"ვისი ფულით დააფინანსა გილაურმა ოპოზიციური პარტიები?!"
"პოლიტიკაში ახალი ივანიშვილები არ გვჭირდება!"
„ახალი თაობის“ კითხვებს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა პასუხობს.
- ბატონო გოჩა, შევაფასოთ ბოლო პერიოდის სიტუაცია. შინ თუ გარეთ, ვითარება ყველგან აირია. რა ხდება ახლა ჩვენს ქვეყანაში? რა გზას, რა ეტაპს გავდივართ? ტრამპის განცხადებებმა კიდევ უფრო გაათამამა „ქართული ოცნებაო“. სადამდე წავლენ?
- მე დარწმუნებული არა ვარ იმაში, რომ „ქართული ოცნება" ამ წუთას გათამამებულია. „ქართული ოცნება“ მუდმივად და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც არის სასოწარკვეთილი ადამიანის ნაბიჯები და მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი გადარჩენისა და ძალაუფლების შენარჩუნებისკენ არის მიმართული. ნებისმიერი ცვლილება კანონმდებლობაში, მათი ნებისმიერი ქმედება, ეს სწორედ მათ სისუსტეზე მიანიშნებს.
- სულ ახალ-ახალ კანონებს ამატებენ და ძველს ამკაცრებენ.
- დიახ. ძლიერები კი ასე არ იქცევიან. ეს არის სუსტების ქცევა იმისათვის, რომ პირველ რიგში, საკუთარი ძალაუფლება შეინარჩუნონ და მეორეც, საკუთარ ბაბლს დაუმტკიცონ, რომ თითქოს ძლიერები არიან. რაც შეეხება ტრამპთან ბმას, ტრამპის დღის წესრიგში ამ წუთას საერთოდ არ არის საქართველო. ხოლო ის ბოლოდროინდელი განცხადებები, უკრაინასთან თუ ევროპასთან მიმართებაში რაც გაკეთდა, ეს არის ამერიკისა და ამერიკის პრეზიდენტის, ასევე კონკრეტული პერსონების ანალიზის საფუძველი. ჩვენ ახლა ვისაუბროთ იმაზე, რომ იქ ვიღაცას არ მოსწონს ზელენსკი და ეს დაემთხვა „ქართული ოცნების“ წლების ნარატივს, რომლებიც ასევე ვერ იტანენ ზელენსკის. ეს საერთოდ აცდენილია ერთმანეთისგან. ყველამ იცის, რამ გამოიწვია ტრამპის გაღიზიანება. აქ საუბარია წიაღისეულზე. ტრამპს პირობები ჰქონდა დაყენებული, თუმცა ზელენსკისაც და უკრაინასაც აქვს თავისი ინტერესები. მათ სჭირდებათ უსაფრთხოების გარანტიები. ის, რომ ვიღაცას უხარია საქართველოში ეს დიპლომატიური გაუგებრობები, ვეტყვი, რომ აუცილებლად დალაგდება, თუმცა ეს არ დალაგდება არავითარ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ! ავხსნი რატომ.
- რატომ?
- იმიტომ, რომ არც ტრამპი, არც მაკრონი, არც ერდოღანი და არც სხვა ნებისმიერი მსოფლიო ლიდერი, არ წყვეტს საქართველოს ბედს. საქართველოს ბედს წყვეტს ქართველი ხალხი და, შესაბამისად, ის საერთაშორისო რეაქციები, ის დამოკიდებულებები, რომელიც ჩვენ ვიხილეთ სანქციებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, ეს იყო ქართველი ხალხის აქტიური ქმედებების შედეგად გამოწვეული რეაქციები. ამიტომ ქართველი ხალხი როცა ბრძოლას გააგრძელებს და იქნება ამ ბრძოლაში, შესაბამისად, ნებისმიერი სახის რეაქცია, რომელიც შეიძლება გარედან მომდინარეობდეს, იქნება უნისონში ქართველი ხალხის არჩევანთან. სხვაგვარად ვერ მოხდება! ჩვენ ვერავინ ვერ გვაიძულებს, შევეგუოთ „ოცნების“ უზურპატორ ძალას და იმ რეპრესიებს, რომელიც დღეს საქართველოში მიმდინარეობს
- რეპრესიები ახსენეთ და წამოვა ახალი ტალღა? ვნახეთ, რომ სამშობლოს ღალატის მუხლს ამატებენ.
- გახსოვთ, წინა ინტერვიუში გითხარით, მეზობლები დაიწყებენ-მეთქი ერთმანეთის დასმენას. მეზობლები, რა თქმა უნდა, უტრირებული ფორმაა. ჩვენ ამის კლასიკური მაგალითი ვიხილეთ, რომ ვიღაც პოლიციელს არ მოეწონა „ვიღაცა“ საქართველოს მოქალაქის აზრის გამოხატვა სოციალურ ქსელში და უჩივლა სასამართლოში. როდესაც ამ პირობებში ვცხოვრობთ, რა თქმა უნდა, ველოდები, რომ ესენი შეეცდებიან, მაგრამ რას მიიღებენ?! არც ერთმა წინარე რეპრესიულმა ქმედებებმა ე. წ. ხელისუფლებისა, ქართული საზოგადოების ეს მნიშვნელოვანი საპროტესტო ნაწილი არ შეაშინა. სწორედ ამისი გამოძახილი იყო ის, რომ გახარიას და სალომე ზურაბიშვილს კვერცხები დაუშინეს!
- ბრძანებთ, რომ ძალიან სუსტია დღეს „ოცნებაო“. ალბათ ესეც გამოხატავს მათ სისუსტეს?
- რა თქმა უნდა, სწორედ ამ სისუსტის გამოხატულებაა ეს. აი ესენი ლაპარაკობენ ქალისადმი პატივისცემაზე?! ესენი ლაპარაკობენ ქართულ ტრადიციებზე?! აი ამ ე. წ. ხელისუფლების მთავარი მხარდამჭერი, დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიია საპატრიარქოა, რომელიც იმყოფება დუმილის რეჟიმში! როდესაც ე. წ. ხელისუფალს შეუძლია გასცეს ბრძანება, რომ საქართველოს პრეზიდენტს კვერცხები ესროლონ და თანაც ქალს, ამათ არ ვიცი რა ვუწოდო და რა სახელი შევურჩიო. თანაც სად ესროლონ? აეროპორტში, სადაც უამრავი უცხოელია! წარმოგიდგენიათ, რამხელა საერთაშორისო სკანდალია ეს, სხვა ყველაფერთან ერთად?! აი ეს უსუსური ძალა ცდილობს, საკუთარი ძალის დემონსტრირებით, წააქეზოს ადამიანები, სხვა ადამიანების დასაჩაგრავად, ეს შედეგს არ მოუტანთ. ეს კიდევ უფრო მეტად უსუსურობის მაჩვენებელია. რამდენ ხავსს უნდა მოეკიდონ?! საკანონმდებლო ხავსს მოეკიდნენ, ადამიანების ქუჩაში ცემას მოეკიდნენ, კანონის ფეხქვეშ გათელვა მათი იარაღი გახდა. ახლა თითქოს ტრამპია მათი იმედი. შანსი არ არის, ასე მიდებ-მოდებით არაფერი არ ხდება.
- რას იტყვით ოპოზიციაზე? რამდენად სათანადოდ რეაგირებს ამ ყველაფერზე? ან საერთოდ სად არის ოპოზიცია?
- იცით თქვენ, ჩემი საკმაოდ რთული დამოკიდებულება ოპოზიციის მიმართ, მაგრამ გუშინ მოხდა ასეთი ფაქტი, რომ ეს პოლიტიკური ძალები შეიკრიბნენ და თქვეს, აი ამ დროებით საგამოძიებო კომისიასთან არავინ არ ითანამშრომლებს. ეს, როგორც პოლიტიკური აქტი, სწორია! ნებისმიერი სახის თანამშრომლობა არის ლეგიტიმაციის მანიშნებელი. სად არის ოპოზიციაო, მეკითხებით, მე ასე ვიტყოდი ერთმნიშვნელოვნად, დღეს რომ ოპოზიცია არ ჩანს, ეს არის, სხვათა შორის, სალომე ზურაბიშვილის დამსახურება და ჩვენ ამას არ უნდა წავუყრუოთ.
- რატომ? რას გულისხმობთ?
- სალომე ზურაბიშვილი და ნებისმიერი პოლიტიკოსი ინსტრუმენტია ქართველი ხალხისთვის. პოლიტიკური გადაწყვეტილებების კონტექსტში, მან არაფერი არ გააკეთა, პირიქით, ჩაშალა ყველა ქმედება, გარკვეული ოპოზიციური ძალების ერთიანობისა. „ოცნებაც“ გაფაციცებით აკვირდება ოპოზიციურ ველზე მიმდინარე პროცესებს. რა იქნება ხვალ, ზეგ. ისინი ფიქრობენ, თუ ხალხის წიაღიდან წამოვა პოლიტიკური ძალა, ეს იქნება მათთვის კატასტროფული. ასევე ოპოზიციის იმ ნაწილისთვის, რომელიც „ოცნების“ თამაშს თამაშობს. მათ არ სჭირდებათ სახალხო ძალა. ამ შემთხვევაში, მე ველოდები ერთ რაღაცას, რომ ივანიშვილი, თავისი სატელიტი ბიზნესმენების და ვიღაც პერსონების მეშვეობით, დაიწყებს პოლიტიკური ძალების შექმნას.
- ორი ახალი ძალა შეიქმნა სწორედ ამ დღეებში და თქვენ საით მიანიშნებთ?
- მოდით, მე ასეთ რაღაცას ვიკითხავ, საიდან მოაქვთ ფული?! ვინ არის დაფინანსების წყარო. ჩვენ ვნახეთ წინა არჩევნებზე, საიდანღაც მოსული ფული, რომელიც არის პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის ოჯახიდან მოსული!
- გილაურსა და გვარამიას პარტიას გულისხმობთ?
- დიახ, ვგულისხმობ გილაურის მიერ დაფინანსებულ პარტიებს. გილაურმა არა მხოლოდ გვარამიას მისცა ფული წინა არჩევნებზე! არა მხოლოდ... მე ასე ვუყურებ საკითხს, ვინ შეიძლება დღეს საქართველოში ახალი პოლიტიკური ძალა დააფინანსოს?! ერთი, ბიძინა ივანიშვილმა, თავისი სატელიტი ბიზნესმენების მეშვეობით...
- თქვენ ფიქრობთ, რომ ამ ახალ მოძრაობებს ახლა ფული აქვთ?
- მე ვარაუდებს გამოვთქვამ, ჩემი არგუმენტები მაქვს და კონტრარგუმენტებს მოვისმენ, რა თქმა უნდა. ზოგი ბაჩიაშვილის ფაქტორს განიხილავს, შესაძლოა, მან გადაიხადოს ფულიო, თუმცა ის ახლა იმ სიტუაციაში არ არის, რომ სადმე ფული ჩადოს. უცხოეთიდანაც იკრძალება თანხის მიღება. ანუ შიგნიდან უნდა იქნას მოძიებული რაღაც რესურსი და გვიჩნდება ლეგიტიმური კითხვა, საიდან?! ვინ?! არჩევნებს რომ დიდი ფული უნდა, ეს ყველამ ვიცით. ამიტომ ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს. კი, კარგი ადამიანებიც ქმნიან პოლიტიკურ ჯგუფებს, მაგრამ მერე ისინი იძულებულები ხდებიან, დამოკიდებული გახდნენ საკუთარ დამფინანსებლებზე. ჩვენ არ გვჭირდება ახალი ივანიშვილები პოლიტიკაში! როდესაც მე ვლაპარაკობ სახალხო დემოკრატიული პრინციპით შექმნილ პოლიტიკურ ძალებზე, ამათი დაფინანსების წყარო იქნება სწორედ ხალხი! ასეთ მოძრაობაში არ იქნება არც ერთი ეს გაცვეთილი სახე ოპოზიციიდან! თუ ხალხი წავა ამ გზით და თვითონ შექმნის პოლიტიკურ ძალას, ის საკუთარ წიაღში იშოვის რესურსს, რომ დააფინანსოს საკუთარი პოლიტიკური მოძრაობა. ხოლო, როცა ადგება ხუთი ადამიანი, სადღაც გადაწყვეტს, შექმნას პოლიტიკური ძალა, ამ შემთხვევაში კითხვაც ჩნდება, ფული საიდან მოაქვთ?! დიახ, ფული პოლიტიკაში აუცილებელია, თუმცა არაკეთილსინდისიერმა ფულმა გახრწნა ქართული პოლიტიკა! ასევე ამ არაკეთილსინდისიერმა ფულმა, რომელსაც ივანიშვილმა ქველმოქმედება დაარქვა, გახრწნა ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელსაც ინტელიგენციად მოვიხსენიებდით. ის ფულზე გაყიდული ადამიანები, ხომ ვხედავთ, ახლა როგორ არიან დადუმებულები!
- პროცესების როგორ განვითარებას ელით? როგორ დავაღწევთ თავს ამ ჭაობს?
- ჩემი აზრით, ეს თვე და მარტის დასაწყისიც, გარე ფაქტორები იქნება მნიშვნელოვანი. კიდევ ბევრ სიახლეს უნდა ველოდოთ. მარტის მეორე ნახევრიდან ქართულ ეკონომიკაში სერიოზული პრობლემები შეიქმნება და სადღაც აპრილ-მაისისკენ, ჩვენ გავალთ მკვეთრი ნაბიჯებით წინ და ამ ე. წ. ხელისუფლებას მოუწევს მნიშვნელოვან კომპრომისებზე წასვლა.
დღეს ჩვენ საუბარი არ უნდა გვქონდეს მხოლოდ იმაზე, რომ ახალი არჩევნები ჩატარდეს და პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ. ჩვენ საუბარი იმაზეც უნდა გვქონდეს, რომ ეს უზურპატორი ე. წ. ხელისუფლება გავიდეს ხელისუფლების მართვის ფორმატიდან! ამ პროცესებს მე საკმაოდ პოზიტიურად და პრაგმატულად ვხედავ. პროტესტი უნდა გაგრძელდეს და ეს პროცესი მივიყვანოთ გამარჯვებამდე. დარწმუნებული ვარ, ეს პროტესტი გაიზრდება რაოდენობრივად და ასევე გაიშლება. ასევე ზუსტად ვგრძნობ იმას, რომ ახალი სახალხო პოლიტიკური მოძრაობა ხვალ-ზეგ აუცილებლად შეიქმნება, სადაც არც ერთი გაცვეთილი სახე არ უნდა იყოს ოპოზიციიდან. აბსოლუტურად არავინ! ვიცით, ვინ რას წარმოადგენს და ვინ რისი მაქნისია. დღეს ჩვენ ქართულ პოლიტიკაში გვჭირდება რეიგანი. აი, მე ასე ვიტყოდი.