ვიზებზე ახალი რეგულაციები, რომლებიც ნოემბერში შევა ძალაში, საშუალებას მოგვცემს, ზოგიერთი ჯგუფებისთვის უვიზო რეჟიმი გავაუქმოთ
მიხეილ სააკაშვილი - ამ ხალხთან საერთო სამშობლო საერთოდ რანაირად გვაქვს - მართლა ბედი არ გინდა!
თამარ ჩერგოლეიშვილი - გახარიას პარტია აღარ არსებობს, მისი ნარჩენები თავს რას შეაფარებენ, უმნიშვნელოა
ანა წითლიძე - პარტიების აკრძალვა დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლას ვერ შეაფერხებს
ანა წითლიძე- „ტემუდან“ გამოწერილმა ჩინურმა „ქოცებმა“ მიიღეს გადაწყვეტილება რეჟიმს პირი მობანონ

მზია ამაღლობელის წერილი ვაცლავ ჰაველის პრემიის დაჯილდოებაზე - ნუ დაგვტოვებთ რუსეთთან პირისპირ მარტო, მხარი დაგვიჭირეთ თავისუფლებისთვის ბრძოლაში!

29.09.2025 ნახვები: 281

ვაცლავ ჰაველის სახელობის ადამიანის უფლებათა პრემია, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში სამოქალაქო საზოგადოების გამორჩეულ ქმედებებს აჯილდოებს, უკრაინელ ჟურნალისტსა და ადამიანის უფლებათა დამცველს მაქსიმ ბუტკევიჩს გადაეცა.

უკრაინელ ჟურნალისტს პრიზი სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) შემოდგომის პლენარული სესიის გახსნის დღეს გამართულ სპეციალურ ცერემონიაზე გადაეცა.

2025 წლის პრემიის ნომინანტები ასევე იყვნენ ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ულვი ჰასანლი.

„იმის გამო, რომ ორივე მათგანი ამჟამად საკუთარ ქვეყნებში დაკავებულები არიან, მათი სახელით დიპლომები გადაეცათ მათ წარმომადგენლებს - ამაღლობელის ადვოკატს და ჰასანლის მეუღლეს“, - აღნიშნულია ევროპის საბჭოს პრესრელიზში.

მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილი მზია ამაღლობელის შეტყობინება წაიკითხა.

„თავისუფლების, დემოკრატიის გზაზე, იშვიათად მიმაჩნდა რამე შეუძლებელი, თუმცა მეტისმეტად ემოციურია ჩემი სახელის ხილვა „ჰაველის“ ჯილდოს ნომინანტებში“, - აღნიშნულია წერილში.

ამაღლობელი ხაზს უსვამს, რომ ყოველთვის აღფრთოვანებული და შთაგონებული იყო იმ აზერბაიჯანელი ჟურნალისტებით, რომლებიც დევნის მიუხედავად რჩებოდნენ სამშობლოში და აგრძელებდნენ პროფესიულ საქმიანობას.

„ღრმად ვცემ პატივს ულვი ჰასანლის გამბედაობას. ჩემი სოციალური მედიის ქავერზე დღემდე არის წარწერა – „იყავი უკრაინასავით მამაცი“. მაქსიმ ბუტკევიჩს მინდა ვუთხრა, რომ გულწრფელად მჯერა უკრაინის გამარჯვების. ეს აღიარება არ არის მხოლოდ ჩემი. მე მას ვიღებ ჩემი კოლეგების სახელით, იმ ჟურნალისტების სახელით, რომლებიც დამოუკიდებელ კრიტიკულ მედიაში მუშაობენ. საქართველოში ჟურნალისტად ყოფნა დღეს თავგანწირვას ნიშნავს. ჩემს კოლეგებს დევნიან, აშანტაჟებენ, ავიწროებენ და ფიზიკურად უსწორდებიან“, - აღნიშნულია მზია ამაღლობელის წერილში.

ჟურნალისტი აცხადებს, რომ ერთპარტიულმა „ქართული ოცნების“ პარლამენტმა დაჩქარებული წესით დაამტკიცა „რუსული კანონები“, რითაც სიტყვის თავისუფლება პრაქტიკულად აკრძალა, ხოლო საგრანტო ინვესტიციების მოზიდვა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, აგენტობას და ღალატს გაუთანაბრა – ზუსტად ისე, როგორც რუსეთში.

„საქართველოში მთავრობა მიტაცებული აქვს რუსული ინტერესების გამტარ რეჟიმს. საქართველოს დღეს 60-ზე მეტი პოლიტიკური და სინდისის პატიმარი ჰყავს – მსახიობი, პოეტი, მასწავლებელი, კომიკოსი, სტუდენტი, ჟურნალისტი, თუმცა ქართველები აგრძელებენ ევროპული მომავლისთვის ბრძოლას. 300 დღეზე მეტია ჩემი ქვეყნის მოქალაქეები ქუჩაში უწყვეტ პროტესტს მართავენ, რადგან ჩვენ, ქართველებს გვჯერა, რომ დემოკრატიული ღირებულებების გარანტი ევროკავშირია. ჩვენ თქვენს გვერდით ვხედავთ ჩვენს თავს, ამიტომ ნუ დაგვტოვებთ რუსეთთან პირისპირ და მარტო! მხარი დაგვიჭირეთ თავისუფლებისთვის ბრძოლაში“, - აღნიშნულია წერილში.

ისინი, ვინც მზია ამაღლობელის საქმის ორკესტრირება და აღსრულება მოახდინეს, ცდილობდნენ, ის დუმილისა და დანებების სიმბოლოდ ექციათ, ამის ნაცვლად, ის დაუმორჩილებლობის ხმად იქცა , - ამის შესახებ მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნიდან მზიას ამაღლობელის უკანონო პატიმრობასა და მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.

„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ მზია ამაღლობელის სახელით, ამ უაღრესად პრესტიჟული პრემიის ნომინანტებს შორის მისი დასახელებისთვის. ასევე, მინდა, მივულოცო ამ პრემიის სხვა ნომინანტს, ბატონ ჰასანლის და ვუსურვო მას მალე გათავისუფლება. მინდა, მივულოცო ამ საპატიო პრემიის გამარჯვებულს, ბატონ ბუტკევიჩს.

ვაცლავ ჰაველის პრემიის ნომინანტებს შორის დასახელება უდიდესი პატივია, პატივი მორალური სიმამაცისთვის, სიმართლისთვის, მედეგობისთვის, მაგრამ ეს ასევე არის სიგნალი, საგანგაშო სიგნალი, რაც ნიშნავს, რომ ჩემს ქვეყანაში, მზიას ქვეყანაში, რაღაც ძალიან არასწორად ხდება. დღეს, 50 წლის ასაკში მზია საკუთარ ქვეყანაში სინდისის პატიმარია. ის ასევე პოლიტიკური დევნის მსხვერპლია. მან არ აღიარა დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია. მან უარი თქვა საპროცესო შეთანხმებაზე თავისუფლების სანაცვლოდ. მან უარი თქვა ეთამაშა რეჟიმის წესებით და არც არასდროს უთამაშია. ისინი, ვინც მზიას საქმის ორკესტრირება და აღსრულება მოახდინეს, ცდილობდნენ ის დუმილისა და დანებების სიმბოლოდ ექციათ. ამის ნაცვლად, ის დაუმორჩილებლობის ხმად იქცა. მზიას ბრძოლა განასახიერებს იმ ინსტრუმენტებს, რომლებიც თავისუფალ საზოგადოებას აყალიბებს: სიტყვა, საჯაროობა, პრინციპული პოზიცია, ღირებულებები, კანონის წინაშე თანასწორობა, კანონის პატივისცემა, მაგრამ არა უსამართლობასთან შეგუება. ასამბლეის პატივცემულო წევრებო, გთხოვთ გაითვალისწინოთ, მზია კვლავ უკანონო პატიმრობაში რჩება, უფრო ზუსტად კი, ის მძევალია. მან თითქმის მთლიანად დაკარგა მხედველობა. მას დღეში მხოლოდ რამდენიმე გვერდის წაკითხვა შეუძლია, ამიტომ ძირითადად წერს“, - განაცხადა მაია მწარიაშვილმა.

მწარიაშვილის თქმით, თუ ისინი, ვინც მზია დააპატიმრეს, დაინახავენ, რომ ცივილიზებული სამყარო აღარ უყურებს და მართლმსაჯულების დამახინჯება დაუსჯელი რჩება, ციხე გახდება ადგილი, საიდანაც ვერც ერთი ხმა ვერასდროს მიაღწევს ევროპამდე.

„სანამ მისი ხმა ისმის ამ დარბაზებში და სხვებშიც, იმედი არსებობს. იმედი, რომ ციხე არ გახდება ადგილი, სადაც მისნაირ ხმებს ჩაახშობენ. თუმცა, საპარლამენტო ასამბლეის ძვირფასო წევრებო, თუ სასამართლო დარბაზები დადუმდება, თუ კრიტიკული და დამოუკიდებელი მედია გაქრება, თუ სამოქალაქო საზოგადოება გაქრება და თუ დამოუკიდებელი იურისტები და უფლებადამცველები აღარ იარსებებენ, და თუ ისინი, ვინც მზია დააპატიმრეს, დაინახავენ, რომ ცივილიზებული სამყარო აღარ უყურებს და მართლმსაჯულების დამახინჯება დაუსჯელი რჩება, მაშინ, მეშინია, ციხე გახდება ადგილი, საიდანაც ვერც ერთი ხმა ვეღარასდროს მიაღწევს ევროპამდე. ამიტომ, ნუ დაუშვებთ ამას!“, - განაცხადა მწარიაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა