პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“

ნახვები: 331 ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს, 19 ოქტომბერს, 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. დაკავებამდე სანაიამ განაცხადა, რომ ხელისუფლების მხრიდან გამოყენებული მეთოდები თავისუფალი აზრის გამოთქმას ვერ შეაჩერებს და ადმინისტრაციული პატიმრობის მიუხედავად, საკუთარ პოზიციებზე უარის თქმას არ აპირებს.

გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. შინაგან საქმეთა სამინისტრო ჟურნალისტს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ედავებოდა.

სანაია სასამართლო სხდომას არ დასწრებია, რადგან, მისი შეფასებით, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო სამართლებრივი დევნა აბსურდულია.

სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, დაკავებამდე გაკეთებულ განცხადებაში ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივი პროცესი მხოლოდ პირადად მას არ ეხება და საზოგადოებისთვის გამაფრთხილებელ გზავნილად მიაჩნია.

„ეს მე კი არ მეხება მხოლოდ, ყველას ეხება, აბსოლუტურად. გავიხსენებ იმ სიტყვების ჩამონათვალს, რომლის გამოც ტელევიზიებს აჯარიმებენ, 93-ია, მაგრამ გაცილებით მეტია, სინამდვილეში. არც ერთი სიტყვა, რომელიც არის კრიტიკული, მათთვის არასდროს არ იქნება მისაღები“, – განაცხადა სანაიამ.

მისი თქმით, ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებით ჟურნალისტებისა და მოქალაქეების გაჩუმების მცდელობა შედეგს ვერ გამოიღებს.

„მთავარი არის ის, რომ ჩვენ არ გავჩუმდებით, ეს მეთოდები ამას ვერ შეაჩერებს და საერთოდ ვერანაირი მეთოდი ვერ შეაჩერებს თავისუფალი აზრის გამოთქმას. ადამიანები ყოველთვის იტყვიან თავის სიტყვას ამ ქვეყანაში. ამიტომ სრული ილუზიაა, რომ 30 დღით იქნება თუ რამდენიც უნდა იყოს, ამ პატიმრობას მიუსჯიან ადამიანს და შემდეგ ის გაჩუმდება, ეს ასე ვერ მოხდება ვერასდროს“, – აღნიშნა ჟურნალისტმა.

სანაიამ ბიძინა ივანიშვილიც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ხელისუფლებას არ შეუძლია განსაზღვროს, რა სიტყვებით უნდა ისაუბრონ ჟურნალისტებმა ან როგორ მიაწოდონ ინფორმაცია საზოგადოებას.

„რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ, ფურცელზე რაც უნდათ, ის დაწერონ და ის წაიკითხონ. ჩვენ ვიცით, ჩვენ რას დავწერთ, რას წავიკითხავთ, როგორ მოვუყვებით მაყურებელს ამას. ამ სიტყვებს ჩვენ ვარჩევთ და არა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ცალკე ლექსიკონს ქმნის. მისი ლექსიკონი ჩვენ არ გვაინტერესებს“, – განაცხადა სანაიამ.

ჟურნალისტი არ ეთანხმება შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციას და მიიჩნევს, რომ მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებები სამართალდარღვევას არ წარმოადგენს.

მისი შეფასებით, მსგავსი სამართლებრივი ღონისძიებების მიზანი მოქალაქეების დაშინება და საჯარო კრიტიკის შეზღუდვაა.

„ეს ჩემი მესამე პატიმრობაა, მათ ძალიან კარგად იციან, რომ არანაირი დაშინება ამისგან არ გამოვა. უბრალოდ, ეს მათი გზავნილია საზოგადოების მიმართ, რომ ადამიანებმა არ წერონ და არ ილაპარაკონ. კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო, რომ ეს არის სრულიად უპერსპექტივო, ამას მომავალი არ აქვს“, – განაცხადა სანაიამ.

მისივე თქმით, საკუთარი განცხადებების გამეორებას მომავალშიც აპირებს.

„ეს არ არის სამართალდარღვევა და რაც დავწერე, იმას გავიმეორებ მილიონჯერ და მიზანი იყო ადამიანებისთვის დამერქმია ის სახელი, რაც ჰქვიათ, მეტი არაფერი“, – აღნიშნა ჟურნალისტმა.

აღნიშნული განცხადებების გაკეთების შემდეგ ვახო სანაია სამართალდამცველებმა საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს.

შეგახსენებთ, სანაიას ადმინისტრაციული პატიმრობა მანამდეც ჰქონდა შეფარდებული. 22 ივლისს ჟურნალისტი ასევე საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. მაშინ მას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო შეუფარდეს.

აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილმა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა.

თავად ვახო სანაია აცხადებს, რომ ეს მისთვის უკვე მესამე პატიმრობაა და ხელისუფლების მხრიდან მის წინააღმდეგ განხორციელებულ სამართლებრივ ღონისძიებებს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობად აფასებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა