ბრიუსელში ევრო 2024-ის შესარჩევი მატჩი ბელგიასა და შვედეთს შორის პირველი ტაიმის შემდეგ შეწყდა. მიზეზი გახდა ტერორისტული აქტი, რომელიც ბელგიის დედაქალაქში მოხდა და მას შვედეთის ნაკრების ორი გულშემატკივარი ემსხვერპლა, კიდევ ერთი ადამიანი დაიჭრა.
ინციდენტი მატჩის დაწყებამდე მოხდა, მაგრამ დამნაშავის ოპერატიულად დაჭერა ვერ მოახერხეს, ამიტომაც ქალაქში განსაკუთრებული საფრთხის რეჟიმი შემოიღეს.
სავარაუდო მკვლელმა ტერორისტული ორგანიზაცია – ისლამური სახელმწიფოს წევრად გამოაცხადა თავი. მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცეს.
შეხვედრა შესვენებაზე შეწყვიტეს მას შემდეგ, რაც პოლიციამ გუნდებთან ითათბირა. იმ მომენტში გადაწყვიტეს, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ გულშემატკივრები სტადიონზე დარჩებოდნენ, რადგან იმ მომენტში ეს ყველაზე უსაფრთხო ადგილად მიიჩნიეს, განსაკუთრებით 700 შვედი გულშემატკივრისთვის.
ვრცლად ტრაგედიის დეტალების შესახებ:
ინციდენტი მატჩის დაწყებამდე დაახლოებით საათნახევრით ადრე მოხდა – სტადიონიდან ხუთი კილომეტრის მოშორებით. ორივე მოკლული შვედი გულშემატკივარია – მათ ეროვნული ნაკრების მაისურები ეცვათ. ირკვევა, რომ თავდამსხმელი არაბულად ყვიროდა სიტვას – „ალაჰი“. მან მიმალვა მოახერხა. გასროლა კი კალაშნიკოვის ავტომატიდან მოხდა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა მკვლელობის დეტალები. თავდამსმელმა ესროლა ავტომობილს, რომელშიც დაღუპულები ისხდნენ, შემდეგ შენობაში შევიდა და იქაც ისროლა.
დადგინდა მკვლელის ვინაობაც. ეს არის ვინმე სლაიემი, რომელმაც მკვლელობის შემდეგ სოციალურ ქსელში ვიდეო განათავსა, რომელშიც აღიარებს, რომ მოკლა სამი შვედი და ეს გააკეთა საკუთარი მოსაზრებებიდან გამომდინარე. და დაამატა, რომ ისლამური სახელმწიფოს წევრია.
მან ასევე განაცხადა, რომ სიცოცხლეს გამოასალმა „არამართლები“ და ეს იმით ახსნა, რომ მუსულმანების გამო იძია შური. დანაშაულის ჩადენის მომენტში მას მუშის ნარინჯისფერი კოსტუმი ეცვა.
მოგვიანებით დამნაშავემ პოლიციას განუცხადა, რომ მკვლელობა ჩაიდინა ჰამასსა და ისრაელს შორის კონფლიქტის გამო.
რაც შეეხება მატჩს, გუნდებმა პირველი ტაიმი ითამაშეს, შეწყვეტის გადაწყვეტილება კი შესვენებაზე მიიღეს – გუნდებსა და ადგილობრივ პოლიციას შორის ოპერატიული განხილვის შემდეგ.
ბევრმა მაყურებელმა ტრიბუნებზე არ იცოდა მომხდარის შესახებ და უკვირდათ, რატომ არ გამოდიოდნენ გუნდები მეორე ტაიმზე.
შეხვედრა უახლოეს დღეებში არ განახლდება, რადგან შვედეთის ნაკრები უკვე გაემგზავრა სამშობლოში.
1tv.ge