სააკაშვილის ციხეში სიკვდილი პუტინის გამარჯვება და ქართული დემოკრატიისთვის დიდი დარტყმა იქნება, ეს ზელენსკიზე უკეთესად არავის ესმის, რომელმაც გასულ თვეში საქართველოს ხელისუფლებას სთხოვა „გულმოწყალება გამოიჩინონ“ და ექს-პრეზიდენტი გათავისუფლონ, – ამის შესახებ რუსეთში აშშ-ს ყოფილი ელჩი და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი, რუსეთის სანქცირების ჯგუფის კოორდინატორი მაიკლ მაკფოლი The Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.
როგორც მაკფოლი აღნიშნავს, ჯო ბაიდენმა და სხვა ლიდერებმა სალომე ზურაბიშვილს უნდა მოუწოდონ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ.
„პრეზიდენტმა ბაიდენმა, ევროპის დემოკრატ ლიდერებთან ერთად მჭიდრო კოორდინაციით, სასწრაფოდ უნდა წამოაყენოს სააკაშვილის გადარჩენის მოთხოვნა.
სააკაშვილის ციხეში სიკვდილი იქნება პუტინის გამარჯვება და ქართული დემოკრატიისთვის ძლიერი დარტყმა. ეს ზელენსკიზე უკეთ არავის ესმის, რომელმაც გასულ თვეში საქართველოს ხელისუფლებას სთხოვა „გულმოწყალება გამოიჩინონ“ და ექსპრეზიდენტი გაათავისუფლონ.
თავისუფალი სამყარო ერთად დადგა უკრაინაში დემოკრატიის დასაცავად. იგივე უნდა გაკეთდეს საქართველოშიც, სააკაშვილის გათავისუფლების საკითხზე ზეწოლით, “- აღნიშნულია მაკფოლის წერილში.
ირაკლი ზარქუა:
ფაქტია, ლობისტების თემა მუშაობს – შეუძლებელია მაკფოლის დონის დიპლომატმა არ იცოდეს, რომ სააკაშვილის ხსენება დემოკრატიასთან მიმართებაში აბსურდია. გონივრული ეჭვი მაქვს, ტექსტი გაუმზადეს და ხელი მოაწერინეს, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან, მიხეილ სააკაშვილის შესახებ მაიკლ მაკფოლის სტატიას.
როგორც ირაკლი ზარქუა აცხადებს, როცა სააკაშვილთან მიმართებით მსგავსი განცხადებები კეთდება, გაუჭირდებათ „მოსახლეობის დარწმუნება, რომ დასავლეთი არის სამართლიანობა“.
„ლობისტების თემა მუშაობს, ფაქტია. ბატონი მაკფოლის განცხადება თამამად შეიძლება მივაწერო იმ თემას, რომელიც არის მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთნაირი სათაურით, ერთნაირი შინაარსით, რადგან შეუძლებელია მაკფოლის დონის დიპლომატმა არ იცოდეს, რომ სააკაშვილის ხსენება დემოკრატიასთან, აბსურდია. მისი ხსენება მედიაპლურალიზმთან არის შეუძლებელი, მისი ხსენება ადამიანის უფლებებთან შეუთავსებელია, ამიტომ მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ესეც არის დაწერილი ტექსტი – გაუმზადეს, როგორც იბეჭდება ერთნაირი სათაურებით მსოფლიოში და აქაც ეტყობა ხელი მოაწერინეს და გამოქვეყნდა.
წინააღმდეგ შემთხვევაში, მე მინდა კითხვა დავუსვა, აი მაგალითად, ბატონ ბაიდენს რომ გაეყიდა სტრატეგიული ობიექტები, ირანისთვის მიეყიდა, ირანული კომპანიებისთვის, მაგალითად, წყალი, რომელიც ვაშინგტონს ამარაგებს (ჩვენთან ეს გააკეთეს – რუსეთს მიჰყიდეს), იქ „სიენენი“ და „ფოქსნიუსი“ დაეხურა, შევარდნილიყო ბაიდენის ადმინისტრაცია, ასიათასობით ამერიკელი ეწამებინა და ამაზე დასკვნა დაედო ევროპულ სასამართლოს, ამის შემდეგ ბატონი მაკფოლი ამ განცხადებებს გააკეთებდა, რომ დემოკრატიის შუქურა, მედიის თავისუფლების მხარდამჭერი და ადამიანის უფლებების დამცველია ბაიდენი? იტყოდა, რომ თურმე როგორ დაიჭირეს? – არა. ეს საქართველოა, პატარა ქვეყანაა და მოსულა? ეს არის თქვენი მიდგომა საკითხისადმი?
მე ვიტოვებ უფლებას ვთქვა, რომ ეს არის ფასიანი ლობისტების… ეს აქციებიც გგონიათ შემთხვევითია? – არა, დიდი ფულია გადახდილი, რომ დაორგანიზებულიყო. მართალია ჩაუფლავდათ, ხან სამი გამოვიდა, ხან ორი, ხან პლაკატი არ მოიტანეს, მაგრამ ერთი ხელწერაა, ეს ნანახი აქვს ქართველ ხალხს – ვიცით ბატონებო, გვინახავს. ნუ იგდებთ თავს უხერხულში და ჩვენც ნუ გვაგდებთ უხერხულში, რადგან გაგვიჭირდება მოსახლეობა დავარწმუნოთ, რომ ეს არის სამართლიანობა და კანონის უზენაესობა და პუტინის როლზე და მის ინტერესებზე ვინც მუშაობს,სწორედ ასეთი განცხადებები (უწყობს ხელს), რომ ნიჰილიზმი დავნერგოთ მოსახლეობაში, ეს უნდა სწორედ პუტინს.
გვიკვირს გამოცდილი პოლიტიკოსებისგან, ვინც სააკაშვილს და დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, მედიაპლურალიზმს ერთ სიბრტყეში აყენებს, ჩამობრძანდით და გაესაუბრეთ მოსახლეობას, ჰკითხეთ „ნაციონალური მოძრაობა“ და დემოკრატია სინონიმებია თუ არა, მიიღებთ იქ პასუხს და მერე ძალიან შეგრცხვებათ ,“- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
იაგო ხვიჩია:
„სააკაშვილს თუ აქვს რესურსი, რომ მის საქმესთან დაკავშირებით ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაურეკოს საქართველოში ნებისმიერ ვინმეს, ბოროტმოქმედება იქნება, ეს გააკეთებინო იმისთვის, რომ ციხიდან გამოგიშვან. ამხელა რესურსი თუ გაქვს, სხვა რამ უნდა სთხოვო ჯო ბაიდენს „ქართული ოცნებისთვის“ გადმოსაცემად. თუ ამას გააკეთებ, ხალხი ციხიდან თავისით გამოგიშვებს”,- ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩის, მაიკლ მაკფოლის „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებულ საავტორო სტატიას, სადაც მაკფოლი წერდა, რომ „ჯო ბაიდენმა და სხვა ლიდერებმაც უნდა მოუწოდონ სალომე ზურაბიშვილს, შეიწყალოს სააკაშვილი და მისცეს უცხოეთის სამედიცინო დაწესებულებაში გამგზავრების უფლება“.
ხვიჩიას თქმით, სააკაშვილს თუ ასეთი რესურსი აქვს, ბაიდენს ქვეყნის უსაფრთხოება უნდა სთხოვოს.