პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

მარტა კოსი: საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს - ხელისუფლებასთან თანამშრომლობის აღსადგენად კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო

ნახვები: 358 მარტა კოსი: საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს - ხელისუფლებასთან თანამშრომლობის აღსადგენად კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო
ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი აცხადებს, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ამჟამად მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს, რადგან ქვეყნის ხელისუფლება ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით წინსვლის ნაცვლად უკუსვლას განიცდის.

ამის შესახებ კოსმა დღეს, 12 ოქტომბერს, ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ევროკომისარს ჰკითხეს, გეგმავს თუ არა ევროკავშირი საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის განახლებას.

კოსის განცხადებით, ბრიუსელს საქართველოს ხელისუფლებასთან აქტიური ურთიერთობების აღდგენა სურს, თუმცა ამისთვის აუცილებელია, რომ თბილისმა ევროპული ღირებულებებისა და დემოკრატიული სტანდარტების დაცვის მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადადგას.

„სანამ ისინი წინ არ მიდიან და პირიქით, იმ კანონებით, რომლებიც მიიღეს, უკუსვლას განიცდიან, სანამ წინსვლა არ იქნება, სანამ ევროპული ღირებულებებისკენ არ გადადგამენ ნაბიჯებს, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ“, — განაცხადა ევროკომისარმა.

ამასთან, მარტა კოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის შეზღუდვა ქართველი ხალხის მხარდაჭერის შეწყვეტას არ ნიშნავს.

მისი თქმით, ევროკავშირი აგრძელებს სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობას და საქართველოს მოსახლეობისთვის სხვადასხვა მიმართულებით დახმარების გაწევას.

„საქართველოს მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი გვაქვს: მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებასთან არ ვთანამშრომლობთ, ჩვენ ვთანამშრომლობთ სამოქალაქო საზოგადოებასთან და მხარს ვუჭერთ ხალხს. ბევრი სფეროა, სადაც დახმარებას ვუწევთ და ამას მომავალშიც გავაგრძელებთ“, — აღნიშნა კოსმა.

ევროკომისრის განცხადებით, სასურველია, საქართველოს კანდიდატის სტატუსს რეალური შინაარსი ჰქონდეს, თუმცა ევროპული ინტეგრაციის პროცესის გასაგრძელებლად ორივე მხარის მონაწილეობაა აუცილებელი.

„კარგი იქნებოდა, საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ფურცელზე არ იყოს, მაგრამ წინსვლისთვის ორივე მხარის ჩართულობაა საჭირო“, — განაცხადა მარტა კოსმა.

ევროკომისრის განცხადების თანახმად, საქართველოს ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობის აღდგენა დამოკიდებულია იმაზე, გადადგამს თუ არა თბილისი ნაბიჯებს იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებსაც ევროკავშირი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესში დაბრკოლებად მიიჩნევს.

წყარო: ევროკომისიის აუდიოვიზუალური სამსახური.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა