თბილისში დღეს ქალთა მარში გაიმართება
21:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე მორიგი აქცია გაიმართება
სალომე ზურაბიშვილი - ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ
სალომე ზურაბიშვილი - დღეს ვინც პარლამენტში შევა, შევა რუსეთში
მამუკა მდინარაძე - შევეცდებით, პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს
ოლაფ შოლცი - რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შერაცხადია
Russians strike Dnipro with ballistic missile, likely from Kedr complex – Ukrainian intel

რით განსხვავდება მიშა-2003 და მიშა-2020-სგან

17.09.2020 ნახვები: 640

თენგიზ აბლოთია

სააკაშვილი, ბოლო წლების განმავლობაში, უკვე მერამდენედ ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას ცდილობს. მისი ყველაზე დიდი მოკავშირეც და, ამავე დროს, მოწინაამღდეგეც მისივე წარსულია, რომელშიც ყველა იმას ხედავს, რაც სურს: მომხრეები ხედავენ წარმატებულ რეფორმებს და თითქმის გარდაცვლილი ქვეყნის რეანიმირებას, მოწინაამღდგეგეები კი - „26 000 გაუპატიურებულ ვაჟკაცს", „ქუჩებში დახოცილ საუკეთესო ბიჭებს" და ა.შ.
შედარებით ობიექტურები, არა შავ-თეთრს, არამედ, სხვადასხვა ფერებისგან შემდგარ სურათს აღწერენ - სერიოზული ცვლილებებს ხანა, რომელსაც ამძიმებდა პროცედურების უგულვებელყოფა ისევე, როგორც ანალოგიურ პერიოდებს ბევრ სხვა ქვეყანაში...
მკვდრების გაცოცხლება თეთრი ხელთათმანებით არ ხდება, სამწუხაროდ.
სააკაშვილის მიმართ არსებული მრავარიცხოვანი ბრალდებებიდან დღეს უკვე ძნელია, გაარკვიო, რომელია რეალობა და რომელი - პროპაგანდა. მაგალითად, ყველას გვახსოვს 2012 წლამდე ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები ზურაბ ჟვანიას „მკვლელობაზე" რამდენს ლაპარაკობდნენ.
ვინ დაითვლის, რამდენი არარაობა, ამ რიტორიკის წყალობით, პოლიტიკოსი გახდა და რეიტინგის რამდენი პროცენტი მოუმატა „ქართულ ოცნებას" საზოგადოებაში დანერგილმა ურყევმა რწმენამ, რომ პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრი მოკლა.
სადაა დღეს ეს ხალხი და რატომ არაფერს ამბობს?
ბევრი კითხვაა ასევე „რეჟიმის სისასტიკეზე" - რასაც დღეს ვუყურებთ, საქართველოში არა 26 000, არამედ, 260 000 უნდა იჯდეს ციხეში და მაშინ იქნება ამ ქვეყანაში წესრიგი!
თუმცა, დღეს უკვე ამ თემაზე მსჯელობას აზრი არა აქვს - მიშას მიმართ დამოკიდებულება უკვე დიდი ხნის ჩამოყალიბებული მოცემულობაა ყველა ბანაკში და მისი შეცვლა შეუძლებელია.
ამ დებატებში ბევრი არ სვამს კითხვას, რომელიც წესით, პირველ რიგში, უნდა დაისვას - ყველამ ვიცით, სააკაშვილი როგორი პოლიტიკოსიც იყო, მაგრამ ამჟამად მთავარია, როგორი პოლიტიკოსია დღეს და როგორი შეიძლება იყოს ხვალ?
როგორც წესი, საქართველოში, როგორც პოლიტიზებულ ქვეყანაში, პოლიტიკოსების საქმიანობა და პოტენციალი მაღალფარდოვანი არგუმენტებით ფასდება - საერთაშორისო მხარდაჭერა, ქვეყნის შიგნით რეიტინგი, რუსეთის და აშშ-ის პოზიცია და ა.შ.
ამ დროს სრულიად იგნორირებულია მთავარი ფაქტორი - პიროვნული.
და სწორედ აქაა სააკაშვილის, როგორც პოლიტიკოსის დღევანდელობის შეფასების მთავარი გასაღები.
სააკაშვილი-2003 რადიკალურად განსხვავდება სააკაშვილი-2020-სგან და, სამწუხაროდ, არა - უკეთესობისკენ.
სააკაშვილი-2003 იყო ახალგაზრდა, ძლიერი, საკუთარ თავში დარწმუნებული, ერთის მხრივ, ემოციური, მაგრამ ამავე დროს, რაციონალური პოლიტიკოსი. მან არ იცოდა, რას ნიშნავს დამარცხება, მას არ ამძიმებდა საკუთარი წარსული, ის მშვიდად მიიწევდა წინ.
სააკაშვილი-2020 შედარებით ასაკოვანი პოლიტიკოსია, რომელმაც უკვე ძალიან ბევრი რამ ნახა. ერთი შეხედვით, ეს არის გამოცდილება, რაც თავისთავად, ცუდი არაა, თუმცა მიშას შემთხვევაში, 2012 წლიდან ის ძირითადად დაკავშირებულია მარცხთან.
სააკაშვილი-2003 ყველა ბრძოლას იგებდა, სააკაშვილი-2020 კი... აი, უკვე 8 წელია, აგებს და აგებს. ეს არის ნეგატიური გამოცდილება, რომლის გამოც ის კარგავს რაციონალურობას და რეალობის ადეკვატურად აღქმის უნარს.
მიშა-2020 გაბრაზებული და ნაწყენია. ის მიიჩნევს, რომ 2012 წელს მის მიმართ ქვეყანამ უმადურობა გამოიჩინა. ის ჩქარობს, სიჩქარეში უშვებს ახალ შეცდომებს, ნეგატიური გამოცდილების და ემოციების წნეხი იზრდება და კიდევ უფრო ამძიმებს სიტუაციას.
მიშა-2020 ჩქარობს. მას სურს წარმატების მიღწევა რაც შეიძლება სწრაფად იმისთვის, რომ ეს მარცხების შავი ზოლი დასრულდეს.
რატომ არ გამოუვიდა არაფერი უკრაინაში? რა თქმა უნდა, იმიტომაც, რომ უკრაინული პოლიტიკა არის უზარმაზარი ჭაობი, რომელიც ათას მიშას მოინელებს და ვერც კი შეამჩნევს, თუმცა ეს მხოლოდ ნაწილობრივ.
იყო სხვა მიზეზიც - პიროვნული. მიშას ეჩქარებოდა. მას არ ჰქონდა დრო ოდესის ოლქში რუტინული მუშაობისთვის, უკრაინულ პოლიტიკაში ნაბიჯ-ნაბიჯ ადგილის დამკვიდრებისთვის და წლების შემდეგ, წარმატებული რეგიონული ლიდერის სტატუსით კიევის დაპყრობისთვის.
მიშა-2003 კი ასე მოიქცეოდა - ნელა-ნელა წაიწევდა წინ და ზუსტად იმ მომენტში, როდესაც დრო მოვიდოდა, გადადგამდა გადამწყვეტ ნაბიჯს.
მიშა-2020-ს ოდესის ოქლისთვის არ სცალია. ის ჩქარობს. მან უკრაინის დიდ პოლიტიკაში ტრიუმფს რაც შეიძლება, სწრაფად უნდა მიაღწიოს იმიტომ, რომ მას სასწრაფოდ სჭირდება წარმატება, რათა წარსულს ჩააბაროს 2012 წელს დაწყებული მარცხების ხანა და დაანახოს საქართველოს, როგორ მწარედ შეცდა, როდესაც ბიძინა აირჩია.
ის ისევ ჩქარობს და ისევ აგებს.
მიშა-2003 ყველაფერი იყო, პოპულისტის გარდა. ის ებრძვის მავნე და ქვეყნის დამაქცეველ ტრადიციულ ქართულ მენტალიტეტს და სწორედ ესაა მისი მთავარი დამსახურება პრეზიდენტობის პერიოდში.
მიშა-2020 მიიჩნევს, რომ თავისივე შეცდომებიდან სათანადო დასკვნა გააკეთა და ცდილობს მისი დაუძინებელი მტრის - მამაპაური საქართველოს გულის მოგებას. ის უცებ ხდება მართლმადიდებლობის დამცველი, აკრიტიკებს ხელისუფლებას მიგრაციულ პოლიტიკას, ერთი სიტყვით, „ქართული მარშის" მოედანზე თამაშს ცდილობს.
მიშა-2003 ამაზე არც კი იფიქრებდა, მიშა-2020 კი ამაში ვერაფერს ცუდს ვერ ხედავს.
მიშა-2020-ის გონება წყენის და ბოღმისგან იმდენად დაბნელებულია, იმასაც ვერ ხვდება, რომ მამაპაპაური საქართველო და ეკლესია მის მხარზე არასდროს იქნება... სულ რომ ბერად აღიკვეცოს.
მიშა-2020 მაგონებს წარმატების მოწყურებულ მოკრივეს, რომელიც ჩქარობს, შეჯიბრის დროს კარგავს სიმშვიდეს, ემოციას აყოლილია და საბოლოოდ, ისევ აგებს....
პოლიტიკაც ხომ ერთგვარი სპორტია - ის იმარჯვებს, ვინც ყველაზე გაწონასწორებული და ცივსისხლიანია.
ემოციები, გაბრაზება, წყენა ცუდი მრჩევლებია. ამას მიხვდებოდა მიშა-2003 და ვერ ხვდება მიშა-2020. სწორედ აქაა მისი წარსული, დღევანდელი და მომავალი მარცხების მთავარი საიდუმლო.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა