გოჩა მირცხულავა: სალომე ზურაბიშვილის დავარცხნილი რაღაცა დებულებები საერთოდ აცდენილია დღევანდელ რეალო
"ერთი კაციც რომ დარჩეს რუსთაველზე, "ოცნება" საპროტესტო მუხტს ვერ ჩააქრობს"
„ახალი თაობის“ კითხვებს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა პასუხობს.
- გოჩა, როგორ აფასებთ ბოლო პერიოდის პოლიტიკურ პროცესებს? ბოლო დღეებში თვალშისაცემია, თუ როგორი დაპირისპირებაა ოპოზიციაში. ვისმენთ შეფასებებს, რომ ვიღაც გაიყიდა, ვიღაც მოისყიდეს და ასე შემდეგ. რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე, რომელსაც პულსი ძლივს ესინჯება. რა თამაში წამოიწყეს, ან ვისი თამაში?
- მე ვფიქრობ, რომ ოპოზიციის სურვილი, რომ შეცვალოს ხელისუფლება, ინდივიდუალური ან კოლექტიური თვალსაზრისიდან გამომდინარე, ეს არის ერთი, მაგრამ შესაძლებლობა და ამ მიმართულებით მათი ძალისხმევა, არის მეორე. სურვილის დონეზე, მესმის, რომ ზოგს რეალისტური და ზოგს მერკანტიული ინტერესები ჰქონდეთ ხელისუფლების შესაცვლელად. თუმცა, შევხედოთ რეალობას, რამდენად აქვთ ამის შესაძლებლობა?! ეს შესაძლებლობები არ არსებობს რამდენიმე ფაქტორიდან გამომდინარე. თუ არჩევნებამდე პერიოდს არ ჩავთვლით, ოთხი თვე ჰქონდათ მათ, რომ გარკვეული კოორდინაცია გაეწიათ საკუთარი საქმიანობის. დღეს უკვე 113 დღეა იმ საპროტესტო აქციების, რომელიც მიმდინარეობს. ამ ფონზე კი ჩვენ ვხედავთ, რომ მათ ვერ შეძლეს საერთო ინტერესის ფორმირება.
- სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ ხომ ვხედავთ ამის მცდელობას?
- კი, არის ამის მცდელობა, რაღაც კოორდინაციასთან დაკავშირებით, თუმცა ვხედავთ, რომ მოსაზრებები იქაც აბსოლუტურად სხვადასხვაა.
- რა თამაში წამოიწყო ნაციონალურმა მოძრაობამ? ახლა გაახსენდა, რომ სალომე ზურაბიშვილმა სააკაშვილი არ შეიწყალა? ან ის, რომ გახარია თვალთხარიაა? მანამდე ხომ იკრიბებოდნენ ერთი მაგიდის გარშემო? ვნახეთ, ირაკლი კობახიძემაც, როგორ ბედნიერმა, აიტაცა ხაბეიშვილის განცხადებები.
- კონტექსტიდან ამოვარდნილად ვერ განვიხილავთ ამ საკითხს. ნაციონალური მოძრაობა წინასაარჩევნო პერიოდშიც კი იყო ერთ-ერთი ყველაზე კონსტრუქციული პოლიტიკური ძალა, რომელმაც შესაძლოა, წინასაარჩევნოდ გარკვეული ტაქტიკური შეცდომები დაუშვა, მაგრამ ეს იყო არააგრესიული ძალა. დანარჩენი ოპოზიცია კი სულ მწარედ კბენდა მას და თავს ესხმოდა. ეს ყველაფერი აიტანა ნაციონალურმა მოძრაობამ იმის გამო, რომ მოტივაცია იყო შემდეგი, შევძლოთ და გამოვიდეთ ერთიანი სიით.
- ანუ სალომე ზურაბიშვილის განცხადებამ, რომ ის ერთიანობის წინააღმდეგია, ნაცმოძრაობას მოთმინების ფიალა აუვსო?
- ალბათ, მხოლოდ ეს არა, ბევრი რამ დაგროვდა. ოპოზიციას მთავარი ავიწყდება, თუ რა არის მათი სტრატეგია და რა უნდა იყოს. ამ შემთხვევაში გამარჯვება! ოპოზიციის მიზანი, წესით, გამარჯვება და ხელისუფლებაში მოსვლა უნდა იყოს. ცალ-ცალკე ამას ვერც ერთი ოპოზიციური ძალა ვერ შეძლებს, ეს ხომ ცხადია?! ცალ-ცალკე რომ ბიძინა ივანიშვილი სულ ყველას დაამარცხებს, ესეც ხომ ცხადია?! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სიბრძნეები არსებობს ისეთი, რომელიც მხოლოდ იმიტომ კი არ არის, რომ ანდაზებად მოვიშველიოთ. ძალა ერთობაშია - ეს ჩვენს გერბზეც კი აწერია! თურმე ერთიანი სიის ფორმირება, ცუდია, ხოლო ყოფილ პრეზიდენტთან ჯდომა და რაღაც საკითხების განხილვა, ეს არის სწორი?! ძალიან მაინტერესებს, ის, ვინც სალომე ზურაბიშვილთან იკრიბება, გინდა პოლიტიკური პარტიები და გინდა სამოქალაქო საზოგადოება, რა პრინციპით არიან შერჩეულნი?! სალომე ზურაბიშვილმა ხომ არაერთხელ ჩაშალა კოორდინაციისა და ამ სხვადასხვა ჯგუფების ერთად ყოფნის ინიციატივა?! ეს კოორდინაციის და გაერთიანების პროცესი ოთხი თვის წინ უნდა გვქონოდა ჩვენ! სალომე ზურაბიშვილი ამ ყველაფერს თავისი პრიზმიდან უყურებს და ხშირად მუხტებს აგდებს. რა შედეგი გვაქვს ამ ოთხი თვის თავზე?! მხოლოდ განცხადებების კეთებით კეთდება საქმე?! რა სტრატეგია აქვთ, ან რა გეგმა? რის მიხედვით მოქმედებენ?!
- არ აქვთ სამოქმედო გეგმა? ან 31 მარტს რას ელოდებით?
- არაფერი არ არსებობს. შეიკრიბნენ და ევროპელ ლიდერებს წერილი გაუგზავნეს! წერილი უშველის ამ სიტუაციას?!
- არა და როგორი წნეხის ქვეშაა დღეს პროტესტი, ის ხალხი, ვინც ქუჩაში დგას. ყოველდღე ახალი ჯარიმის, დაკავების ან თავდასხმის შიში. ამ ფონზე დაყადაღებული ფონდები. შეძლებს „ოცნება“ ამ პროტესტის გადატეხას?
- არ მგონია, ეს პროტესტი გადატეხოს „ოცნებამ“. მე სულ ამ პროტესტზე ვარ, ხშირად ვაკვირდები და ვუსმენ ადამიანებს. ეს ადამიანები არ შეშინდებიან! ერთი კაციც რომ დარჩეს საბოლოოდ, სიმბოლურად, ზოგჯერ ერთი ადამიანი ცვლის ხოლმე მოცემულობას. რუსთაველზე მდგომ ადამიანებს ოპოზიციის იმედი არც აქამდე ჰქონდათ და არც სამომავლოდ ექნებათ. ახალი რაღაცაა საჭირო და მე სულ ვიმეორებ, რომ ეს ახალი აუცილებლად შეიქმნება. სწორედ ამ წიაღში დაიბადება ის ახალი პოლიტიკური მოცემულობა, რომელსაც ასე ველით.
- რას იტყვით დაყადაღებულ ფონდებზე? რა გზა აირჩია „ოცნების“ ხელისუფლებამ?
- დააკვირდით, როგორი ინტერპრეტაცია ჰქონდათ? ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადიან და ვიღაცები ამ ადამიანებს ეხმარებიანო. ზოგჯერ დანაშაულში ეჭვმიტანილს, სასამართლო გირაოს უფარდებს და ხშირად ეს თანხა რომ არ აქვთ, საკუთარი სახლების ბანკებში ჩადება უწევთ, ან ახლობლები უხდიან. კანონში უამრავი მექანიზმი არსებობს, რომ თუნდაც დამნაშავემ, ეს გირაო გადაიხადოს და ჩვენ რატომ გვართმევენ უფლებას, რომ საკუთარ თანამოქალაქეებს ხელი გავუწოდოთ?! მე ესე ვთქვი, რომ ეს იყო შეშ-ფონდ-ებული ხელისუფლების გადაწყვეტილება. თან დააკვირდით, დასცინა ირაკლი კობახიძემ ამ ადამიანებს, რა კარგია, ბიუჯეტს გვივსებენო. უცებ ბიუჯეტის შევსების წყაროები მოკლეს?! ეს არის ადამიანების გამწარებისკენ გადადგმული ნაბიჯი. ეს მათ მოსწონთ ძალის დემონსტრირება და ადამიანების დამცირება. მათ სურთ, რომ ის სოლიდარობა, რომელიც ამ აქციების პერიოდში გამოჩნდა ქართულ საზოგადოებაში და რატომღაც საშიში გახდა მათთვის, ამის დანგრევა უნდათ ახლა. სწორედ ამიტომ აკეთებენ ამას. ამით პირველ რიგში საკუთარ მომხრეებს უქნევენ თითს, რომ არ დაუშვან ვინმეს მიმართ სოლიდარობა. ესენი იმდენს იზამენ, რომ საკუთარ მომხრეებს ერთმანეთის ჭირსა და ლხინში მისვლას აუკრძალავენ.
- გოჩა, რა იქნება ამ ყველაფრის ბოლო? სერბეთის სცენარმა საზოგადოების ნაწილში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე და ჩვენთან რა სცენარს ელოდებით?
- ბლიც გამოკითხვა ჩავატარე გუშინ და აღმოჩნდა, რომ საკმაოდ ბევრმა ადამიანმა არსი და მიზეზი არ იცოდა სერბეთში მიმდინარე პროცესების. სადგურის შენობა ჩამოინგრა, 15 ადამიანი დაიღუპა, რასაც მოჰყვა ტრანსპორტის მინისტრის გადადგომა და ასე შემდეგ. იანვარში გადადგა პრემიერი, მარტში პარლამენტმა ეს დააკმაყოფილა. თუმცა, ადამიანები არ გაჩერდნენ! ისინი მიხვდნენ, რომ ამ ყველაფრის მიზეზი იყო სახელმწიფოში არსებული კორუფცია. აქედან გამომდინარე, სერბეთის საზოგადოებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კორუფცია უნდა დაამარცხონ ქვეყანაში. ჩვენთან რა ხდება?!
- რა ხდება?
- ჩვენ 13 წლის განმავლობაში იმპულსური პროტესტები გამოვთქვით ამ ყველაფერზე და მე ამის გამო ვსაყვედურობ ჩვენს საზოგადოებას. იმპულსური პროტესტი გამოვთქვით შენობების ჩამონგრევაზე, ადამიანების დაღუპვაზე, შოვის ტრაგედიაზე, თბილისის ტრაგედიაზე და ასე შემდეგ. უნდა გაგვეთვალისწინებინა, რომ ამ ტრაგედიების უკან სისტემური შეცდომები დგას. კორუფციაშია ჩაძირული ეს ქვეყანა და ჩვენ მხოლოდ იმპულსური პროტესტებით შემოვიფარგლეთ. შედეგიც სახეზე გვაქვს. შოვის ტრაგედიას გავიხსენებ და დღეს ჩვენ იმ მამას დავემსგავსეთ, რომელმაც ყველაფერი დაკარგა და თოჯინა შერჩა მხოლოდ.
- გამოსავალს ხედავთ ამ სიტუაციიდან?
- რა თქმა უნდა! იცით, როგორი ოპტიმისტიც ვარ! გვაქვს პიკები, აღმა სვლა და დაღმა სვლა... ეს პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, შედეგს აუცილებლად გამოიღებს. ნახავთ ამ ორ თვეში რამდენი რამე მოხდება. ეს ხელოვნურ სუნთქვაზე მყოფი ოპოზიცია, გამოვა ამ მდგომარეობიდან, მათთვის იქნება კარგი, არ გამოვა და როგორც იტყვიან, წმინდა ადგილი უპატრონოდ არ რჩება. აუცილებლად ვიხილავთ ახალ ძალებს. საშინაო და საგარეო ფაქტორების გათვალისწინებით, ჩვენ საკმაოდ საინტერესო პოლიტიკური პროცესები გველოდება!
ნონა ცაბაძე