კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შერაცხადია
Russians strike Dnipro with ballistic missile, likely from Kedr complex – Ukrainian intel
Oreshnik missile strike on Dnipro does not indicate risk of nuclear weapons use - ISW
Ukraine’s General Staff: 190 combat clashes at front in past day
Russian army loses another 1,050 troops in Ukraine
No initiatives on Ukraine without Ukraine - European Union
გიორგი ვაშაძე - ვინც არ დაწერს მანდატების გაუქმებაზე განცხადებას, პირდაპირ ვამბობ, ეს არის ორმაგი თამაში
დონალდ ტუსკი - საფრთხე მართლაც სერიოზული და რეალურია გლობალური კონფლიქტის თვალსაზრისით

ივანიშვილის ვატერლოო - რა გველოდება „ხვალ“?!

01.07.2022 ნახვები: 1342

საქართველოში ასეა ხოლმე, ვითარება და სიტუაცია მუდმივად ფასდება - „მე მინდა“, „ჩემთვის სასარგებლოა“ გადასახედიდან.

მოდით შევეცადოთ არსებული სიტუაციის განვითარების რამდენიმე დასაშვები სცენარი გავიაზროთ.

არის თემები, რომელსაც შეგნებულად ავუვლი გვერდს. არა იმიტომ, რომ მასზე მსჯელობა არ შეიძლება, არამედ იმიტომ, რომ ამ ეტაპზე კონკრეტიკა და სულაც საჯარო ფიქრი საკითხზე არასწორად მიმაჩნია.

არაფერს ვიტყვი იმაზეც, რომ საკმაოდ დიდ და წონად, დივერსიფიცირებულ ინფორმაციას ვფლობ, რაც მაძლევს ცალკეული ვარაუდების გამოთქმის საშუალებას.

მომხდარ პროცესებზე ბევრი ითქვა და აქაც მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ ყველა სათავისოდ საუბრობს, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ინფორმაციების შეჯამებით დასკვნების გაკეთება შესაძლებელია. ეს დასკვნა არის მარტივი - ქართულმა პოლიტიკურმა კლასმა (ვგულისხმობ ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც) ყველაფერი გააკეთა, რომ ღია კარებში გავჭედილიყავით.

რატომ? ყველას თავისი ამოცანა და მიზანი ჰქონდა და ცხადია მათ ეს ამოცანაც შეასრულეს და მიზანსაც მიაღწიეს.

ახლა კი რამდენიმე თემას შევეხები.

----

სანქციები - როდესაც ევროპარლამენტის რეზოლუციის მზადებისას მითხრეს, რომ პროექტში ივანიშვილის გვარი ჩაიწერებოდა, სკეპტიკურად შევხედე საკითხს. საბოლოო ტექსტი ყველამ წაიკითხა და ახლა დაბეჯითებით ვამბობ, იმავე წყაროებზე დაყრდნობით, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერებს ჰქონდათ იგივე ინფორმაცია და მათ ფაქტობრივად არ იმუშავეს ამ პუნქტის „გასაქრობად“.

რატომ? აქ ვარაუდებს გვერდს ავუვლი და ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ არ მოინდომეს. ვერ შეძლეს - არის იდიოტური არგუმენტი. ვამბობ, რომ არ იმუშავეს და არ მითქვამს, რომ იმუშავეს და შედეგს არ მიაღწიეს.

იმავე წყაროზე დაყრდნობით, ამჟამად ევროსტრუქტურებში და აშშ-ში შესაბამისი კომპეტენტური პირების მაგიდაზე დევს ხუთი პერსონის სახელი და გვარი, რომლებსაც უნდა შეეხოს სანქციები, თუ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული იქნება.

მიმდინარეობს ამ პერსონების „ქეისების“ შესწავლა, დამუშავება. მათგან ორი მოსამართლეა, ერთი პროკურორი, ერთი პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“ (ანუ პარტიული ლიდერი) და ერთიც მინისტრის მოადგილე, ამავდროულად კონკრეტული უწყების შეფი.

რაც შეეხება თავად ბიძინა ივანიშვილს, მისი ადვოკატის, ვიქტორ ყიფიანის სიტყვებს გამოვიყენებ - ივანიშვილი ახლა ფაქტობრივად (!) სანქციების ქვეშ იმყოფება. მოუნდება დასავლეთს ამ ვითარების იურიდიული გაფორმება? გააფორმებს. არა? - მაშინ ეს სტატუს-კვო შესაძლოა, წლები შენარჩუნდეს, რაც საეჭვოა.

ქართველი პოლიტიკოსების უმეცრებაზე მიუთითებს, როცა ამბობენ - სანქციები დაუწესდება პრემიერს. არა, ამ ეტაპზე ეს გამორიცხულია. წინააღმდეგ შემთხვევაში ირაკლი ღარიბაშვილი უნდა იყოს ან ომის მხარე, ან მინიმუმ ლუკაშენკოსთან გათანაბრებული პერსონა.

 

---

ივანიშვილი... აქ ძალიან მოკლედ ვიტყვი: როგორც ირკვევა, ბოლო თვეების განმავლობაში მას არანაირი კომუნიკაცია არ აქვს პრემიერთან და პარტიის თავმჯდომარესთან. რამდენია ეს ბოლო თვეები ამას ვერ დავაზუსტებ, თუმცა, სავარაუდოდ, საუბარია მაქსიმუმ ბოლო ორ-სამ თვეზე.

არასოდეს შემიფასებია ივანიშვილი და არც ერთი სხვა პიროვნება, რომელიმე ერთი ფაქტის ან ფაქტების საფუძველზე. ეს არც მიმაჩნია სწორად.

ქართული პოლიტიკური და საზოგადოებრივი სპექტრი ვერ ითვალისწინებდა და ითვალისწინებს მის იმ უნარებს, რომელიც მათ არასოდეს გააჩნდათ.

ივანიშვილში მხოლოდ „ფულის ტომრის“ დანახვა არის მისი, როგორც ვიზავის, არაჯეროვანი შეფასება. მას აქვს რამდენიმე უმნიშვნელოვანესი უნარი და პირველ რიგში - თვითგადარჩენის. ლამის 30 წელია ივანიშვილი ამ უნარს ფილიგრანულად იყენებს.

თუმცა ისიც ცხადია, რომ ბოლო პერიოდში მის ირგვლივ კონცენტრირდა რამდენიმე დაპირისპირებული ძალა, რომლებთანაც გამკლავება არც ისე ადვილი აღმოჩნდა.

აქ შევეცდები ამ ძალების ანატომიასა და დაპირისპირების მიზეზებზე არ ვისაუბრო და მნიშვნელოვანი სკანდალს მოვერიდო, თუმცა დაბეჯითებით ვიტყვი, რომ „რუსული ფაქტორი“ მხოლოდ შეფუთვაა და შიგთავსი - შინაარსი საერთოდ სხვა გახლავთ.

მიმდინარე ეტაპზე ივანიშვილისთვის პრობლემა ნამდვილად არ არის თუ რა ხდება საქართველოში. მისთვის პრობლემაა რა ხდება საქართველოს ფარგლებს მიღმა. საქართველო მასზე ზემოქმედების ფაქტორია.

ვითარება გარეთ რომ ჰქონდეს დალაგებული, იგი შიგნით პრობლემას სულ რამდენიმე წუთში თუ არა, დღეში მოაგვარებდა. თუმცა, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს ფაქტორი მხოლოდ მის წინააღმდეგ კი არ მუშაობს, მისთვისაც ერთგვარი ინსტრუმენტი გახლავთ.

აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელსაც პირობითად, შესაძლოა, „ივანიშვილის ვატერლოო“ ვუწოდოთ.... ან სულაც, უფრო გასაგები, რომ აღმოჩნდეს, ცეზარის სიტყვები გავიმეორო - „შენც ბრუტუს“?... და ბრუტუსი მაინც და მაინც პერსონა კი არა გარემოებაა... როგორც ბიზნესში და საქმიან ურთიერთობებში არის თემები, რომელსაც არ პატიობენ, ისევეა პოლიტიკაში და მერწმუნეთ უფრო სასტიკადაც.

ახლა, მხოლოდ და მხოლოდ მასზეა დამოკიდებული ექნება „წმინდა ელენეს კუნძულზე“ ადგილი, თუ არა. შეძლებს, ამ ურთულესი პარტიის მისთვის მეტ-ნაკლებად, თუნდაც ყაიმზე დასრულებას, თუ ვერ.

ერთ-ერთი ვარიანტია ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საერთოდ გაეცალოს ვითარებას და მერე მისმა გუნდმა და არა მხოლოდ, არკვიოს „ივანიშვილმა (რა) დაგვიბარა“... მაგრამ ეს არ არის მისთვის კარგი გამოსავალი, რადგან ივანიშვილისგან კონკრეტული ქმედებებს მოითხოვენ.... ანუ, რაღაც ნამდვილად უნდა დაიბაროს... მინიმუმ პრემიერს უთხრას (შეუთვალოს) - წადი ირაკლი პრემიერობიდან....

არის სხვა ვარიანტიც - ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, ერთ დღეს, მისმა გარემოცვამ აღმოაჩინოს, რომ ივანიშვილი გაქრა. ამას რა ქაოსი და ზუსტი შესატყვისია - თვითნებობა, შეიძლება მოჰყვეს - განმარტებას არ დავიწყებ.

არსებული ვითარების გათვალისწინებით, ისიც ცხადია, რომ დროთა განმავლობაში ივანიშვილისთვის სტატუს-კვოს შენარჩუნება შეუძლებელი გახდება. ის მაინც იძულებული ხდება შეცვალოს ვითარება „აქ“ და ეს ინსტრუმენტი გამოიყენოს „იქ“...

ზემოთ, „არ ერევა“ მეთქვი დავწერე - ესეც ინსტრუმენტია, რადგან ბოლო დღეების მოვლენები ადასტურებს, რომ „ოცნება“ გადის მომსახურების ზონიდან და მათი ქმედებების მოსათოკად, რომ პროცესი სამოქალაქო დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს და ეს არ აწყობთ ივანიშვილთან დაპირისპირებულ პირებს ქვეყნის გარეთაც, მათ მოუწევთ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელთან კომუნიკაცია.

თუ ეს ნაბიჯი არ გადაიდგმება, მაშინ ფიქრიც არ მინდა იმაზე, თუ სად აღმოვჩნდებით და რა ვითარებაში. არ ვსაუბრობ მხოლოდ სამოქალაქო დაპირისპირებაზე, არამედ საფრთხეზე, რომელსაც რატომღაც სერიოზულად არავინ უყურებს და სულ რაღაც 40 კილომეტრშია ჩასაფრებული.

 ----

სცენარი 1 - „ტრიო“ - ხუნდაძე, ყაველაშვილი, სუბარი იმიტომ კი არ გამოცალკავებია გუნდს, რომ კულუარების ინფორმაციები გამოიტანონ გარეთ და სამივემ ერთად მოინდომა ნოდარ მელაძის ადგილი ტვ პირველში.

საქმე გვაქვს საკმაოდ მზაკვრულ გეგმასთან, რომელიც საჭიროების შემთხვევაში (!) არც მეტი, არც ნაკლები ირაკლი ღარიბაშვილმა უნდა გაათამაშოს.

ბოლო დღეების განმავლობაში საკმაოდ ბევრი ინფორმირებული ადამიანი საუბრობს ღარიბაშვილის შესაძლო გადადგომაზე. სახელდება ორი პერსონა მომავალ პრემიერად, მათ შორის ერთი ვიქტორ ყიფიანია, თუმცა ეს საკმაოდ არარეალური კანდიდატურაა. მეორე პერსონამ - გრიგოლ ლილუაშვილმა (სუს-ის უფროსი) თავის დროზე ორჯერ თქვა უარი პრემიერის პოსტის დაკავებაზე და ამჯერად რამდენად დათანხმდება ამ თანამდებობას, ეს უცნობია. თუმცა, როგორც პოლიტიკურ წრეებში საუბრობენ, ლილუაშვილი, იმის მიუხედავად მისი წინააღმდეგ რა ნეგატიური საჯარო განცხადებებიც უნდა გაკეთდეს, ფასდება როგორც „სხვა კალიბრის ადამიანი“. აქ მნიშვნელოვანია სიტყვათა წყობა - კაცი ან მოხელე კი არა, არამედ - ადამიანი.

მოკლედ, ერთ- ერთი სცენარის მიხედვით, თუ ღარიბაშვილის გადადგომა გარდაუვალი გახდა, იგი განაცხადებს, რომ რჩება პოლიტიკაში და გვერდზე პირველ ჯერზე სწორედ ამ „ტრიოს“ დაიყენებს.

ცოდვა გამხელილი ჯობს - რუსეთს ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ჰყავს თავისი (!) პარტიები (მეტწილად „მწვანეები“) და საქართველოში მისი პოლიტიკური (!) ინტერესები ჯეროვნად არ არის რეალიზებული. მოსკოვს დივიდენდები ვერ მოუტანა ვერც ბურჯანაძემ, ვერც თარხან-მოურავმა... „ალტ-ინფო“ მათ ფონზე საკმაოდ არასერიოზულად გამოიყურება. ღარიბაშვილის ფაქტორი და პარტია კი საკმაოდ საინტერესო კონფიგურაციის იქნება, არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ დასავლეთისთვისაც, თუნდაც იმიტომ, რომ ის არ არის კაცი არსაიდან.

---

სცენარი 2 - პოლიტიკაში არის ხოლმე ქმედება, როდესაც ფიქრობ, მიზნად ისახავ ერთს და შედეგად იღებ სხვას, საერთოდ საპირისპიროს. ამ ვითარებაში, რომ „ოცნებამ“ ვადამდელი არჩევნები რომ დანიშნოს, რა მოხდება? პირველი - არჩევნები ჩატარდება 5%-იანი ბარიერის ფარგლებში. იმის გამო, რომ ოპოზიციურ ფლანგზე სულ ერთი პარტიაა (ენმ), რომელიც ამ ბარიერს გადალახავს და ჰიპოთეტურად, დავუშვათ ორი (ლელო), რა მოხდება მეორე მხარეს?

ბარიერს გადალახავენ - „ოცნება“ (სავარაუდოდ 30%-ის ფარგლებში), გახარია (8-10%) და ღარიბაშვილი, რომლის ირგვლივაც კონცენტრირდებიან რადიკალური, რეაქციული ძალები და მისგან პერსონალურად დავალებულები (12-15%).

120/30-ზე სისტემის პირობებში, მაჟორიტარების მინიმუმ 40-50%-ს წაიღებენ ეს ძალები და ვის შერჩება კოალიციური მთავრობა?

ბარიერის, რომ ვერ გადალახავენ იმის გამო ოპოზიციის ნაწილი მოინდომებს ნაციონალური მოძრაობის სიაში მოხვედრას, მაგრამ რადგან მათი საარჩევნო აქტივი მინიმალურია, ენმ მაქსიმალურად შეიკავებს თავს, განსაკუთრებით წინა კოალიციის გათვალისწინებით, „ვენოკი პოლიტიკოსები“ შეიყვანოს საკუთარ სიაში.

ეს არ ნიშნავს, რომ ენმ-ს სიაში სხვა არავინ მოხვდება, მაგრამ ვიმეორებ - არა ცოცხლად მკვდარი, ერთპროცენტიანი პარტიის ლიდერები.

აქ ცალკე საკითხია, ვის მხარეს აღმოჩდებია არა საჯაროდ, არამედ საქმით, ეს უარყოფილი ოპოზიციონერები, რომლე უმეტესობამ, სხვადასხვა ეტაპზე საკმაოდ სარფიანად ითანამშრომლა "ოცნებასთან"...

ვიღაც შემომედავება, რომ არ არის ღარიბაშვილი იმ წონის - 12-15% აიღოს. უმთავრესი შეცდომაა ღარიბაშვილის წონაზე აპელირება. მთავარი მისი პოზიციონირება და სიხისტეა, რომელიც მის გარშემო გააერთიანებს რადიკალურ ძალებს და ელექტორატს.

არც ის გახლავთ გამორიცხული, რომ ღარიბაშვილმა საერთოდ ჩაანაცვლოს „ქართული ოცნება“.

ვიღაც ასევე მეტყვი, რომ გახარია, კობახიძე და ღარიბაშვილი ერთად კოალიციას არ შექმნიან. - ჯერაც არ შეუქმნიათ? რაც გახარიამ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ხელისუფლებას კოჭი უგორა, სულაც არ აქვს მნიშვნელობა, ამ ფონზე, პოლიტიკის გაგებაში არ მყოფი მეზვრიშვილი საკუთარი „ანტისახელისუფლებო“ პოსტის ქვეშ ლაიქებს დაითვლის თუ არა.

უფრო მეტიც, გახარიასგან გაწბილებული ამომრჩეველი უფრო ღარიბაშვილისკენ გადაიხრება, ვიდრე სხვა ოპოზიციური ძალისკენ.

უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს ოპოზიციის ელექტორალური სტაგნაცია. არ დაიჯეროთ, რომ აქციებზე ადამიანების რაოდენობის ზრდის პროპორციულად იზრდებოდეს ოპოზიციის მხარდამჭერთა რაოდენობა.

ძალიან მარტივია მოცემულობის გააზრება - მყარ ფუნდამენტზეა შესაძლებელი ახლის დაშენება. თუ ეს არ ხერხდება, მაშინ შენობა უნდა დაშალო, ვარგისი მასალები გამოიყენო, მაგრამ ახალი ფუნდამენტი უნდა გაჭრა და ახალი შენობა ააგო.

აქ დეტალურად შემიძლია სქემა წარმოვადგინო, თუმცა ეს არ გახლავთ ჩემი პრეროგატივა.

აქვე დავძენ, რომ ახალი სქემის სიმპტომები არსებობს, მაგრამ რასაც ვაკვირდები, ამ სქემის რეალიზებას სწორედ „ვენოკი“ და „ჭიპმოჭრილი“ პოლიტიკოსები უშლიან ხელს და რევენ ვითარებას, ვითომ პროცესებში მათი პოზიტიური მონაწილეობით.

---

იმის მიუხედავად, რომ სხვა მოდელების, სცენარების და ფაქტებზე დაყრდნობილი ვარაუდების გამოთქმაც არის შესაძლებელი, ამჯერად აქ გავჩერდები და ვიტყვი მხოლოდ ერთს: ბიძინა ივანიშვილი ამ დროისთვის კვლავ არის ქართული პოლიტიკის უმთავრესი ფაქტორი. წესით, უმთავრესი ხალხია ხოლმე, მაგრამ ამ პოლარიზებულ საზოგადოებაში ვხედავთ, რომ არ არის, თუმცა შანსი აქვს იყოს.

ამიტომ, ივანიშვილს შეუძლია ახლა მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ სახელმწიფოსთვის. სხვაგვარად და სხვა შემთხვევაში ვატერლოო გარდაუვალია... არ მინდა რომ მას სურდეს - სხვაგვარად და სხვა შემთხვევაში....

პოლიტიკა ჩემი ნდომა-სურვილი რომ არ არის, ესეც ვიცი... ზემოთ აღწერილი ცალკეული ნიუანსები კი მხოლოდ ვარაუდია... მხოლოდ, ცალკეული...

გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი

ნეიშენ ჯორჯია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა